"მშობლებისთვის უთქვამთ, შენს შვილს ქმარგაშორებული შვილიანი გოგო უყვარსო..." - კვირის პალიტრა

"მშობლებისთვის უთქვამთ, შენს შვილს ქმარგაშორებული შვილიანი გოგო უყვარსო..."

"მშობლები თუ მეგობრები უჩიჩინებდნენ, მაგ გოგოს თავი დაანებეო. დიდხანს უძლებდა სერგი და ბოლოს გატყდა. ერთ დღესაც ადგა და წავიდა..."

დილის რვა საათი იქნებოდა, რძის პროდუქტების საყიდლად რომ ჩავირბინე მაღაზიაში. სალაროსთან მოზრდილი რიგი დამხვდა. ჩემ წინ მეზობელი მანანა და სიფრიფანა ახალგაზრდა ქალი იდგნენ. მაღაზიიდან გამოსულები ძალისძალით შეგვიყვანა თავის ბინაში და სახელდახელო საუზმე გაგვიშალა. მცირეხნიანი უხერხული დიალოგის შემდეგ მელანო მოშინაურდა და თავისი ამბავი გვიამბო...

- ჩვიდმეტი წლის ვიყავი, საბა რომ გავიცანი. წარმოსადეგი გარეგნობის ე.წ. ქუჩის ბიჭი იყო. ჩემი ასაკის გოგოების გულთამპყრობელი გახლდათ. თუმცა ბედმა გამიღიმა და საბამ არჩევანი ჩემს სასარგებლოდ გააკეთა. მეცხრე ცაზე ვიყავი, უზომოდ მიყვარდა, ისიც ყურადღებას არ მაკლებდა, საჩუქრებით და ყვავილებით მანებივრებდა. მხოლოდ ერთი პრობლემა იყო - ორივეს მშობლები ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყვნენ. ჩემები მიიჩნევდნენ, რომ უსაქმური და უპერსპექტივო ადამიანი იყო. იმის მშობლები კი ჩემს მშობლებზე იყვნენ განაწყენებული - ბიჭს როგორ გვიწუნებენო. როგორც ხშირად ხდება, მშობლების პროტესტი ყურად არ ვიღე. მე და საბა უკვე დაქორწინებას ვგეგმავდით, რომ დავფეხმძიმდი. გულის სიღრმეში შემეშინდა, არ ვიცოდი, ამას საბა როგორ შეხვდებოდა. ჩემდა საბედნიეროდ, ძალიან გაუხარდა. ვინაიდან არც ერთი მხარე არ გვიღებდა, იტალიურ ეზოში ერთი პატარა ოთახი ვიქირავეთ, ჩამოფხავებული, ძველისძველი რემონტით. ძალიან გვიჭირდა, ნახევრად მშივრები ვიყავით. საბა სამუშაოდ გასვლას არ ფიქრობდა, ძველებურად"ქუჩურს აწვებოდა. მერე მოპარვა დაიწყო, რომ ოჯახში ლუკმაპური შემოეტანა. ასე ვცხოვრობდით, სანამ არ მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. საბა დაიჭირეს. დავრჩი მარტო. რა თქმა უნდა, ბინის დაცლამ მომიწია, ვინაიდან ქირას ვერ გადავიხდიდი. სამუშაოდ არავინ მიმიღებდა, რადგან ორსულად ვიყავი. დროებით მეგობრებმა შემიფარეს. ახლოვდებოდა მშობიარობის დრო, არც თავშესაფარი მქონდა და არც გვერდში მდგომი მყავდა. ბევრი ფიქრის შემდეგ ჩემს მშობლებთან მივედი. დედამ კარი დამიკეტა, არ დამენახოო. ატირებული და სასოწარკვეთილი წამოვედი. ისევ საბამ იმარჯვა, ციხიდან დედამისს დაურეკა, თუ არ გინდათ, ერთადერთი შვილი დამკარგოთ, მელანო მიიღეთო... ჩემი დედამთილი ყველაფერს მოვალეობის მოხდის მიზნით მიკეთებდა, ვგრძნობდი, არ ვეპიტნავებოდი. მალე ბიჭი გავაჩინე. ვუვლიდი ბავშვს და ვცხოვრობდი ერთფეროვანი ცხოვრებით. ვფიქრობდი, საბა გამოვა და ყველაფერი კარგად გვექნება-მეთქი. ნაწილობრივ ასეც მოხდა, საბა დამიბრუნდა, მაგრამ უკვე შეცვლილი. მთელ დღეებს ქუჩაში ატარებდა, სვამდა, ჩხუბობდა. აინუნშიც არ მაგდებდა, ყველაფერზე მეჩხუბებოდა. მერე ისევ დაიჭირეს... მივხვდი, რომ სულ ასე უნდა მეცხოვრა, დაკავებიდან გათავისუფლებამდე და პირიქით... მაგრამ წასასვლელი არსად მქონდა.

იმ საღამოს დედამთილმა მითხრა,"ჩემი შვილი არ არის აქ და შენ რატომ უნდა გაცხოვროო და სახლიდან გამომიშვა. გადავწყვიტე, დამოუკიდებლად ცხოვრება დამეწყო. ბავშვი ბაღში მივიყვანე, თავად ჭურჭლის მრეცხავად დავიწყე მუშაობა და ისევ პატარა ოთახი ვიქირავე იტალიურ ეზოში. საბაზე აღარ ვფიქრობდი, თითქოს აღარც მიყვარდა. მერე კაფეში, სადაც ვმუშაობდი, სერგი გავიცანი. ერთი ტანმორჩილი, თუმცა სიმპათიური ბიჭი იყო. ერთ-ერთ სამინისტროში მუშაობდა წამყვან თანამდებობაზე. ერთი სიტყვით, ყველა მშობლისთვის სასურველი სასიძო იყო. თავიდან ვმეგობრობდით, ზოგჯერ მანქანით სახლში მივყავდი. ვგრძნობდი, ნელ-ნელა როგორ მომწონდა. მერე ვეღარ ვძლებდი მის გარეშე. მალე გამომიტყდა, რომ ვუყვარდი. ისევ ფრთები შევისხი. მასთან ერთად ყოფნა მაბედნიერებდა. ფინანსურადაც მეხმარებოდა. სურვილებს მისრულებდა.

ერთხელ დასთან ერთად მოვიდა. გამაცნო. კოხტა გოგო იყო მაკო, სერგივით მხიარული. მერე აღმოჩნდა, რომ შინ მისულს მშობლებისთვის უთქვამს სერგის, ქმარგაშორებული შვილიანი გოგო უყვარსო. ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს, არ დაგვანახოსო. ეტყობა, ბედი მაქვს ასეთი. ამის მიუხედავად, სერგის არ მივუტოვებივარ. ბინა ვიქირავეთ და ერთად გადავედით. მაინც არ მოისვენეს კეთილმოსურნეებმა, მშობლები თუ მეგობრები მუდმივად იმას უჩიჩინებდნენ, მაგ გოგოს თავი დაანებეო. დიდხანს უძლებდა სერგი და ბოლოს გატყდა. ადგა და წავიდა...

ეს მეორე დარტყმა იყო. ცუდად ვიყავი, განვიცდიდი, მიჭირდა უიმისოდ. მერე შევეგუე. გავაგრძელე ძველებურად ცხოვრება. ამასობაში ბიჭიც წამომეზარდა.

ჩემი დაბადების დღე იყო, დედაჩემმა რომ დამირეკა და მომილოცა. ცრემლი გარეოდა ხმაში, მოდი სახლშიო. ვიფიქრე, დავბრუნდები და ქირას მაინც არ გადავიხდი-მეთქი, და დავბრუნდი. თითქოს დავმშვიდდი კიდეც.

დიდი დრო არ გასულა, რომ გავიგე, საბა გამოვიდაო. მერე ქუჩაში შემხვდა, გამხდარი და გასაცოდავებული. ბავშვის ნახვა უნდოდა. მოუხშირა ჩვენს ნახვას, მივხვდი, შერიგებისკენ მიჰყავდა საქმე. ვუთხარი, რომ ძველებურად ვეღარ ვიცხოვრებდი, რომ მისი ცხოვრების წესი ჩემთვის მიუღებელი იყო. არც ის დავუმალე, რომ ერთხანს სერგისთან ერთად ვცხოვრობდი. არ მეგონა, თუ გაიგებდა... "მიყვარხარ და გაპატიეო... გამიკვირდა, ამას საბასგან არ ველოდი."შევიცვლებიო, შემპირდა. ავდექი და შევურიგდი, ერთხელაც ვცდი-მეთქი, ვიფიქრე.

უკვე მეორე შვილი შეგვეძინა - გოგო. არ დაიჯერებთ და, ჩემი ქმარი ახლა საუკეთესო მეუღლე და მამაა. ამას წინათ მუშაობაც დაიწყო და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად გვექნება!