ჩემი გამრუდებული ბედნიერება - კვირის პალიტრა

ჩემი გამრუდებული ბედნიერება

ახლაღა მივხვდი, რომ სინამდვილეში მეუღლე მიყვარდა. მატარებლიდან ჩამოვედი... მივფრინავდი სახლისკენ... კიბეზე ავირბინე, გასაღები კარს მოვარგე და შევედი... სახლში სიჩუმე დამხვდა. სამზარეულოს მაგიდაზე ნიშნობის ბეჭედი და ბინის გასაღები იდო...

ქეთი ღამით, დასავლეთისკენ მიმავალ სამარშრუტო ტაქსიში გავიცანი, ჩემ გვერდით იჯდა და ერთმანეთს მხოლოდ მაშინ გამოველაპარაკეთ, უღელტეხილთან რომ გააჩერა ტრანსპორტი მძღოლმა და 15-წუთიანი შესვენება გამოაცხადა ვახშმისა და მგზავრთა სხვა საჭიროებებისთვის. მე და იმ გოგომ ყავა და ნაზუქი ვიყიდეთ, ბორდიურზე ჩამოვსხედით და საუბარი გავაბით. თავიდანვე მომეჩვენა, რომ ძალიან დაძაბული იყო, თითქოს რაღაცის თქმას ლამობდა და მართლაც, ცოტა ხნის მერე მომიტრიალდა და ვიღაცას რომ არ მოვუყვე, რაც ჩავიდინე, გული გამისკდებაო, მითხრა, თქვენ სრულიად უცხო ადამიანი ხართ და მოყოლაც უფრო გამიადვილდებაო.

ჯერ კიდევ სტუდენტი გავთხოვდი. მე და ლევანი კურსელები ვიყავით. ბავშვის გაჩენას არ ვჩქარობდი, ჯერ ფეხზე დადგომას ვფიქრობდით. ყველაფერი კარგად იყო, სანამ ერთ საბედისწერო დღეს მეუღლეს სამსახურში არ გავუარე. სწორედ იქ გავიცანი დათო და იმ წუთიდან მოსვენება დავკარგე.

მალე დათომ სოციალურ ქსელში მომძებნა და მიწერ-მოწერა დავიწყეთ. დათოც დაქორწინებული იყო, მაგრამ შვილები მასაც არ ჰყავდა. სულელურად ვფიქრობდი, რომ ის მარტო მე მეკუთვნოდა.

დაუსრულებლად ვსაუბრობდით ყველაფერზე და აღმოვაჩინე, რომ ჩვენი გემოვნება და ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა. მერე ერთმანეთს შევხვდით. ამაღელვებელი შეხვედრები გვქონდა. რა თქმა უნდა, ოჯახებს არაფერს ვაგებინებდით. ძალიან მრცხვენოდა მეუღლისთვის თვალებში შეხედვის. ვფიქრობ, რაღაცას ხვდებოდა, მაგრამ სიმართლის მოსმენის ეშინოდა, რადგან ძალიან ვუყვარდი და ამიტომ დუმდა. მეცოდებოდა, მაგრამ თავს ვერ ვერეოდი. დათოს გარდა ვერავისა და ვერაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ მასთან ყოფნა მინდოდა.

გავიდა დრო და ოცნება ამიხდა - დათომ ერთად ცხოვრება შემომთავაზა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ ქმართან ამაზე საუბარი ძალიან მიჭირდა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მოვიფიქრე - მეუღლეს ვუთხარი, დასვენება მჭირდება და ცოტა ხნით აჭარაში მშობლებთან წავალ-მეთქი და... წავედი.

მე და დათომ ბათუმში ბინა ვიქირავეთ. დარწმუნებული ვიყავით, რომ სიყვარული მთელი ცხოვრების მანძილზე გაგვყვებოდა. გადიოდა თვეები, მეუღლეს ვატყუებდი, რომ გარკვეული მიზეზების გამო მშობლებთან დარჩენა მიწევდა. დროთა განმავლობაში დარეკვა შეწყვიტა...

ჩვენი სიამოვნებისთვის ვცხოვრობდით. დათომ მუშაობა დაიწყო, მე ვცდილობდი, კარგი დიასახლისი და მეუღლე ვყოფილიყავი. საღამოობით სანაპიროზე ვსეირნობდით. ორივეს გვიყვარდა ზღვა. დროთა განმავლობაში მეგობრებიც შევიძინეთ, დავდიოდით რესტორნებში...

თავდაპირველად ყველაფრით მოხიბლული ვიყავი, მაგრამ მერე ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს საკუთარ თავს გავურბოდი. ერთხელ, როცა სახლში მარტო ვიყავი, საშინლად მომინდა მეუღლესთან დარეკვა, არ ვიცი, რატომ, უბრალოდ, მისი ხმის გაგონება მომინდა. აღელვებულმა ავკრიფე ტელეფონზე მისი ნომერი, მაგრამ ქალის ხმამ მიპასუხა, აბონენტი მიუწვდომელიაო. მოვიწყინე, ადგილს ვეღარ ვპოულობდი. ჩავუღრმავდი საკუთარ თავს, მიზეზს ვეძებდი და აღმოვაჩინე, რომ დაბრუნება მინდოდა. ისევ ჩემს ქალაქში, ჩემს სახლში, ჩემი ძველი ცხოვრებით ცხოვრება მინდოდა. თითქოს განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ იქ, იმ ძველ ცხოვრებაში ყველაფერი საიმედო და კომფორტული იყო. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, უფრო მეტად მინდოდა სახლში დაბრუნება. ძალიან ნერვიული გავხდი, ყველაფერი მაღიზიანებდა. დათო ვერ იგებდა, რა მჭირდა. ვხვდებოდი, რომ უნდა მეღიარებინა სიმართლე, მაგრამ მრცხვენოდა. არადა, თავად ვილტვოდი ლამაზი და თავისუფალი ცხოვრებისკენ.

ერთხელ, რესტორნიდან დაბრუნებისას, დათომ ვეღარ მოითმინა და ყვირილი დამიწყო. ყველაფრის ახსნას მთხოვდა...

იმ ღამეს არ მძინებია. გამთენიისას წამოვედი. ისტორია განმეორდა, ისევ უსირცხვილოდ გავიპარე. დათოს წერილი დავუტოვე, პატიებას ვთხოვდი. მეჩვენებოდა, თითქოს მატარებელი ძალიან ნელა მიდიოდა, მე კი მეუღლესთან ჩახუტება მეჩქარებოდა. ახლაღა მივხვდი, რომ სინამდვილეში მხოლოდ ის მიყვარდა. ვფიქრობდი, ყველაფერს ავუხსნიდი და პატიებას ვთხოვდი... მატარებლიდან ჩამოვედი და თითქოს ფრთები შევისხი. მივფრინავდი სახლისკენ, სადაც ყოფნაზეც ამდენი ხანი ვოცნებობდი. ზუსტად ვიცოდი, რომ ახლა სწორად ვიქცეოდი და ეს მაბედნიერებდა. როგორც იქნა, მივედი. კიბეზე ავირბინე, გასაღები კარს მოვარგე და შევედი. ვიფიქრე, რადგან საკეტი არ შეუცვლია, ესე იგი, ყველაფერი არც ისე ცუდად უნდა იყოს-მეთქი.

სახლში სიჩუმე დამხვდა. სამზარეულოში შევედი და მაგიდაზე ნიშნობის ბეჭედი და ბინის გასაღები დამხვდა. სუნთქვა გამიჭირდა, ფანჯარა გამოვხსენი და ჰაერის ჩაყლაპვა ვცადე.

მივხვდი, რომ ბედნიერება, რომელსაც ასე ველოდი, იმ წუთში იმავე ფანჯრიდან გამიფრინდა....

ნანა ჩარკვიანი