ანგარება - სიყვარულის სანაცვლოდ - კვირის პალიტრა

ანგარება - სიყვარულის სანაცვლოდ

სიყვარული თუ მატერიალური კეთილდღეობა? - სამწუხაროდ, ეს კითხვა არცთუ იშვიათად ჩნდება ხოლმე ზოგიერთი წყვილის ცხოვრებაში...

ვაკოს პატარაობიდანვე უყვარდა ეკა. ეკას ირგვლივ სულ ტრიალებდნენ თაყვანისმცემლები. ვაკოს კი რცხვენოდა თავისი გრძნობის გამომჟღავნებისა. ერჩივნა, მეგობრობით შეენიღბა გრძნობა და გოგონა არ დაეფრთხო. მათი დედებიც ახლო მეგობრები იყვნენ, თან კარის მეზობლები.

გავიდა წლები. როცა ვაკომ გადაწყვიტა, დროა, გულის ნადები გამოვამჟღავნოო, მოულოდნელად უახლოესი მეგობარი გაენდო: ეკას მე ვერ ვუბედავ და შენ უთხარი, რომ ძალიან მიყვარსო. ვაკო ფეხათრეული მივიდა ეკასთან, უჭირდა სანდროს მაგივრად ეთქვა სათქმელი. იგივე სიტყვები ხომ მას ჰქონდა მომზადებული და ახლა, თავისი გრძნობის სანაცვლოდ, სანდროს სიყვარულზე უნდა ელაპარაკა...

ეკას ვაკოს სიტყვების მოსმენისას თვალები გაუბრწყინდა და უთხრა, - ვიცოდი, რომ სანდროს ვუყვარდი, ამას  ყოველთვის ვგრძნობდი და მეც მომწონსო. გული საშინლად დასწყდა ბიჭს: მაშ, სანდროს სიყვარულს გრძნობდა და ჩემსას ვერაო... განზე გადგა, გადაწყვიტა, ხელი აღარ შეეშალა მათთვის. მერე მოულოდნელად სანდრო მოსკოვში გაემგზავრა. სანამ ვაკო ამას გაიგებდა, ეკას ხელი სტაცეს და მოკლედ, ეკა გათხოვდა. უკან დარჩა ლამაზი და ფერადი ბავშვობა, გულწრფელი სიყვარული. ეკამ მალევე გააცნობიერა, რომ მცდარი ნაბიჯი გადადგა. რამდენჯერმე წამოვიდა ქმრისგან, მაგრამ ისევ დაბრუნდა. კარგად ხვდებოდა, ორი შვილის გაზრდა მარტოს გაუჭირდებოდა. ქმარიც სულ აფრთხილებდა: თუ მიმატოვებ, არც იფიქრო, რომ ბინის წილი მოგცე, ან რაიმეთი დაგეხმაროო.

ერთხელ, მშობლიურ სოფელში ცოტა ხნით ჩასულ ვაკოს ბავშვობის მეგობრებმა ლხინი გაუმართეს. იგი დიდი ხანია მოსწონდა ერთ შეძლებულ თბილისელ გოგოს, ნინოს, რომელიც დედულეთში ხშირად ჩადიოდა, რომ ვაკოს იქ მაინც შეხვედროდა. იმ სუფრაზე ნინოც მოხვდა...

დილით თავი ძლივს ასწია ვაკომ და განცვიფრებულმა დახედა გვერდით მწოლიარე ნინოს. რაიმე ხომ არ მივქარე, ისე როგორ დავთვერი, რომ არც კი მახსოვს, რას ვაკეთებდიო, - გაიფიქრა მწარედ. ნინომ ტირილით უთხრა: ჩვენ შორის არაფერი მომხდარა, მაგრამ ყველამ დაინახა, ერთ ოთახში რომ გვეძინა და თავს ნუ მომჭრი, გპირდები, სანაქებო ცოლი ვიქნებიო. ცოტა ხანში იმ სახლის ეზოში, სადაც ახალგაზრდებმა იმხიარულეს და ღამე გაათენეს, ერთი ხმაური და დავიდარაბა ატყდა.

ნინოს მშობლები მოვარდნილიყვნენ და ყვიროდნენ, - ახლავე გამოგვიყვანეთ ჩვენი შვილიო. თურმე ვიღაცას ამბავი მიუტანია, - ვაკომ ნინო ძალით წაიყვანაო. ის-ის იყო, ვაკო საქმის გასარკვევად უნდა გასულიყო გარეთ, რომ ნინოს მეგობარმა და ნათესავმა შეაჩერა: - ვაკო, დაფიქრდი, ვინც შენ გიყვარს, გათხოვდა, ნინოს ძალიან უყვარხარ, ბავშვობიდან სულ შენზე ფიქრობს, თბილისის ბინა ნინოს ეკუთვნის. მისიანები არაფერს მოგაკლებენ. ნუ ეტყვი უარს, მის მშობლებს აუხსენი, რომ ნინო გიყვარს და გოგოც თავისი ნებით გამოგყვა. დამიჯერე, მასთან ბედნიერი იქნებიო.

- გაგიჟდი, გოგო, ქალი უსიყვარულოდ როგორ მოვიყვანო? თან თითიც არ დამიკარებია მისთვის, შერცხვენილი რატომ უნდა დაერქვას? არც მისი ბინა მინდა და არც ქონებაო, - გაცხარდა ვაკო.

ამის გაგონება იყო და ნინო ალაპარაკდა: - ჩემი ცხოვრება არაფერი იქნება უშენოდ. როგორც კი უარს იტყვი ჩემზე, თავს მოვიწამლავო, - უთხრა და რაღაც სითხით სავსე ფლაკონი დაანახა. ისეთი სახე ჰქონდა, ნამდვილად იყო ამის გამკეთებელი. თითქოს მოაჯადოესო, ვაკო მშვიდად გავიდა გარეთ, აღელვებული უფროსები დაამშვიდა და სახალხოდ ქალიშვილის ხელი სთხოვა ნინოს მშობლებს...  საკმაოდ გვიან გააცნობიერა, რომ მისი ნაბიჯი სწორედაც რომ ანგარებით იყო ნაკარნახევი. განა არ სჯობდა, თბილისში საკუთარი სახლი ჰქონოდა, შვილების გაზრდაში სიდედრ-სიმამრი დახმარებოდა, თვითონ კი კარიერაზე ეზრუნა?! წელმა წელი მიითვალა და ვაკოს ცხოვრება ზუსტად ისე განვითარდა, როგორც ივარაუდა. მართალია, ამ "გათვლებში" ნინოს მეგობარი დაეხმარა, მაგრამ თვითონაც ხომ დაეთანხმა?

ბედმა კი ეკა და ვაკო ისევ შეახვედრა ერთმანეთს. მის დანახვაზე თითქოს რეტი დაესხა ბიჭს (თუმცა რაღა ბიჭი ეთქმოდა ორი შვილის მამას და 36 წლის კაცს?). იგი უფრო დამშვენებულიყო. ყურმოკვრით იცოდა, ეკას პირად ცხოვრებაში რომ არ გაუმართლა. უკვირდა კიდეც, როგორ შეიძლება, ასეთი გოგო ქმარს და მის ოჯახს ხელისგულზე არ ეტარებინა? არ ეგონა, ეკასაც თუ ასე გაუხარდებოდა მისი ნახვა. წლებს სითამამე შეემატებინა ვაკოსთვის და ახლა იოლად შეჰბედა - შევხვდეთ ერთმანეთს და ვილაპარაკოთო. უმალ დათანხმდა ეკა.

ვაკომ წლების განმავლობაში დამალული გაუმხილა, - სანდროს გულისთვის დაგთმე, მერე არც სანდროსი გახდი და შენთან მოსვლაც ვერ მოვასწარი, ისე უცებ გათხოვდიო. ეკა გაოცებული იყო ვაკოს აღსარებით, მაგრამ სიამოვნებით უსმენდა, რადგან ის იმ სიტყვებს ეუბნებოდა, რაც ქმრისგან აკლდა.

ამის მერე დღე არ გავიდოდა, ეკას არ შეხმიანებოდა და ერთ მშვენიერ დღეს, როცა ეკასაც დიდი გრძნობა შეატყო, გადაწყვიტა, ბედი სასწორზე აღარ შეეგდო - იმ კაფეში დაიბარა, სადაც საათობით ისხდნენ ხოლმე. ქალს თვალები უბრწყინავდა. დარწმუნებული იყო, ვაკო მნიშვნელოვან რამეს შესთავაზებდა...

- ეკა, უსაზღვროდ მიყვარდი, ახლაც ძალიან მიყვარხარ, მაგრამ არ მინდა მოტყუვდე და იმედი გაგიცრუვდეს. მინდა შენთან ყოფნა. თავს ვერ ვერევი, მაგრამ ოჯახს ვერასოდეს დავანგრევ. ჩემი ცოლისა და მისი მშობლებისგან ძალიან დავალებული ვარ. მათ მშვიდი და მყუდრო ცხოვრება მაჩუქეს, შვილებს მიზრდიან. მათი ხელშეწყობით მაქვს კარგი თანამდებობა. ოჯახს ვერ დავტოვებ მიუხედავად იმისა, რომ ნინო არ მიყვარს. ვერც იმას გირჩევ, რომ ქმარს გაშორდე. ვიცი, ჩემნაირ კაცს ანგარებიანს და სუსტს ეძახიან, მაგრამ რა ვქნა, რომ არ შემიძლია შენი გულისთვისაც კი დავთმო ყველაფერი. ეკას ცრემლებით აევსო თვალები.

მიხვდა, რომ თავისი ოცნებებისთვის თავად მას უნდა შეეკვეცა ფრთები. მისი რჩეული საყვარლობას სთავაზობდა. იგი ვერ მიიღებდა მოპარულ და დამალულ სიყვარულს. თავს ძალა დაატანა, წამოდგა, ვაკოს გადახედა და სინანულით უთხრა: - ვწუხვარ, მაგრამ მეც უნდა გითხრა სიმართლე. შენ მართლა ანგარებიანი კაცი ყოფილხარ. კარგია, რომ ჩვენი ურთიერთობა ადრეულ ასაკში არ შედგა, თორემ იოლად გამცვლიდი ვინმე მდიდარზე და ოჯახი დაგვენგრეოდაო...