ბედნიერია ის, ვისაც ასეთი სიყვარული შეუძლია - კვირის პალიტრა

ბედნიერია ის, ვისაც ასეთი სიყვარული შეუძლია

დარწმუნებული ვარ, მკითხველს უთუოდ დააინტერესებს ჩემი მონათხრობი ამ ლამაზ სიყვარულზე.

ბათუმელი გახლავართ. ბიძაჩემი (დედის ძმა) ოზურგეთში ცხოვრობს. პატარაობიდანვე ჩემს მეგობრად ვთვლიდი, რადგან თანატოლივით მექცეოდა. იგი ოჯახში ნაბოლარა შვილი, თან ნანატრი ბიჭი გახლდათ. მე რომ დავიბადე, გუგა  14 წლის იყო და რადგან ჩვენს ოჯახში ცხოვრობდა (ჩემი მშობლები ახლაც "უფროს შვილად" თვლიან), განსაკუთრებულად ვუყვარდი და მანებივრებდა. კარგად მახსოვს მისი სკოლის დამთავრებაც, მერე უმაღლესში ჩაბარება და, რაღა თქმა უნდა, მისი პირველი სიყვარულიც.

გუგას და ნანის ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ნანი მშობლებმა თბილისელ ბიჭს გააყოლეს. გუგას კი ცოლი აღარ შეურთავს. როგორც ვიცი, ნანი შეძლებული ოჯახის რძალი გახდა, ქმარს თანამდებობა ეჭირა, ორი შვილიც შეეძინა... თუმცა მანაც ვერ დაივიწყა გუგა და როცა ბათუმში ჩამოდიოდა, უპირველესად გუგას ამბავს კითხულობდა.

მხოლოდ ერთადერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს მეგობრის დაკრძალვის დღეს. გავიდა დრო. ნანის ვაჟი მოსკოვში ცხოვრობს, კარდიოლოგია, ქალიშვილი ამერიკაში წავიდა ქმარ-შვილთან ერთად. ქმარი 2003 წელს გარდაეცვალა. მერე ნანის სიმსივნე აღმოაჩნდა და სასწრაფოდ მოსკოვში გაუკეთეს ოპერაცია.

გუგამ მისი ამბავი რომ გაიგო, ლამის გაგიჟდა. ადგილს ვერ პოულობდა, ნერვიულობდა. თავისი მეგობრის ცოლს წარამარა ეკითხებოდა მის ამბავს, იცოდა, რომ მასთან ხშირად რეკავდა ნანი. ერთხანს მოსკოვშიც აპირებდა წასვლას სანახავად. შემდეგ, როგორც იქნა, დაბრუნდა ნანი თბილისში. გუგამ მეორე დღესვე ინახულა და თავის მარადიულ შეყვარებულს მუხლისჩოქით სთხოვა ცოლობა.

გუგამ მერე დაწვრილებით მიამბო... თურმე, ერთიც ტიროდა და მეორეც. ნანის უთქვამს: 54 წლის ასაკში რაღად გინდივარ, თანაც ავადმყოფიო. გუგამ კი - გელოდი, სხვა ქალის ცოლად შერთვა არც მიფიქრია და მინდა, ცხოვრების დაღმართი მაინც ერთად ჩავიაროთო... და ნანიც დათანხმდა. უკვე ოთხი წელია, ერთად ცხოვრობენ. ისეთი ბედნიერები არიან, მათი შემხედვარე იფიქრებ, თაფლობის თვე აქვთო. სიყვარულმა კი არც დრო, არც ასაკი რომ არ იცის, ახლა დავრწმუნდი. მართლაც ბედნიერია ის, ვისაც ასეთი სიყვარული შეუძლია.

თამრიკო თავაძე, ოზურგეთი