"რომ არა ჩემი ავყია დედამთილი, ბედნიერებას ვერასდროს ვეწეოდი" - კვირის პალიტრა

"რომ არა ჩემი ავყია დედამთილი, ბედნიერებას ვერასდროს ვეწეოდი"

"ბოროტმა ენებმა დედამთილს ჩემი და გიორგის ამბავი ჩაუკაკლეს. გადაირია, გაცოფებული მიყვიროდა, ასეც ვიცოდი, რომ ჩემს შვილს სულ ღალატობდიო!"

თამთა სოციალურ ქსელში გავიცანი. საერთო ინტერესები აღმოგვაჩნდა და მიმოწერა გავაბით. ჯერ ზოგად თემებზე ვსაუბრობდით, მერე პირადზეც. ერთხელ ვკითხე, უცხოეთში გამგზავრება რამ გადაგაწყვეტინა-მეთქი და აი, რა მიამბო:

- დიდი სიყვარულით არ გავთხოვილვარ, მომავალი მეუღლე უბრალოდ მომწონდა. 30 წლის ვიყავი და ვიფიქრე, გვერდში მდგომი მეყოლებოდა, შვილებს გავაჩენდი და ბედნიერად გავზრდიდით. სამწუხაროდ, სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდი. ერთი უქნარა და ზარმაცი კაცი აღმოჩნდა, მთელ დღეებს ტელევიზორთან, დივანზე წამოწოლილი ატარებდა. საჭმელიც იქვე უნდა მიმეტანა... გადავწყვიტე მისთვის სამსახური მეშოვა. შევაწუხე ახლობლები და როგორც იქნა, დავასაქმე. ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა ჩემი დედამთილი, ბინა, რომელშიც ვცხოვრობდით, მას ეკუთვნოდა. ლილის თავიდანვე არ მოვუვედი თვალში, ამიტომ ჩემი და კოტეს დასაშორებლად ყველა ღონეს ხმარობდა. მეზობლებთან ლაპარაკობდა, რომ უვარგისი დიასახლისი ვიყავი და მის კისერზე ვიჯექი.

საკმარისი იყო, კოტე სამსახურიდან შინ დაბრუნებულიყო, დედამთილი კარებიდანვე იწყებდა წუწუნს, რომ ჩაგრავენ, აბუჩად იგდებენ და ცუდად ექცევიან. გაოცებული ვიყავი. მეუღლეს არც დედამისის წყენინება უნდოდა და არც ჩემი...

ვითმენდი, ოჯახის დანგრევა არ მინდოდა. ვფიქრობდი, რომ ამ ასაკში ხელმეორედ გათხოვება გამიჭირდებოდა.

ერთ წელიწადში გოგო შემეძინა, მერე ბიჭი მეყოლა და მთელ დღეებს მათ მოვლაში ვატარებდი. ახლა ჩემი შვილების გამო ვიტანდი აუტანელ დედამთილს, რომელიც ზოგჯერ იმასაც კი მაბრალებდა, რომ ბავშვები სხვისგან მყავდა...

კოტე კარგი მამა იყო, მაგრამ ცუდი მეუღლე. თითქოს აღარც ვარსებობდი მისთვის. ვატყობდი, უკვე აღარც მოვწონდი. გარკვეულწილად მესმოდა მისი - ორი ორსულობის შემდეგ წონაში მოვიმატე, თმა მუდმივად შესაღები მქონდა, რადგან ამისთვის ვერ ვიცლიდი. ახალი ტანსაცმელი გათხოვების შემდეგ აღარ მღირსებია.

ბავშვები რომ ცოტა წამოიზარდნენ, საბავშვო ბაღში მივიყვანე და გადავწყვიტე, სამსახური მეშოვა. ვიფიქრე, ფორმაში მოვალ, ხელფასი მექნება, სახლშიც არ ვიჯდები და გაუთავებლად ნერვებს არ მოვიშლი-მეთქი... ვის აღარ მივმართე, ვინ არ შევაწუხე, მაგრამ ამაოდ...

ერთ დღეს დედამთილი ავად გახდა. იმ დროისთვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდა დამლაგებლად. ადგილი რომ არ დაეკარგა, მთხოვა, ცოტა ხანს ჩემს მაგივრად იმუშავეო. დამლაგებლად არასდროს მიმუშავია, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, არაფერს ვითაკილებდი, ან კი სათაკილო რა მქონდა, ქმარსა და დედამთილზე ვიყავი დამოკიდებული და რას არ ვიღონებდი, რომ მათი "კლანჭებიდან" თავი დამეღწია.

ყველაფერი ჩემი საავადმყოფოში მუშაობიდან დაიწყო - გიორგი გავიცანი, წამყვანი ექიმი.

თავდაპირველად მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, არც მე მამჩნევდა ვინმე, არც იყო გასაკვირი, დამლაგებელი არავის აინტერესებს. ერთ დღეს სასადილოში ჩავედი. ის იყო მაგიდას მივუჯექი, რომ დაჟინებული მზერა ვიგრძენი. თეთრხალათიანი, საოცრად სიმპათიური მამაკაცი მომჩერებოდა. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, ეს მამაკაცი ბევრჯერ შემხვედრია საავადმყოფოს დერეფანში და გამარჯობასაც კი არ მეუბნებოდა, ახლა კი მზერას არ მაშორებდა. ალბათ, დამლაგებლის ხალათში, ცოცხითა და აქანდაზით ხელში უინტერესოდ გამოვიყურებოდი...

იმ დღეს არაფერი უთქვამს, მეორე დილით კი გაღიმებული მომესალმა. მერე მოკითხვაზე გადავიდა, მერე კი დავახლოვდით. გიორგი ჩემზე ათი წლით უფროსი იყო, შევერცხლილი თმით და მწვანე თვალებით. თავიდანვე მითხრა, რომ ოჯახი ჰყავდა.

მიუხედავად ამისა, ცდუნებას ვერ გავუძელით და შეხვედრები დავიწყეთ. ერთმანეთს მალულად ვხვდებოდით. თითქოს ფრთები შევისხი, გავლამაზდი, თავდაჯერებულობა დამიბრუნდა. ამ ბედნიერების დაკარგვა არ მინდოდა. რა თქმა უნდა, იმასაც ვფიქრობდი, რომ არასწორად ვიქცეოდი, მაგრამ თავს ვერ ვერეოდი.

გიორგი ჩემზე ზრუნავდა, ვგრძნობდი, თანდათან ვუყვარდებოდი. მატერიალურადაც ძალიან მეხმარებოდა. ვიცოდი, ადრე თუ გვიან გაიგებდნენ ჩვენს ამბავს, მაგრამ თითქოს დასაკარგიც არაფერი მქონდა.

ასეც მოხდა - ბოროტმა ენებმა დედამთილს ჩემი და გიორგის ამბავი ჩაუკაკლეს. გადაირია, გაცოფებული მიყვიროდა, ასეც ვიცოდი, რომ ჩემს შვილს სულ ღალატობდიო!

ეს იყო ბოლო წვეთი. ბარგი ჩავალაგე და წამოვედი. ბავშვები მამასთან დავტოვე, ვიფიქრე, ავეწყობი და მერე წამოვიყვან-მეთქი. ჩემს სახლში დავბრუნდი, შაბათ-კვირას ბავშვები მომყავდა და როგორც შემეძლო სიყვარულს ვჩუქნიდი.

გიორგი ფინანსურად ისევ მეხმარებოდა. მალე გავიგე, რომ ჩემმა ყოფილმა მეუღლემ ცოლი შეირთო. როგორც აღმოჩნდა, ამ ქალთან მანამდეც დადიოდა, მაგრამ მოღალატე და ოჯახის დამაქცეველი მაინც მე გამოვედი.

ბევრი დრო არ იყო გასული, რომ გიორგიმ გამომიცხადა, ცოლს უნდა გავშორდეო. გათხოვება აღარ მინდოდა და ამიტომ შევიცხადე, რატომ-მეთქი. მითხრა, რომ ცოლი აღარ უყვარდა, მასთან ცხოვრება გაუსაძლისიაო. მეგონა, მისი ოჯახის დანგრევაში მე მიმიძღოდა წვლილი. ბევრი ველაპარაკე, სისულელეებს შეეშვი, მე არსად გაგცევას არ ვაპირებ და სულაც არ არის საჭირო ოჯახიდან წამოსვლა, მაინც შენთან ვიქნები-მეთქი. არაფერმა გაჭრა, გიორგიმ გუდა-ნაბადი აიკრა და ნაქირავებ ბინაში გადაბარგდა.

ბევრი ჭოჭმანის შემდეგ, გადავწყვიტეთ, ერთად ცხოვრება გვეცადა, ოღონდ სხვაგან - გიორგის ამერიკაში უნდოდა წასვლა და ასეც მოხდა. უკვე ნახევარი წელიწადია ნიუ-იორკში ვართ. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა. ბავშვების ჩამოყვანასაც ვფიქრობ... ერთი კი არის, რომ არა ჩემი ავყია დედამთილი, ბედნიერებას ვერასდროს ვეწეოდი.

ნანა ჩარკვიანი