რა შეღავათებით სარგებლობენ მარტოხელა დედები საქართველოსა და ამერიკაში - კვირის პალიტრა

რა შეღავათებით სარგებლობენ მარტოხელა დედები საქართველოსა და ამერიკაში

"საქართველოში არ არსებობს ცალკე ნორმატიული აქტი, რომელიც ერთ დოკუმენტში მოაქცევდა მათთვის შეღავათების შესახებ რეგულირებას. სამწუხაროდ, არც საქართველოს შრომის კოდექსი ითვალისწინებს მარტოხელა დედებისთვის შეღავათს. მეტიც, შრომის კოდექსში ვერ იპოვით ჩანაწერს მარტოხელა მშობლის შესახებ. მხოლოდ საგადასახადო კოდექსშია გათვალისწინებული შეღავათი, ისიც გამონაკლის შემთხვევაში. კერძოდ, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული არიან ის მარტოხელა დედები, რომელთა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატება 3.000 ლარს"

ამას წინათ ერთ საინტერესო ბლოგს წავაწყდი, რომელიც საქართველოში მარტოხელა დედების პრობლემებს მიმოიხილავდა. სახელმწიფომ მარტოხელა მშობლის სტატუსი 2006 წლიდან გააუქმა, თუმცა 2015 წელს აღადგინეს. 2015 წელს საქართველოში ქორწინების გარეშე 1 366 ბავშვი დაიბადა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მარტოხელა დედად ითვლება პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი და ბავშვის დაბადების აქტში არ არის ჩანაწერი მამის შესახებ. მარტოხელა დედად ასევე ითვლება პირი, რომელიც შვილად აიყვანს 18 წლამდე ასაკის ბავშვს, თუმცა ამ დროს არ უნდა იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში. საქართველოში მარტოხელა დედად ვერ ჩაითვლება ქალი, რომელიც ოფიციალურად განქორწინდა და მარტო ზრდის შვილს.

რას გულისხმობს მარტოხელა დედის სტატუსი და რა შეღავათებით სარგებლობენ ისინი, ამ საკითხზე იურისტი ანა გოგოჩიშვილი გვესაუბრება:

- მარტოხელა მშობლის სოციალური და სამართლებრივი გარანტიები განისაზღვრება კანონმდებლობით, თუმცა კანონში ამგვარი გარანტია ბევრი არ არის. არ არსებობს ცალკე ნორმატიული აქტი, რომელიც ერთ დოკუმენტში მოაქცევდა მათთვის შეღავათების შესახებ რეგულირებას. სამწუხაროდ, არც საქართველოს შრომის კოდექსი ითვალისწინებს მარტოხელა დედებისთვის შეღავათს. მეტიც, შრომის კოდექსში ვერ იპოვით ჩანაწერს მარტოხელა მშობლის შესახებ. მხოლოდ საგადასახადო კოდექსშია გათვალისწინებული შეღავათი, ისიც გამონაკლის შემთხვევაში. კერძოდ, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული არიან ის მარტოხელა დედები, რომელთა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატება 3.000 ლარს. თუ აღემატება, ჩვეულებრივ დაექვემდებარებიან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას...

რა უფლებებით სარგებლობენ მარტოხელა დედები ამერიკაში და რა სახის დახმარებას იღებენ ისინი, ნიუ-იორკში მცხოვრები იურისტი გია ხუროშვილი გვესაუბრება:

- ამერიკაში მარტოხელა დედის სტატუსი - შინგლე მომ - არ მოითხოვს გართულებულ პროცედურებს. ამ სტატუსით სარგებლობს ყველა ის პირი, რომელიც მარტო ზრდის ბავშვს. საკმარისია დადასტურდეს, რომ მშობელი მარტო ზრუნავს შვილზე. ამ მონიტორინგში ჩართულია სოცმუშაკი და ვითარების შესწავლის შედეგად დედას ენიჭება მარტოხელას სტატუსი. თუ დედის შემოსავალი დაბალია, ამუშავდება სხვადასხვა პროგრამა, რომელიც დედისა და ბავშვის დაცვის გარანტიაა. შტატების მიხედვით პროგრამები განსხვავებულია. ამ მხრივ ყველაზე "გულუხვი" ნიუ-იორკის შტატია - სახელმწიფო მარტოხელა დედებს უხდის ბინის ქირას, უფინანსებს განათლებას, აძლევს სასურსათო ვაუჩერს, ფულად დახმარებას, უფასო დაზღვევას... ასეთ დედებს ეხმარებიან სამსახურის მოძიებაში, სახელმწიფო აძლევს საბავშვო ბაღის ვაუჩერსაც. მაგალითად, მარტოხელა დედა (2 ბავშვთან ერთად) თვეში 2.500 დოლარის დახმარებას იღებს.

ამერიკულ გამოცემებში ხშირად ნახავთ სტატიებს სათაურით: "ნიუ-იორკი - საოცნებო ადგილი მარტოხელა დედებისთვის".

ნიუ-იორკის ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე მოცემული სტატისტიკის თანახმად, განქორწინებული ოჯახების ბავშვების რაოდენობა 41%-ს შეადგენს. აქედან დახმარებას ყველა ის პირი იღებს, ვინც ოფიციალურად განქორწინებულია, არარეგისტრირებულ ქორწინებაში გააჩინა ბავშვი ან მარტო ზრუნავს შვილზე.

ნინო წიფურია