"როდემდე უნდა გვეცხოვრა ტყუილში?"
22-05-2017
"როდემდე უნდა გვეცხოვრა ტყუილში?"
ძალიან გამიძნელდა ამ ხანმოკლე ბედნიერების დაკარგვა. საოცარია, როცა გრძნობ, რომ საყვარელი და სასურველი ქალი ხარ. მაგრამ­ თავიდანვე გაცნობიერებული მქონდა, რომ ადრე თუ გვიან, უნდა დავშორებოდი და ჩემი ცხოვრების ეს ულამაზესი ფურცელი დამეხურა...

"თავი ხელებში ჩარგო. ახლაც თვალწინ მიდგას მისი გაფითრებული სახე, მხრები უკანკალებდა, ამხელა კაცი ბავშვივით ტიროდა. მერე კარგა ხანს მდუმარედ მომჩერებოდა, ისეთი გრძნობა მქონდა, ცოტაც და, ღრიალს დაიწყებდა..."


ეს ამბავი ჩემი დიდი ხნის უნახ­ავმა მეგობარმა მიამბო, ერთმანეთს დანატრე­ბულები თითქმის
12 წლის­ შემდეგ ქუჩაში შემთხ­ვევით შევხვდით. კაფეში შევედით, მყუდრო ადგილას მოვკალათდით, ყავა შევუკვეთეთ და მუსაიფი გავაბით... წესით, საკუთარი ამბები უნდა მოგვეყოლა, მაგრამ, ეტყობა, იმ ქალის ნაამბობს, რომელიც ცოტა ხნის წინ მათ ოფისში მიიღეს სამუშაოდ, თავს ვერ აღწევდა...

- მარიამი ლამაზი, ჭკვიანი და საინტერესო ქალი აღმოჩნდა,
მალე დავმეგობრდით. როგორც მითხრა, დიასახლისობა მოჰბეზრდა და მუშაობა ამიტომაც დაიწყო. თვრამეტი წლისა გათხოვილა, ახლა ორმოცდახუთი წლის არის. მეუღლე თორმეტი წლით უფროსია. დიდი რომანი და ფარული შეხვედრები ჰქონიათ - გოგოს მშობლები სასტიკი წინააღმდეგები ყოფილან. განა იმიტომ, რომ ვახო ცუდი ბიჭი იყო, უბრალოდ, თვლიდნენ, რომ გათხოვება მათი ქალიშვილისთვის ნაადრევი იყო.

აკრძალული ხილი უფრო გემრიელია და მალევე გავთხოვდიო, - მითხრა მარი­ამმა და თავის ამბავს მომიყვა:
- ვახო კარგი მეოჯახე იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ზედმეტად დინჯი და სერიოზული გახდა, მე კი თვალი ისევ გართობისკენ მეჭირა. მერე გოგო შემეძინა და ბედს შევეგუე. მე და ვახოს თითით საჩვენებელი ოჯახი გვქონდა. შვილები წამოვზარდეთ, უფროსი გოგო გათხოვდა და შვილიშვილიც გვაჩუქა. თორნიკე (ასე ჰქვია­ ჩემს შვილიშვილს) ხშირად ჩვენთანაა, ვინაიდან მშობლები მუშაობენ.
იმ დღეს, როგორც ყოველთვის, თოკოს წამოსაყვანად საბავშვო ბაღში მივედი. გარდერობებთან, სადაც თორნიკეს ქურთუკს ვხდიდი, ახალგაზრდა კაცი შევნიშნე. ასე, ოცდათხუთმეტ წლამდე იქნებოდა. კაცს ბავშვი ახლდა. პატარები ერთმანეთს გამოელაპარაკნენ და მამაკაციც მათ საუბარში ჩაება. მერე მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა და მამა-შვილი წავიდა. თორნიკემ ამიხსნა, რომ ეს ბავშვი მისი ახალი ჯგუფელი იყო. მას მერე იმ კაცს ხშირად ვხედავდი. არაფერს ახალს აღარ ველოდი, ვცხოვრობდი ისე, როგორც ოჯახის ქალსა და ბებიას შეეფერებოდა. სწორედ ასეთ დროს ახალმა სიყვარულმა თავზარი დამცა­ - ამ კაცმა მთლიანად დამიპყრო... მისი სახელი მოგვიანებით შევიტყვე, გოგიტა ერქვა.

რა კარგი ბიჭი გყავთო, ერთხელ მითხრა. შვილიშვილია-მეთქი, არ დავუმალე და სახეზე გაოცება შევატყვე. ლამაზი, მწვანე თვალები უფრო გაუდიდდა. პასუხად მხოლოდ გავუღიმე. მივხვდი, ჩემი ასაკი აინტერესებდა, მაგრამ ვეღარაფერი შემომბედა.
მეორე დღეს სახლში მანქანით მიყვანა შემომთავაზა, უარი ვუთხარი. გულის სიღრმეში საკუთარ თავს ვებრძოდი. ასეთი რამ აქამდე არასდროს დამმართნია, კაცს ვუყურებდი და ყველაფერი მავიწყდებოდა. გოგიტა ჯიუტი აღმოჩნდა. ცოტა ხანში საბავშვო ბაღის გარეთ შეხვედრა მთხოვა. ყავა დავლიოთ და ვიმუსაიფოთო. დავთანხმდი.

იმ საღამოს ჩემი მეუღლე ტელევიზორში საინფორმაციო გადაცემას უყურებდა, მოვიმიზეზე, ნინოსთან გადავალ ყავაზე-მეთქი, სათვალის ზემოდან გამომხედა, მაგას რა კითხვა უნდა, თუ წასვლა გინდა, წადიო. ჩემი მეგობარი ახლოს ცხოვრობს და ხშირად ვსტუმრობდი. ვახოს ჩემში ეჭვი არასდროს შეჰპარვია, ვიცოდი, არც ახლა შემამოწმებდა, მაგრამ მაინც ვფრთხილობდი.
საგულდაგულოდ არ გავიპრანჭე, მაგრამ სუნამო შევიპკურე და თმა ლამაზად დავივარცხნე. ქუჩაში ისე მივიპარებოდი, როგორც ოდესღაც ვახოსთან შეხვედრებისას. აქეთ-იქით ვიხედებოდი, არავინ შემამჩნიოს-მეთქი... ერთ ნახევრად ბნელ კაფეში, არომატული ყავის თანხლებით დიდხანს ვილაპარაკეთ. მე ჩემი მოვუყევი, გოგიტამ - თავისი. მოკლედ, საღამო ძალიან სასიამოვნოდ გავატარეთ. სახლში დაბრუნებულს თავი ისევ პატარა გოგო მეგონა. სიხარულისგან დავფრინავდი. გოგიტაზე ფიქრი თავბრუს მახვევდა და ვგრძნობდი, მასთან სიახლოვე როგორ მწყუროდა...

მომდევნო შეხვედრა სიზმარივით იყო... მეგონა, ამის მერე ყველაფერი დამთავრდებოდა, მაგრამ ისევ შევცდი. გოგიტა აღარ მომეშვა. ფარულად მესიჯებს მიგზავნიდა, მეც ფარულად ვპასუხობდი. საბავშვო ბაღთან მდარაჯობდა, თვალს არ მაშორებდა.
მოგვიანებით სიყვარულში გამომიტყდა. შოკირებული ვიყავი. თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი ხანმოკლე რომანი იქნებოდა, მაგრამ ძალიან შევტოპეთ. შეხვედრიდან სახლში დაბრუნებულს მეგონა, ყველაფერი შუბლზე მეწერა. რა მექნა, აღარ ვიცოდი. ჩემი მეუღლე კი ვერაფერს ხვდებოდა. იწვა დივანზე, ლუდს სვამდა და ტელევიზორს მისჩერებოდა.

ერთხელ საბავშვო­ ბაღში­ გოგიტას ნაცვლად ბავშვი ვიღაც­ ქალმა მოიყვანა. მივხვდი, მეუღლე იყო. მომხიბლავი, ჯინსის შარვალში იყო გამოწყობილი. თორნიკე მასწავლებელს ჩავაბარე და ეზოში გამოვედი. თითქოს მშურდა მისი ცოლის... ისიც ეზოში გამოვიდა, მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა და ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ყველაფერი იცოდა. რომ ჩამიარა, ელდა მეცა, მაშინღა შევატყვე გამოზნექილი მუცელი. ფეხმძიმედაა, გავიფიქრე და ცრემლები გადავყლაპე.

იმ საღამოს დიდხანს ვიფიქრე და გადავწყვიტე, ყველაფრისთვის წერტილი დამესვა. როდემდე უნდა გვეცხოვრა ყველას ტყუილში? მე, გოგიტას, ჩემს ქმარსა და მის მეუღლეს? ბოლოს და ბოლოს, საკუთარ თავს ვაჯობე, გადავწყვიტე, ამ "ლამაზ"­ ცხოვრებას დავმშვიდობებოდი. გოგიტას დავურეკე და სასტუმროს ნომერში დავთქვით შეხვედრა.

დანიშნულ დროს მოვიდა, მომეხვია და მაკოცა. ვუთხარი, რომ მისი ცოლი ვნახე და არ მინდოდა მათი ცხოვრების არევა, ისიც ვუთხარი, რომ არც მე შემეძლო ქმრის მიტოვება... წონასწორობა დაკარგა, მერე იატაკზე ჩაიმუხლა და თავი ხელებში ჩარგო. ახლაც თვალწინ მიდგას მისი გაფითრებული სახე, მხრები უკანკალებდა, ამხელა კაცი ბავშვივით ტიროდა. მერე კარგა ხანს მდუმარედ მომჩერებოდა, ისეთი გრძნობა მქონდა, ცოტაც და, ღრიალს დაიწყებდა. მერე მხოლოდ ერთი წინადადება ამოილუღლუღა, ყველაფერი კარგი ძალიან მალე მთავრდებაო, ადგა და კარისკენ გაემართა. ვუყურებდი, თავჩაღუნული და დაპატარავებული როგორ მიდიოდა. მოკლედ, გამიშვა...
ძალიან გამიძნელდა ამ ხანმოკლე ბედნიერების დაკარგვა, საოცარია, როცა გრძნობ, რომ საყვარელი და სასურველი ქალი ხარ. მაგრამ თავიდანვე გაცნობიერებული მქონდა, რომ ადრე თუ გვიან, უნდა დავშორებოდი და ჩემი ცხოვრების ეს ულამაზესი ფურცელი დამეხურა. რაც მთავარია, ვიცი, რომ სწორად მოვიქეცი.
nini
05 აგვისტო 2017 22:32
Ratom gikvirt.cxovreniseulia kvelaperi.martali natkvami akvs gogitas kvelperi kargi ra male mtavrdenao.mec azrisa var.iseti bedi makvs radac vpoulob maleve vkargav.ar minda moyola shors cagvikvans.magram me mjera aseti istoriebis.mec gadamxda da imitom.daijeret da nu gansjit xalxo
nini
06 ივლისი 2017 22:47
mec mqonda msgavsi shemtxveva sxva kaci shemiyvarda qmaric myavda da shvilebic.. tumca me ar damviwyebia is siyvaruli ojaxi ar davangrie vdzlie chems tavs magram dgemdw sashinlad vitanjebi 2weli gavida ukve magram me is isev miyvars ver viviwyeb... . tyuilshi ki vcxovrob axla qmartan.
marina
28 ივნისი 2017 11:28
ქატოც იქა და ფქვილიც მაგათ ჰქონგეთ ახალ ზღაპრებს მოზელენ

რედაქტორის რჩევით