"გაბოროტებული მემუდარებოდა, მითხარი, ჩემმა ცოლმა ხომ არ მიღალატაო" - კვირის პალიტრა

"გაბოროტებული მემუდარებოდა, მითხარი, ჩემმა ცოლმა ხომ არ მიღალატაო"

"როცა დერეფნიდან ხალხის წივილ-კივილი მომესმა, ოთახიდან გავვარდი და დავინახე, როგორ უძალიანდებოდა თემო დაცვის თანამშრომლებს, რომლებიც მის გაყვანას ცდილობდნენ. თურმე იმ ღამეს ნათიას ნომერში შეუვარდა და ახრჩობდა..."

რამდენიმე წელი შვებულება არ ამიღია, ამიტომ იმ წელს ბათუმში დასასვენებლად წასვლა მარტომ გადავწყვიტე. ეჭვიანი მეუღლე არა მყავს და უპრობლემოდ გამიშვა, მხოლოდ რამდენიმე რჩევა-დარიგება მომცა და მატარებლის ბაქნამდე გამაცილა. გემრიელად დასვენებას ვგეგმავდი, ამიტომ იმდენი ფული მოვაგროვე, რომ საუკეთესო სასტუმროს ნომერი მექირავებინა და საკუთარი თავი გამენებივრებინა.

ნათიაც მარტო იყო ჩამოსული. პირველად ერთმანეთს სასტუმროს რესტორანში გამოველაპარაკეთ, ლამაზი გოგო იყო, ქერა, გრძელი თმით. მალე დავმეგობრდით. ისიც ჩემსავით დასასვენებლად მარტო ჩამოსულიყო.

ნათია ქმარს გაშორებული იყო. როგორც მივხვდი, მისი გახსენება არ სიამოვნებდა, თუმცა იმ საღამოს ცოტა ლუდით შევზარხოშდით და ქმარზე მიამბო. ზღვის ნაპირზე დაგვაღამდა, ქვებზე დავსხედით და ქალურად ავჭუკჭუკდით. თემოს როგორ გაჰყვა, თვითონაც უკვირდა, ალბათ, გარეგნობამ მომატყუაო. ერთ ეზოში ცხოვრობდნენ. თემო ერთი ავარდნილი ქუჩის ბიჭი ყოფილა, ისეთი, უბანში რომ "სტოსი" მიჰყავთ. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ნათიას თავს ევლებოდა, სურვილებს შეძლებისდაგვარად უსრულებდა. იცოდა, ნათიას ბევრი მთხოვნელი ჰყავდა და ეამაყებოდა, არჩევანი მის სასარგებლოდ რომ გააკეთა.

ეს ბედნიერი პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთ საღამოს თემო სახლში არ მოვიდა. ნათიას დედამთილი ეზო-ეზო დარბოდა და შვილის ამბავს კითხულობდა. საცოდავი ჩია ქალი იყო, ნათიას ზოგჯერ ეჩვენებოდა, რომ არც ჭკუა უჭრიდა დიდად, თუმცა კეთილი ქალი იყო. როგორც აღმოჩნდა, იმ საღამოს თემოს უბანში ჩხუბი მოსვლია, ვიღაცას პოლიციაში დაურეკავს და დაიჭირეს.

ერთი წელიწადი ცხოვრობდა ნათია დედამთილთან ერთად. თემო ციხიდან შეცვლილი დაბრუნდა. ახლა ნათიას იმდენ ყურადღებას აღარ აქცევდა, თვალი სულ ქუჩისკენ ეჭირა. ხშირად შინ მთვრალი ბრუნდებოდა. მათი სახლიდან მუდამ ჩხუბისა და წივილ-კივილის ხმა გადიოდა, ოღონდ ნათია ჩხუბში არ მონაწილეობდა, დედა-შვილი ჩხუბობდა. ნათიას ეს აღარ მოსწონდა და გულის სიღრმეში ქმართან დაშორებას ფიქრობდა, მაგრამ ფრთხილობდა, მომენტს ელოდებოდა. თემო იმდენად არაადეკვატური იყო, არავინ იცის, სამაგიეროს როგორ გადაუხდიდა.

ბოლოს ერთ-ერთი ჩხუბის დროს აღარც ცოლი დაინდო, - ნათია დედამთილს გამოესარჩლა, თემოს თვალებზე ბინდი ჰქონდა გადაკრული და ცოლს საფერფლე ესროლა.

ეს ბოლო წერტილი იყო. იმ საღამოსვე ჩანთა ჩაალაგა და ქმრისგან წამოვიდა. ახლა უკვე იცოდა, რომ თავს არავის გაუყადრებდა, იცოდა, რასაც იმსახურებდა - ჭკვიანი, მატერიალურად უზრუნველყოფილი, წარმოსადეგი გარეგნობის მამაკაცი სჭირდებოდა.

ნათია მშობლებთან დაბრუნდა, მაგრამ ქმარი მოსვენებას არ აძლევდა, ურეკავდა, შეტყობინებებით იკლებდა, სახლთან დარაჯობდა, ერთ დღესაც ღამე სახლში შეუვარდა - შერიგებას სთხოვდა და თან ემუქრებოდა.

ნათია აზრს არ იცვლიდა, დაბრუნება არ უნდოდა. დროთა განმავლობაში ყოფილი ქმარი დაშოშმინდა და მარტოობას შეეგუა, ნათიაც დაწყნარდა და ზღვაზე დასასვენებლად წამოსვლა გადაწყვიტა.

იმ საღამოს მეც ქმარსა და ბავშვებზე ვუამბე და სასტუმროში გვიან დავბრუნდით.

დილით კარზე მომიკაკუნა, ყავა დავლიოთო. ჩავიცვი და ბარში ჩავედით. რადგან ამდენი გიამბე, ბარემ ბოლომდე გეტყვიო, მითხრა. ყურები ვცქვიტე, კიდევ რა არის-მეთქი. თურმე სასტუმროს მეპატრონე ეარშიყებოდა. მოგვიანებით გამაცნო. გიო ოცდათხუთმეტი წლის იყო, წარმოსადეგი, გარუჯული და ნავარჯიშები ტანი მზეზე ულაპლაპებდა. როგორც ნათიამ მითხრა, მასზე გიჟდებოდა, ვითომ ერთი სული ჰქონდა, თავის მკლავებში მოექცია, მაგრამ ნათია ამის ჩიტი იყო? სად აღარ ეპატიჟებოდა და მასთან ერთად მეც ყველგან დამატარებდა.

პაემნებზე ზოგჯერ უჩემოდაც დადიოდნენ, გიო ძალიან გულუხვი იყო, რესტორანში გვიანობამდე რჩებოდნენ და ათას რამეზე მუსაიფობდნენ, მაგრამ როგორც ნათია ამბობდა,"ბიჭი "დესერტის" გარეშე რჩებოდა. მოკლედ, ახირებული გოგო იყო, რაღაცნაირი, თითქოს მარტო საკუთარი თავი უყვარდა. მერე გავიგეთ, რომ გიოს საზღვარგარეთ ცოლ-შვილი ჰყოლია და დროდადრო მათ სანახავად მიემგზავრებოდა.

ნათიამ ამ ამბის შეტყობის შემდეგ გიოსთან ურთიერთობა შეწყვიტა, თან ისე, რომ არაფერი აუხსნია. ბიჭი ვერაფერს ხვდებოდა და ძველებურად შეხვედრას ემუდარებოდა, მაგრამ ამაოდ.

შვებულება დასასრულს უახლოვდებოდა, ჩემი წამოსვლის დრომაც მოაწია, რომ დერეფანში უცხო მამაკაცმა გამაჩერა და ნათიას მეგობარი ხართო, მკითხა. დამალვას აზრი არ ჰქონდა, ეტყობოდა, ყველაფერი ისედაც იცოდა. კარგი ნაცნობები ვართ-მეთქი. დავინტერესდი, ვინ იყო და, მითხრა, ქმარი ვარო. გავოგნდი. მთხოვა, თქვენთან დალაპარაკება მინდაო. თავიდან უარი ვუთხარი, მაგრამ არ მომეშვა, სულ ხუთი წუთითო. მოკლედ, სასტუმროს გარეთ შევხვდი.

თემოს გაბოროტებული კაცის მზერა და ცივი თვალები ჰქონდა. მემუდარა, მითხარი, ვინმე ხომ არ ჰყავს, ხომ არ მიღალატაო. რა თქმა უნდა, ვიუარე და არც მომიტყუებია, მაგრამ არ სჯეროდა, მაფიცებდა, სიმართლე მითხარიო. გავბრაზდი და დავემშვიდობე.

მეორე დილას თბილისში ვბრუნდებოდი. ის იყო, დასაძინებლად მოვემზადე, რომ ჩემმა ქმარმა დამირეკა, კარგა ხანს ველაპარაკებოდი, როცა დერეფნიდან ხალხის წივილ-კივილი მომესმა, ოთახიდან გავვარდი და დავინახე, როგორ უძალიანდებოდა თემო დაცვის თანამშრომლებს, რომლებიც მის გაყვანას ცდილობდნენ. თურმე იმ ღამეს ნათიას ნომერში შეუვარდა და ახრჩობდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დამთავრდა. ეს ტერორი არასდროს დამთავრდებაო, მითხრა ნათიამ, როცა ვემშვიდობებოდი.

ამას წინათ სოციალურ ქსელში ნათიას ფოტოს წავაწყდი, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე იყო გადაღებული - ვიღაც ახალგაზრდას ხელში ჰყავდა აყვანილი და ორივეს ბედნიერებისგან გასხივოსნებული სახე ჰქონდა. გამიხარდა. ალბათ, მეტად ვეღარც ვნახავ, ის ავადმყოფურ სიყვარულს სხვა კონტინენტზე გაექცა.