სად არის მამაჩემი? - კვირის პალიტრა

სად არის მამაჩემი?

მამაკაცს შეუძლია ერთ მშვენიერ დღეს გამოგეცხადოთ და გითხრათ, რომ მამობრივი მოვალეობების შესრულება სურს. როგორც წესი, ამგვარი სურვილი მამაკაცს კრიზისულ სიტუაციებში უჩნდება: წარუმატებლობა სამსახურში, კრიზისი პირად ცხოვრებაში და ა. შ. თუ წლების შემდეგ მამა შვილის ნახვას მოისურვებს, ნუ გადაეღობებით, თუნდაც ამ კაცის გალანძღვა და გაგდება გინდოდეთ. ბავშვისთვის ხომ მამის გამოჩენა დღესასწაულია...

ბავშვობიდან ყველამ გავითავისეთ, რომ ბავშვს ორივე მშობელი - დედაც და მამაც სჭირდება. თუმცა ცხოვრება მუდამ ისე როდი მიედინება, ჩვენ რომ გვინდა. ჯერ კიდევ გუშინ გათხოვილი ქალი იყავით, დღეს კი მარტოხელა დედად გადაიქეცით; ჯერ კიდევ გუშინ კუბოს კარამდე სიყვარულს გეფიცებოდათ, დღეს კი, როცა თქვენი ფეხმძიმობის ამბავი შეიტყო, გუდა-ნაბადი აიკრა და გაქრა თქვენი ცხოვრებიდან. არასრული ოჯახების წარმოქმნის მიზეზი მრავალია, შედეგი კი ერთი - ბავშვს მარტო ზრდით... დრო გავა და ჭრილობა მოგიშუშდებათ, თუმცა იმის დავიწყებას, ვინ გაქციათ დედად, ვერ შეძლებთ, თანაც, როგორც კი პატარა ალაპარაკდება, აუცილებლად დაგისვამთ კითხვებს.

დედები, რომლებიც შვილს მარტონი ზრდიან, დაადასტურებენ, რომ ბავშვი დაჟინებით კითხულობს მამას და მის შესახებ თქმულებებსაც თხზავს. მათ მიერ ”გამოგონილი” მამა, როგორც წესი, გმირია ან გმირული პროფესიის მქონე. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სხვებს ჰყავთ ნამდვილი და საამაყო მამა. ამასთან, თანატოლები ხშირად ცეცხლზე წყალს ასხამენ, როცა ბავშვს ეკითხებიან - რა ჰქვია მამაშენს? სად მუშაობს? ჰყავს მანქანა?..

დგება მომენტი, როცა პატარას უნდა აუხსნათ, სად არის მამამისი.

მოვატყუოთ თუ არა?

პირველად ბავშვი მამაზე ფიქრს 2-4 წლის ასაკში იწყებს. ამ ასაკში არ აინტერესებს, რატომ ცხოვრობს დედ-მამა ცალ-ცალკე. მთავარია, დარწმუნდეს, რომ მასაც ჰყავს მამა. სიტყვას ბანზე ნუ აუგდებთ, უმჯობესია, კონკრეტულად უპასუხოთ. თუ ფოტოსურათი გაქვთ, აჩვენეთ. მისთვის საინტერესოა იმის ცოდნაც, თუ როგორ გამოიყურება... ზოგიერთი დედა ამ ასაკში ბავშვს კვებავს მითით მზრუნველი მამის შესახებ - გამუდმებით რეკავს (როცა შენ გძინავს ან ბაღში ხარ) და გკითხულობს. ეს მანქანა მამამ გამოგიგზავნა... ნუ მოიქცევით ასე, რადგან ბავშვი გაიზრდება და სათამაშოებით აღარ დაკმაყოფილდება.

8-10 წლის ასაკში ბავშვი კვლავ უბრუნდება ამ თემას. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ბავშვებს არ მოვუყვეთ ლამაზი ზღაპრები ”გმირულად დაღუპული” მამის შესახებ. დაე, თქვენგან შეიტყოს მიზეზი და არა მეზობლისგან. თუმცა ნურც მეორე უკიდურესობაში გადავარდებით და მამამისის ლანძღვას ნუ მოჰყვებით. უმჯობესია, უთხრათ: ”მე და მამაშენს ოდესღაც გვიყვარდა ერთმანეთი და შენ გაჩნდი, თუმცა შემდეგ სიყვარული გაქრა, ამიტომ ერთად აღარ ვცხოვრობთ, მაგრამ მეც და მამასაც ძალიან გვიყვარხარ”.

შვილს მამამისზე მხოლოდ კარგი უთხარით და მზად იყავით, რომ შესაძლოა, მამის პოვნა მოისურვოს. ეს არ ნიშნავს, რომ აღარ უყვარხართ - მისთვის მუდამ დარჩებით ყველაზე ძვირფას ადამიანად.

არასოდეს უთხრათ: ”მამამ მიგატოვა”. შეიძლება ძალიან შეეშინდეს, რადგან თუკი მამამ მიატოვა, ხომ შეიძლება დედაც ასე მოექცეს?

”მამა ოდესმე დაბრუნდება"- ამ სიტყვებით ბავშვს ცრუ იმედს ჩაუნერგავთ - ის გამუდმებით დაძაბული იქნება.

”მამა გარდაიცვალა” - ამით სამუდამოდ ართმევთ შვილს მამას და ოცნებასაც, რომ ოდესმე მამა დაბრუნდება. პატარა დაგიჯერებთ, მაგრამ თუ დროთა განმავლობაში ტყუილი გამჟღავნდა, სამუდამოდ დაკარგავთ შვილის ნდობას.

მამა დაბრუნდა

როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მამაკაცს შეუძლია ერთ მშვენიერ დღეს გამოგეცხადოთ და გითხრათ, რომ მამობრივი მოვალეობების შესრულება სურს. როგორც წესი, ამგვარი სურვილი მამაკაცს კრიზისულ სიტუაციებში უჩნდება: წარუმატებლობა სამსახურში, კრიზისი პირად ცხოვრებაში... თუ წლების შემდეგ შვილის ნახვას მოისურვებს, ნუ გადაეღობებით, თუნდაც ამ კაცის გალანძღვა და გაგდება გინდოდეთ. ბავშვისთვის ხომ მამის გამოჩენა დღესასწაულია. და რაც მთავარია: ნუ დაიდანაშაულებთ თავს - მარტოხელა დედობა უიღბლო ქალის იარლიყი არ არის...

ნანა ჩარკვიანი