როგორ იქცა "მახინჯი იხვის ჭუჭული" ბედნიერ ქალად - კვირის პალიტრა

როგორ იქცა "მახინჯი იხვის ჭუჭული" ბედნიერ ქალად

"ბაჩო ერთი თვე დარჩა თბილისში და თითქმის ყოველდღე ჩვენთან იყო. წასვლისას მემუდარა, იქნებ წარსული დაივიწყო და საფრანგეთში ბავშვებთან ერთად წამოხვიდეო.

მოკლედ, ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც ზღაპარში"

რედაქციაში წერილი მოვიდა. მაკა ლ. თავისი ცხოვრების შესახებ წერდა, თუ როგორ იქცა "მახინჯი იხვის ჭუჭული" ბედნიერ ქალად.

"ბავშვობაში მსუქანი ვიყავი და თანატოლები დამცინოდნენ, ხან რას მეძახდნენ, ხან - რას. ძალიან ვწუხდი, რომ ლამაზი არ ვიყავი. ცოტა რომ წამოვიზარდე, ყველა გოგოს თაყვანისმცემელი გამოუჩნდა, მე კი არავის მოვწონდი. მშობლებთანაც მუდმივი უთანხმოება მქონდა, მათ ჩემი არ ესმოდათ, ამიტომ ჩვენს სახლში სულ ჩხუბი იყო. გადავწყვიტე, ცალკე მეცხოვრა. თვრამეტი წლისამ ბარში მიმტანად დავიწყე მუშაობა. ცოტა ფული შევაკოწიწე და ბინა ვიქირავე. მშობლები შემეწინააღმდეგნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. ამასობაში ბაჩო გავიცანი...

რა თქმა უნდა, ოცნებამ გამიტაცა - დავიჯერე, რომ ცოლად შემირთავდა და ლამაზ ოჯახს შევქმნიდით, მაგრამ... ფეხმძიმედ დავრჩი. როცა სახეგაბრწყინებულმა ეს ამბავი ბაჩოს ვაცნობე, გამომეტყველება შეეცვალა. მერე იმის ახსნა დამიწყო, რომ ბავშვის ყოლა ჩვენთვის ძალიან ადრე იყო, თანაც მშობლები სასწავლებლად საზღვარგარეთ უშვებდნენ... ბაჩომ ბავშვის გაჩენაზე უარი რომ ვერ მათქმევინა, გაქრა. მუცელი რომ დამეტყო, მშობლებთან დავბრუნდი. რას იზამდნენ, ჯერ იჩხუბეს, მერე შემირიგდნენ.

ზაფხულში გოგო გავაჩინე. დამცირების ატანა მიჭირდა - დღე არ გავიდოდა, მშობლებს არ წამოეძახებინათ, ნაბუშარი გინდოდა და გყავსო.

მშობიარობის შემდეგ წონაში დავიკელი, სარკეში საკუთარი თავი უკვე მომწონდა. ფული არ მქონდა და ჩემს პაწიას ბევრი რამ აკლდა, ამიტომ ფეხზე დასადგომად გათხოვება გადავწყვიტე, თუნდაც გარიგებით, მთავარი იყო, ვისაც გავყვებოდი, ჩემი გოგონა ჰყვარებოდა. ნინუცა წლის ხდებოდა, როდესაც ჩემმა დამ ცხრა წლით უფროსი კაცი გამაცნო. მატერიალურად უზრუნველყოფილი, კარგი მეოჯახე ჩანდა. ჩემს გოგოსაც მაშინვე დაუმეგობრდა და მივხვდი, რომ შესაფერისი კანდიდატი ვიპოვე.

გია ცოლს გაშორებული იყო. თურმე ის ქალი სვამდა. გიამ რამდენჯერმე უმკურნალა, მაგრამ ამაოდ. ცოლმა თორმეტი წლის ბიჭი დაუტოვა და თვითონ უცხოელ კაცთან ერთად გადაიკარგა. გიამ თავი ქალად მაგრძნობინა, ნინუცას თავისი შვილისგან არ არჩევდა, მაგრამ თაზო, გიას შვილი, რთულად აღსაზრდელი ბავშვი აღმოჩნდა. სულ ჩხუბის პროვოცირებას ცდილობდა, როგორც კი რაიმეზე უარს ვეტყოდი, ჯერ აყვირდებოდა, მერე, რაც ხელში მოხვდებოდა, ლეწავდა და ყველაფერს ცრემლებით აგვირგვინებდა. მამამისის დანახვაზე კრავად იქცეოდა და გულამოსკვნილი უყვებოდა, როგორ ცუდად ვექცეოდი. მოკლედ, ბოროტი დედინაცვლის როლში გამოვყავდი.

გია ჩვენს კონფლიქტებს თავს არიდებდა, მეუბნებოდა, რომ თაზოს აღზრდა უკვე დაგვიანებული იყო. საბოლოოდ, თაზო საცხოვრებლად ბებიასთან, დედამისის დედასთან, სოფელში გადავიდა - იქ თავის გემოზე ყოფნა არჩია, თანაც ამ გზით მამისთვის პროტესტის გამოხატვა სცადა.

ერთ დღესაც გიამ მთხოვა, ბავშვი გამიჩინეო. დიდხანს არ შევწინააღმდეგებივარ... გოგონა რომ შემეძინა, გიამ სამსახური დაკარგა და ყველაფერი შეიცვალა, ჩვენს ბედნიერ ოჯახს მძიმე დღეები დაუდგა, გია ნერვიული გახდა, მთელ დღეებს ტელევიზორთან ატარებდა. მთელი ტვირთი ჩემზე გადმოვიდა. იძულებული გავხდი, ჩვილისთვის ძიძა ამეყვანა და სამუშაოდ გავსულიყავი. ისევ მიმტანად დავიწყე მუშაობა. აღარ შემეძლო გიას ატანა, მე საიმედო და ძლიერი ქმარი მჭირდებოდა. კიდევ ერთი წელი ჯოჯოხეთში ვიცხოვრეთ მე და ჩემმა გოგონებმა. გია გალოთდა, სასმლის გარდა არავინ და არაფერი აინტერესებდა, მასზე უკვე აღარ ვბრაზობდი, პირიქით, მეცოდებოდა. ერთხელაც მთვრალს მანქანა დაეჯახა და... დავრჩით მე და გოგონები...

ერთ დღეს "ფეისბუკში" ბაჩომ მომწერა, ბოდიშს მიხდიდა თავისი საქციელის გამო და მთხოვდა, ერთმანეთს შევხვედროდით.

შევხვდით. მომიყვა, რომ საფრანგეთში ცხოვრობდა და მუშაობდა, მეც ჩემს ბედუკუღმართობაზე ვუამბე. იქამდე შევყევით, სანამ ნინუცამ არ დამირეკა, დედა, სად ხარო. ბავშვის ხმა რომ გაიგონა, სახე შეეცვალა, თვალები გაუბრწყინდა, მთხოვა, იქნებ ხვალ ნინუცასთან ერთად შემხვდეო. მოკლედ, ბაჩო ერთი თვე დარჩა თბილისში და თითქმის ყოველდDღე ჩვენთან იყო. წასვლისას მემუდარა, იქნებ წარსული დაივიწყო და საფრანგეთში ბავშვებთან ერთად წამოხვიდეო.

მოკლედ, ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც ზღაპარში. ახლა ბიჭუნაც შეგვეძინა. მე საუკეთესო ქმარი მყავს და ძალიან ბედნიერი ქალი ვარ..."