"დაფიქრდით, სანამ ამ ჯოჯოხეთის კარს შეაღებთ"
12-06-2017
"დაფიქრდით, სანამ ამ ჯოჯოხეთის კარს შეაღებთ"
იზომ შვილს ფსიქოლოგთან სიარული დააწყებინა. თავიდან გურიკო უარობდა, მე თვითონ დავძლევ ჩემს მანკიერებას, თქვენ უბრალოდ ხელი შემიწყვეთო. მერე კი გატყდა და დედამისს დაემორჩილა.­ მოკლედ, ეს ჯოჯოხეთი როგორღაც დავძლიეთ...

სასოწარკვეთილი ქალი რედაქციაში გვესტუმრა და აი, რა გვიამბო: ძვირფასო რედაქცია, მინდა თქვენი გაზეთის­ მკითხველს ჩემი ისტორიით ვუთხრა, რომ ადამიანი, რომელიც აზარტ­ული თამაშების ტყვეობაშია, არ მხოლოდ თავს ინადგურებს, არამედ გარშემო ყველას ცხოვრებას უწამლავს. იქნებ ზოგიერთი მაინც დაფიქრდეს, სანამ ამ ჯოჯოხეთის კარს შეაღებს.

-
გურიკო თაიას წყალობით გავიცანი... მეუღლის დაღუპვის შემდეგ რამდენიმე წელი სახლში ჩავიკეტე, მეგონა ცხოვრება დამთავრდა. თაია ამერიკიდან ახალი ჩამოსული იყო, რომ დამირეკა და შეხვედრა­ მთხოვა. არ მინდოდა შინიდან გასვლა, მაგრამ ორი საათი მეჩიჩინა, ვიცი, რომ დეპრესია გაქვს, მაგრამ ასე თავგანწირვა არ შეიძლებაო. შავი კაბა გადავიცვი და
წავედი. მეგობრები მეჩხუბებიან, მაგრამ რა ვქნა, ამ კაბაში თავს ყველაზე კომფორტუ­ლად ვგრძნობ...
მოკლედ, იმ დღეს გურიკო გავი­ცანი, თაიას ქმრის მეჯვარე ყოფილა. გახეხილი ჯინსი და უბრალო პერანგი ეცვა. განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია, თანაც მალევე დაგვემშვიდობა და წავიდა.

რამდენიმე­ დღის შემდეგ თაიამ ისევ დამირეკა, გურიკოს შენი ახლოს გაცნობა უნდაო. გამეცინა, კარგი რა, რა გურიკო, ქალი მგლოვიარე ვარ-მეთქი. გადაირია, რაღა დროს შენი გლოვაა, დროა, მომავალზე იფიქროო.

მოკლედ, შეხვედრაზე­ ისევ დამი­ყოლია.­ ამჯერად გურიკო საოცრად გალანტური იყო. თუმცა, არ ვიცი რატომ, მაგრამ მეგონა, უმუშევარი და ხელმოკლე იყო. ეს რომ თაიას გავუმხილე, ბევრი იცინა, კაცი სერიოზულ ბიზნესშია, ეგ როგორ იფიქრეო.
იმ საღამოს დიდხანს ვისაუბრეთ... ამის შემდეგ ხშირად მირეკავდა, მერე ჩემთან სტუმრობაც დაიწყო. გაიგო, რომ ტკბილეულზე ვგიჟდებოდი და ყოველ მოსვლაზე მანებივრებდა. არცთუ დიდი ხნის შემდ­ეგ რესტორანში დამპატიჟა და ცოლად გამომყევიო, მთხოვა. თითქოს კარგი კანდიდატურა იყო, მაგრამ არ მიყვარდა და ზრდილობიანი უარი ვუთხარი.

მეორე დღეს თაია მომადგა და კინაღამ მომკლა, გურის უარი რატომ უთხარიო. მთელი ღამე ვფიქრობდი... ოცდათხუთმეტი­ წლის ვიყავი, შვილი პირველ ქმართან არ მეყოლა, არადა, ბავშვზე ვოცნებობდი. მოკლედ, გურიკოს დავურეკე და ვუთხარი, რომ ცოტა ედროვებინა. გაუხარდა და ისევ დაიწყო სტუმრობა. ერთხელაც სითბო ვიგრძენი, მერე მონატრება და მივხვდი, რომ ძალიან შევეჩვიე.
შემოდგომაზე ცოლად გავყევი. გურიკო დედასა და ძმასთან ერთად ცხოვრობდა.­ მამა ადრე დაეღუპა. ჩემი დედამთილი იზო, თბილი და საყვარელი ქალი იყო.­ მაზლი, ირაკლი, ცოტა უხასიათო, მაგრამ მაინც კარგი ბიჭი ჩანდა. გურიკოს ბინის ყიდვა უნდოდა, ფიქრობდა, ცალკე გადავიდოდით, მაგრამ იზომ გვთხოვა, ჩემთან დარჩით, სანამ ირაკლი ცოლს მოიყვანსო...

არაფერი გვიჭირდა, ყველაფერი გვქონდა. შვილზე ფიქრი დავიწყეთ, მაგრამ... ყველა ექიმი­ ერთსა და იმავეს გვეუბნებო­და, არაფერი გჭირთ, შვილი აუცილებლად გეყოლებათო. ასე გავიდა რამდენიმე წელი. გურიკო ოჯახზე ძველებურად ზრუნავდა,­ უბრალოდ, შინ გვიან მოსვლა დაიწყო. თავიდან ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, მერე შევშფოთდი, ვიფიქრე, რომ საყვარელი გაიჩინა. გულახდილ საუბარშიც ვეცადე გამომეწვია, მაგრამ ამაოდ, სიტყვას ბანზე მიგდებდა - კარგი რა, რა საყვარელი, ხან სამსახურში ვარ, ხან - ბიჭებთანო. ამასობაში ჩემმა მაზლმა შეყვარებული გაიჩინა.
ლალი ხშირად გვსტუმრობდა, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ გულზე არ ვეხატებოდი. ირაკლი მის ცოლად მოყვანას­ არ ჩქარობდა, მაგრამ რამდენიმე თვეში ლალი დაფეხმძიმდა, ესეც იძულებული გახდა, პროცესი დაეჩქარებინა. მოკლედ, ლალი ჩვენთან გადმოვიდა... გურიკოს ვეხვეწებოდი, მოვძებნოთ ბინა და გადავიდეთ-მეთქი, მაგრამ თითქოს ჩემი არ ესმოდა...

იმ დღეს შინ მარტო ვიყავი, ორი უცხო მამაკაცი მოვიდა და გურიკო იკითხეს. მითხრეს, რომ მათი ვალი ჰქონდა და გადახ­დას უგვიანებდა. ძალიან შევშფოთდი, შინ დაბრუნებულ გურიკოს კითხვები დავაყარე და როგორც იქნა, გამოვტეხე,­ რომ თამაშობდა... მევალეები მოსვენებას არ აძლევდნენ, ზოგი ემუქრებოდა კიდეც. ეს რომ იზომ გაიგო, მთელი დღეები ტიროდა, მეც დეპრესია დამეწყო.
საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩემმა დედამთილმა ბინის გაყიდვა­ გადაწყვიტა. ახალი რძალი გადაირია, გაუთავებლად ჩხუბობდა, სხვისი გულისთვის ბინა რატომ უნდა დავკარგოთო. ირაკლიც მის მხარეს იჭერდა. გურიკო დამნაშავე ბავშვივით აწურული იდგა და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. ირაკლიმ ბინა არ დათმო, ბავშვს ველოდებით და ქუჩაში ვერ გავალთო... მე და გურიკო დედაჩემთან გადავ­ედით. მალე გურიკომ თავისი ბიზნესიც დაკარგა.
დიდხანს ვიწვალეთ, ბევრი უძილო ღამე გავიარეთ. იყო მომენტი, როცა მეზიზღებოდა...

იზომ შვილს ფსიქოლოგთან სიარული დააწყებინა. თავიდან გურიკო უარობდა, მე თვითონ დავძლევ ჩემს მანკიერებას, თქვენ უბრალოდ ხელი შემიწყვეთო. მერე კი გატყდა და დედამისს დაემორჩილა.­ მოკლედ, ეს ჯოჯოხეთი როგორღაც დავძლიეთ... ერთ დღესაც გურიკომ მახარა,­ შემოსავლიანი სამსახური ვიშოვე და აწი არაფერი გაგვიჭირდებაო.

მართლაც, მალე ყველა ვალი დავ­ფარეთ.­ ამის შემდეგ კი ისეთი ამბავი გავიგეთ, სიხარულით­ ცას ვეწიეთ - ნანატრ­ შვილს ველოდებოდით. იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ მეშინოდა კიდეც, ერთ დღეს ჩემს ბედნიერებას არაფერი დამუქრებოდა. სულ ვეკითხებოდი გურიკოს, ხომ ყველაფერი რიგზე გაქვს-მეთქი? კიო, მიდასტურებდა, გულში მიხუტებდა და მუცელზე მკოცნიდა...
ნანატრ ბიჭს თომა დავარქვით. ჯანმრთელი დაიბადა, თუმცა 3 თვისა ძალიან ავად გაგვიხდა. იზო გვერდიდან არ მშორდებოდა, გურიკოც მეხმარებოდა. ბავშვი დიდხანს დაგვყავდა ექიმებთან, შემდეგ კი ისეთი რთული დიაგნოზი დაუსვეს, ვერც დავიმახსოვრე. ტანჯვა-წვალებით ვზრდიდი, რადგან სულ ავადმყოფობდა. მეც ჩამოვხმი, თვალებჩაშავებული დავდიოდი.

თომა 8 თვისა რომ გახდა, ისევ საავადმყოფოში­ მოვხვდით და მკურნალობისთვის დიდი თანხა დაგვჭირდა. ეს რომ იზომ გაიგო, ატირდა - გურიკომ სამსახური­ დაკარგა­, არ გიმხელდა, რომ არ გენერვიულა, ახლა მკურნალობის ფულიც საშოვნელიაო...
სამი კვირა ვიწექით საავადმყოფოში. სულ ვტიროდი, შველას ვეხვეწებოდი ღმერთს. გურიკო იშვიათად გვაკითხავდა­ და მაშინაც ჩუმად იჯდა. სამაგიეროდ, ერთ დღეს პალატაში გრიგალივით შემოვარდა­ ლალი და ცოფიანი ძაღლივით მეცა, - ხომ არ მოისვენეთ, ხომ მაინც გააყიდვინეთ­ იზოს ბინა, გირჩევნია, საავადმყოფოდან აღარ დაბრუნდეთ შენ და შენი ნაბუშარი, თორემ არ გაცოცხლებთ, შვილი რომ უბინაოდ დამიტოვეთო.
არც კი ვიცოდი, რომ იზომ ბინა გაყ­იდა­-მეთქი, - ძლივს ამოვილუღლუღე.­ მკურნალობა ძვირია, მაგრამ სახლის ფასი არ ღირს-მეთქი, - დავაყოლე. აბა, შენს ქმარს ჰკითხე, სად წაიღო ფულიო და აკივლდა... მის კივილზე სამედიცინო პერსონალი შემოვარდა და ძალით გაიყვანეს.
თავზარდაცემული ვიჯექი. მერე პალატაში იზო შემოვიდა, ფეხაკრეფით მომიახლოვდა, გვერდით მომიჯდა და ჩუმად მითხრა, უკვე ყველაფერი იციო... უმუშევარ გურიკოს უფიქრია, რომ ფულის შოვნის ერთადერთი გზა ისევ ის ჯოჯოხეთი იყო. იქამდე არ მოისვენა, სანამ იზოს ბინა არ გააყიდვინა, მაგრამ დუმდა ქალი, არც შვილის ზედმეტად გამწარება უნდოდა და არც ჩემი განერვიულება.

საავადმყოფოდან დედაჩემთან სამნი დავბრუნდით - მე, თომა და იზო. გურიკო არ ჩანდა. სად არ ვეძებეთ, ვინ არ შევაწუხეთ. ირაკლიც დღედაღამ ძმას დაეძებდა, ლალი დედამისთან გადავიდა და ირაკლის ბავშვის სანახავადაც კი არ უშვებდა.
ჩემი ქმრის დაკარგვიდან ერთ კვირაში­ გამთენიისას ტელეფონის ზარი გაისმა... ამ ამბავს ბედნიერი დასასრული არ აქვს - ჩემმა ქმარმა თვითმკვლელობა სცადა, გადარჩა, მაგრამ დაინვალიდდა.
დედაჩემის სახლი გავყიდე, რომ ორი პატარა ბინა მეყიდა და ირაკლის თავისი ცოლ-შვილით ჭერი ჰქონოდა. იზო ჩვენთან ცხოვრობს. მე ქმარსაც ვუვლი, შვილსაც... და კიდევ ორ მოხუცს - იზოს და დედაჩემს. არ ვიცი, რამდენ ხანს გავუძლებ. მე ხომ ბედნიერ ოჯახზე ვოცნებობდი!

ნანა ჩარკვიანი
ნინო
18 სექტემბერი 2017 08:53
5 წელი ჯოჯოხეთში ვიცხოვრე.ოქროთი დაწყებული ბინით დანთავრებული ყველაფერი დამაკარგვინა ყოფილმა ქმარმა.ბოლოს მე დამაბრალა ოჯახი დაანგრიეო...
nini
23 ივნისი 2017 22:21
იმდენათ ძნელია თავის დანებება რამდენათაც ცხოვრების წესის შეცვლა, ეს ტვინში გაქ დალექილი ცოტა მაქ და ცოტას წავამატებ და იმ ცოტასაც აგებ, მომიგია ბევრი მარა ისევ იქ მიგაქ მე ვაგროვებდი ფულს იმ აზრით რო უფრო იმედიანად ვიქნები მეთქი ბევრი ფულით და ყველა ეგრეა მოთამაშე, ფული სხვა გზით უნდა იშოვო და ამაზე იმუშავეთ, დაფიქრდით გაქ 1000-სი და შეხვედი მოუგე ა მაქსიმუმ დალაგებული პროცესი 200 ეს ორასი დახარჯე ისე როგორც მოგებული იხარჯება, შეხვედი მეორეთ კიდე მოუგე 200 ისევ ისე, შეხვედი მესამეთ კიდე მოუგე 200 დახარჯე ისე როგორც იცი კარგათ არ წახვალ ოქროს არ იყიდი, შეხვედი მეოთხეთ და კიდე გიმართლებს იგეფ 200 და დგები თავს აკონტროლებ სანამ არ წააგებ ეგ ყოველთვის გახსოვდეს , შეხვედი და წააგე შენი ფული 1000 არ გაგიმართლა ის ფული რო გეხარჯა ხო ჯობდა დალაგებულათ დახარჯავდი მერე არ ინერვიულებდი და 200-იტ მეტი ხო გექნებოდა დასახარჯი და კიდე იმდენი რა მე ყველას და ყველაფერს დაგაკარგვინებს თუ დაგაავანტყოფეს ყველაფერი გეზარება საქმის კეთება ერთი აზრი გაქ ული მინდა მოდი ვითამაშებ მოუგეფ ცოტას და აი ეს არი ავანტყოფობა











Juli
23 ივნისი 2017 17:05
Ra ver gaie ra aris aq gaugebari neta

რედაქტორის რჩევით