"ჩემს სიძეს ცოლი უყვარდა, მაგრამ წლების შემდეგ მაინც უღალატა..." - კვირის პალიტრა

"ჩემს სიძეს ცოლი უყვარდა, მაგრამ წლების შემდეგ მაინც უღალატა..."

ძნელი აღმოჩნდა უცრემლოდ წამეკითხა წერილი "ბავშვობის ზღაპარი - ახლა უკვე შორეულ საქართველოზე". ჩემი და უკვე მეხუთე წელია, იტალიაშია. ვიცი, მისთვის რაოდენ ძნელია შვილებისგან, დედისა და ახლობლებისგან შორს ყოფნა.

პირველ ხანებში ლამის გაგიჟდა და ჩვენც გადაგვრია. დედას და შვილებს უფრო "ინდობდა", მე კი ყველაფერს დაწვრილებით მიყვებოდა, ტიროდა, - რა აუტანელი ყოფილა ნოსტალგია, თქვენ ხომ მენატრებით, მაგრამ მაისის წვიმის შემდეგ საქართველოში დატრიალებული მიწის, ყვავილებისა და ბალახის სურნელი მენატრებაო. ვცდილობდი, დამემშვიდებინა და სიცილით ვპასუხობდი, - წვიმის შემდეგ ყველგან მასეთი სურნელი ტრიალებს-მეთქი.

ქეთი 16 წლის იყო, როცა მოიტაცეს. არადა, სულ სხვა ბიჭი უყვარდა. მე მასზე ორი წლით უფროსი ვარ. პატარაობიდანვე მისი მესაიდუმლე ვიყავი. ვიცოდი, გაუჭირდებოდა იმ ბიჭთან ყოფნა, ამიტომ მშობლებს ვაძალებდი, იმასთან არ გააჩეროთ, თორემ თავს მოიკლავს-მეთქი. მართლაც, სამ დღეში წამოვიყვანეთ უკან. მისმა "ძვირფასმა" შეყვარებულმა კი ზურგი შეაქცია - განათხოვარი რაღად მინდაო! ერთი წელი ახლოს არ გაჰკარებია, ტელეფონითაც არ შეხმიანებია, ამიტომ გადაწყვიტა, ისევ იმას გავყვები, ვისაც ვუყვარვარ და უჩემობას დარდობსო. მოკლედ, დაუბრუნდა ჩემს სიძეს. ჯერ ვაჟი შეეძინათ, მერე ტყუპი გოგონა.

ქმარს ქეთი უყვარდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, წლების შემდეგ მაინც უღალატა. ჩემმა დამ არ აპატია და გაშორდნენ. არადა, ბევრი ქალი "ჩაყლაპავდა" ქმრის ღალატს, ოჯახი რომ არ დანგრეოდა. გავიდა დრო და მისი შეყვარებული (არ მინდა ნამდვილი სახელით მოვიხსენიო და პირობითად მას გიგას დავარქმევ) ისევ გამოჩნდა. უკვე ცოლშვილიანი იყო. მიუხედავად ამისა, "ცრემლების ფრქვევით" უმტკიცებდა ქეთის, ისევ მიყვარხარ და მენატრები, ცოლთან ურთიერთობა ძალიან მიჭირსო...

ქეთის ვარწმუნებდი, თვალთმაქცობს, არ დაუჯერო-მეთქი, მაგრამ... გიგა ისე უყვარდა, რომ ყური დაიხშო... კარგა ხანს მალავდნენ რომანს. გიგა ჩემს დას ჰპირდებოდა, ცოლს გავშორდები და სიკვდილამდე ერთად ვიქნებითო, თუმცა როგორც კი მათი ურთიერთობა გამოაშკარავდა და გიგას ცოლმაც ყველაფერი გაიგო, ისე დაფრთხა, კარგა ხანს აღარ გამოჩენილა. ბოლოს, როგორც იქნა, მივიდა და მოუბოდიშა: - მაპატიე, რომ იმედი გაგიცრუე და გული გატკინე. მივხვდი, რომ არ შემიძლია ცოლის დატოვებაო... ქეთიმ ადრინდელზე მეტად განიცადა მისი წასვლა. ბავშვებსაც მე ვპატრონობდი და წუთითაც არ ვშორდებოდი.

ყველაფერს ფინანსური გასაჭირიც დაერთო. ქეთიმ, როგორც იქნა, სძლია დეპრესიას და საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა. მითხრა: თქვენც დაგეხმარებით და მეც გულს გადავაყოლებო... მერწმუნეთ, სამშობლოდან უცხოეთში უმიზეზოდ არავინ მიდის. გაგიკვირდებათ და, გიგამ იქაც მოძებნა - ოღონდ მაპატიე, შენთან წამიყვანე და სიკვდილამდე არ მოგშორდებიო. კიდევ კარგი, აღარ აჰყვა გულს და სამუდამოდ დაემშვიდობა... ახლა ქეთის წამოსვლა უნდა. მეუბნება, იმდენს კი მოვუყარე თავი, რომ საქმის დასაწყებად მეყოსო...

ქეთის ფიზიკურმა შრომამ მოუწია, თუმცა ყველაზე მძიმე გასამკლავებელი სამშობლოს ნატვრა აღმოჩნდა. ღმერთმა ხელი მოუმართოს მასაც და ყველა ქართველს, რომელიც უცხოეთშია ლუკმაპურის საშოვნელად ან სხვა მიზეზით გადაკარგული.

ლალი დ., თბილისი

www.kvirispalitra.ge

როგორ ფიქრობთ, უნდა გადაიხვეწონ თუ არა გაუსაძლისი სოციალური პირობების გამო ქართველები უცხოეთში?