"როგორ შევეჩვიო მწარე რეალობას" - კვირის პალიტრა

"როგორ შევეჩვიო მწარე რეალობას"

ძალიან მიჭირს საქვეყნოდ ამის თქმა, მაგრამ მამამ სხვა გზა აღარ დამიტოვა და იძულებული ვარ, ყველაფერი გულწრფელად გიამბოთ. იქნებ, მირჩიოთ, როგორ მოვიქცე?

4 წლის ვიყავი, როცა მამამ მიგვატოვა მე და დედა. იგი დიდად არ მანებივრებდა, მხოლოდ რამდენჯერმე გამასეირნა ზოოპარკში, ცირკსა და რუსთაველის გამზირზე. ეს იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მოგვიანებით დედას ისიც კი გავუბედე, - ალბათ შენ არ იყავი მამასთან მართალი, თორემ ეს კეთილი და მოსიყვარულე კაცი ტყუილუბრალოდ არ დაგვტოვებდა-მეთქი.

იმდენად განვიცდიდი უმამოდ ყოფნას, რომ ლამის დავავადდი. 12 წლის რომ გავხდი, დედა დამპირდა, მამასთან შეგახვედრებო. გულის ფანცქალით ველოდი ამ ბედნიერ დღეს, მაგრამ როცა დედამ დაურეკა, მან ათასი საქმე მოიმიზეზა... დედას ეს ჩემთვის არ უთქვამს. გული რომ არ მტკენოდა, მომატყუა, მამას საქართველოდან მოუხდა წასვლა საქმის გამო და თვითონაც არ იცის, როდის ჩამოვაო. ვთხოვე, მისამართი მომეცი, სანამ მამა ჩამოვა, ერთმანეთს წერილებს მივწერთ-მეთქი...

საწყალმა დედამ რაღაც არარსებული მისამართი შეთხზა. მაშინდელ ორჯონიკიძეში (სადაც ვითომ მამა იყო), ჩემს წერილებს თვითონ გზავნიდა და მამის ნაცვლადაც თვითონ მწერდა.

გავიდა დრო და დედა ყველაფერში გამომიტყდა. გავბრაზდი, გავიგე მამის ნამდვილი მისამართი და შევხვდი. ვუყურებდი ჩემს სისხლსა და ხორცს და ვერ ვიჯერებდი, რომ ის ჩემი მამა იყო. გაყინული თვალებით მიმზერდა, უგრძნობლად მისმენდა და ვერ გაეგო, რა მინდოდა ან რას ვთხოვდი. ბოლოს მითხრა, - ვიცი, რომ ჩემი შვილი ხარ, მაგრამ რა ვქნა, რა გაგიკეთო? მე კაი ხანია დედაშენს გავშორდი და სხვა ოჯახი მაქვსო...

გაოცებისგან ენა ჩამივარდა. მერე ძლივს ამოვილუღლუღე, - მე შენგან არაფერს ვითხოვ, მეგონა, გაგიხარდებოდა ჩემი დანახვა და სურვილი გაგიჩნდებოდა, რომ ხშირად გენახე-მეთქი. მხრები აიჩეჩა, თავი გადააქნია და გამშორდა... შინ დაბრუნებულს ისტერიკა დამემართა. ძლივს დამამშვიდა დედამ და მერეღა მითხრა, რომ ის ზერელე და ცივი ადამიანი იყო. სადაც უკეთესად იგრძნობდა თავს, იქ უნდა ყოფილიყო. მას თავიდან დედა მდიდარი ჰგონებია. ასეც გახლდათ, სანამ ბაბუა ცოცხალი იყო, მისი გარდაცვალების მერე კი ოჯახს ძალიან გაუჭირდა და მამამაც ხელები დაიბანა - იქ წავიდა, სადაც მზამზარეულად მიუვიდოდა ყველაფერი.

კარგი გარეგნობა ჰქონდა და მალევე გააბა მახეში ერთი მდიდარი თბილისელი ქალი. მან კი, მგონი, არც იცის, რომ მის ქმარს პირველი ქორწინებიდან 18 წლის ქალიშვილი ჰყავს. ალბათ ასეთი მამა გულიდან უნდა ამოიგდოს ადამიანმა, მე კი ვერაფრით ვივიწყებ. ძალიან ვბრაზობ მასზე, მაგრამ ის ბავშვობის დროინდელი გასეირნება რომ მახსენდება, გულში კვლავ სითბო მეღვრება და ვგრძნობ, ძალიან მენატრება. გთხოვთ, მირჩიეთ, როგორ დავაღწიო წარსულის ტკბილ მოგონებას თავი, როგორ შევეჩვიო მწარე რეალობას.

პატივისცემით ლელა კ., თბილისი