ვირტუალური სიყვარულის ხაფანგში
19-06-2017
ვირტუალური სიყვარულის ხაფანგში
"კომპიუტერთან დაჯდომისას ხელის კანკალი მეწყება, ვიდრე რაიმეს მივწერდე, მან კი ხელი მკრა"

ვირტუალური სიყვარული ბევრს დროებითი გატაცება ეგონა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ამ პრობლემამ საზოგადოების სხვადასხვა წრე და თაობა მოიცვა. დღეს ბევრი მშობელი ჩივის შვილების ვირტუალურ გატაცებაზე, რომელშიც დიდი ადგილი ვირტუალურ სიყვარულს უჭირავს. ცოტა ხნის წინ მეგობარმა 40 წელს მიღწეული დის წერილი წამაკითხა და შეშფოთებულმა შემომჩივლა, - მირჩიე რამე, ჩემი და შინიდან აღარ გამოდის, რით ვუშველოო? თურმე ეს ქალბატონი რამდენიმე
კვირაა, დეპრესიის გამო შინ ჩაიკეტა.

"ვიცი, მანამდე არ მომასვენებ, ვიდრე არ მნახავ. ამიტომ გწერ, სიცოცხლე აღარ მინდა, რადგან ერთი ადამიანი შემიყვარდა და ახლა აღარ მეკონტაქტება. მას მარტო ინტერნეტით ვიცნობ. რამდენჯერმე ვთხოვე შეხვედრა, მაგრამ ვერ მოახერხა. ძალიან მოსიყვარულე ადამიანია, ისეთ თბილ რაღაცებს მწერს, რაც ჩემს ნაქმრევს
არასოდეს უთქვამს. ჩემი ქმარი ამ კაცის მეათედი მოსიყვარულეც რომ ყოფილიყო, რაღა მიჭირდა. ახლა ისეთ დღეში ჩავვარდი, რომ კომპიუტერთან დაჯდომისას ხელის კანკალი მეწყება, ვიდრე რაიმეს მივწერდე. მან კი ხელი მკრა, არადა, მასთან ურთიერთობა ჰაერივით მჭირდება. ოდესმე ალბათ კიდეც გავიცნობ. შენ კი, თუ მირჩევ, ეს როგორ მოვახერხო, მირჩიე, თუ არადა, თავი დამანებე!"


ამ წერილის წაკითხვის შემდეგ თავი მეც უსუსურად ვიგრძენი და ისღა მოვახერხე, რომ ცნობილ­ ფსიქიატრს დავუკავშირდი. მაინტერესებდა, რა აიძულებს ჯანმრთელ ადამიანს, ვირტუალურ სამყაროში გაიქცეს.

მანანა ბოკუჩავა: - ვირტუალური მოწყვეტისთვის ვირტუალური "ჩაფხუტებიც" კი შეიქმნა, რომელსაც ადამიანი თავზე დაიხურავს და ნებისმიერ იმ სამყაროში აღმოჩნდება, რომელშიც უნდა, რომ აღმოჩნდეს და აქ მას ჩაცმიდან დაწყებული, სხვა სიამოვნებების ჩათვლით, ყველაფერი ექნება, როცა მოეგუნებება. რატომ გვინდა, რომ ნამდვილიდან არანამდვილში წავიდეთ? ცხადია, იმიტომ, რომ ადამიანს არ მოსწონს სინამდვილე და გარბის გამოგონილი სამყაროსკენ. ალბათ ვინმე მეტყვის, ასე იმიტომ ხდება, რომ რეალური ცხოვრება მეტად ძნელია. ცხადია, ძნელია, მაგრამ ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიკა არის ტვინის, მაღალორგანიზებული მატერიის უნარი, ობიექტურად ასახოს გარემო და მოახდინოს მასთან შეგუება.

- ანუ ფიქრობთ, რომ ვირტუალურ სიყვარულზე მიჯაჭვულებს ფსიქიკის პრობლემა აქვთ?

- ვირტუალური მიჯაჭვულობა არ არის ფსიქიკის აშლილობა, მაგრამ ის არის ფსიქიკის ანომალია, რომელსაც არ გააჩნია უნარი, შეეგუოს ობიექტურ რეალობას. განხორციელდეს ამ რეალობაში; მათ შორის სიყვარულშიც. ვინაიდან ადამიანი რეალობაში განხორციელებას ვერ ახდენს, გარბის რეალობიდან და თავს აფარებს ვირტუალურ სიყვარულს, ზოგჯერ წლობითაც კი. Dდა რაც ყველაზე ცუდია, ის ცდილობს ვირტუალური სიყვარულით აიშენოს მომავალი. მაგრამ წარმოსახვითი ურთიერთობები საყრდენად ვერ იქცევა და მომავალიც ვერ აშენდება.

პარალელურად, ამ ადამიანებს უჭირთ იმ სიძნელეებთან გამკლავება, რაც რეალურ სიყვარულს ზოგჯერ მოაქვს. ამიტომ ირჩევენ სიყვარულის მოპოვების იოლ გზას, რაც ბუნებაში არ არსებობს - სიყვარულს სიამოვნებასა და სიხარულთან ერთად ახლავს ბრძოლა მისი გადარჩენისთვის.
სიყვარული აუცილებლად უნდა აიგოს ურთიერთზრუნვაზე, ფიზიკურ შეხებაზე, რაც კომპიუტერში არ არსებობს.
ფსიქიატრებიც კი, ფსიქიკის პრობლემებზე ვლაპარაკობთ მხოლოდ ადამიანთან შეხვედრის შემდეგ.

- ერთი შეხედვით, ვირტუალური სიყვარული თითქოს არაფერს აშავებს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ადამიანი მძიმე დეპრესიაში ჩაუგდია.

- იმიტომ, რომ ვირტუალურ სამყაროში მხოლოდ გაქცევა შეიძლება და არა გრძნობების რეალიზება. მაგრამ როცა ადამიანი ხედავს, რომ ვიღაც ატყუებს, არ ხვდება და არც მისი გრძნობები რეალიზდება, ის საპასუხოდ ტანჯვას და ბევრად დიდ პრობლემას იღებს, რაც რეალური სამყაროსგან ჰქონდა. ვირტუალური სამყაროსკენ გაქცევას სხვადასხვა მიზეზი აქვს, - როცა ბავშვებს ილუზიებით ვზრდით, როცა გოგონებს ვეუბნებით, პრინცესა ხარ და პრინცი უნდა მოძებნოო, რომელიც რეალურ სამყაროში არ არსებობს; მეორე კი თანდაყოლილი ხასიათობრივი თვისებაა, როცა ფსიქიკას არ აქვს რეალობასთან შეგუების უნარი.
ამიტომ უნდა შევწყვიტოთ ბავშვების ილუზიებით აღზრდა და სანამ ვირტუალური მიჯაჭვულობა ფსიქიკურ პრობლემას წარმოქმნიდეს, გამოსავალი ფსიქოლოგის დახმარებით უნდა მოვძებნოთ; ფსიქიკური აშლილობის შემთხვევაში კი პროფესიონალი ფსიქიატრის ჩარევაა აუცილებელი.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით