"სათამაშო აპარატის ეკრანზე დიდი ციფრებით ეწერა - 24.000!"
26-06-2017
"სათამაშო აპარატის ეკრანზე დიდი ციფრებით ეწერა - 24.000!"
გამწარებულმა ფსონი გავზარდე, მამუკა მკლავზე­ მჩქმეტდა, რას შვრები, გოგოო, მაგრამ ზედაც აღარ ვუყურებდი, სული კბილით მეჭირა. უცებ აზრიალდა აპარატი, გავიხედე და 4 ათასი არ მომიგია? მიდი, მიდი, გააგრძელე, ხომ ხედავ, აპარატი გაცემაზეა, გული მიგრძნობს, მოვიგებთო, არ მომეშვა და სანამ განძრევას მოვასწრებდი, ფსონი ისე გაზარდა.­ ერთი-ორჯერ ისევ აზრიალდა აპარატი, მაგრამ პატარა თანხები დაწერა. თვალდახუჭულმა გავაგრძელე ღილაკზე ხელის ტყაპუნი. რაღაც მომენტში ჩემმა შეყვარებულმა ყურში ჩამყვირა, გაიღვიძე, წავაგეთო...

ძვირფასო რედაქცია, ამ წერილს კარის
მეზობელს ვატან, თბილისში­ საქმეები აქვს და ორი დღით ჩამოდის. მუდამ ვკითხულობ რუბრიკას "თქვენთვის, ქალბატონებო" და აქამდე სულ მიკვირდა, როგორ იოლ­ად გამოაქვთ სააშკარაოზე თავისი ცხოვრება-მეთქი, მაგრამ ახლა მეც მინდა ჩემი დარდი გაგიზიაროთ, იქნებ სხვებსაც გამოადგეთ გაკვეთილად.
პატივისცემით, ნინი ბ.


"პირველად კაზინოში ცხვირი მამუკამ შემაყოფინა. აპარატთან დამსვა,
5 ლარი შეასრიალა და გაქრა. დავიბენი, გავბრაზდი, მაგრამ მივხვდი, რომ სტარტ-ღილაკის გარეშე თამაშს ვერ დავიწყებდი. ვუტყაპუნე აპარატს ისე, რომ ეკრანისთვის არც შემიხედავს, თან ინტერესი მკლავდა, სად გაქრა ჩემი ბიჭი და პარალელურად ვათვალიერებდი გაბდღვრიალებულ დარბაზს. უცებ გვერდით აპარატიდან ჭაღარა მოხუცი წამოხტა და მხარზე ისე დამცხო ხელი,"ყოჩაღ, ძმაოს ძახილით, კინაღამ სკამიდან ჩამოვვარდი. რა ამისი ძმა ვარ-მეთქი, გავცეცხლდი, მაგრამ სანამ ენა მოვატრიალე, ოცამდე კაცმა ალყა შემომარტყა. დაინგრა კაზინო, დამღრიალებდნენ თავზე, ჯეკპოტი დაეცა, ჯეკპოტიო! შვება მაშინ ვიგრძენი, როცა მამუკა მომვარდა და ისე ჩამეხუტა, გავიფიქრე, არიქა, მეშველა, სიურპრიზს მიკეთებს, ამდენ ხალხში ცოლობა უნდა მთხოვოს-მეთქი.
ნინი, გვეშველა, ხომ გითხარი, დავალ­ომბარდოთ ეგ შენი ლეპტოპი, ას ლეპტოპს გიყიდი ახლაო, გულში ჩამიკრა და ჩემი აპარატის ეკრანს აკოცა. ეკრანზე დიდი თეთრი ციფრებით ეწერა "24.000"!

- 24.000 მოვიგეთ-მეთქი, ჩავჩურჩუ­ლე­ მამუკას, - ლეპტოპს გამოვიტან, ტელეფონს ვიყიდი და დანარჩენს გავიყოფთ, ხომ? - ვკითხე მამუკას.
- რა ლეპტოპს, 24.000 მოვიგეთ,­ გესმის, - უფრო ხმამაღლა აყვირდა მამუკა.
კაზინოდან 23 ათასით გამოვედით, გარეთ ორი ტაქსით მეგობრები დაგვხვდნენ. კაზინოს თავისი"წესები აქვს. 5 ლარი მამუკასი იყო, ამიტომ ფული შუაზე გავყავით.

- დეიდა თამარა, ცენტრალური გათბობის გაკეთება რომ გინდოდა, 2 ათასი გეყოფა? გაჩუქებ, მერე არ თქვა, მამუკას პატივი არ უცია ჩემთვისო, - ტელეფონი არ გაუგდია ხელიდან ჩემს შეყვარებულს, სანამ ტაქსიში ვისხედით. იტალიურ ეზოში­ ცხოვრობს და ყველა მეზობელს ჩამოურეკა,­ 100-100 ლარს დაჰპირდა. მოკლედ, პეკინზე რომ გავედით, ჩემი გათვლით, დაახლოებით 9.000 დარჩა მამუკას.
უნახავებივით შევცვივდით მაღაზიაში.

- ურიკა არა აქვთ?- გასახდელში შემომივარდა მამუკას მეგობარი ბაჩო, რომ­ელსაც 6 წყვილი კედი ჩაებღუჯა.
5 ჯინსი, 7 მაისური, 4 ბოტასი, 3 მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, 3 კაბა, შარფი, ქამარი, საფულე, ჩანთა და 8 საყურე ვიყიდე. მოგებული ფული ყველაზე გემრიელად იხარჯება. აბა, ხელფასიდან 80 ლარს ქამარში რა გადამახდევინებდა. მოკლედ, ჯამში 14 ათასი დავხარჯეთ, სამაგიეროდ, "გაზმანულები" წავედით მცხეთის რესტორანში.
შვიდი კაცი ხორხოცით შევცვივდით კუპეში. გადაირია მიმტანი, ყველა სათით­აოდ ვაძლევდით შეკვეთას. როგორც იქნა, გავსინჯე "ბელუგა", რომელიც აისბერგის წყალზე მზადდება და ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული არაყია. ერთხანს მიმტანად ვმუშაობდი და სულ მაინტერესებდა, რა არაყი იყო ამისთანა.
- კაი ხალხს მაინც უმართლებს ცხოვ­რებაში. სულ ვეჩხუბებოდი მამუკას, ნუ თამაშობ, დაიღუპები-მეთქი, მაგრამ გულის­ სიღრმეში ვიცოდი, რომ მაგრად გაუმართლებდა, - ენა არ გაუჩერებია სანდროს და უკვე ნერვებს მიშლიდა, მე მოვიგე და მამუკას რატომ აქებდა, ვერ გავიგე.

- ბიჭო, ახლა ეს ფული სირივით კი არ უნდა დახარჯო... ბაზარი არაა, ვიყიდეთ ზმანები და რესტორანშიც ვართ, მარა აიღე და ერთი მანქანა დაითრიე, - არიგებდა­ ჭკუას 17 წლის ბაჩო, რომელმაც მშვენივრად იხეირა, 1000 ლარის საფასურის ტანსაცმლის გარდა, დედამისისთვის ცენტრალური გათბობა უნდა გაგვეკეთებინა.
- ბიჭო, ყველაზე ძალიან ის მიხარია, დედაჩემის ყბიდან რომ ამოვალ. მივუტან ერთი 3.000 ლარს და ამოვალ მაგისი ვალ­იდან. ვახ, ბიჭო, კიდევ არ მჯერა, რა, - უკვე ძალიან მთვრალი იყო მამუკაც, - ნინი, მე და შენ სასტუმროში დავრჩეთ, თუ გულაობაა, ბოლომდე ვიგულაოთ. ხვალ დილიდან მშვიდად დავურიგოთ ეს ფულები სამეზობლოს, შენც დედაშენს მიეცი, გაუხარდება.
- ჩვენც წამოვალთ, კაცო, სამი ნომერი­ ავიღოთ, ღამე აუზიც გაგვისწორდება, დილით საუზმე... - შემოგვეტენა სანდროც.
სასტუმროში ოთხი ნომერი ავიღეთ, აუზი და მასაჟი­ უფასოდ გვეკუთვნოდა, ამიტომ ჩვენი საყ­იდლები დავყარეთ და პირდაპირ აუზში ჩავცვივდით, მთვრალებს­ ცოტა გამოგვაფხიზლებსო. კოქტეილიც მივირთვით პირდაპირ აუზში და ნომრებში­ დილის 8 საათზე ისევ მთვრალებს მოგვიწია დაბრუნებამ.

- ნინი, გძინავს? - სულ არ მომეჩვენა მთვრალი მამუკა.
- ვიძინებ.

- ფული რამდენი დაგრჩა?
- 4000-მდე, მგონი.
- მოდი, მე კაზინოში ჩავალ, მაინც არ მეძინება, ცოტა გავერთობი, თან დეიდა­ თამარას გათბობის ფული, ეს 2 ათასი რომ მივცე, რაღა დამრჩება, იქნება ზევიდან ერთი 1000 მაინც მოვიგო.
წავიდა.

დილით კარის ხმაზე გამეღვიძა, მამუკა წაშლილი სახით შემოვიდა ნომერში და საწოლზე 4 ცალი ლარიანი დაყარა. წამოვხტი, ჩემი ჯინსის ჯიბეებიც უკვე ცარიელი იყო...
გაფითრებულები ვისხედით და ხმას ვერ ვიღებდით, მერე მამუკამ იმ მეგობრებთან დარეკა, წინაღამეს უხვად რომ დაასაჩუქრა. ყველამ შესწუწუნა, ერთი თეთრიც აღარ დაგვრჩაო... ჩემებს ეგონათ, დაბადების დღეზე ვიყავი და იმიტომ არ მომიკითხეს. ახლა კი სერიოზული პრობლემის წინაშე დავდექი, თანაც აქამდე არასოდეს შემიყვია ცხვირი მსგავს დაწესებულებაში და ახლა რატომ წავყევი მამუკას, არ ვიცი...
მოკლედ, ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, მობილური ტელეფონებიც ლომბარდში ჩავაბარეთ და ისევ კაზინოსკენ გავეშურეთ, როგორც მამუკამ თქვა, წაგებული ფულის ამოსაღებად... აქაოდა, გუშინ გაგიმართლაო და მამუკამ ისევ მე დამსვა აპარა­ტთან. უმოწყალ­ოდ წავაგე 300 ლარი. გვერდით მამუკა იჯდა, ისიც აგებდა და სასოწარკვეთილი შევყურებდით ერთმანეთს.

100 ლარიღა რომ დაგვრჩა, გამწარებულმა ფსონი გავზარდე, მამუკა მკლავზე­ მჩქმეტდა, რას შვრები, გოგოო, მაგრამ ზედაც აღარ ვუყურებდი, სული კბილით მეჭირა. ჰოდა, უცებ აზრიალდა აპარატი, გავიხედე და 4 ათასი არ მომიგია?

მიდი, მიდი, გააგრძელეო, ატყდა მამუკა, ხომ ხედავ, აპარატი გაცემაზეა, გული მიგრძნობს, მოვიგებთო, არ მომეშვა და სანამ განძრევას მოვასწრებდი, ფსონი ისე გაზარდა, დისპლეიზე დახედვის შემეშინდა.­ ერთი-ორჯერ ისევ აზრიალდა აპარატი, მაგრამ პატარა თანხები დაწერა. თვალები დავხუჭე და ისე გავაგრძელე ღილაკზე ხელის ტყაპუნი. რაღაც მომენტში ჩემმა შეყვარებულმა ყურში ჩამყვირა, გაიღვიძე, წავაგეთო და გულში რაღაც ჩამწყდა.
ისეთი ისტერიკა მოვუწყვე, რომ კაზინოს დაცვამ გარეთ გამოგვყარა. წამოვედით­ ყურებჩამოყრილი. უფრო სწორად, ყურებჩამოყრილი მამუკა იყო, თორემ მე სიკვდ­ილს­ ვნატრობდი - აღარც ლეპტოპი, აღარც ტელეფონი, დედაჩემს რა გადაურჩებოდა!

დედაჩემი მზარეულად მუშაობდა რესტორანში, ღამე ისე გვიან მოდიოდა, ლამის მისი სახე დამავიწყდა, დილაუთენია კი უკან გარბოდა, თანაც ნაქირავებში ვცხოვრობდით, მე, დედა და ქმარს გაშორებული ჩემი და 4 წლის შვილით. ბინის ქირასა და კომუნალურ გადასახადებზე რომ აღარ­აფერი ვთქვა, ამდენ ხალხს საჭმელ-სასმელი­ ხომ გვინდოდა, თანაც, ცოდვა გამხელილი სჯობს და, ლამაზად ჩაცმა და კარგი ტელეფონებიც მოგვწონდა...
მერე? მერე იყო ნამდვილი კოშმარი, ნაცნობი არ დარჩა, ვისი ვალიც არ დამიდ­ვია, საფინანსო დაწესებულება არ დარჩა, საიდანაც სესხი არ მქონდა აღებული, ისევე, როგორც მამუკას, მაგრამ ის მუშაობს და სტაბილური შემოსავალი მაინც აქვს, მე კი... თანაც, ბოლო ხანებში, თითქოს ჯადო გამიკეთეს, ჩემი შეყვარებულის­ ნახვაც აღარ მინდოდა, მარტო იმაზე ვფიქრობდი, იმდენი ფული მომეგო, რომ პრობლემები გადამეჭრა და ვიფიცებოდი, თუ ახლა გამიმართლებს, აქ აღარ გავჭაჭანდები-მეთქი.

გადიოდა დრო, დაპირება კი დაპირებად რჩებოდა. რა არ ვცადე, როგორ არ ვეძებე სამსახური, არაფერი გამომივიდა. არა, იყო დაბალანაზღაურებადი სამსახურები, მაგრამ ის ხელფასი ჩემს ერთ პრობლემასაც ვერ გადაჭრიდა, მით უმეტეს, რომ 250 და 300 ლარი ისე ერთი გატყორცნით დამიტოვებია კაზინოში, ვერც მიგრძნია.

იქ ასეა. არავინ იცის, რა დროა, არავის აინტერესებს, გვერდით მჯდომი ვინაა და როგორ გამოიყურება, ერთმანეთს იცნობენ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ ბედქვეშ არიან. გარეთ კი მეგობრები აღარ დარჩათ, რადგან მოთამაშეებთან მეგობრობა და მათი პრობლემები არავის უნდა.
ახლა ამას ისე გწერთ, თითქოს უბრალოდ ამბავს ვყვები, თუმცა არავინ იცის, თითოეული მოთამაშის გულში რა დარდი ტრიალებს, რამდენჯერ დაუპირებიათ თავის მოკვლა, დაძინება ზამთრის დათვივით, როგორ უნატრიათ ერთი უდარდელი­ და ლამაზი დილა...

მე? მე ვიპოვე გამოსავალი. არ ვიცი, სწორია თუ არა, მაგრამ სიმშ­ვიდე მოვიპოვე. ჩავჯექი ავტობუსში და ბებიაჩემის სოფელს მივაშურე, ძალიან მაღლა, მთებში, სადაც ინტერნეტი არ არის. ბებიას სახლი მიტოვებული გვქონდა, სამ წელიწადში ერთხელ თუ ავიდოდით... წყალი წყაროდან მომაქვს, ბოსტანში რაღაცები ჩავრგე, ტყეში ხან სოკოს ვაგროვებ, ხან კენკრას. პურის ცხობა მეზობლად მცხოვრებმა ლამზირამ მასწავლა. საღამოობით სახლის კიბეზე ვზივარ და წიგნებს ვკითხულობ, ან უბრალოდ ვზივარ... ბევრი მაქვს საფიქრალი... ხანდახან უნდა გაჩერდე, პაუზა აიღო, ჩაისუნთქო, შეიგრძნო, რა საოცარია ცხოვრება, ნახო, როგორ ლამაზად თენდება და ვარსკვლავების ბდღვრიალში ღამდება...

არ ვიცი, სად არის, ან რას აკეთებს მამუკა, არც მაინტერესებს... ყველაზე მთავარი ის არის, რომ დამ და დედამ ყველაფერი მაპატიეს. დანარჩენს ცხოვრება მაჩვენებს და ღმერთიც დამეხმარება..."

ნანა ჩარკვიანი
გიორგი/
11 ივლისი 2017 10:46
კაზინოში მოგების 100% რჩევას მოგცემთ, გახდი კაზინოს მფლობელი! ხახახა.
nana
07 ივლისი 2017 15:05
ტყუილია ეგ ყველაფერი აპარატს ისე აყენებენ რომ 1000 ლარზე მეტი არ მოიგონ მაქსიმალური კუშის დროს
strong
03 ივლისი 2017 08:25
დასასრული მომეწონა :D

რედაქტორის რჩევით