"ცხოვრებამ დამსაჯა, ჩემი არასწორი ქმედების პასუხად მარტოობა მივიღე" - კვირის პალიტრა

"ცხოვრებამ დამსაჯა, ჩემი არასწორი ქმედების პასუხად მარტოობა მივიღე"

"ყველაფერი ბუმერანგივით უკან დამიბრუნდა. არ ვიცი, როგორ აეწყოთ ცხოვრება ჩემს ყოფილ სიყვარულს და მის მეუღლეს, არ ვიცი, დღესაც ერთად არიან თუ არა, მაგრამ ახლა ვხვდები, საბრალო ქალს რამხელა ტკივილი

მივაყენე, თუმცაღა მაშინ ამას ვერ ვაცნობიერებდი"

ჩვენ შორის დიდი ხანია ურთიერთობის ნიშანწყალი აღარ შეიმჩნეოდა. ვუთხარი, რომ თუ სხვა ჰყავდა, შეეძლო პირდაპირ ეთქვა, მაგრამ იუარა. მაშინღა გავაცნობიერე, რომ ქმრის დაკარგვა არ მინდოდა. დათოს დაბნეული მზერა ძალიან ჰგავდა იმ კაცისას, რომელიც ოდესღაც თავდავიწყებით მიყვარდა. ისევ ჩავეძიე, მაგრამ მიპასუხა, რომ რაღაცები მეჩვენება. მერე შემთხვევით მის ტელეფონზე სასიყვარულო შეტყობინებას წავაწყდი. დამალვას აზრი აღარ ჰქონდა და აღიარა, რომ სხვა შეუყვარდა...

სულ რაღაც ოცდაორი წლის ვიყავი, ზურა რომ გავიცანი. იმ დროისათვის ერთ კომპანიაში ცხელი ხაზის ოპერატორად ვმუშაობდი. ზურა კომპანიის მფლობელის ვაჟი იყო, მაღალი, შავგვრემანი ბიჭი. თბილი და კეთილშობილური გამოხედვა ჰქონდა. თავიდანვე მეამა მისი ღიმილი, რომელიც სახეზე ჩემი დანახვისთანავე გადაეფინებოდა ხოლმე. ზურა ჩემზე შვიდი წლით უფროსი იყო და ესეც მომწონდა, მეუბნება ნინა და თხრობას განაგრძობს.

მალე დამიახლოვდა. ჯერ სახლში მანქანით მიყვანა შემომთავაზა, მერე რესტორანში სავახშმოდ დამპატიჟა. მზრუნველი და კეთილი ბიჭი ჩანდა. მის გვერდით თავს პატარა გოგოდ ვგრძნობდი და ეს ძალიან მომწონდა. შეხვედრებს მოვუხშირეთ, ვგრძნობდი, რომ ძალიან მოვწონდი და არც ვეწინააღმდეგებოდი. გულგრილი არც მე ვიყავი. საჩუქრებს მჩუქნიდა, ხელში ატაცებული დავყავდი. ბედნიერებას მთელი არსებით ვგრძნობდით. მერე იყო გიჟური ვნება და რომანტიკული ღამეები. უერთმანეთოდ ვეღარ ვსუნთქავდით. ცნობისმოყვარე თანამშრომლებს ჩვენი ურთიერთობა არ გამოჰპარვიათ, მაგრამ ხმამაღლა თქმას ვერ ბედავდნენ. ახლა ვხვდები, რომ ზურას მამამ იცოდა ყველაფერი, მაგრამ არ ვიცი, რატომ არაფერი მოიმოქმედა. ან იქნებ მოიმოქმედა კიდეც, მაგრამ ამაოდ. ჩვენ შორის იყო რაღაც, რაზეც დაფიქრება ღირდა.

ზურა ცოლიანი იყო... თუმცა ეს მის სიყვარულში ხელს არ მიშლიდა. შეიძლება ვერც კი ვაცნობიერებდი, ან სულაც გაცნობიერება არ მინდოდა. ამ საკითხზე ორივე ვდუმდით. მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ერთად ცხოვრებით უნდა დასრულებულიყო. რამდენჯერ ღამე ტელეფონის ზარს გავუღვიძებივარ, ცოლისგან მალულად მირეკავდა და სიყვარულს მიხსნიდა, მონატრებაზე მელაპარაკებოდა.არ ვიცი, ამას რა ერქვა, ეს გრძნობა მაშინ სიყვარულზე მეტი იყო.

ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ფეხმძიმედ დავრჩი. გაოგნებული და თან ძალიან ბედნიერი ვიყავი. იმ საღამოსვე შეხვედრა დავუთქვი და ახალი ამბავი ვახარე. ბავშვივით გაუხარდა, ბევრი მეფერა და მაშინვე ჩვენს მომავალ შვილზე ოცნება დაიწყო. რა თქმა უნდა, ვკითხე, ცოლთან დაკავშირებით რას აპირებდა. შემპირდა, რომ სულ მალე გაეყრებოდა. არ მქონდა საბაბი, მისთვის არ დამეჯერებინა.

სახლში მხოლოდ მე და დედა ვცხოვრობდით. დედაჩემი მკაცრი შეხედულებების ქალია და ამიტომ, მინდოდა, ზურას სიტუაცია რაც შეიძლება სწრაფად დაელაგებინა, რათა დედას ჩემთვის ფეხმძიმობა არ შეეტყო. ზურა კი არ ჩქარობდა. მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლებოდა. ყველა ჩვენი შეხვედრა კამათით მთავრდებოდა, მიხსნიდა, რომ ოჯახიდან წამოსვლა იოლი საქმე არ იყო, რომ მის ცოლს არაფერი დაუშავებია და უნდოდა ეს ამბავი მისთვის რბილად მიეწოდებინა.

მუდმივმა დაძაბულობამ იქამდე მიმიყვანა, რომ გადავწყვიტე, თავად მემოქმედა. ზურას მეუღლის ნომერი მოვიძიე და დავურეკე, ყველაფერი ვუამბე, ვუთხარი, რომ ზურა მიყვარდა, მის დათმობას არ ვაპირებდი და რომ მისგან შვილს ველოდებოდი. პასუხად მუქარა და ლანძღვა მივიღე. მერე ავდექი და დედაჩემსაც გავუმხილე ყველაფერი - გადაირია, ჯერ იჩხუბა, მერე იტირა და ბოლოს ზურა ჩვენთან დაიბარა.

ტკბილეულის სუფრა გავშალეთ და მოლოდინად ვიქეცით. ზურა არ ჩანდა. დედამ ნერვიულობა შემატყო. ტელეფონი ავიღე და რეკვა დავიწყე, ამაოდ. ზურას ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ისე დაგვაღამდა, ზურა არ გამოჩენილა. დილით თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, რომ ზურას ცოლს ჩემ გამო ერთი ამბავი აუტეხია, ოჯახში დიდი აყალმაყალი ჰქონიათ, დედამთილ-მამათილიან, სიდედრ-სიმამრიან ყველა ჩართულა. რა თქმა უნდა, სამსახურში აღარ მივსულვარ, როგორც გავიგე, ჩვენი მფლობელი ჩემს სამსახურიდან დათხოვნას ისედაც გეგმავდა და დავასწარი. დედამ ხელი დამავლო და ექიმთან გამაქანა. მეც მის ნებას დავყევი, ბავშვი მოვიშორე და შინ საშინელი სიცარიელის გრძნობით დავბრუნდი. სტრესი ძალიან დიდხანს გამყვა. ზურა ისევ არ ჩანდა.

ამ ამბიდან რამდენიმე თვე იყო გასული, ღამის ორი საათი იქნებოდა, ფიქრებში გართული აივანზე ვიჯექი. უეცრად ეზოში მანქანა გაჩერდა. ზურას მანქანა მაშინვე ვიცანი. ფანჯრის მინა ჩასწია, ნიკაპი ხელებს დააყრდნო და დიდხანს მიყურა ასე მდუმარედ. ისე ავფორიაქდი, გულისცემას ყელში ვგრძნობდი. მერე დაქოქა მანქანა და წავიდა. ისევ ტირილში დამათენდა. მას შემდეგ ზურა აღარ მინახავს.

ავად თუ კარგად, ბედს შევურიგდი. ნელ-ნელა სიცოცხლის ხალისიც დამიბრუნდა, თუმცა ზურა ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა.

წლების მერე დაქალმა ერთი ბიჭი გამაცნო, თავიდან არ მიყვარდა, მხოლოდ მომწონდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ორივემ ზუსტად ვიცოდით, რა გვინდოდა - ორივე ოჯახსა და შვილებზე ვოცნებობდით - ჩვენი ურთიერთობა ქორწინებით დავაგვირგვინეთ. ჩემი მეუღლე სპორტსმენი იყო, პარალელურად პატარა ბიზნესს უძღვებოდა. მატერიალურად არ გვიჭირდა. ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილი შეგვეძინა. ჩემი არჩევანით დედაჩემიც კმაყოფილი იყო. აქეთ-იქიდან ხმებიც კი მომდიოდა, ნათესავები, მეზობლები თუ ნაცნობები ამბობდნენ, რა ჭკვიანი გოგოა, როგორ იღბლიანად გათხოვდაო.

გოგოები ცოტა რომ წამოვზარდე, ჩემი ერთადერთი საფიქრალი სამსახური გახდა. მუშაობის დაწყება ძალიან მინდოდა. ისეთი სამსახურის მოძებნა მინდოდა, სადაც საკუთარ თავს ვიპოვიდი. ანაზღაურებას არ დავეძებდი, ოღონდ სასიამოვნო საქმე ყოფილიყო. მთელ დღეებს სამსახურის ძიებაში ვატარებდი. ჩემი ქმარი ვერ ხვდებოდა, მუშაობა რისთვის მინდოდა. იმ ზომამდე მივედი, რომ დეპრესია დამემართა, მთელ დღეებს ლოგინში ვატარებდი. დილით ავდგებოდი, ბავშვებს სკოლაში გავაცილებდი და ისევ დავწვებოდი. საღამოს ავდგებოდი, სახლს მივალაგებდი, ოჯახს ვავახშმებდი და ვიძინებდი. ასე გრძელდებოდა ყოველდღე. მეუღლის თანაგრძნობა მჭირდებოდა, ის კი ჩემი ახირებით გაღიზიანებულიც კი იყო. არაერთხელ უთქვამს, შენ თვითონაც არ იცი, რა გინდაო. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ერთმანეთს ხმას აღარ ვცემდით.

ერთხელ როგორღაც დათომ (ჩემმა მეუღლემ) მკითხა, რას ვიზამდი, თუკი გავიგებდი, რომ მას სხვა ქალი ჰყავდა. თითქოს გონს მოვედი, თავში ათასი აზრი დამიტრიალდა. ნუთუ სხვა უყვარს?! თუმცა, რა გასაკვირი იქნებოდა, ჩვენ შორის დიდი ხანია ურთიერთობის ნიშანწყალი აღარ შეიმჩნეოდა. ვუთხარი, რომ თუ სხვა ჰყავდა, შეეძლო პირდაპირ ეთქვა, მაგრამ იუარა. გამოვცოცხლდი, საკუთარ თავზე ზრუნვა დავიწყე. გავაცნობიერე, რომ დათოს დაკარგვა არ მინდოდა...

ჩემი ძალისხმევა დაგვიანებული აღმოჩნდა. დათოს დაბნეული მზერა ძალიან ჰგავდა იმ კაცისას, რომელიც ოდესღაც თავდავიწყებით მიყვარდა. ისევ ჩავეძიე, მაგრამ მიპასუხა, რომ რაღაცები მეჩვენება. მერე შემთხვევით მის ტელეფონზე სასიყვარულო შეტყობინებას წავაწყდი. დამალვას აზრი აღარ ჰქონდა და აღიარა, რომ მასზე გაცილებით უმცროსი ქალი შეუყვარდა და ორ წყალს შუაა.

თავზარი დამეცა. არ ვიცოდი, რა მექნა. ქმრისგან ფარულად იმ გოგოს ნომერზე დავრეკე და ვთხოვე, დათოს გასცლოდა, ჩვენი ოჯახი არ დაენგრია. ბავშვებზეც ველაპარაკე, მამას ნუ წაართმევ-მეთქი. ალბათ, ქალური სოლიდარობის იმედი მქონდა, მაგრამ პასუხად ნაცნობი ფრაზა მივიღე. მითხრა, დათო მიყვარს და მის დაკარგვას არავის და არაფრის გამო არ ვაპირებო.

სიტყვებით ვერ აღვწერ, რა განვიცადე. დროთა განმავლობაში თავი სხვა ფაქტმაც იჩინა - მე და დათო საკუთარი სახლის აშენებაზე ვოცნებობდით, ლამაზი ბაღითა და აუზით. ამისათვის ფულს ვაგროვებდით. როგორც აღმოჩნდა, მთელი ჩვენი დანაზოგი საყვარელს მოახმარა. მისთვის ბინა დაუქირავებია, ზაფხულობით საზღვარგარეთ ასვენებდა, დაბადების დღეზე მანქანა უსაჩუქრა და მოკლედ, მთელი ჩვენი ფული საყვარლის სიამოვნებას მოახმარა. სიყვარულით იმდენად გაბრუებული იყო, რომ შვილებიც კი დაავიწყდა.

სხვა გზა აღარ მქონდა, მეუღლეს გავშორდი. ცხოვრებამ ყველაფერი ბუმერანგივით უკან დამიბრუნა. არ ვიცი, როგორ აეწყოთ ცხოვრება ჩემს ყოფილ სიყვარულს ზურასა და მის მეუღლეს, არ ვიცი, დღესაც ერთად არიან თუ არა, მაგრამ ახლა ვხვდები, საბრალო ქალს რამხელა ტკივილი მივაყენე, თუმცაღა მაშინ ამას ვერ ვაცნობიერებდი. ერთი კვირის წინ მეტროში შემთხვევით თვალი მოვკარი და ძარღვებში სისხლი გამეყინა. მინდოდა, მივსულიყავი და მომებოდიშებინა, მეთქვა, რომ ცხოვრებამ თავად დამსაჯა, რომ ჩემი ქმედების პასუხად მარტოობა მივიღე. რა თქმა უნდა, ეს განვლილ ტკივილს ვერ შეუმსუბუქებდა, მაგრამ მე გულწრფელად ბოდიშის მოხდა მინდოდა. მისვლა ვერ გავბედე, შეიძლება ვერც მიცნო. არ ვიცი, როგორ წარიმართა მისი ცხოვრება, სავსებით შესაძლებელია, ბედნიერი ქალია, ჩემი ცხოვრება კი არ ვიცი, როგორი იქნება...

ყოფილ მეუღლესა და მის საყვარელზეც აღარ ვბრაზობ. პატარა და შტერი გოგოა, როგორიც ოდესღაც თავად ვიყავი. გაბრაზებული შეიძლება მხოლოდ საკუთარ თავზე ვიყო, იმიტომ, რომ რასაც ჩავდივართ, ცხოვრება უკან ორმაგად გვიბრუნებს.

სწორი ნათქვამია, სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერ ააგებ.

ნანა ჩარკვიანი