"მზრუნველი დედამთილი ბოროტ დედინაცვლად გარდაიქმნა" - კვირის პალიტრა

"მზრუნველი დედამთილი ბოროტ დედინაცვლად გარდაიქმნა"

"ბექა მისი ერთადერთი შვილი იყო და დედაშვილური სიყვარულის პატრუქი იმხელაზე ჰქონდა აწეული, რომ ნებისმიერი სხვა ქალი, რომელსაც მისი შვილი სიყვარულს უწილადებდა, მის მოსისხლე მტრად იქცეოდა"

"მაშინ მეგონა, მიყვარდა. დიდხანს ველოდებოდი. ის საზღვარგარეთ სწავლობდა და მუშაობდა, მე თბილისში ვიღებდი განათლებას. სულ მეგონა, აი, ახლა ჩამოვა და სამუდამოდ ერთად ვიქნებით-მეთქი, მაგრამ ჩამოსვლას არ ჩქარობდა, ხან რა პრობლემა გამოუჩნდებოდა, ხან - რა. მთელი ხუთი წელი ასე გაგრძელდა. მუდმივად მირეკავდა, მკითხულობდა, ფინანსურადაც მეხმარებოდა და ამბობდა, რომ მისი საცოლე ვიყავი. მეც ვოცნებობდი და მჯეროდა, რომ აუცილებლად დადგებოდა ის დღე, როცა ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი", - გვწერს ნათია გ.-ძე:

"იმ საბედისწერო დღეს, მეგობრებმა ძალიან ქარიზმატული ბექა გამაცნეს. მაღალი, შავგვრემანი ბიჭი იყო. ისე შემოგხედავდა, ტანში გაგცრიდა. დავინახე თუ არა, ისეთი ლტოლვა გამიჩნდა, საკუთარი თავის გამიკვირდა. მაგნიტივით მიზიდავდა. გაცნობის შემდეგ საერთო მეგობრებთან ხშირად ვხედავდი, მაგრამ მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლებოდით. არ ვიცი, ამ განცდას რა ჰქვია. ვიცი, გოგოს არ შეეფერება, მაგრამ მოთმინების ძაფი გამიწყდა და ბექას შეხვედრა დავუთქვი. ჩემმა წინადადებამ გაამხიარულა, თან ცოტა გაუკვირდა. ეტყობა, ინტერესმა სძლია და შემხვდა.

ცხელოდა და ბარში შევედით. მთელი იქ ყოფნის განმავლობაში თავისი ღრმა თვალებით მაკვირდებოდა, თითქოს სულში ჩაწვდენა უნდოდა. მომიყვა, რომ რამდენიმე დღის წინ მეუღლეს ეჩხუბა და სახლიდან წამოვიდა. მითხრა, რომ შვილიც ჰყავდა, პატარა ნიცა, რომელიც ქვეყანას ერჩივნა. მაშინ ამაზე ყურადღება არ გამიმახვილებია, ჩემთვის ყველაზე მთავარი იმ მომენტში მისი ჩემს გვერდით ყოფნა იყო. ბარიდან რომ გამოვედით, გვიანი იყო. მოულოდნელად მომიტრიალდა და მასთან წასვლა შემომთავაზა. თავსხმა წვიმა წამოვიდა, ბექა იქვე ახლოს ცხოვრობდა და მის სახლამდე ფეხით ავირბინეთ. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილი წუთები. მას შემდეგ შეხვედრებს მოვუხშირეთ. თითქოს ძალიან მოვწონდი, სიამოვნებდა ჩემთან ყოფნა. როგორც მერე მივხვდი, ყველაფერი არც ისე მარტივად იყო. ამასობაში ჩემი საქმრო გააქტიურდა, დარეკვისას საყვედურებით მავსებდა, ჩემთვის რატომ აღარ გცალიაო. მერე გამკაცრებულ კონტროლზე გადავიდა, თუ ტელეფონზე ვერ დამიკავშირდებოდა, ყველა ჩემს ახლობელსა და მეგობარს დაურეკავდა, სად არის და რას აკეთებსო. მისი საქციელი უკვე გამაღიზიანებელი ხდებოდა, მაგრამ თავიდან მოშორებას რატომღაც არ ვჩქარობდი. ალბათ, მაინც მეშინოდა, რომ ბექასთან ურთიერთობა შეიძლება ნებისმიერ დროს დასრულებულიყო და მარტო დარჩენა არ მინდოდა.

ჩემი შიში გამართლდა, ბექა სულ უფრო ნაკლებად მირეკავდა. რაც უფრო მშორდებოდა, მასთან ყოფნა მით უფრო მეტად მინდოდა. ბოლოს მისი ცოლობა აკვიატებულ იდეად მექცა.

ისე მოხდა, რომ ფეხმძიმედ დავრჩი. შიშნარევი სიხარული მქონდა, არ ვიცოდი, ეს ამბავი როგორ მეთქვა, არც ის ვიცოდი, როგორ შეხვდებოდა. სიყვარულზე არასდროს გვისაუბრია, უბრალოდ, ორივე ვნებამ გვშთანთქა და იმის იქით აღარაფერს ვფიქრობდით. გვიან ღამით დავურეკე, ნამძინარევი ხმა ჰქონდა, ახალი ამბავი ვახარე. საშინლად გაღიზიანდა, მეორე დღეს დილით შევხვდით, შვილი არ მინდაო, მითხრა. ერთი მყავს და ძალიან მაგარიო. გული ტკივილისგან შემეკუმშა. მე გაუჩერებლად ვტიროდი, ის მიხსნიდა, რომ ცოლთან შერიგებას გეგმავდა, რომ ჩვენს ურთიერთობას მომავალი არ ჰქონდა, რომ მე კიდევ გავთხოვდებოდი და ბევრი შვილი მეყოლებოდა. იმდენი მელაპარაკა, ექიმთან გავყევი. ექიმმა ხელი არ მომკიდა, ფეხმძიმობის ძალიან პატარა ვადაა და ერთ კვირაში მოდითო. ის ერთი კვირა მეგობრები არ მშორდებოდნენ. საბოლოოდ, მათი მონდომებითა და ხელშეწყობით ბავშვის გაჩენა გადავწყვიტე. დათქმულ დროზე ბექა დამიკავშირდა, ექიმთან არ მივდივართო? ჩემმა უარმა დააბნია. ჩემგან პროტესტს მიუჩვეველი იყო. მითხრა, რადგან ასე გადაწყვიტე, ბავშვს შენ მოუვლი და მე არ შემაწუხოო. როგორც მერე საერთო ნაცნობებისგან შევიტყვე, ბექას ეშინოდა, რომ ცოლი არ შეურიგდებოდა, მაგრამ სანამ სხვისგან გაიგებდა, ყველაფერი თავად უამბო. როგორც ჩანს, მისი მეუღლე გონიერი ქალი აღმოჩნდა, ქმარს თავზე ხელი გადაუსვა და სასწრაფოდ შეურიგდა.

მე კი ცხოვრება მარტომ განვაგრძე. რა თქმა უნდა, ვერც მე დავმალავდი ვერაფერს და ჩემს საქმროს სოციალურ ქსელში წერილი მივწერე, ავუხსენი, რომ ამ ყველაფერში დიდი როლი დრომ და მანძილმაც ითამაშა. არაფერი მიპასუხა.

ხუთი თვის ფეხმძიმე ვიქნებოდი, ბექამ რომ დამირეკა. მოულოდნელობისგან დავიბენი. მთხოვა, გნახავო. წინააღმდეგობა ისევ ვერ გავუწიე. შევხვდით. თვალები ცრემლიანი ჰქონდა. მითხრა, რომ მოსვენება დაკარგა, რომ ვერ შეეგუება იმას, რომ ბავშვი არ ნახოს და მამობა არ გაუწიოს, თუმცა, ჩვენს ურთიერთობაზე სიტყვა არ დაუძრავს.

გავაგდე. ამ ამბიდან მალევე ტელეფონზე უცნობმა ქალმა დამირეკა, როგორც გაირკვა, ბექას დედამ. მოწიწებით შეხვედრა მთხოვა. როგორც კი გაუგია, ვიღაცა გოგო ბექასგან შვილს ელოდებაო, მაშინვე ჩემი ვინაობის გარკვევა დაუწყია. ქალურად გვერდში დამიდგა, მთელი ფეხმძიმობის პერიოდი ჩემზე ზრუნავდა.

სამშობიარო ბლოკში ვიყავი, ამბავი რომ შემომიტანეს, ბექა მოვიდაო. ბიჭი გავაჩინე. მაშინვე ამოვიდა და ორივე გვნახა. სამშობიაროდან რომ გამწერეს, მანქანით სახლში მიმიყვანა. ბავშვს გვარიც მისცა და სანახავადაც ხშირად მოდიოდა, თუმცა, ერთმანეთს დიდად არ ველაპარაკებოდით, თითო-ოროლა სიტყვას თუ გავცვლიდით.

ღამის ორი საათი იქნებოდა, რომ გამეღვიძა და გაოცებისგან თვალებს არ დავუჯერე. ბექა საწოლთან იდგა და მძინარე დედა-შვილს გვიყურებდა. აქ საიდან გაჩნდი-მეთქი, ვკითხე, კარი დედაშენმა გამიღოო. დედაჩემს ძალიან უნდოდა, მე და ბექას ოჯახი შეგვექმნა. მოვედი და აღარ წავალ, დაიძინე, მე აქვე წამოვწვებიო და საწოლის კუთხეში მოიკუნტა.

დილით მითხრა, რომ მეუღლესთან ურთიერთობა ვერაფრით ააწყო და ცხოვრება ჩემთან ერთად სურდა. სასურველს მივაღწიე, რამდენიმე თვე უბედნიერესი ქალი ვიყავი. საცხოვრებლად ბექას სახლში გადავედით. ბექას სიყვარულში ეჭვი უკვე აღარ მეპარებოდა. სამაგიეროდ, დროთა განმავლობაში დედამთილმა თავისი ნამდვილი სახე გამოამჟღავნა. შვილიშვილი უდავოდ ძალიან უყვარდა, მაგრამ მე ვერ ამიტანა. ბექა მისი ერთადერთი შვილი იყო და დედაშვილური სიყვარულის პატრუქი იმხელაზე ჰქონდა აწეული, რომ ნებისმიერი სხვა ქალი, რომელსაც მისი შვილი სიყვარულს უწილადებდა, მის მოსისხლე მტრად იქცეოდა. სახლში ნამდვილი მონსტრი მყავდა. როგორც კი ბექა სახლიდან გავიდოდა და თვალს მიეფარებოდა, მაშინვე ჩხუბს მიწყებდა. ამბობდა, რომ მის კისერზე ვსხედვართ, რომ რაც გამიცნო, ათასები დამახარჯა და მაინც დაუნახავი ვარ, რომ უვარგისი დიასახლისი ვარ, რომ ბავშვს ისე არ ვუვლი, როგორც საჭიროა. მიზეზები არ ელეოდა. მოკლედ, თბილი და მზრუნველი ქალისგან ბოროტ დედინაცვლად გარდაიქმნა.

თავიდან ჩუმად ვიყავი, კონფლიქტი და აურზაური არ მინდოდა. ერთხელაც მოთმინების ფიალა ამევსო და ყველაფერი ქმარს ვუამბე. იმ საღამოს ოჯახში დიდი ჩხუბი ატყდა. დედამთილი დამემუქრა, სანამ პირში სული მიდგას, ამას არ გაპატიებო. მე და ბექა ქირით გავედით. გვიჭირდა. და მალე ძველი ვნება ფინანსურმა პრობლემებმა გაანელა. ორივე გაღიზიანებული ვიყავით, ურთიერთობა დაგვეძაბა. საბოლოოდ, დავშორდით.

ჩემი ბიჭი უკვე ხუთი წლისაა. ბექა ხშირად მენატრება, მაგრამ ვხვდები, რომ დაჟეჟილს გატეხილი ჯობს, რომ დედამისი ყოველთვის იქნება ჩვენი უთანხმოების მიზეზი.

ამას წინათ სოციალურ ქსელში ჩემმა ყოფილმა საქმრომ მომწერა, ბავშვიც მოიკითხა. ძველებურად სულში სითბო ჩამეღვარა. არა, არ მიყვარს, უბრალოდ, ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანია. არაფერი ვუპასუხე. არ ვიცი, იქნებ იმ უეცარ ვნებას არ უნდა ავყოლოდი? იქნებ ყველაფერს სიმშვიდე და სტაბილურობა სჯობდა? ერთადერთი ის ვიცი, რომ არასდროს უნდა თქვა არასდროს. მე კი არსად მეჩქარება, ვნახოთ...

ნანა ჩარკვიანი