"მალე დედა გავხდები და მარტო აღარასოდეს ვიქნები" - კვირის პალიტრა

"მალე დედა გავხდები და მარტო აღარასოდეს ვიქნები"

ჩემს ქმარს ქეთას ნომერი ძმაკაცის სახელით ჩაეწერა კონტაქტებში... მესიჯებში მას ისევ უზომო სიყვარულზე ელაპარაკებოდა და ყველაზე საშინელი ის იყო, რომ მე დაცინვით მომიხსენიებდა, ეუბნებოდა, რომ ჯერჯერობით ფინანსურად ვჭირდები და ვერ დამშორდებოდა...

ლევანი ოთხი წლის წინ ჩემმა მეგობარმა თამრომ გამაცნო. ბინას თამროს მეზობლად ქირაობდა. ის ორმოცი წლის იყო, მე ორმოცდაერთის. მარტო ცხოვრობდა, დეიდა საზღვარგარეთიდან ბინის ქირის გასტუმრებაში ეხმარებოდა. ლევანი თამროსთან ხშირად ყავის დასალევად შედიოდა. მარტოობა არ მიყვარსო, - მიყვება მაკა ლ.

"იმ დღეს თამროსთან ვიყავი, როცა ლევანი გვესტუმრა. ლუდით შევზარხოშდით და სამივე გადასარევ ხასიათზე დავდექით. ლევანი ბევრს ლაპარაკობდა. ჰყვებოდა, წინა ქორწინებებში როგორ არ გაუმართლა (ორჯერ ნაცოლარი იყო). ხუმრობდა, პატიოსანი კაცი ვარ, ქალის მოტყუება არ შემიძლია და ამიტომ ცოლად მომყავს, ისინი კი ამას არ მიფასებენო. ამბობდა, უმუშევარი ვარ, მაგრამ ოქროს ხელები მაქვს და ყველაფერი მეხერხებაო. ბინა დედის გარდაცვალების შემდეგ გაყიდა და უსახსროდ დარჩენილს ფული შემოეხარჯა. ამ ხნის განმავლობაში ცოლების სახლებში ცხოვრობდა, ახლა კი ქუჩაში აღმოჩნდა. ჯერ მეგობრებთან ათევდა ღამეს, მერე, დეიდის წყალობით, ერთოთახიანი ბინა იქირავა.

ლევანისაგან განსხვავებით, მე შემოსავლიანი სამსახური მქონდა - სახლთან ახლოს სილამაზის სალონს ვამუშავებდი. ბინაც მქონდა და მანქანაც...

მოკლედ, იმ დღის შემდეგ, ლევანი თამროს სულ ჩემზე ელაპარაკებოდა, ეხვეწებოდა, კიდევ შემახვედრეო. თამრომაც რამდენი შეხვედრა მოგვიწყო... ორ თვეში დაქორწინება გადავწყვიტეთ. არ მანაღვლებდა, რომ ორ ცოლგაშორებული და უსახლკარო იყო. მომწონდა და ჩემს მარტოობასაც წერტილი დაესმებოდა. ყველაფერი ვუყიდე, ტანსაცმლით დაწყებული, მანქანით დამთავრებული. მისი შვილებისთვის ალიმენტის ფულსაც კი მე ვაძლევდი. ვალში არც ლევანი დამრჩენია - ბინაში საკუთარი ხელით რემონტი გააკეთა. სახლის საქმეებშიც მეხმარებოდა.

ერთხელ შინ ძალიან დაღლილი დავბრუნდი. საძინებელში შევედი და საწოლზე დავეხეთქე. ლევანი აბაზანაში იყო და მის მობილურზე ესემეს-შეტყობინების ხმა მომესმა. არ ვიცი, რა ეშმაკი შემიჩნდა და ეკრანს დავხედე. ვინმე ქეთა იმ საღამოს სასტუმროში შეხვედრას სთხოვდა. ლევანის მიწერილი მესიჯებიც ვნახე - წერდა, რომ უზომოდ უყვარდა და ენატრებოდა.

ვერ აღვწერ იმ ტკივილს, რაც მაშინ განვიცადე. მოთმინება არ მეყო და აბაზანიდან გამოსულს დავეძგერე. ვყვიროდი, ვტიროდი, ვეუბნებოდი, რომ არაკაცი და მოღალატეა.

ჯერ გაოცებული მისმენდა. როცა ყველაფერს მიხვდა, ჩალაგება დაიწყო. მისთვის ჩემი ცრემლი და ტკივილი სულერთი იყო. სახლიდან გავაგდე. მერე თამროს დავურეკე და მთელი საღამო მასთან სლუკუნში გავატარე... აღმოჩნდა, რომ ქეთა ლევანის ახლობლის მეუღლე და მასზე ათი წლით უმცროსი იყო.

ლევანი მეგობარმა შეიფარა, რომელიც საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა და სასმელს ეტანებოდა. მასთან ერთად ლევანიც სვამდა, საყვარელიც იქ აკითხავდა.

მარტოობა ძალიან გამიჭირდა, თანაც საშინლად მენატრებოდა. სამსახურში წასვლაც აღარ მინდოდა. ორი კვირა გავძელი, მერე დავურეკე და დაბრუნება ვთხოვე. ულაპარაკოდ დამთანხმდა, მითხრა, რომ ქეთასთან ურთიერთობა შეცდომა იყო და მსგავსი აღარ განმეორდებოდა.

ლევანი ისევ ჩემთან გადმობარგდა, მაგრამ მე მოსვენება დავკარგე, ძველმა გამოცდილებამ თავისი კვალი დამიტოვა. ყოველდღიურად ტელეფონს ვუმოწმებდი, ზარებს ვუკონტროლებდი. დროდადრო ჩხუბი და კონცერტები გვქონდა.

ჩემი ეჭვიანობა უსაფუძვლო არ აღმოჩნდა - ისევ აგრძელებდა ქეთასთან ურთიერთობას. გაბრაზებულმა ქეთას ქმრის ნომერი მოვიძიე და ყველაფერი ვუამბე. სკანდალი ატყდა, ქეთა ქმარს დაშორდა, მაგრამ ჩემთვის შვება არც ეს იყო.

დაძაბული ურთიერთობა ხუთ თვეს გაგრძელდა. გაუთავებელი ჩხუბისგან გადავიღალეთ და დაშორება გადავწყვიტეთ...

თაყვანისმცემელიც გამომიჩნდა - ვახო ჩვენს სალონში შემოივლიდა ხოლმე. მხიარული და პოზიტიური ადამიანი იყო. კომპლიმენტებით მავსებდა. გავიკითხე და აღმოჩნდა, რომ ცოლ-შვილი ჰყავდა. კიდევ კარგი, გონს დროზე მოვეგე და სალონში მოსვლა ავუკრძალე.

გადავწყვიტე, ისევ ჩემი ლევანი დამებრუნებინა. მეგონა, მასაც ერთი სული ჰქონდა, შემრიგებოდა. აცრემლებულმა ისევ ხვეწნა დავუწყე, ვუთხარი, რომ მეუღლეები ერთმანეთს რაღაცებს უნდა ჰპატიობდნენ.

შერიგება ცოტა გაჭიანურდა, სახლში მაშინვე არ დაბრუნებულა, თუმცა, მერე მოვიდა და შემპირდა, რომ გვერდზე აღარ გაიხედავდა. შევრიგდით. მეც შევპირდი, რომ ეჭვიანი აღარ ვიქნებოდი და კონტროლსაც აღარ დავიწყებდი.

სიტყვის შესრულება ძალიან გამიჭირდა, ვგრძნობდი, ყველაფერი რიგზე არ უნდა ყოფილიყო და რამდენჯერმე უჩუმრად ტელეფონში შეტყობინებები გადავუმოწმე, თუმცა, საეჭვო ვერაფერი ვნახე.

ის იყო დამშვიდება დავიწყე, რომ ერთ დღეს ლევანმა სახლში მოსვლა დააგვიანა. მერე ნასვამი მოვიდა და დივანზე ჩაეძინა. ძილში რამდენჯერმე ქეთას სახელს იმეორებდა. ავნერვიულდი და ისევ მის ტელეფონში შევძვერი. ბევრი ვიწვალე და აღმოვაჩინე, რომ ამჯერად ქეთას ნომერი ძმაკაცის სახელით ჩაეწერა კონტაქტებში. ისევ საშინელი სიმწარე ვიგრძენი. ლევანი ქეთას ისევ უზომო სიყვარულზე ელაპარაკებოდა და ყველაზე საშინელი ის იყო, რომ მე დაცინვით მომიხსენიებდა, ეუბნებოდა, რომ ჯერჯერობით ფინანსურად ვჭირდები და ვერ დამშორდებოდა.

სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი, მთელი გეგმები თავზე დამემხო, არც ცხოვრება მინდოდა, აღარც მუშაობა. ამჯერად სახლიდან ვერ გავაგდე, არც წავიდა, წასასვლელი არსად ჰქონდა. დეიდა მოულოდნელად გარდაეცვალა და ბინასაც ვერავინ უქირავებდა. ჩემი ნაჩუქარი მანქანაც დიდი ხნის წინ დაამღერა. კარგად მესმის, ბევრისთვის უთავმოყვარეო ქალი ვარ და როგორც თამრომ მითხრა, იმას ვიმსახურებ, რაც მაქვს, მაგრამ მის გარეშე არ შემეძლო, მარტოობის ძალიან მეშინოდა...

უცნაურად ვცხოვრობდით. ლევანი ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარა.დროდადრო, როცა ისტერიკებს ვაწყობდი, ძველებურად მიმეორებდა, რომ ქეთასთან ყველაფერი დაამთავრა. არადა, კარგად ვხვდებოდი, რომ ეს არასდროს დამთავრდებოდა, თუმცა, მაინც არ ვაგდებდი სახლიდან.

მერე, რისიც მეშინოდა, ის მოხდა. ლევანი ჩემგან თვითონ წავიდა. ალბათ ქეთასთან, ან იქნებ სხვა იპოვა, ვინ იცის... მე კი სიყვარულის, ერთგულებისა და ზრუნვის პასუხად მარტოობა მივიღე. მაგრამ... ერთ დილას ჩვეულებისამებრ ნერვიულობით გათანგულმა და უძილობით გადაღლილმა საწოლიდან ფეხი გადმოვდგი და შემდეგ აღარაფერი მახსოვს. თვალი რომ გავახილე, საავადმყოფოს პალატაში თამრო მედგა თავზე. გაოცებისგან ამოვიხავლე, - აქ რა მინდა-მეთქი? თამრო მომეხვია და მიამბო, რომ ჩემი ტელეფონი აუკლია რეკვით. ხმა რომ არ გავეცი, შინ მომადგა, კარი შემოუმტვრევია და გონდაკარგული რომ ვუნახავვარ, სასწრაფო გამოუძახებია. ეგონა, თვითმკვლელობა ვცადე. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ თამრო რაღაც ეშმაკურად იცინოდა, რაზეც ძალიან გავბრაზდი და იქით შევუბღვირე... აბა, რა ვქნათ, ლევანს არ შევატყობინოთ, რომ ფეხმძიმედ ხარო?

გავშრი, არ გაბედო დარეკვა-მეთქი უნდა მეთქვა, მაგრამ ხმა არ ამომივიდა. მერე მთელ სხეულში საოცარი სითბო დატრიალდა, ნუთუ დედა უნდა გავხდე, გავიფიქრე და ჩემზე ბედნიერი ქალი მთელ დუნიაზე აღარ მეგულებოდა. მერე ძალა მოვიკრიბე და კბილებს შორის გამოვცერი, ლევანს თუ შეატყობინებ, მოგკლავ-მეთქი...

მალე დედა გავხდები, ახლა მთავარია, ლევანმა არაფერი შეიტყოს. ცოტაც და, პატარა მეყოლება, ესე იგი, მარტო აღარასოდეს ვიქნები".

ეკა სალაღაია