"ჩემი წილი ბედნიერება დიდსულოვნად დავუთმე მეგობარს" - კვირის პალიტრა

"ჩემი წილი ბედნიერება დიდსულოვნად დავუთმე მეგობარს"

ელენეს მორიგი კეთილისმსურველი ატყობინებდა, რომ ის უღირსი ქალი, ანუ მე, ოჯახს უნგრევდა, ის კი არა, თურმე საზღვარგარეთ გაქცევასაც ვაპირებდით. ელენე ხან მობილურს დასჩერებოდა, ხანაც მე ამომხედავდა მავედრებელი თვალებით, მერე ცოტა დაწყნარდა და მუდარა დამიწყო, მისთვის ოჯახი არ დამენგრია

"სანამ ჩემი საიდუმლო გამჟღავნდება, ჩემი წილი ბედნიერებით ვტკბები", - გვწერს მარიამი:

"მე და ელენე ბავშვობიდან ვმეგობრობდით. ელენე სილამაზით ყოველთვის გამოირჩეოდა და ეს თავადაც მშვენივრად იცოდა. ცოტა რომ წამოვიზარდეთ, თაყვანისმცემლებს ძლივს იგერიებდა. მათ დეფიციტს არც მე განვიცდიდი, მაგრამ, თუ რომელიმე ბიჭი ორივეს ერთად გაგვიცნობდა, არჩევანი აუცილებლად ელენეს სასარგებლოდ კეთდებოდა. ცოტა არ იყოს, მწყინდა, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებდი, რომ ბუნებამ სილამაზით უხვად დააჯილდოვა და საპირისპირო სქესი მის მიმართ გულგრილი თითქმის არასდროს რჩებოდა.

სტუდენტები ვიყავით, როცა ჩემს ცხოვრებაში სერგი გამოჩნდა. განსაკუთრებული არაფერი, ჩვეულებრივი ბიჭი იყო. მეგობრების წრეში გავიცანი. შეხვედრები დავიწყეთ. მჩუქნიდა საჩუქრებს და რომანტიკულ საღამოებს მიწყობდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ დაქორწინებაზე ფიქრი დავიწყეთ. ელენე მისთვის არ გამიცნია, არც იყო ამის აუცილებლობა. ერთ დღესაც სერგი ავტოავარიაში მოყვა და მსუბუქი ტვინის შერყევით სახლში წოლამ მოუწია. ერთმანეთს ვეღარ ვხვდებოდით, მხოლოდ ტელეფონით ვესაუბრებოდით. მისი მშობლები არ მიცნობდნენ, ამიტომ მასთან სახლში მისვლა მერიდებოდა.

ძალიან მიჭირდა სერგის გარეშე, მონატრება მაგიჟებდა და ერთხელ, ტელეფონზე საუბრისას, მონახულების ნებართვა ვთხოვე. გაუხარდა, ცოტა სხვანაირად მინდოდა, ყველაფერი მომეწყო, მაგრამ მოდიო. მარტო მისვლა არ მინდოდა, ამიტომ ელენეს ვთხოვე, ჩემთვის კომპანიონობა გაეწია, თან საქმროს გაგაცნობ-მეთქი, ვუთხარი. თითქოს აღარ მეშინოდა ელენეს სერგისთვის წარდგენა, დარწმუნებული ვიყავი, სერგის ვუყვარდი და ჩემი მეგობარი მასზე გავლენას ვეღარ მოახდენდა.

თავაზიანად მიგვიღეს. სერგის დედა, ქალბატონი ნანა, წარმოსადეგი ქალი იყო. მე და ელენეს პატარა სუფრა გაგვიწყო და თავადაც შემოგვიერთდა. ორივეს გვაკირდებოდა, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, განსაკუთრებით ელენემ მოხიბლა. მიუხედავად იმისა, რომ სერგიმ მის სარძლოდ წარმადგინა, ქალი დიდი მონდომებით ცდილობდა ელენეს გულის მოგებას, თავს ევლებოდა.

იქიდან, ცოტა არ იყოს, გულნატკენი წამოვედი. სერგის დედის ყურადღება არც ელენეს გამოჰპარვია. იმ დღის შემდეგ ყურადღება სერგიმაც მოადუნა და დროთა განმავლობაში დავშორდით კიდეც. როგორც აღმოჩნდა, ამისთვის სერგის დედას უმუშავია. სარძლოდ ელენე მოეწონა და შვილსაც აქეზებდა. ელენე გამომიტყდა, რომ სერგი მოსვენებას არ აძლევდა და შეხვედრას სთხოვდა. ვერავინ წარმოიდგენს, ჩემს გულში რა ხდებოდა. მერე გავიგე, რომ სერგი და ელენე ჩემგან ფარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს. როცა ელენესთან ამაზე საუბარი ვცადე, სახეზე ეშმაკური ღიმილი გადაეფინა და იუარა.

ამგვარად, ელენესთანაც ურთიერთობა შევწყვიტე. ასე დავკარგე მეგობარიც და საყვარელი ადამიანიც. მე ცხოვრება განვაგრძე და ამ ორი ადამიანის შესახებ აღარაფერი მიკითხავს. მხოლოდ წლების მერე გავიგე, ელენეს და სერგის ურთიერთობა ქორწილით მაინც არ დასრულებულა. ელენეს მამისთვის ვიღაცას ამბავი მიუტანია, შენი შვილი ამას და ამას ხვდებაო და გადარეულა კაცი. სიძედ უკეთესი კაცი წარმოედგინა და თავისი მზეთუნახავი ასეთსაც გააყოლა. ელენეს ქმარი მასზე ათი წლით უფროსი ბიზნესმენი გახდა. ცოლ-ქმარი ქალაქის პრესტიჟულ უბანში, უზარმაზარ კეთილმოწყობილ სახლში გადავიდა და ცხოვრება შეხმატკბილებულად დაიწყეს. საერთოდ, ელენეს გულწრფელი სიყვარულით არასდროს არც ერთი კაცი არ ჰყვარებია. ხანმოკლე გატაცებები ჰქონდა, ამიტომ სერგისთან დაშორება მაინცდამაინც არ უნდა განეცადა.

ამასობაში მე ისევ გასათხოვარი ვიყავი. მოწიფულ ასაკში შევედი. გამოცდილებამ და ასაკმა საკუთარი თავი და იმიჯი მაპოვნინა. ერთ-ერთ კომპანიაში კარგ თანამდებობაზეც ვმუშაობდი, კარგი შემოსავალი მქონდა. მამაკაცების ყურადღება არ მაკლდა, მაგრამ გათხოვებას არ ვჩქარობდი. ალბათ, იმიტომ, რომ შესაფერისი მამაკაცი არ შემხვდა. ამიტომ მარტოობით ვტკბებოდი. მხოლოდ ის მაღელვებდა, რომ შვილის გაჩენას ვაგვიანებდი.

ერთხელ სამსახურიდან ვბრუნდებოდი. ერთ შენობასთან გავჩერდი, ძველი მეგობრისგან ვიცოდი, რომ სერგი სწორედ ამ შენობაში მუშაობდა. ინტერესმა მძლია და შევედი. მაინტერესებდა, როგორ გამოიყურებოდა, როგორი რეაქცია ექნებოდა ჩემს დანახვაზე. გაურკვევლობის მოლოდინში გული გამალებით მიცემდა. მინდოდა, ვენახე, როგორი ვიყავი და თავისი საქციელი ენანა.

დერეფანში სერგის კაბინეტის კარი მიმასწავლეს. ჩემს დანახვაზე კინაღამ სკამიდან გადმოვარდა. დაიბნა, ყავას მოგიდუღებო და ისიც გაჭირვებით მოახერხა. ცოტა რომ დავმშვიდდით, ერთმანეთი მოვიკითხეთ. მითხრა, რომ დაქორწინებულია და ორი შვილის მამაა. თავის ცხოვრებაზე მიყვებოდა და ვგრძნობდი, როგორ ცდილობდა თავის მოწონებას. დედამისიც მოვიკითხე. გამომიტყდა, არ უნდა დამეჯერებინა მაშინ მისთვის, მაგრამ ელენეს სილამაზემაც თავბრუ დამახვიაო.

იქიდან გამარჯვებული, მაგრამ ცოტა დანაღვლიანებული წამოვედი. ვფიქრობდი, რა იქნებოდა, ახლა რომ ოჯახი გვქონოდა, საერთო შვილები გვყოლოდა-მეთქი. იმანაც სევდიანი თვალებით გამომაცილა. მერე რამდენჯერმე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, უარი ვუთხარი. აღარ მიყვარდა და არც ცოლიანი კაცის საყვარლობა მინდოდა.

გავიდა ხანი და ქუჩაში შემთხვევით ელენე შემხვდა. სამი შვილის დედას, ცოტა არ იყოს, ძველი მომხიბვლელობა დაეკარგა. სულ სახლში ვარ და ბავშვებს ვუვლიო, შემომჩივლა. ბევრი მეხვეწა, მესტუმრეო. ინტერესი მკლავდა, როგორ ცხოვრობდა, როგორი ქმარი ჰყავდა და რაც მთავარია, იყო თუ არა ბედნიერი, ამიტომ ვახშამზე ვეწვიე.

ელენეს მეუღლე, გოჩა, სიმპათიური კაცი იყო. ჩემით დაინტერესება მაშინვე შევატყვე. არ ვიცი, რა ეშმაკი შემიჩნდა, მაგრამ მეც მოვიხიბლე. მერე მათი ოჯახის ხშირი სტუმარი გავხდი, მით უმეტეს, რომ ჩემი მისვლა ყოველთვის უხაროდათ. ცდუნებას დიდხანს ვერ გავუძელით და შეხვედრები დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ ცოლიან კაცთან ურთიერთობა უსინდისობად მიმაჩნდა, ამ დაუწერელ კანონს გადავუხვიე.

გოჩა ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ და ჩემთვის ძვირფასი საჩუქრები ჩამოჰქონდა. ერთმანეთს ძვირად ღირებულ სასტუმროებში ვხვდებოდით, დავდიოდით რესტორნებში, ელენე კი შინ იჯდა, ბავშვებს უვლიდა. მეუღლეს ცვლილებები ნელ-ნელა ელენემაც შეატყო. "კეთილისმსურველებს" რა დალევს და, მალე გაარკვია, რომ მიზეზი მე ვიყავი. გვიან ღამით დამირეკა და მთხოვა, მეორე დღეს მასთან მივსულიყავი. კარი გამიღო თუ არა, იმწუთას ვიღაცამ დაურეკა, როგორც ელენეს საუბრიდან მივხვდი, მორიგი კეთილისმსურველი ატყობინებდა, რომ ის უღირსი ქალი, ანუ მე, ოჯახს უნგრევდა, ის კი არა, საზღვარგარეთ გაქცევასაც ვაპირებდით. ელენე კარგა ხანს გახევებული იდგა, ხან მობილურს დასჩერებოდა, ხანაც მე ამომხედავდა მავედრებელი თვალებით, მერე ცოტა დაწყნარდა და მუდარა დამიწყო, მისთვის ოჯახი არ დამენგრია. ნუ გადამიხდი სამაგიეროს იმისთვის, რაც ახალგაზრდობით მომივიდაო, მეუბნებოდა.

იმ დღეებში გოჩა მივლინებაში იყო წასული, როცა დაბრუნდა, ჩემი გადაწყვეტილება ვაცნობე. რა თქმა უნდა, ძალიან განიცადა, მაგრამ სხვა გზა აღარც მას ჰქონდა, ოჯახის დანგრევა არ უნდოდა. ისევ დიდსულოვნად დავუთმე ჩემი წილი ბედნიერება მეგობარს.

...და ძველ ცხოვრებას დავუბრუნდი, სადაც მარტოობა სუფევდა. დავდიოდი სამსახურში და მუდმივად გოჩაზე ვფიქრობდი. უჩემობა მასაც უჭირდა, რამდენჯერმე დამირეკა, მაგრამ არ ვუპასუხე. ელენესთვის მიცემული სიტყვის გატეხა არ მინდოდა, არც ის მინდოდა, მთელი ცხოვრება საყვარლის როლში გამეტარებინა. ცოტა ხანში გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ორმოცი წლის ასაკში ნანატრ შვილზე უარს ვერაფრით ვიტყოდი. არ ვიცი, რამდენად სწორია, მაგრამ არც ელენესთვის და არც გოჩასთვის ეს ამბავი არ მითქვამს და ვარ ასე ჩუმად, ჩემი ბედნიერების მოლოდინში. თუმცა, ვიცი, რომ ადრე თუ გვიან, სიმართლე გამჟღავნდება, მაგრამ მანამდე ჩემი წილი ბედნიერებით ვტკბები".

ეკა სალაღაია