"მამაკაცები ყველაზე ხშირად ბოტოქსის ინიექციებს თვალისა და შუბლის ზონაში იკეთებენ"
24-07-2017
"მამაკაცები ყველაზე ხშირად ბოტოქსის ინიექციებს თვალისა და შუბლის ზონაში იკეთებენ"
რაც უფრო საქმიანია მამაკაცი,­ მით მეტ ყურადღებას უთმობს­ საკუთარ გარეგნობას. 21-ე საუკუნეში­ პლასტიკური ქირურგია­ და ესთეტიკური პროცედურები ქართველი მამაკაცების ცხოვრების წესადაც იქცა.

ლევან კირვალიძე, პროდიუსერი:
"ესთეტიკური მედიცინის ცენტრს პერიოდულად ვსტუმრობ, ვიკეთებ ეპილაციას სახეზე, ყვრიმალებზე, ტანზე, რაც, ჩემი აზრით, პირადი ჰიგიენისთვის აუცილებელია. ზაფხულში კანი რომ არ გამომიშრეს, სახეზე ხშირად გამიკეთებია ფილერიც".

ესთეტიკური მედიცინის პროცედურების მაღალ მოთხოვნაზე საუბრობს კოსმეტოლოგი ეკა შალიკიანიც: -10 წლის წინ გაცილებით ნაკლები მამაკაცი მოგვმართავდა, ახლა მათმა რიცხვმა საკმაოდ
იმატა. ყველაზე ხშირად ბოტოქსის ინიექციებს­ თვალისა და შუბლის ზონაში იკეთებენ. ერთ-ერთი მოთხოვნაა კონფიდენციალურობის დაცვა. სპორტსმენები, ძირითადად, შუბლისა და თვალის ზონაზე ღარების შევსებას ითხოვენ, რადგან მიმიკური ნაოჭი არ არის დამოკიდებული წლოვანებასთან, მიმიკური ნაოჭი შეიძლება ჰქონდეს ემოციურ ადამიანსაც, ან ბავშვობიდან თანდაყოლილი იყოს.

- პოლიტიკოსები თუ მოდიან?

-
ახლა არა, წინა მთავრობიდან კი დადიოდნენ. ახლა უცხოელები დადიან, უფრო ხშირად თურქი და ირანელი მამაკაცები.

- ყველაზე დიდი მოთხოვნა რომელ პროცედურებზეა?

- ბოტოქსზე, თმის მეზოთერაპიაზე, თმის ცვენის შემაჩერებელ პლაზმოთერაპიაზე. 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს აღენიშნებათ პლატიზმა, იოგების დაჭიმვის დროს მაკარონებივით გამოეყოფათ ზოლები და მათ იშორებენ, ეს ხუთწუთიანი პროცედურაა. ძალიან პოპულარულია პლაზმოლიფტინგი, რომელიც აახალგაზრდავებს კანს და კაპილარებს აშორებს. მოთხოვნა გაიზარდა თვალის ღარის შევსებაზეც.
ბოტოქსს, მეზოთერაპიასა და სახის სხვადასხვა პროცედურას არ მიმართავს პროდიუსერი ირაკლი მაქაცარია, მაგრამ ხშირად სტუმრობს ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს:

- ლაზერზე დავდივარ. ყელის, კისრისა და გულმკერდის არეში ვიკეთებ ორ-სამ თვეში ერთხელ. ვიწესრიგებ ფრჩხილებს. სახისა და სხეულის მოვლის საშუალებებსაც ვიყენებ.

ეკა შალიკიანი: - საცხებს, სახისა და ტანის მოვლის საშუალებებს ქალებზე ხშირად მამაკაცები ხმარობენ. ყიდულობენ დამატენიანებლებს და სპეციალურ ნიღბებს, რომლებსაც აბაზანის დროს იყენებენ. მამაკაცები ითხოვენ, რომ პროდუქცია იყოს ნატურალური და სპეციალურად მამაკაცის ხაზის.
ეკა შალიკიანი ყველაზე მოვლილებად თურქ მამაკაცებს მიიჩნევს და ყველა მამაკაცს ურჩევს, არ მიმართონ ლაზერულ ეპილაციას, რადგან მამაკაცის ჰორმონთან ბრძოლა რთული და ხანგრძლივი პროცესია.

ნინო წიფურია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით