"თუ ქმარყოფილი ჩემს თამაშს ითამაშებს, ხომ კარგი, თუ არადა, კარი ღიაა..."
31-07-2017
"თუ ქმარყოფილი ჩემს თამაშს ითამაშებს, ხომ კარგი, თუ არადა, კარი ღიაა..."
"ჩემოდნის ამოლაგება დავიწყე და უეცრად მის ნივთებში ქალის თეთრეული ვიპოვე. არ ვიცი, იქ შემთხვევით მოხვდა თუ ვინმემ განგებ ჩადო, მაგრამ ძარღვებში სისხლი გამეყინა. ამაზე მეტი არგუმენტი აღარ მჭირდებოდა, გიჟივით მივვარდი და ეს რა არის-მეთქი, ვუყვირე. გაოცებულმა შემომხედა, მე რა ვიცი, რა არისო"

"ჩვიდმეტი წლის ვიყავი, როცა მშობლები ავტოკატასტროფაში დამეღუპნენ და დედაქალაქიდან პროვინციულ ქალაქში გადავედი საცხოვრებლად, მამიდასთან", - გვწერს მაიკო გ.

"თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა - განსხვავებული გარემო,­ განსხვავებული ადამიანები და არც
ერთი მეგობარი! მოწყენილობა მკლავდა,­ მაგრამ როცა უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე, რამდენიმე მეგობარი გავიჩინე. ოცი წლის ვიყავი, თემო რომ გავიცანი. მეზობლად ცხოვრობდა, ხშირად ვხედავდი, მაგრამ არასდროს გამოვლაპარაკებივარ. პირველი ნაბიჯი თვითონ გადმოდგა - მოვიდა და გამეცნო. მერე ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმარი გახდა. ჩემს მშობლებს ძალიან მოსწონდათ, არაჩვეულებრივი ოჯახის
შვილიაო, ამბობდნენ. სულ მალე თემო და მისი მშობლები ხელის სათხოვნელად მოვიდნენ...

თაფლობის თვე დიდხანს არ გაგრძელებულა, თემომ თავისი მძიმე ხასიათი­ გამოამჟღავნა. გამუდმებით მტუქსავდა, შენიშვნებს მაძლევდა. სიტყვაძუნწი იყო, ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. მისთვის ზედმეტად კითხვის დასმის მეშინოდა, ყველაფერი აღიზიანებდა. ბევრს მუშაობდა და ყველაფერს დაღლილობას ვაწერდი. დრო გადიოდა. ორი ვაჟი შეგვეძინა.­ თემო ბავშვებთანაც მკაცრი იყო. კარგი შემოსავალი ჰქონდა და ოჯახსაც ის ინახავდა, ამიტომ ბევრ რამეზე თვალის დახუჭვა მიწევდა. სამსახურსაც თავი დამანებებინა,"ეგღა მაკლია, ჩემმა ცოლმა იმუშაოსო. სახლში ვიჯექი, ვდიასახლისობდი და ბავშვებს ვუვლიდი.
ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ თემოს ჩემდამი ინტერესი გაუქრა, ყოველ შემთხვევაში, მისი საქციელი ამაზე მეტყველებდა. თითქოს ჩემი დანახვა აღარ სიამოვნებდა, ურთიერთობას გაურბოდა, ჩემს ნათქვამს ყურად არ იღებდა. ვითმენდი, ვფიქრობდი, გაუვლის-მეთქი, მაგრამ ამაოდ. შეწუხებულმა დარდი ჩემს მეგობარსა და მეზობელს, ნინოს გავუზიარე და მან დამაფიქრა იმაზე, რაზეც მანამდე არ მიფიქრია - საყვარელი ხომ არ ჰყავსო? მას შემდეგ ამაზე ფიქრი ამეკვიატა, მაგრამ ფაქტი არ გამაჩნდა.

სიმართლემ თავი ნელ-ნელა იჩინა. ერთ საღამოს, როდესაც თემოს ჟილეტის გარეცხვა დავაპირე, ღილზე დახვეული თმა შევნიშნე. თმის ფერი ჩემი ფერისგან განსხვავდებოდა. არც ეს იყო მტკიცე სამხილი, ამიტომ დუმილი ვარჩიე. ამასობაში ჩემს ქმარს მივლინებები გაუხშირდა, თვეში ორჯერ ორი-სამი დღე ქრებოდა. ერთხელ შუაღამეს დაურეკეს, საწოლიდან წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. ხმადაბლა ლაპარაკობდა და სიტყვები ვერ გავარჩიე."სამსახურში სიგნალიზაცია ჩაირთო და უნდა გავიქცეო, მითხრა და სწრაფად ჩაცმა დაიწყო. დაცვის სამსახური ხომ არსებობს-მეთქი, უხეშად ვუთხარი. შემომიღრინა და კარი გაიჯახუნა. დავედევნე და ჯიუტად მოვთხოვე, სამსახურში მეც წავეყვანე... როცა მივედით, მე მანქანაში დავრჩი, ის გადავიდა. ცოტა ხანში შინ დავბრუნდით. მერე დიდხანს მიმეორებდა, რომ გიჟი ვარ და რაღაცები მეჩვენება.

გარედან ყველაფერი სხვაგვარად ჩანდა, მეზობლები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, როგორი კარგი და მეოჯახე მეუღლე გყავსო. თემო თითქმის ყოველდღე ოჯახს პროდუქტითა და საჭირო ნივთებით ამარაგებდა, რასაც მეზობლებიც ხედავდნენ, ჩემში კი ტკივილი და პროტესტის გრძნობა მატულობდა. განსაკუთრებით მაშინ ვგიჟდებოდი, როცა ვხედავდი, სახეზე ღიმილი როგორ ეფინებოდა, როცა კომპიუტერს მიუჯდებოდა, ყურსაცვამებს გაიკეთებდა და ადგილსამყოფელს ივიწყებდა. ვფიქრობდი, მაგ დროს, ალბათ, საყვარელზე ფიქრობს ან მასთან ყოფნის წუთებს იხსენებს-მეთქი.
ერთ დღეს სამსახურიდან დამირეკა, ბარგი ჩამილაგე, დღეს კიევში მივფრინავო. გავოცდი, ასე სწრაფად რატომ გადაწყვიტე-მეთქი. რაც გითხარი, ის გააკეთეო. ჩემოდანი ჩავულაგე და როცა შინ მოვიდა, რასაც ვფიქრობდი, მივახალე... ისევ გიჟი და გადარეული მეძახა, არარეალიზებული, სულელი ქალი ხარ, მეზიზღები, შენთან ცხოვრება არ მინდაო... წავიდა და მეგონა, აღარ დაბრუნდებოდა. ორი კვირა ადგილს ვერ ვპოულობდი. დღისით ვცდილობდი, ბავშვებს ნერვიულობა არ შეემჩნიათ, მაგრამ ღამეებს თეთრად ვათენებდი. იმ ზომამდე მივედი, რომ ფსიქოლოგის ძებნა დავიწყე. მერე გადავწყვიტე, თავს როგორმე მოვრეოდი და შვილებზე მეფიქრა, რომლებიც იმ დროს უკვე გარდატეხის ასაკში იყვნენ.

ერთ თვეში თემო დაბრუნდა. ჩვეულებრივად სახლში მოვიდა, მშიაო, მითხრა და ხელების დასაბანად სააბაზანოში შევიდა. ვიფიქრე, ივახშმოს და მერე დაველაპარაკები-მეთქი. როცა მიირთვა, სიტყვის უთქმელად კომპიუტერს მიუჯდა. ვერ მოვითმინე და ვეცადე, სალაპარაკოდ გამომეწვია. არაფრის თქმა არ გინდა-მეთქი? - ვკითხე და გაიკვირვა, რა უნდა გითხრაო. საძინებელში გავედი და მისი ჩემოდნის ამოლაგება დავიწყე. უეცრად მის ნივთებში ქალის თეთრეული ვიპოვე. არ ვიცი, იქ შემთხვევით მოხვდა თუ ვინმემ განგებ ჩადო, მაგრამ ძარღვებში სისხლი გამეყინა. ამაზე მეტი არგუმენტი აღარ მჭირდებოდა, გიჟივით მივვარდი, ეს რა არის-მეთქი, ვუყვირე. ყურსაცვამები მოიხსნა და გაოცებულმა შემომხედა. მე რა ვიცი, რა არისო. გადავირიე, ჩემი ყვირილი, ალბათ, მთელ სამეზობლოს ესმოდა. მაინც არაფერი აღიარა. ამ ამბის შემდეგ ვერ გამეგო,­ როგორ მოვქცეულიყავი. ცხოვრება ერთად გავაგრძელეთ, მაგრამ მასთან ერთ ჭერქვეშ ყოფნა მიჭირდა. ვაცნობიერებდი, რომ ის ერთი თვე, რომელიც ვითომ მივლინებაში გაატარა, საყვარელთან ნებივრობდა.
გამოსავალს ვეძებდი. არც მასთან და არც უმისოდ ყოფნა არ შემეძლო. ბავშვების უმამოდ დატოვებაც არ მინდოდა. სახლში რომ ნაკლებად ვყოფილიყავი და დარდი რაიმეთი გამექარწყლებინა, ვიზაჟის შემსწავლელ კურსებსა და ფიტნესზე დავიწყე სიარული. თანხას, რა თქმა უნდა, თემო მიხდიდა. სასჯელივით დავუწესე, ყველა ჩემი მოთხოვნა შეესრულებინა, თუმცა, ამით ჩემს შელახულ თავმოყვარეობას ვერაფერს ვშველიდი.
ერთ საღამოს ისევ ჩემი საუკეთესო მეგობარი ნინო მესტუმრა. მითხრა, რომ სწორედ იმ პერიოდში, როცა თემო ვითომ კიევში ბრძანდებოდა, მაღაზიაში იმ ქალბატონთან ერთად შეხვედრია. თემოს უთხოვია, ჩემთვის ეს ამბავი არ გაემხილა. მერე ნინომ გაიკითხ-გამოიკითხა და თემოს საყვარლის ვინაობაც შეიტყო. გავოგნდი,­ ის ქალი თემოზე თორმეტი წლით უფროსი ყოფილა. ერთ-ერთ კომპანიაში ბუღალტრად მუშაობდა. მეუღლეს გაშორებული შვილს ზრდიდა. როცა სოციალურ ქსელში ამ ქალის ფოტოები ვნახე, ვერ გავიგე, თემოს მოხიბვლა რით მოახერხა. მივხვდი, რომ საკუ­თარი თავი ამაოდ შევიძულე, რომ ჯერ კიდევ კარგად გამოვიყურებოდი და პრობლემა ჩემში კი არა, ჩემს ბედოვლათ ქმარში იყო.

იმ ღამეს ოჯახში დიდი ომი გვქონდა.­ არაკაცი და მატყუარა ხარ-მეთქი, ვუთხარი. გაგიჟებული მომვარდა და ხელი მკრა, მაგრამ პერანგზე ჩავებღაუჭე, ზიზღით სავსე თვალებით შემომხედა და სილა გამაწნა.­ ჩემს კივილზე ბავშვებს გაეღვიძათ და გამოცვივდნენ. მათ დანახვაზე­ თემო გონს მოვიდა და თავის მართლება სცადა. ამ ამბის შემდეგ ორი ღამე ცალკე საძინებელში ეძინა, მერე ადგა, თავისი ტანსაცმელი ჩაალაგა და სახლიდან წავიდა. გონს მოსასვლელად დრო დამჭირდა, მაგრამ სიცოცხლის სტიმული ისევ შვილებმა მომცეს. იმ დღეებში დედამთილი მესტუმრა, მითხრა, რომ მათი ოჯახის კაცებს ღალატი ჯიშად მოსდგამთ. ჩემი მეუღლეც მღალატობდა, მაგრამ ამის გამო ოჯახი არ დამინგრევიაო. მალე კეთილმოსურნეებისგან გავიგე, რომ თემო იმ ქალთან ცხოვრობდა.
მეუღლის წასვლის შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა, ბავშვები დედაჩემთან დავტოვე და სამუშაოდ საზღვარგარეთ წავედი. იქ ბევრი არაფერი გამომივიდა და უკან დავბრუნდი. მაშინ პატარა ბიჭმა მითხრა, მამა ჩვენს სანახავად დადისო. დავიბარე თემო და ვუთხარი, რომ შვილების სანახავად ყოველთვის შეეძლო მოსვლა. ესიამოვნა და მას შემდეგ თითქმის ყოველდღე მოდის, ისევ პროდუქტებით ხელდამშვენებული. ბოლო დროს ვახშმადაც რჩება, ბIიჭებთან ერთად ტელევიზორსაც უყურებს. ისეთი თავაზიანი გახდა, ზოგჯერ მგონია, ჩემი ქმარყოფილი არ არის. ამას წინათ შინ მისულს კართან ულამაზესი თაიგული­ დამხვდა. მისგან იყო, გავიტანე და ბუნკერში გადავაგდე. საღამოს ბიჭებთან ერთად მოვიდა, თვალებით დიდხანს ეძებდა თაიგულს, მაგრამ ვერაფერი მკითხა, მეც არაფერი მითქვამს. იმ ქალებს მივმართავ, ვისაც ქმარი ღალატობს - ჩემსავით ნუ დახრით თავს. ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!.. მეყო დამცირება, მე გამოვფხიზლდი, ახლა მე წარვმართავ ყველაფერს, თუ თემო ჩემს თამაშს ითამაშებს, ხომ კარგი, თუ არადა, კარი ღიაა, გავა და ვეღარასოდეს შემოვა.""

"მთავარია, აღიაროთ, რომ გიღალატეს"


არის თუ არა ღალატი წყვილის ურთიერთობაში დასასრულის დასაწყისი, შესაძლებელია მისი დავიწყება თუ არა... ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე ფსიქოლოგი მაია ჯიბუტი­ გვიპასუხებს:
- როცა წყვილის ურთიერთობაში კრიზისი იჩენს თავს, მაშინ შეიძლება ღალატსაც ჰქონდეს ადგილი. ღალატის შემდგომ პერიოდში პარტნიორის ქცევა განსხვავებული ხდება. ახასიათებს უყურადღებობა, შესაძლებელია, გაურბოდეს პარტნიორთან სქესობრივ ურთიერთობას, დაბნეული,ა, ან პირიქით, რადიკალურად კარგისკენ შეცვლილი.

- გამოსავალი არსებობს, თუ ოჯახი დანგრევისთვის არის განწირული?

- ნებისმიერი წყვილის ცხოვრებაში შესაძლებელია კრიზისული პერიოდი. მთავარია, პრობლემას თვალი გავუსწოროთ. დიალოგის გარეშე არც ერთი პრობლემა არ მოგვარდება. მთავარია, წყვილმა შეაფასოს გარემო ფაქტორები და იმსჯელოს, რა შეიძლება იყოს ხელის შემშლელი მიზეზები, რაც მათ ურთიერთობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.

- ხშირად თანამეწყვილეს სურს ღალატის დავიწყება, პატიება, მაგრამ პატივმოყვარეობა­ ჯაბნის. ჰგონია, თუ დათმობაზე წავა, თავს დაიმცირებს.

- ზოგჯერ ასეცაა, მაგრამ, თუ ადამიანი გრძნობს, რომ პარტნიორი მისთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, მის გარეშე თავს ცუდად იგრძნობს, შესაძლოა, პატივმოყვარეობა გვერდზე გადადოს. ვიღაც ამას ჩვეულებრივად ახერხებს, თითქოს არც არაფერი მომხდარა, ვიღაცისთვის კი ღალატი მოუშუშებელ იარად რჩება და ურთიერთობას წყვეტს. ჩვენ ვერავის მოვუწოდებთ, ღალატის შემდეგ დაანგრიონ ოჯახი ან ერთად დარჩნენ. გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ. მთავარია, აღიაროთ, რომ გიღალატეს და სირაქლემის პოზაში ნუ იქნებით. ხშირად პარტნიორი ღალატს ადვილად არ აღიარებს მარტოდ დარჩენის შიშით. შეიძლება მატერიალური პრობლემის წინაშე დადგომას გაურბოდეს, ხშირად კი სტერეოტიპების გავლენას განიცდიან და არ უნდათ, განქორწინებული ერქვათ. თუ ყველაფრის მიუხედავად, ერთად ცხოვრებას გადაწყვეტთ, თავი დაანებეთ დადანაშაულებას და ამ ფაქტის წარამარა შეხსენებას, თუ გინდათ, თავიდან აიცილოთ კიდევ ერთი ღალატი.

- ზოგჯერ ქმრის ღალატს ქალი ღალატითვე პასუხობს.

- ასეთ შემთხვევაში ქალის არჩევანია რევანში. თუმცა, ჩვენს რეალობაში ეს იშვიათია. ბევრი მომენტია გასააზრებელი - იმიტომ ღალატობს ქალი, რომ ქმარმა უღალატა, თუ იმიტომ, რომ გრძნობდა, ქმარს აღარ უყვარდა. ზოგი ქალი თვითონ უკეთებს პროვოცირებას ქმარს, რომ უღალატოს, მერე რომ თავი ჰქონდეს გასამართლებელი. მაინც მგონია, ქალი რევანშის გამო ნაკლებად უღალატებს ქმარს, - თუ გიყვარს, შენც იმავეთი ვერ გადაუხდი სამაგიეროს, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში თავს უღალატებ.
როცა ასეთი ფაქტი იჩენს თავს, უმჯობესია, ცხელ გულზე არაფერი მოვიმოქმედოთ. წლობით ნაშენები ურთიერთობის ხელის ერთი მოსმით დანგრევა არ შეიძლება. სიტუაციაში გარკვევის შემდეგ ცივი გონებით მივიღოთ გადაწყვეტილება, რაც სწორი და გამართლებულია.


ეკა სალაღაია
მზია
17 აპრილი 2018 01:44
მშობლები ავტოკატასტროპაში დამეხოცნენო.მშობლებმაც მოიწონეს თემოვო.ვერაფერი გავიგე.მამიდა მზრდიდაო
08 აგვისტო 2017 22:56
Tanac shilebi dedas dautova


kaci
05 აგვისტო 2017 16:42
კარი ღია შენთვისაა.ნეტა სახლი ვისია? შენი?! როდის ისწავლიან კაცები საკუთარი თავის პატივისცემას!!! შენისთანას ნაღდად გავაგდებდი,მე კი არ წავიდოდი.

რედაქტორის რჩევით