"რაც ხანში შევიდა, უნდოდა ის ქალი ენახა და წარსულის გამო პატიება ეთხოვა..." - კვირის პალიტრა

"რაც ხანში შევიდა, უნდოდა ის ქალი ენახა და წარსულის გამო პატიება ეთხოვა..."

"შევატყვე, ბატონი გიორგი ძალიან ღელავდა. გამარჯობა, - ძლივს ამოთქვა. მერე საუბარი გააბეს, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ერთმანეთს თბილად შეხვდნენ"

ძვირფასო რედაქცია, მინდა ერთ არაჩვეულებრივ ადამიანზე მოგითხროთ.

მუშაობა რომ დავიწყე, ბატონი გიორგიც გავიცანი - სანდომიანი, სამოცდახუთ წელს მიღწეული თმაშევერცხლილი; გულთბილი ღიმილით შემხვდა. მერე და მერე დავმეგობრდით. მოკითხვისას დაწვრილებით გამომკითხავდა ჩემს ამბავს და თავისასაც მოჰყვებოდა. ჯანი არ მოსდევდა, მაგრამ იხტიბარს არ იტეხდა, ხალისს არ კარგავდა.

დილას სამსახურში ხალისიანი ამბების მოყოლით იწყებდა. მშვენიერი ოჯახი ჰყავდა - შვილები, შვილიშვილები. ყველას უყვარდა, დღესასწაულების მოლოცვა არ ავიწყდებოდა, ქალთა დღეს თანამშრომელ ქალბატონებს მაგიდებზე იების თაიგულებს გვახვედრებდა.

ერთ დღეს სამუშაოს გვიანობამდე შემოვრჩით, ის თავის კაბინეტში იჯდა, დროდადრო გავხედავდი, მეჩვენებოდა, რომ ღელავდა, ალბათ ოჯახში აქვს პრობლემები-მეთქი, გავიფიქრე, თორემ სამსახურში საქმე კარგად მისდიოდა. კარგა შებინდებული იყო, წასვლა დავაპირე და გამოსამშვიდობებლად შევედი. მომეჩვენა, რომ სახე წამოწითლებული ჰქონდა. სასმლის სუნი მეცა. თბილად გამიღიმა, - ხომ არ შეგაშინე, მოდი, დაჯექი. ახლა ვინმეს თუ არ დაველაპარაკე, გავგიჟდებიო. მოკრძალებით დავჯექი. მოკლედ, გავიგე, რაც სჭირდა - ახალგაზრდობის დროინდელ სიყვარულს, მაიკოს ეძებდა... ბოდიშის მოხდა უნდოდა, - სიყმაწვილეში ძალიან ვაწყენინეო. მერე თავზე ხელი გადამისვა, ბოდიში მომიხადა შეყოვნებისა და გულახდილობისთვის - არ ვიცი, რა დამემართა, რომ გული გადაგიშალეო.

იმ დღის შემდეგ რამდენიმე დღე ვეღარ ვნახე, არადა, ძალიან მინდოდა მასთან საუბარი. ერთხელაც გამიმართლა, შესვენებაზე სასადილოში შევხვდით. ისე გამიღიმა, რომ გულში საოცარი სითბო ჩამეღვარა, წამოდი, ეზოში გავისეირნოთო, შემომთავაზა. სიხარულით დავთანხმდი. სკამზე ჩამოვსხედით და ძლივს ამოვღერღე, - ბატონო გიორგი, ერთხელ უკვე გამენდეთ, იქნებ თქვენი ამბავი მომითხროთ და დახმარება შევძლო-მეთქი. ო, რა ცნობისმოყვარეები ხართ ეს ქალებიო, - გულიანად გაიცინა...

როგორც მისი მონათხრობიდან შევიტყვე, სტუდენტობაში საცოლე ჰყოლია, ჯიუტი და თავნება გოგო, სულ კინკლაობდნენ თურმე. ბოლოს, ეს გოგო ცოლად ვიღაც მოჭიდავეს გაჰყოლია. ეს რომ შეიტყო, ძალიან გამწარებულა, თავმოყვარეობა შეელახა ახალგაზრდა კაცს. იმ დღიდან ჩემთვის ყველაფერი გაუფასურდა, უნივერსიტეტშიც კი აღარ დავდიოდი და, ღამეებს ვერის ბაღში სკამზე ვათენებდიო. როგორ არ ეხვეწებოდნენ მშობლები, რას არ ჰპირდებოდნენ, ოღონდ კი სიცოცხლის ხალისი დაჰბრუნებოდა, მაგრამ ამაოდ.

უნივერსიტეტში ხმა გავარდა, გიორგი ქუჩაში ათევს ღამესო.

მაიკო მისი კურსელი იყო. გიორგი დიდი ხანია უყვარდა და როცა მისი მდგომარეობა შეიტყო, მაშინვე ვერის ბაღში გაქანდა. დიდხანს ემუდარა, - ექიმთან მაინც წავიდეთო და დაიყოლია.

გიორგის ფილტვების ანთება დაუდგინეს. სანამ საავადმყოფოში იწვა, მაიკო გვერდიდან არ მოსცილებია. შინ რომ გაწერეს იმ დღიდან შეხვედრები დაიწყეს, ერთმანეთს სადარბაზოებში კოცნიდნენ, დადიოდნენ კინოში...

გიორგიმ სწავლა განაახლა, რაც მთავარია, მაიკოსთან ბედნიერი იყო, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც რაღაც ღრღნიდა და ეს მარიამი იყო, ქალი, რომელმაც მიატოვა და ყველას თვალში საშინლად დაამცირა.

მაიკოს ოცი წელი რომ შეუსრულდა, დაბადების დღე შინ, მეგობრებთან ერთად აღნიშნა. გიორგის მისვლა დააგვიანდა, მეგობრებთან იყო და გვიან გაახსენდა, რომ მაიკოსთან უნდა მისულიყო. გზად დიდი ტორტი იყიდა. გოგოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მეგობრებმა ჟრიამული ატეხეს. მერე ვიღაცამ წამოიძახა, - ნეფე-პატარძალს გაუმარჯოსო და სხვებმაც აიტაცეს.

გიორგის უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა, ასე თუ ისე, მათი ურთიერთობა ყველასთვის თვალსაჩინო იყო და ამ ამბის დაგვირგვინებას ყველა ქორწილით ელოდა. ფეხზე წამოდგა, ღვინით სავსე ჭიქა აიღო, მაიკო ადღეგრძელა და - ცოლად გამომყევიო, სთხოვა. გოგონას თვალები გაუფართოვდა. იმ მომენტში მისგან ამ წინადადებას არ ელოდა. რაღა თქმა უნდა, დათანხმდა.

ლხინი გვიანობამდე გააგრძელეს. ახლა მაიკოს და გიორგის უკვე საქმრო-საცოლედ მოიხსენიებდნენ. მერე გიორგიმ მაიკოს ხელი ჩაჰკიდა და შინ წაიყვანა, მაგრამ მეორე დილითვე ინანა თავისი საქციელი. დაბნეული იყო, არ იცოდა, რა ექნა, თავისი ნამოქმედარი როგორ შეეცვალა. მიხვდა, ვეღარაფერს უშველიდა და ბედს შეეგუა, თუმცა... შინ გვიან ბრუნდებოდა, ხშირად სვამდა, სიტყვაძუნწი გახდა. მაიკო პირიქით, მოსიყვარულე, მორჩილი და ძალიან თბილი გოგო იყო, კარგ მეუღლეობას უწევდა და გიორგის ცივ ნიავს არ აკარებდა.

ჯვრისწერაც დაინიშნა. გიორგის სიხარულის ნაცვლად თვალებში სევდა ედგა. მაიკო ღელავდა. ხვდებოდა, რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. როცა ეს დღე დადგა, გიორგი გაქრა. სამეგობროსთან ერთად რესტორანში რომ შეზარხოშდა, ხმამაღლა გამოაცხადა, - ჯვარს აღარ ვიწერო. ბიჭები გადაირივნენ, - რას ჰქვია, აღარ იწერ, ამდენ ხალხს რას ეუბნები, ან მაიკოს და მის მშობლებს რა უნდა უპასუხოო. გიორგის არაფრის გაგონება არ უნდოდა, ერთადერთი სურვილი ჰქონდა, რაც შეიძლება შორს გაქცეულიყო.

ჯვრისწერა ჩაიშალა. მაიკო და მისი ოჯახი შეურაცხყოფილები იყვნენ. მას შემდეგ მაიკო აღარ უნახავს.

წლები გავიდა. გიორგის პირველი სიყვარული გაუნელდა, მაგრამ ახლა მაიკოს ვეღარ ივიწყებდა. რაც ხანში შევიდა, უნდოდა ენახა და პატიება ეთხოვა...

ერთ დღეს ბატონი გიორგი სამსახურში რომ მოვიდა, შევატყვე, აფორიაქებული იყო. თანამშრომლების მომერიდა, თორემ იმწამსვე მასთან შესვლა მინდოდა, ის კი არა, ზოგიერთმა ენაჭარტალამ ხმა დააგდო, ესენი მამა-შვილის ასაკისანი კი არიან, მაგრამ ნამეტანი დაუახლოვდნენ ერთმანეთსო. ცოტა ხანში ბატონმა გიორგიმ გამომიძახა. კაბინეტში რომ შევედი, ჯიბიდამ ფურცელი ამოიღო და მომაწოდა, - მაიკოს სახლის ნომერი გავიგეო. დარეკვის ეშინოდა, თავში ათასი აზრი უტრიალდება. გათხოვილი იქნება და ხომ შეიძლება ტელეფონზე მეუღლემ მიპასუხოსო.

ნომერი გამოვართვი და დავრეკე. ქალმა მიპასუხა, - მაიკო ვარო... არ ვიცოდი, რაღა უნდა მეთქვა და აკანკალებული ხელით ყურმილი ბატონ გიორგის მივაწოდე.

- გამარჯობა, - ძლივს ამოთქვა. მერე საუბარი გააბეს, ბატონი გიორგი სახეგაბრწყინებული ლაპარაკობდა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ერთმანეთს თბილად შეხვდნენ. მე ოთახიდან გამოვედი...

იმ დღეს აღარ გამოვუძახებივარ, ძალიანაც მაინტერესებდა საუბრის შინაარსი, მაგრამ სანამ თავად არ მეტყოდა, როგორ შევკადრებდი, მომიყევით-მეთქი. მეორე დღეს დამიძახა. მაიკოს მეუღლე დაღუპვია, ორ შვილი ჰყავს და შვილიშვილებს ზრდისო...

როგორც ჩანს, მაიკოს წყენა გულში არ ჩაუდვია და გიორგის შეხმიანება ძალიან გახარებია. გიორგის შეხვედრა უთხოვია, ისიც შეჰპირებია, როგორც კი დროს გამოვნახავ, აუცილებლად შეგხვდებიო.

სიხარულისგან პატარა ბიჭივით იქცეოდა. ყოველ დღეს მოლოდინში ატარებდა. თეთრი პერანგი და საგულდაგულოდ დაუთოებული შარვლები ეცვა. ერთხელ გავეხუმრე, შეყვარებული ხომ არ ხართ, ბატონო გიორგი-მეთქი. გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. ახლაც არ ვიცი, უყვარდა თუ არა თავისი მეუღლე, მაგრამ ალბათ შეჩვეული იყო და პატივსაც სცემდა. მაიკო კი უფრო ახალგაზრდობას აგონებდა. ცოტა არ იყოს, მეშინოდა კიდეც - ვაითუ, ის ლურჯთვალა გოგო აღარ დახვდეს და მის ნაცვლად ამოღამებულთვალებიანი, სახედანაოჭებული ფაშფაშა ქალი შერჩეს-მეთქი. მაიკო ხომ მის მეხსიერებაში ისევ ის ოცი წლის გოგო იყო!

დრო გადიოდა, მაიკო არ რეკავდა. გიორგიმ ისევ მოიწყინა. სამსახურში მოღუშული მოდიოდა, თავისთვის ოთახის კუთხეში მდგარ მაგიდას მიუჯდებოდა, ცოტას წაიმუშავებდა, მერე შინ მიდიოდა.

ერთ დღესაც სამსახურში ხმა გავარდა, გიორგი ცუდადააო. დიაგნოზი ძალიან მძიმე აღმოჩნდა. განუკურნებელი სენი შეეყარა. სამსახურში მაინც დადიოდა, ცდილობდა, საკუთარი თავი და ჩვენც გავემხნევებინეთ. თანამშრომლები არაფერს იმჩნევდნენ.

მერე რამდენიმე დღე არ გამოჩნდა. მობილურ ტელეფონზე განუწყვეტლივ ვურეკავდი. არავინ პასუხობდა. სამსახურში ყველა დაძაბული იყო. საღამოს, როგორც იქნა, ტელეფონზე პასუხი გამცეს, ქალის აკანკალებულმა ხმამ მითხრა, - ბატონი გიორგი გარდაიცვალაო.

სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რა განვიცადე. მთელი სამსახური ტიროდა, ზოგი ხმამაღლა, ზოგიც ჩუმად, ზოგი ხმისამოუღელად მზერაგაყინული იჯდა. ბატონი გიორგის ცარიელი მაგიდისკენ გახედვა არავის უნდოდა...

მას შემდეგ სამსახურში ბატონი გიორგის ხალისიანი ამბებით დილა აღარ იწყებოდა. ახლა დერეფანში კაცები სიგარეტს ნერვიულად ეწეოდნენ და დუმდნენ.

მერე ყველა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

მისი ადგილი ახალმა თანამშრომელმა დაიკავა.

ერთ დღესაც შუადღე იქნებოდა, როცა ოფისში უცნობი ქალი შემოვიდა - მაღალი, გამხდარი, შუახნის ლურჯთვალა, ქერა ქალბატონი. მოკრძალებით ბატონი გიორგი იკითხა...

მივხვდი, უფრო სწორად, ვიცანი, როგორც ბატონმა გიორგიმ დამიხასიათა, ეს ქალი მაიკო უნდა ყოფილიყო და მართლაც იშვიათად ლამაზი ლურჯი თვალები ჰქონდა...

ის დღე მე და ქალბატონმა მაიკომ ერთად გავატარეთ. აღმოჩნდა, რომ ბატონ გიორგიზე მოსაყოლი მე უფრო მეტი მქონდა. ის მშვიდად იჯდა და მისმენდა, ერთი კითხვაც არ დაუსვამს, მერე გადამეხვია, ლოყაზე მაკოცა, - გმადლობ, რომ გიორგის შესახებ ამდენი რამ მითხარიო და წავიდა.

რომ მიდიოდა, მხრები უთრთოდა, ჩემთან არ შეიმჩნია, მაგრამ მივხვდი, რომ ტიროდა...