"ახლა ჩემს ნატალიასთან ვარ!" - კვირის პალიტრა

"ახლა ჩემს ნატალიასთან ვარ!"

ამბავმა, რომელიც ამ ერთი თვის წინ მოხდა, მთელი სოფელი გააოგნა. კი იცოდნენ, რომ თედოს ძალიან უყვარდა თავისი ნატალია, მაგრამ 80 წელს გადაცილებული, შთამომავლებით დახუნძლული ბერიკაცი ასეთ განაჩენს თუ გამოუტანდა საკუთარ თავს, ვერავინ იფიქრებდა.

თედოს ძალიან ლამაზი ცოლი ჰყავდა, ნატაშა. იგი ომის მერე დედასა და უმცროს დასთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. ნატაშას დედას, ვარვარას, გაუჭირდა ქართულის სწავლა, თუმცა ყველაფერი ესმოდა. ნატაშამ და სვეტამ კი კარგად აითვისეს ქართული ენა და მალე ისე აითქვიფნენ ქართველ ბავშვებში, ვერც კი განასხვავებდით. თედომ მაშინვე თვალი დაადგა ლამაზ გოგონას. იგი სოფელში ორი წლის დაბრუნებული იყო. მანამდე ციხეში იჯდა.

16 წლის თეკლა მოიტაცა, ტყეში წაიყვანა, იმედი ჰქონდა, თეკლა მშობლებს ეტყოდა, - ჩემი ნებით გამოვყევიო, მაგრამ მწარედ მოტყუვდა. ასე მოხვდა 17 წლის ბიჭი ცხაურებს მიღმა. ისე მოუკლა გული თეკლამ, რომ ქალზე ფიქრი აღარ უნდოდა. მერე სასჯელი გაუნახევრეს და ომში, წინა ხაზზე გაუშვეს. იომა, მედალიც დაიმსახურა მამაცობისთვის და შინ მშვიდობით დაბრუნდა. თეკლა კაი ხნის გათხოვილი დახვდა. და აი, ბედმა ნატაშა შეახვედრა. მალე ერთმანეთი შეუყვარდათ.

გოგონამ საშუალო სკოლა დაამთავრა და თედომ ცოლად მოიყვანა. ნატალიას კულინარიულმა ნიჭმა მთელი სოფელი გააოცა და დიდ სალხინო ან ჭირის სუფრას არავინ შლიდა ნატალიას დაუხმარებლად. თედო ამაყობდა ცოლით. ოღონდ რამე მოესურვებინა და გაუჩენელს გაუჩენდა.

სამი შვილი შეეძინათ, მერე შვილიშვილებიც გაჩნდნენ, შვილთაშვილებიც. თედომ იცოდა ხოლმე თქმა: წვალებაც ბევრი მინახავს და მუხლჩაუხრელადაც მიშრომია, მარა ერთხელაც არ დამიწუწუნია, რადგან გვერდში ჩემი ნატალია მედგაო. მართლაც, სიყვარულითა და თანადგომით შეუძლებელი შეძლეს.

ნატალია ამ სამი წლის წინ გარდაიცვალა და იმ დღიდან თედო სულ სიკვდილს ნატრობდა. ღვთისმოშიში კაცი კი იყო, მაგრამ ერთხელ ისე მოენატრა ნატალია, რომ თითქმის მთელი ფლაკონი წნევის წამალი დალია, დროზე მიუსწრეს შვილმა და რძალმა. მოგვიანებით ბერიკაცმა ამოთქვა: - შვილო, რას ირჯებოდი ჩემი გულისთვის, თუ ვკვდებოდი, გაგეშვი დედაშენთან, რას მაჩერებდიო...

ოჯახი დადარდიანებულ მოხუცს არც ყურადღებას აკლებდა და არც ალერსს, მაგრამ სულ კუდში ხომ ვერ გამოესკვნებოდნენ? ერთ ადგილზე გაჩერებულს ვერავინ ნახავდა თედოს. ხან ბოსტანში იყო, ხან ხეხილის ბაღში, სულ ფუსფუსებდა, სულ საქმიანობდა. ბოლო ხანს თითქოს გახალისდა კიდეც. მესამე შვილთაშვილის შეძენამ უსაზღვროდ გაახარა.

ყოველ შაბათს ან კვირას, დარში თუ ავდარში, ცოლის საფლავზე ადიოდა, რომ მისთვის "ანგარიში" ჩაებარებინა. ჯერ ქვაზე გამოსახულ ნატალიას სურათს გაწმენდდა, მიეფერებოდა, მერე ჩამოჯდებოდა მისივე ხელით გაკეთებულ სკამზე და საათობით "ელაპარაკებოდა".

ერთ დღეს ნათესავმა მთელი ოჯახი დაპატიჟა ქორწილში. თედომ - სმა მე აღარ შემიძლია და ცეკვა-თამაში. ქორწილი ახალგაზრდებისაა, თქვენ წადითო და თავად შინ დარჩა.

რაღას გააწყობდნენ, წავიდნენ. მეზობელს სთხოვეს, დაძინების წინ მოხუცს შეუარე, დახედეო... ნაქორწილევნი დილით დაბრუნდნენ. თედო ფეხზე უნდა დახვედროდათ, მაგრამ თვალი რომ ვერ მოჰკრეს, ცოტა შეშფოთდნენ. ეზოს უკან, ხეხილის ბაღში, ბლის ტოტზე თოკზე ჩამოკიდებული იპოვეს...

თედოს ოთახში, ტუმბოზე კი წერილი დახვდათ: "მაპატიეთ, ჩემო შვილებო და შვილიშვილებო, ჩემო ახლობელო ადამიანებო... ყველანი უსაზღვროდ მიყვარხართ, მაგრამ რა ვქნა, გამიჭირდა ნატალიას გარეშე ყოფნა. ვიცოდი, აღარ მყავდა, მაგრამ მაინც სულ მას ვეძებდი, სულ ის მელანდებოდა. მისი სუნთქვაც კი მესმოდა ხოლმე. ეს ტვინდალეული მოხუცის მოჩვენებები კი არ იყო, არამედ მონატრებისგან გაგიჟებული კაცის ფიქრები. ვიცი, ამ ნაბიჯს ყველა ცოდვად ჩამითვლის, მაგრამ იმის დიდი იმედი მაქვს (დარწმუნებულიც კი ვარ), რომ ღმერთი შემინდობს ამ სიყვარულისთვის და ჩემს ნატალიასთან მიმიყვანს.

რაც ხანში შევედით, სულ იმას ვნატრობდი, ღმერთს ჯერ მე წავეყვანე, მერე კი ნატალია, რადგან ერთი დღეც ვერ წარმომედგინა ჩემი თავი უიმისოდ. არ ისმინა ჩემი თხოვნა და დავრჩი მარტო. კიდევ კარგად გავძელი სამი წელი... ამიტომაც მივდივარ თქვენგან. კიდევ ერთხელ გთხოვთ, მაპატიეთ, თუკი გული გატკინეთ, მაგრამ თავი იმით დაიმშვიდეთ, რომ სულ მალე 90 წლისა უნდა გავმხდარიყავი.

უკვდავი კი არავინაა. მიწას ვამძიმებდი უკვე, ძალაგამოლეული და ფრთამოტეხილი კაცი კი რაღა სასიცოცხლოა?! არ მიტიროთ. პირიქით, ის იფიქრეთ, რომ მე ახლა გახარებული, ჩემს ნატალიასთან ერთად ვარ. სულ დალოცვილი იყავით. თქვენი თედო პაპა".

მიუხედავად თედოს თხოვნა-სურვილისა, შვილებისა და შვილიშვილებისთვის ძალიან ძნელი აღმოჩნდა იმ აზრთან შეგუება, რომ იგი თავისი ნებით გამოეთხოვა სიცოცხლეს, მაგრამ სიყვარული და მონატრება ხომ ათას რამეს აკეთებინებს კაცს... რა თქმა უნდა, ჯობდა, თედოს თავისი ცხოვრების გზა ბოლომდე გაევლო და ვალმოხდილი წარმდგარიყო უფლის წინაშე...

www.kvirispalita.ge

მოგვწერეთ თქვენი თავგადასავლები - მხიარული, მწუხარე, ტრაგიკული თუ ბედნიერი. გაგვიზიარეთ თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება