ორი გვარის მტრობა დღემდე არ დასრულებულა - კვირის პალიტრა

ორი გვარის მტრობა დღემდე არ დასრულებულა

გამოხმაურება

უთუოდ უნდა გამოგეხმაუროთ წერილზე - "რაც მტრობას დაუნგრევია"... სანამ ბოლომდე ჩავიკითხავდი, გული გადამელია (თუმცა სათაური იმედის მომცემი იყო). დასასრული რომ ბედნიერი აღმოჩნდა, თავისუფლად ამოვისუნთქე. მსგავსი ამბავი სვანეთშიც მოხდა, ოღონდ კარგად და მშვიდობით არ დასრულდა.

ორი გადამტერებული გვარი დღემდე დაპირისპირებულია და უმცროსი თაობის წარმომადგენლებიც კი მოსისხლე მტრებად მიიჩნევენ ერთმანეთს. არადა, წესიერად არც კი იციან, რა იყო ამ შუღლის მიზეზი. ასეთ უთავბოლო მტრობას რა გამართლება აქვს, ვერ გეტყვით, განა არ იციან, რომ მართლაც სიყვარულს უშენებია მტრობით დანგრეული? ჩემს ნათესავს თავისი "მოსისხლე" მტრის შვილი უყვარს.

ორი წელია ჩუმად ხვდებიან ერთმანეთს. მათი ამბავი რამდენიმე სანდო ადამიანმა ვიცით. ვერ ბედავენ გამხელას, არადა ასე დამალულნი როდემდე უნდა იყვნენ. თქვენს რუბრიკაში გამოქვეყნებული წერილი რომ წავიკითხე, მაშინვე ისინი გამახსენდა. საწყლები საგონებელში არიან ჩავარდნილნი, რა გზას დაადგნენ, არ იციან.

ორივე ერთ რაიონში ცხოვრობს და ჩუმად შეხვედრას მხოლოდ თბილისში ახერხებენ. ორივეს ეშინია იმ შედეგისა, რაც მათ ნაბიჯს შეიძლება მოჰყვეს. გამოეხმაურეთ ჩემს წერილს და ურჩიეთ ამ ახალგაზრდებს (რომელთა გვარებს შორის მტრობა 30 წელზე მეტია გრძელდება), როგორ მოიქცნენ.

პატივისცემით - ესმა