"შენ ქალობაი ვენაცვალე", ანუ "გამაცოცხლებელი აბების" საიდუმლო - კვირის პალიტრა

"შენ ქალობაი ვენაცვალე", ანუ "გამაცოცხლებელი აბების" საიდუმლო

ლიკა თბილისელი გოგოა. მისი მეუღლე კი დუშეთის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან გახლავთ. თავის დროზე, როცა ლიკა და გია შეუღლდნენ, აქეთ თბილისელები გადაირივნენ, იქით - დუშელები. ამათ სოფლელი სიძე არ უნდოდათ, იმათ - ქალაქელი რძალი, მაგრამ სიყვარულმა თავისი ქნა და ორივე მხარე მალე დაშოშმინდა.

ახლა ლიკა და გია თბილისში ცხოვრობენ, თუმცა სოფელსაც არ ივიწყებენ. ნეტავ განახათ, იქაურ ქალებს როგორ უხარიათ ქალაქელი რძლის გამოჩენა. ლიკას ეღიმება, როცა იხსენებს, თავიდან რა ცერად უყურებდნენ, რადგან...

- ვის გაუგონია 11 საათამდე ძილი? ადგეს დროზე, სახლ-კარი მიალაგოს, ძროხა მოწველოს, კრუხ-წიწილას მიხედოს... განა ცოტაა სოფელში საქმე? - "გაჰქონდათ და გამოჰქონდათ" სოფლის ქალებს და ლიკას დედამთილს, ბაბულიას, თანაგრძნობით გადახედავდნენ ხოლმე.

- საქმე მაგან არ იცის, ჩაცმა მაინც ასწავლოს შენმა ბიჭმა. ხან მოკლე კაბით რომ ჩამონარნარდება, ხანაც შარვლითა. მარტო თქვენს ოჯახს კი არა, მთელ სოფელს თავსა სჭრის! - ყველაზე მკაცრი მეზობელი ცეცხლზე ნავთს ასხამდა ისედაც აალებულ დედამთილს...

მაგრამ გავიდა დრო და ყველა დაწყნარდა. მართალია, ლიკამ ვერც ძროხის მოწველა შეძლო, ვერც ბარვა-თოხნა, სამაგიეროდ, იმისთანა ხინკლის მოხვევა ისწავლა, იქაურს რომ შეშურდებოდა. რაც მთავარია, ისეთი სითბო და სიყვარული გამოამჟღავნა ქმრის სანათესაოსა და თანასოფლელების მიმართ, რომ იქაურებს ერთი სული ჰქონდათ, სანამ ლიკა სოფელში ჩავიდოდა.

ახლა, როგორც კი ქალაქელ რძალს თვალს მოჰკრავენ, ერთმანეთს გასძახებენ, - ჩამოვიდა ჩვენი გულის გამხარებელიო და საღამო ხანს ლიკასთან იკრიბებიან.

ქალაქელ რძალთან ჭორაობა ქალებს ძალიან მოსწონდათ. ლიკა ზოგს უყვავებდა, ზოგს თანაუგრძნობდა, ზოგჯერ ჭკუასაც არიგებდა... ერთხელ მაყვალამ განზე გაიხმო ლიკა:

- ამათთან (მეზობელ ქალებზე მიანიშნა) არ მინდა რამე გითხრა და ხვალ დილას რა დროს ადგები, რომ მოვიდე და გელაპარაკო?

- ათ საათზე მოდი, - ჩურჩულით შეუთანხმდა ლიკაც.

მართლაც, ათი საათი გახდა თუ არა, ჭიშკარი გაიღო და მაყვალა გამოჩნდა.

- რა იყო, რა მოხდა, ხომ მშვიდობაა შენს თავს? - ჰკითხა ლიკამ.

მაყვალამ შორიდან დაიწყო:

- კი მეხათრება შენი, მარა სხვა გზა არა მაქვს, ეგებ გამარკვიო ამ საქმეში და რაიმეთი მისაშველო...

- მითხარი, ნუ გერიდება! - შეაგულიანა მასპინძელმა.

- არ ვიცი, ამ ჩემს კაცსა რა დაემართა, ჯერ 50-საც არაა და ძალიან დანაღვლიანდა... საქმით კი იღლება, მარა სხვა დროს რა, არ ჰქონდა საქმე, თუ რა?! შემოვა სახლში, წაიხემსებს და სხვა ოთახში გადის დასაძინადა... იქნებ, რამე მირჩიო, რა გავაკეთო იმისთანა, რო ე ჩემი კაცი გამავაცოცხლო?!

ლიკამ ძლივს შეიკავა პირს მომდგარი ღიმილი. მაყვალა ისეთი შეწუხებული სახით უამბობდა ქმრის მამაკაცურ პრობლემაზე, რომ ახლა სიცილი სრულიად ზედმეტი და უადგილო იქნებოდა.

- მაყვალ, ჩემო კარგო, მაგაზე ნუ ინაღვლებ, ქმრის "გამოსაცოცხლებელი" ათასი საშუალება არსებობს, აფთიაქში შევიძენ და ჩამოგიტან.

- უი, შენ კი გაიხარე, ჩემო ღმერთქალავ, ტყუილა კი არ მქონდა შენი იმედი. მიყიდე და რო ჩამოხვალ, მაშინვე გაგისტუმრებ. ხო იცი, ჩემთვინა ყოველთვის გადაგდებული მაქვს ფული.

ლიკამ არ დაიზარა, გაიკითხ-გამოიკითხა და აფთიაქში რამდენიმე "გამაცოცხლებელი" აბი შეიძინა მეზობლისათვის. ეზოში ფეხი არ ჰქონდა შედგმული, რომ მაყვალა მაშინვე მასთან გაჩნდა.

- შემო, შემო, მაყვალ, შენთვის "საჩუქარი" მაქვს! შეიპატიჟა ლიკამ.

მაყვალა გაფაციცებული ისმენდა ქალაქელი რძლის დარიგებას: - ეს აბი დღეგამოშვებით უნდა მისცე, ერთი ცალი კარგად დაფშვენი და საღამოს წყალში ან ჩაიში ჩაუყარე, თუ მოუხდა, მერე კიდევ ჩამოგიტან.

მეორე დილით, ძილში ძახილი ჩაესმა ლიკას. მაყვალა იყო. აივანზე გამოვარდა. მეზობელი თეთრტილოგადაფარებული კალათით, გაბრწყინებული თვალებით მიუახლოვდა ქალაქელ რძალს:

- შენ ქალობაი ვენაცვალე, რა კარგი საჩუქარი ჩამაგიტანია. რა წინ წასულა მედიცინაი, ე რა წამლები გამოუგონიათ...

- გამოაცოცხლა შენი კაცი? - სიცილი წასკდა ლიკას.

- გამააცოცხლა, რომელია... აი, შენ ჩვენებური კარაქი, ხაჭო, კვერცხები და ერთიც დედალი, - მაყვალამ კალათს ტილო გადააძრო და ძღვენი ლიკას გადასცა, - ეს კიდევა ფული, - და ხელში ჩაუმუჭა ათლარიანი.

- ფულს ვერ გამოგართმევ, არც ეს იყო საჭირო, - მიანიშნა კალათზე ლიკამ.

- რაც ჩამამიტანე, იმისას კი არ გაძლევ, კიდევ მინდა ის აბები, იმედია, არ დამზარდები და ჩამომიტან, - მუდარით შესთხოვა მაყვალამ.

იმ დღიდან "გამაცოცხლებელ" აბებს ხშირად ყიდულობს ლიკა. აფთიაქში უკვე იციან და ლიკას რომ დაინახავენ, სიცილით ეკითხებიან: - რა მოგცეთ, "შენ ქალობაი ვენაცვალე"? ლიკაც ღიმილით თავს უქნევს და აბებით ხელდამშვენებული ჩადის სოფელში.