"მშობლებმა დაგვაშორეს ერთმანეთს... ასე დამტოვეს შინაბერად" - კვირის პალიტრა

"მშობლებმა დაგვაშორეს ერთმანეთს... ასე დამტოვეს შინაბერად"

ქალბატონი თეა ძალიან დარდობს წლების წინ ხელიდან გაშვებული შანსის გამო. ამბობს, რომ სიყვარულს შესწირა განათლება, მომავალი, სავარაუდო წარმატებული კარიერა და სანაცვლოდ მიიღო შინაბერობა. მისი წერილის სტილი დაცულია:

"კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, რომ ამბობენ, მართალი ყოფილა. მე და ჩემი ყოფილი შეყვარებული დიდხანს ვოცნებობდით ერთად ყოფნაზე, ლამაზი ოჯახის შექმნაზე და ხშირად დაგვიწყვია გეგმები, რომლებიც ჩვენს თანაცხოვრებას ეხებოდა. გვინდოდა, მშობლებისგან მალულად გავპარულიყავით სადმე ზღვისპირეთში. შინ უნდა დაგვეტოვებინა წერილები და როცა წარმოვიდგენდით, ჩვენს მშობლებს ამ წერილების კითხვისას როგორი რეაქცია ექნებოდათ, ამაზეც ბევრს ვხალისობდით. წერილის შინაარსი ხშირ-ხშირად იცვლებოდა, რადგან ხან გვეცოდებოდა მშობლები, ხან კი დაუნდობლები ვიყავით და მივახლიდით, რომ ამ ნაბიჯისკენ თავად გვიბიძგეს, რადგან ჩემს მშობლებს არ მოსწონდათ გიო და გიოს მშობლებიც მიწუნებდნენ, - ოჯახში ასეთი რძალი არ გამოგვადგებაო.

მოკლედ, დაწუნებულები ჩვენს ბუდეში მივდიოდით და მშობლებზე ვიცინოდით. გვეგონა, ვერაფერი დაგვაშორებდა, თუ არა სიკვდილი. ბუდე კი მეგობრის სახლში გვქონდა. ჩემი მეგობრის დედა საზღვარგარეთ იყო სამუშაოდ წასული, მამა არ ჰყავდა, შინ მხოლოდ თეკო და მისი ბებო იყვნენ, ისინი კი ხელს არაფერში გვიშლიდნენ, პირიქით - ქეთევან ბებო (გაანათლოს ღმერთმა მისი სული) ხშირად გვიმასპინძლდებოდა თავისი არაჩვეულებრივი ხაჭაპურით და იცინოდა: მოდით, ბავშვებო, დანაყრდით და არ დამივიწყოთ, იცოდეთ, პირველი შვილი მე მომანათვლინეთ, როცა დაოჯახდებით და პაწია გეყოლებათო. ის ხშირად გვიამბობდა საკუთარ თავგადასავალსაც, რომ სადედამთილო იწუნებდა, ყველგან ლანძღავდა თურმე, მაგრამ მერე, როცა მის ოჯახში მაინც შევიდა, ისე შეაყვარა თავი, რომ სიკვდილამდე ქეთევან ბებოს მზეს ფიცულობდა და მის გამზრდელებს აქებდა, - ასეთი კარგი რომ გაგზარდეს, მაგიტომაც უნდა იცოცხლონ 100 წელიწადი. მე გიწუნებდი და თურმე, დასაბრმავებელი თვალები ოქროს ვერ ამჩნევდნენ, უბრალო ლითონი მეგონეო. ჰოდა, გვაიმედებდა ქეთევან ბებო, ოღონდ - გვაფრთხილებდა კიდეც: ცუდი არაფერი იკადროთ და არაფერი აკადროთ პირველ რიგში, საკუთარ თავს. იცოდეთ, ვინც მოითმენს, ის მოიგებს. ცუდკაცობით შორს ვერც ერთი ვერ გაცურავთ. ისეთ რამეს ნუ გააკეთებთ, რომ ის ტოტი მოიჭრათ, რაზეც ზიხართო... ვხვდებოდით მის გადაკრულებს და ბებოს რჩევებს ვითვალისწინებდით კიდეც. ცუდი მართლა არაფერი გაგვივლია გულში. გიოც ნამდვილი ჯენტლმენივით იქცეოდა, ზედმეტი არასდროს არაფერი უკადრებია და მადლობა ღმერთს, ასე რომ მოხდა...

სკოლა დავამთავრეთ (კლასელები ვიყავით) და ბანკეტის შემდეგ ვაპირებდით გაპარვას. ყველაფერი დაგეგმილი და გაანგარიშებული გვქონდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბანკეტზე ლამის მთელი სანათესავო მახლდა, მეორე დღეს კი თბილისში გამიშვეს იძულებით. თურმე, ჩემს მშობლებს ვიღაც კეთილის მსურველმა უთხრა, შენი შვილი გაპარვას აპირებსო. თბილისში დედაც წამომყვა. გამოცდებზე გასვლის სურვილიც არ მქონდა, ძალით გამიყვანეს, მე კი რაც ვიცოდი, ისიც არ გავაკეთე, არ მინდოდა, უნივერსიტეტს ხელი შეეშალა ჩემი ბედნიერებისთვის. მეგონა, თუ სოფელში დამაბრუნებდნენ, გიოსთან ერთად გაპარვას მოვახერხებდი... ჩავიჭერი. დედა ძალიან გააბრაზა ამ ამბავმა, რადგან ფიქრობდა, რომ კარგად ვიყავი მომზადებული. სოფელში ჩასულს, მასწავლებლებმაც მწარედ მისაყვედურეს, - რატომ მოგვჭერი თავი, მთელი წელი იმისთვის გამზადებდით და გაქებდით, რომ წყალში ჩაგეყარა ჩვენი მონდომებაო?..

მოკლედ, გარშემო ყველა მსაყვედურობდა, მე კი სოსოიასი არ იყოს, რაღაც მიხაროდა. მსჯიდნენ, მსაყვედურობდნენ და მე კი მაინც ბედნიერი ვიყავი, რადგან სოფელში გახლდით და გიოს ნახვის სურვილი მკლავდა. მშობლები ეზოდან ფეხის გადგმის საშუალებას არ მაძლევდნენ. ჰოდა, მეგონა, ის ჩემი სახლის ირგვლივ დაბორიალებდა, რომ ვენახე. სულ ჭიშკრისკენ ვიცქირებოდი, მაგრამ ვერა და ვერ მოვკარი თვალი...

ერთ დღეს, როგორც იქნა, თბილისიდან დაბრუნებული ჩემი მეგობრები მესტუმრნენ. მათთან ვცადე გიოს ამბების გარკვევა. მითხრეს, რომ გიომაც ჩააბარა გამოცდები, იურიდიულზე მოეწყოო. გული დამწყდა, მის გამო ხომ გამოცდებზე თითიც არ გავანძრიე, ბიჭი კი თურმე, სტუდენტი გამხდარა. ვინანე, რომ არ მოვინდომე გამოცდების ჩაბარება, მაგრამ უკვე გვიანი იყო...

მიკვირდა, ჩემი საყვარელი ადამიანი ჩემს ნახვას რომ არ ცდილობდა. გული მეწურებოდა ცუდის მოლოდინში. ვფიქრობდი, იქნებ თბილისში სხვა გოგო მოეწონა-მეთქი. ვდარდობდი, ვდარდობდი უსაშველოდ...

გამიკვირდა, ერთ დღეს მშობლებმა სახლიდან გასვლის ნება რომ დამრთეს, მეგობრებთან წასვლის უფლება მომცეს. გახარებულს, შინ რა გამაჩერებდა და მოვირბინე მთელი სოფელი. თვალი გიოს სახლისკენაც მქონდა, მაგრამ ვერავინ დავინახე, მხოლოდ ბაბუამისი დასდევდა ეზოში ხბოს...

ჩვენს ბუდეში შევიარე. ბებო სიხარულით შემეგება, - როგორ ვნერვიულობდი შენ გამო. გამაგებინე, გამოცდები როგორ ვერ ჩააბარე? ჩემი შვილიშვილი მოეწყო და შენ, პირველი კლასიდან რომ ბრწყინვალედ სწავლობდი, რამ ჩაგჭრაო? გამოვუტყდი, რომ ჩაბარება არც მიცდია. თავში ხელი შემოიკრა, - ჰოდა, დედიშენის გიჭამია. ეს როგორ გააკეთე? ახლა მოგიწევს მთელი წელი სოფელში უქმად ჯდომა, შენი კლასელების უმეტესობა კი, გიოს ჩათვლით, სტუდენტობას ზეიმობენო. ჩემს მეგობარს ვთხოვე, - იქნებ გიო მოიყვანო-მეთქი. - თბილისშია ისევო, - მითხრა. მერე გამომიტყდა: თურმე, გიოს მშობლებსაც გაუგიათ, გაპარვას რომ ვაპირებდით. დედამისს გაუხარდა, შენებმა აქაურობას რომ მოგაცილეს და გიოსაც მთელი ბატალიონი გაჰყვა თბილისში, რომ შენთან მოსვლის საშუალება არ ჰქონოდა. ახლაც იქ არიან დედამისი და მისი და. როგორც ვიცი, ჩამოსვლას არც აპირებენო..

დიდი წვალების შემდეგ გავიგე, სადაც იყო, მერე სახლის ტელეფონის ნომერიც მომცეს. მივდიოდი ყოველდღე ფოსტაში და ვრეკავდი ნომერზე, მაგრამ ყოველთვის სხვა იღებდა ყურმილს, მე კი ვერ ვბედავდი მეთქვა, გიოს დაუძახეთ-მეთქი. ერთხელ მეგობარი ბიჭი გავიყოლე. მან უთხრა გიოს ნათესავს, ვისთანაც გვინდოდა საუბარი. გიო მოვიდა ტელეფონთან და მეგობარმა მომაწოდა ყურმილი. გიომ წამოიყვირა, - თე, როგორ ხარო და "დავიწვით". დედამისმა ყურმილი გამოჰგლიჯა ხელიდან და მიყვირა, - არ გრცხვენია, ბიჭს რომ დასდევ კუდში და გვაწუხებო? მერე არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ გიო სოფელში ჩამოვიდა, ჩემს სახლში მოვიდა და მამაჩემს უთხრა, - ერთმანეთი გვიყვარს და ნუ დაგვაშორებთო. მამამ უყვირა, - ვის უბედავ, შე ცინგლიანო ამის თქმას? აქედან დამეკარგეო! გიომ ფეხიც არ მოიცვალა, - თუ ნებით არა, ძალით წავიყვანო და მამაჩემმა ისე მიბეგვა, თუ გადარჩებოდა, არ მეგონა. მერე მამა მეც გამიჯავრდა და ნათესავთან გამგზავნეს მარტვილის რაიონში. იქ ვსწავლობდი ტექნიკუმში და ყოველდღე გიოსთან ერთად გაპარვის გეგმას ვადგენდი, მაგრამ თან მეშინოდა, რადგან მამა დამემუქრა: თუ კიდევ მასზე იფიქრებ, მოვკლავო. მიუხედავად ამ შიშისა, ერთხელ, როცა უკვე კურსი უნდა დაგვეხურა, გავრისკე და თბილისში გავიპარე იმ იმედით, რომ გიოს "გეპეიში" ვიპოვიდი. ვერ მივაგენი...

ერ­თ­მა­ნეთს სო­ფელ­ში შევ­ხ­ვ­დით, მაგ­რამ იმის ში­შით, მა­მას არ და­ვე­ნა­ხე მის გვერ­დით, თა­ვად­ვე გა­ვურ­ბო­დი. მარ­ტო ვერ­სად შევ­ხ­ვ­დი, რად­გან ჩე­მე­ბი ყველ­გან თან დამ­ყ­ვე­ბოდ­ნენ, თვალს არ მა­შო­რებ­დ­ნენ. მე­რე სექ­ტემ­ბე­რიც დად­გა და გიო თბი­ლის­ში წა­ვი­და, მე მარ­ტ­ვილ­ში გამ­ხიზ­ნეს. რა­ღა ბევ­რი გა­ვაგ­რ­ძე­ლო, გი­ომ თბი­ლის­ში გა­იც­ნო გო­გო­ნა, რო­მე­ლიც თურ­მე, გულ­ში ჩა­უ­ვარ­და (ან იქ­ნებ, ჩემს ჯი­ნა­ზე მო­იქ­ცა ასე, რად­გან მე ვერ შევ­ძე­ლი მშობ­ლე­ბის­თ­ვის წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის გა­წე­ვა. მან ხომ არ იცო­და, მის გა­მო თბი­ლის­შიც რომ გა­ვი­პა­რე). მის­მა მშობ­ლებ­მაც თან­ხ­მო­ბა გა­ნუცხა­დეს და შე­ირ­თო.

ქორ­წილ­ში რომ დამ­პა­ტი­ჟეს, თმა პირ­ვე­ლად მა­შინ გა­მი­თეთ­რ­და. ბევ­რი ვი­ნერ­ვი­უ­ლე და ვი­ტი­რე, მაგ­რამ ამით ვერ და­ვიბ­რუ­ნე ჩე­მი სიყ­ვა­რუ­ლი.

მე გა­უთხო­ვა­რი ვარ, მას ცო­ლი და სა­მი შვი­ლი ჰყავს. რა გა­მო­ვი­და? მე ვუ­ერ­თ­გუ­ლე, მან მი­ღა­ლა­ტა და ყვე­ლა­ზე ცუ­დი იცით, რა არის? მის გა­მო სწავ­ლა­ზეც კი უარი ვთქვი უნე­ბუ­რად და ისე მოხ­და, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბის სხვა შან­სი არც მქო­ნია. ტექ­ნი­კუ­მი რომ და­ვამ­თავ­რე, მას მე­რე ვმუ­შა­ობ. მშობ­ლებ­ზე გაბ­რა­ზე­ბულ­მა, ერ­თი ოთა­ხი ვი­ქი­რა­ვე მარ­ტ­ვილ­ში და იქ­ვე დავ­რ­ჩი. ზაფხულ­შიც არ ჩავ­დი­ო­დი სო­ფელ­ში მათ სა­ნა­ხა­ვად. წლე­ბის მან­ძილ­ზე არ მი­ნა­ხავს ნა­თე­სა­ვე­ბიც კი, მე­რე ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და... დღე­საც აქ ვცხოვ­რობ, მაგ­რამ ახ­ლა, რო­ცა სო­ფელ­ში მი­წევს ჩას­ვ­ლა და მას ვხე­დავ, გუ­ლი მიკ­ვ­დე­ბა...

ცნო­ბი­სათ­ვის, ჩე­მი მშობ­ლე­ბი ცოცხ­ლე­ბი აღარ არი­ან. ისი­ნი ჩემ­მა დარ­დ­მა ნა­ად­რე­ვად და­ა­ბე­რა. ძა­ლი­ა­ნაც უნ­დო­დათ, გავ­თხო­ვი­ლი­ყა­ვი და ჩე­მი შვი­ლე­ბი ენა­ხათ, მაგ­რამ მიხ­ვ­დ­ნენ, რომ სიყ­ვა­რულ­ზე სა­მუ­და­მოდ ვთქვი უარი და მე­რე კი იშენ­დ­ნენ თავ­ში ხელს, _ ნე­ტავ, გაჰ­ყო­ლო­და იმ ბიჭს, რა და­შავ­დე­ბო­და? სხვა თუ არა­ფე­რი, შვი­ლე­ბი მა­ინც ეყო­ლე­ბო­დაო. მა­მა დე­დას აბ­რა­ლებ­და, შე­ნი ბრა­ლია, ის ბი­ჭი რომ მა­ცე­მი­ნე. შენ მი­ჩი­ჩი­ნებ­დი, რომ ჩვე­ნი წრის არ იყო და ჩვენს შვილს არ შე­ე­ფე­რე­ბო­და. ჰო­და, გყავ­დეს ახ­ლა ში­ნა­ბე­რაო. მე კი ერ­თა­დერ­თი რამ ვერ მი­პა­ტი­ე­ბია სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის: რა­ტომ არ ვცა­დე გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა? იქ­ნებ დღეს უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბა მქო­ნო­და და ისევ გი­ო­ზე აღარ მე­ფიქ­რა. ან იქ­ნებ, თბი­ლის­ში იმ­დე­ნი მოგ­ვე­ხერ­ხე­ბი­ნა, რომ გავ­პა­რუ­ლი­ყა­ვით... თუმ­ცა, ახ­ლა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ფიქ­რი სი­სუ­ლე­ლეა, მა­ინც მა­წუ­ხებს ხოლ­მე უპა­სუ­ხოდ დარ­ჩე­ნი­ლი კითხ­ვე­ბი. ამი­ტომ ვფიქ­რობ და ყვე­ლა ახალ­გა­ზრ­დას ვურ­ჩევ: გა­რის­კეთ, თუ ეს რის­კი სი­ცოცხ­ლეს არ შე­უქ­მ­ნის საფ­რ­თხეს. თუ არ იმოქ­მე­დებთ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ნა­ნე­ბე­ლი გა­გიხ­დე­ბათ, ოც­ნე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად არა­ფე­რი რომ არ მო­ი­მოქ­მე­დეთ..."

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი "გზა"