"რა იქნებოდა, რომ გამერისკა, საზღვარგარეთ წავყოლოდი და ოჯახი შეგვექმნა?" - კვირის პალიტრა

"რა იქნებოდა, რომ გამერისკა, საზღვარგარეთ წავყოლოდი და ოჯახი შეგვექმნა?"

"მეორე დღეს დამირეკა, ნატა, წამო, სადმე გავიქცეთო... ტირილი ამივარდა. მაწყნარებდა, ნუ ტირი, ყველასგან ჩუმად საზღვარგარეთ წავიდეთ, ჩვენც ხომ გვაქვს ბედნიერების უფლებაო..."

"ვუთხარი, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად ბაჩოსთან რომანს ვნანობდი. ნეტავ, ადრე გამეცანი-მეთქი. გამიღიმა, ნეტავო..."

"ძვირფასო რედაქცია, გწერთ წერილს და იმედი მაქვს, ჩემი ისტორია მკითხველს ბევრ რამეზე დააფიქრებს. პირველმა ქორწინებამ არ გამიმართლა. ახალგაზრდობით დაუფიქრებლად მომივიდა, გარეგნობამ მომატყუა და ოცი წლისა დათას ცოლად გავყევი. ჩვენი შვილი გუგა ერთი წლისაც არ იქნებოდა, როცა მივხვდით, რომ ერთად ცხოვრება არ შეგვეძლო და დავშორდით. წლები გადიოდა, გუგა იზრდებოდა. დათა მის სანახავად იშვიათად მოდიოდა. სხვა ოჯახი შექმნა და შვილებიც ჰყავდა.

მე კი გამუდმებით ვეძებდი მეორე ნახევარს. იყო პატარ-პატარა რომანები, მაგრამ მალევე მთავრდებოდა. ერთხანს უსამსახურობის გამო სახლში ჯდომამ მომიწია. მეზობელი მყავდა, ხათუნა. ბოლო დროს გასუქდა და სავარჯიშო დარბაზში სიარული დაიწყო. მეც ამიყოლია - მაინც არაფერს აკეთებ და ფორმას მაინც აღვიდგენთო. ყველაფერი სწორედ მაშინ დაიწყო. ბაჩო იქ გავიცანი. ექიმი იყო, თავისუფალ დროს ვარჯიშობდა. პირველად ჩვენი ყურადღება ნავარჯიშები სხეულით მიიპყრო. მერე დიდხანს ვმკითხაობდით, რომელმა მოვხიბლეთ. აღმოჩნდა, რომ მე მოვეწონე.

უცოლშვილო იყო, უზრუნველყოფილი და ხათუნა დღე და ღამე ჩამჩიჩინებდა, ხელიდან ნუ გაუშვებო. ვერ ვიტყვი, რომ გადავირიე, მაგრამ როცა პაემანზე დამპატიჟა, დავთანხმდი. მერე შეხვედრებს მოვუხშირეთ. ხეირიანად ახლაც არ ვიცი, რატომ ვხვდებოდი. ალბათ, მარტოობას გავურბოდი.

ბოლოს ღამე სასტუმროშიც გავატარეთ.

საკუთარ თავზე ახლაც ვბრაზობ - ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა იყო. უჩემოდ ვეღარ ძლებდა. ვხედავდი, როგორ ვუყვარდი და სულ ჩემ გვერდით ყოფნას ცდილობდა, მე კი ნელ-ნელა ავითვალწუნე, სრულიად უმიზეზოდ, თუმცა სხვა მიზეზი რად მინდოდა - არ მიყვარდა.

ბოლოს, იქამდე მივედით, რომ ბეჭდით გამომეცხადა. კინაღამ გავგიჟდი და იძულებული გავხდი, ურთიერთობა გამეწყვიტა. ვცადე, მშვიდად მომეშორებინა. ჯერ ამისათვის მზად არ ვარ, უნდა მოვიფიქრო-მეთქი, ვუთხარი. ვერაფერი გაიგო, ნაწყენი და დათრგუნვილი წავიდა.

ისევ მარტო დავრჩი. ვარჯიშსაც თავი მივანებე, რადგან მასთან შეხვედრა არ მინდოდა. ხათუნამ ვერ გაიგო, რომ ბაჩო ჩემი რომანის გმირი არ იყო.

- ვერ ხვდები, რომ პატარა გოგო აღარ ხარ? ასე თუ მოიქცევი, აღარავინ გაგეკარება, ბოლოს კი ბებერი და მარტოსული დარჩები, - მითხრა და ჩემს წარუმატებელ რომანებს რომ გადავხედე, მივხვდი, მართალი იყო.

ამ ამბიდან ერთი თვის შემდეგ, ბაჩომ ისევ დამირეკა და შინ მიმიპატიჟა. რაც არის, არის, იქნებ მართლაც ბედია-მეთქი, ვიფიქრე და წავედი.

მთელი ოჯახი დიდი სიხარულით და მოკრძალებით შემხვდა. მაშინ გავიცანი ნიკუშაც, ბაჩოს ძმა. მასზე თორმეტი წლით უმცროსი იყო, საზღვარგარეთიდან ახალი ჩამოსული, ბაჩოს ანტიპოდი. ძალიან კომუნიკაბელური, მხიარული, თვალებში ეშმაკუნები დაურბოდა. სუფრას მივუსხედით, რაც უფრო ვაკვირდებოდი, მით მეტად მომწონდა. თავის ამბებს ჰყვებოდა და ყველას ამხიარულებდა.

ბაჩო დინჯად იჯდა და დროდადრო ჩაეღიმებოდა ხოლმე. დედა-მამაც ძალიან მომეწონა. ორივე ექიმი იყო. მათ ოჯახში გამონაკლისი მხოლოდ ნიკუშა იყო - მედიცინა გვერდზე გადაედო და ხელი მხატვრობისთვის მიეყო, თან ქართული ფოლკლორით იყო გატაცებული. მოკლედ, მოვიხიბლე...

იმ საღამოს სახლში მანქანით ნიკამ წამომიყვანა. ბაჩომ - შეუძლოდ ვარო. არ ვიცი, იმასაც მოვეწონე თუ რა იყო, მაგრამ შეყვარებული კაცის თვალებით კი მიყურებდა. იქნებ ასეთი მზერაც ჰქონდა, არ ვიცი... ან გამოუსწორებელი მექალთანე იყო.

საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი. ბაჩოსთან ურთიერთობას ახლა ყველაზე მეტად ვნანობდი. ბაჩო კი გამუდმებით მირეკავდა.

მათი ოჯახის ხშირი სტუმარი გავხდი. ვითომ ბაჩოსთან მივდიოდი, სინამდვილეში კი ნიკუშას ნახვა მინდოდა. არ ვიცოდი, თავს როგორ მოვრეოდი. მესმოდა, რომ ყველაფერი სისულელე იყო, რომ ნიკუშასთან ურთიერთობას პერსპექტივა არ ჰქონდა, თუმცა, მისი მრავლისმეტყველი მზერა თითქოს სწორედ ამის პირობას მაძლევდა. მისი მშობლებიც, რა თქმა უნდა, როგორც ბაჩოს მომავალ მეუღლეს, ისე მიყურებდნენ.

ამასობაში ბაჩოს საზღვარგარეთ წასვლამ მოუწია. სასასოწარკვეთილი ვიყავი, იმიტომ, რომ მისი ძმის ნახვას ვეღარ შევძლებდი. ვტიროდი და ხათუნა მაწყნარებდა. ყოველი წუთი ტაატით გადიოდა.

ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა, ტელეფონმა რომ დარეკა. უხალისოდ ვუპასუხე და ყურმილი ხელში გამიშეშდა. ნიკა იყო - მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად მივდივარ და შენც წამოდიო. დავიბენი, მაგრამ გონს მოსვლა არ დამაცადა - გამოგივლიო.

მანქანით მომაკითხა. პატარა გოგოსავით ვღელავდი. სადღაც ბარში წავედით, დავლიეთ, ვიცეკვეთ, ვიხალისეთ და გამთენიისას სახლში მომიყვანეს. არაფერი ზედმეტი.

ამის შემდეგ მოწყენის საშუალება აღარ მოუცია. ხშირად მოდიოდა და სასეირნოდ და გასართობად მივყავდი. როგორც მივხვდი, ღამის ცხოვრება უყვარდა.

ერთხელ მანგლისში, მისი მეგობრის აგარაკზე აღმოვჩნდით. რა თქმა უნდა, დავლიეთ. უკვე გვიანი იყო, საძინებლისკენ რომ გავემართე, ოთახში ისიც შემომყვა.

გაოცებულმა შევხედე და გადი-მეთქი, ვთხოვე. ვცახცახებდი, გული ყელში მომებჯინა. ჩემი თხოვნა ყურად არ იღო, მომიახლოვდა და კოცნა დამიწყო. იმ წუთში მასთან სიახლოვის გარდა არაფერი მინდოდა, მაგრამ გონს მოვეგე და უხეშად გავწიე. გაუკვირდა, თვალებში ისევ ეშმაკები დაურბოდა, მიღიმოდა... ეს ღიმილი ძალიან მომწონდა. არაფერი გამოგვივა-მეთქი, ვუთხარი. ისევ გამიღიმა და ოთახიდან უსიტყვოდ გავიდა.

იმ ღამეს არ მძინებია, ფიქრში დამათენდა. გადავწყვიტე, რომ ეს ცირკი დამემთავრებინა.

დილით სახლში წამოვედი. ნიკუშა აღარ შემომხმიანებია. ერთ კვირაში ბაჩოც ჩამოვიდა. როგორც იქნა, გავბედე და ვუთხარი, რომ არ მიყვარდა, თუმცა დიდ პატივს ვცემდი. გულნატკენს სიტყვაც არ დასცდენია.

წელიწადზე მეტი იყო გასული, ნიკუშა რომ გამომეცხადა. გამოგიარე, მოგიკითხეო, მითხრა. ნაბახუსევი იყო და ლუდის დასალევად დამპატიჟა, კომპანიონობა გამიწიეო.

ბევრი ვილაპარაკეთ. მომიყვა, რომ ბაჩომ ჩემთან განშორება ძალიან განიცადა, მერე უკრაინელი გოგო გაიცნო და ცოლად მოყვანას აპირებსო. გამომიტყდა, რომ ძალიან მოვწონდი, რომ ჩემთან ურთიერთობა ყოველთვის უნდოდა, მაგრამ ძმის გამო თავს იკავებდა. მერე მანგლისში თავს ვეღარ მოერია, მაგრამ როცა ჩემგან უარი მიიღო, ჩემდამი ასმაგი პატივისცემით განიმსჭვალა. მეც ვუთხარი, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად ბაჩოსთან რომანს ვნანობდი. ნეტავ, ადრე გამეცანი-მეთქი. გამიღიმა,"ნეტავო... მერე შემომთავაზა, ვიმეგობროთო. დავთანხმდი და ერთმანეთს დავემშვიდობეთ...

მეორე დღეს დამირეკა,"წამოდი, სადმე გავიქცეთო... ტირილი ამივარდა. მაწყნარებდა, ნუ ტირი, საზღვარგარეთ წავიდეთ, ჩვენც ხომ გვაქვს ბედნიერების უფლებაო...

მიუხედავად იმისა, რომ ბაჩოსთან აღარაფერი მაკავშირებდა, უარი ვუთხარი. სხვაგვარად არ შემეძლო, ეს უზნეო საქციელი იქნებოდა.

წლებმა თავისი ქნა. უკვე გუგა მყავდა დასაქორწინებელი.

ქუჩაში შემთხვევით ბაჩო შემხვდა, თავის უკრაინელ ცოლთან ერთად. მეგონა, ნაწყენი იქნებოდა, მაგრამ ძალიან თბილად მომიკითხა. მომიყვა, რომ ორი შვილის მამა იყო, რომ სამუშაოდ საზღვარგარეთ, კლინიკაში მიიწვიეს, მოკლედ, ცხოვრება ძალიან კარგად აეწყო. მოგვიანებით ნიკუშას ამბავი ვიკითხე. თავისზე თხუთმეტი წლით უფროსი სამშვილიანი ქალი შეირთო და არც ერთი არ ველაპარაკებითო... მერე ერთმანეთს დავემშვიდობეთ...

გზაში ვფიქრობდი, რა იქნებოდა, რომ გამერისკა, ნიკუშას საზღვარგარეთ გავყოლოდი და ოჯახი შეგვექმნა? ნატა ნ."

ანა ყარალაშვილი