"ერთ დღესაც ყველაფრის შეცვლა გადაწყვიტა" - კვირის პალიტრა

"ერთ დღესაც ყველაფრის შეცვლა გადაწყვიტა"

"ეკას დაყოლიება ადვილი არ იყო, ამიტომ ზაზამ სმას და ხვეწნა-მუდარას უმატა. რამდენჯერმე მიუვარდა და კარის შემტვრევას ლამობდა"

ეს ისტორია დედაჩემის მეგობრისგან მოვისმინე. ზაფხული იყო, მასთან აგარაკზე სტუმრად ავედი. ეკა მხიარული და საინტერესო ქალი აღმოჩნდა. საკუთარი სილამაზის სალონი ჰქონდა და არ უჭირდა. ერთი შვილი ჰყავდა, რომელზეც მზე და მთვარე ამოსდიოდა. ქმარი არ ჰყავდა, არც საყვარელი და ამის მიზეზი, როგორც თვითონ თქვა, მისი მწარე გამოცდილება იყო.

ზაზას ოჯახმა ბინა ეკას მეზობლად იყიდა. როცა ეკა სასწავლებლიდან ბრუნდებოდა, ზაზა უბნელ ბიჭებთან ერთად ეზოში ლუდს სვამდა ხოლმე. შავგვრემანი, ჩასკვნილი ბიჭი იყო, ყოველთვის სპორტულად ეცვა და ძმაბიჭებში ყველაზე ხმაურიანი ჩანდა. ერთხელ ეკა ნაყინზე დაპატიჟა. გოგომ ყოველთვის იცოდა, რომ თვალწარმტაცი გარეგნობა არ ჰქონდა, ამიტომ საპირისპირო სქესის ყურადღებას არცთუ ხშირად იპყრობდა, ამიტომ ზაზას შეთავაზებამ ცოტა დააბნია, მაგრამ დათანხმდა.

ამის შემდეგ საღამოობით ხშირად სეირნობდნენ და ნაყინს მიირთმევდნენ. მათი შეხვედრები ზაზას დედას არ გამოჰპარვია. სოფო შავებში ჩაცმული, მკაცრი ქალი იყო, ისეთი მზერა ჰქონდა, გაგაჟრჟოლებდა, თითქოს რენტგენის აპარატით გაკვირდებოდა.

ეკას მიმართ მაშინვე აგრესიულად განეწყო. მიხვდა, ახალგაზრდებს ერთმანეთი მოსწონდათ და მათი ურთიერთობის შეწყვეტა სცადა. ეკას მშობლებთან მივიდა და მიახალა, ქალიშვილისთვის მიეხედათ - მის რძლად მიყვანას არ ვაპირებო. ისიც უთხრა, რომ დაბალი და შეუხედავი გოგო მისი შვილისთვის შეუფერებელი იყო. ეკას მშობლებს, რა თქმა უნდა, მეზობლის ნათქვამი გულზე მოხვდათ, მაგრამ საპასუხოდ შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. საღამოს შინ მისულ შვილს კი ურჩიეს, ზაზას მოერიდე, თორემ უსიამოვნებები არ აგცდებაო.

მშობლების ნათქვამი გოგომ ყურად არ იღო, პირიქით, ზაზასთან სეირნობას მოუხშირა. საერთოდ, ჯიუტი და თავნება ზაზა მიხვდა, რომ ეკას სიყვარულით თავს კარგავდა და ცოლობა შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ ეკა მასზე რვა წლით უმცროსი იყო და ზაზასთვის ის მეორე ცოლი იქნებოდა, მაშინვე დათანხმდა.

მეორე დღესვე გაიპარნენ, რადგან იცოდნენ, ორივე ოჯახის წევრები ამ ამბავს იოლად ვერ გადაიტანდნენ. მართლაც, ერთი ამბავი ატყდა. ქალბატონი სოფო ისევ ეკას დედ-მამას ეახლა და იქაურობა აიკლო,"ახლავე წადით და წამოიყვანეთ თქვენი გოგოო!"მაგრამ ახალგაზრდების ადგილსამყოფელი არავინ იცოდა.

სოფო დაღამებამდე ეკას ბინაში იჯდა და მოთქვამდა, ღამის პირველ საათზე, როგორც იქნა, შინ წასვლა გადაწყვიტა, გასვლისას კი ეკას დედას დაუბარა, სულერთია, ეგ ჩემი რძალი მაინც ვერ გახდებაო!

ახალშეუღლებულები ჯერ მანგლისში, ზაზას მეგობართან იყვნენ, მერე კი რამდენიმე დღე ბათუმში გაატარეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში სოფო მეზობლებში დადიოდა და რძალს ლანძღავდა - სარკეში არ იხედება, ეგ მაიმუნიო?

ახალგაზრდები რომ ჩამოვიდნენ, სოფოსთან არ მისულან - იქვე ახლოს, ეკას მშობლების ხელშეწყობით, ერთოთახიანი ბინა იქირავეს.

ზაზას ბოჰემური ცხოვრება და დროს ტარება იზიდავდა. ეკა, პირიქით, პრაგმატული და მეოჯახე გოგო იყო. თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა, ახალშეუღლებულები ერთმანეთის სიყვარულით ხარობდნენ, ცდილობდნენ, ერთმანეთისთვის ესიამოვნებინათ.

მალე ეკა დაფეხმძიმდა. გარეთ საქმეზე გასვლისას სულ ეშინოდა, სადმე დედამთილის ავ თვალს არ გადაჰყროდა. როცა ეს ამბავი სოფომ გაიგო, დაიფიცა, რომ შვილიშვილს ახლოს არ გაიკარებდა.

პირველი ორსულობა ცუდად დამთავრდა - ბავშვის შენარჩუნება ვერ შეძლეს, მერე იყო მეორე ფეხმძიმობა.ზაზა ცოლს უფრთხილდებოდა, ხელისგულზე ატარებდა. მშობიარობის დრომ როცა მოაწია, ყველას გასაოცრად, ქალბატონი სოფო სამშობიაროში მივიდა და შვილიშვილი მოინახულა, თუმცა ეკასთვის ხმა არ გაუცია და შვილის შეძენა არც კი მიულოცავს.

ზაზა მზრუნველი მამა აღმოჩნდა, პატარას ყურადღებას არ აკლებდა, მაგრამ მერე და მერე, ეტყობა, ერთფეროვნება მოსწყინდა და უმეტეს დროს გარეთ, თავის მეგობრებთან ერთად ატარებდა. სასმელსაც მიეძალა. დღე არ გავიდოდა, შინ შეზარხოშებული არ მისულიყო.

ახლა მათ სახლში ჩხუბისა და კამათის ხმა ისმოდა. ზაზას აღარაფერი აინტერესებდა. რა თქმა უნდა, შვილის სასმლისადმი მიდრეკილებაც დედამთილმა რძალს დააბრალა."შვილი გამილოთაო, ამბობდა.

ეკა ხვდებოდა, რომ ზაზა თავს იღუპავდა და მეუღლის გადარჩენას ცდილობდა. ზაზა მხოლოდ პირობას დებდა, რამდენიმე დღეც და, გამოვძვრებიო, მაგრამ ყველა დაპირება ამაო იყო. თავს ვერ ერეოდა, პერიოდულად აგრესიულიც ხდებოდა, ეკას უყვიროდა, სახლში ნივთებს ლეწავდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ეკამ ბავშვს ხელი მოჰკიდა და მშობლებთან დაბრუნდა. ზაზა ერთხანს მარტო ცხოვრობდა, მერე ისიც დედასთან დაბრუნდა, მაგრამ მეუღლეს ყოველდღე ურეკავდა და შერიგებას სთხოვდა.

ეკას დაყოლიება ადვილი არ იყო, ამიტომ ზაზამ სმას და ხვეწნა-მუდარას უმატა. რამდენჯერმე მიუვარდა და კარის შემტვრევას ლამობდა. მაშინ ეკამ დედამთილს დაურეკა და ზაზას წაყვანა სთხოვა, რაზეც, რაღა თქმა უნდა, მკვახე პასუხი და ლანძღვა მიიღო.

ბოლოს სოფომ ზაზა საავადმყოფოში დააწვინა. მკურნალობის შემდეგ, გამოჯანმრთელებული, ეკასთან შესარიგებლად მივიდა.

შერიგდნენ, ოღონდ ზაზა ეკას მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ მშვიდობიანი ცხოვრება დიდხანს ვერ გაგრძელდა - ზაზა ისევ სასმელს მიეძალა. საწოლიდან ადგომაც კი უჭირდა, სასმლით სავსე ჭიქა გამუდმებით საწოლის გვერდით ედგა და მასთან სასწრაფო დახმარების ექიმების ვიზიტები არ წყდებოდა.

ზაზა ისევ საავადმყოფოში დააწვინეს. იქიდან დაბრუნებულს ისევ ბევრი ხვეწნა-მუდარა დასჭირდა მეუღლის დასაბრუნებლად და ოჯახის შესანარჩუნებლად. ეფიცებოდა, რომ საკუთარ თავზე მეტად უყვარდა და მის გარეშე მის სიცოცხლეს აზრი არ ჰქონდა. სოფო შვილს აქეზებდა,"შე სულელო, როგორ შეიძლება ასეთი ქალი ასე გაგიჟებით გიყვარდესო, ზაზა კი ჯიუტად ცდილობდა ცოლის გულის მოგებას.

დროთა განმავლობაში ბინა იქირავა, მუშაობა დაიწყო და ეკა და ბავშვი იმ ბინაში წაიყვანა. ეკას იმედი გაუჩნდა, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა. ზაზა დილაობით ვარჯიშობდა, მერე სამსახურში მიდიოდა, საღამოობით კი ცოლ-შვილს ესიყვარულებოდა. ეს ბედნიერება ამჯერად რამდენიმე თვეს გაგრძელდა, მერე კი...

ეკას მშობლებმა ქმართან ერთხელ და სამუდამოდ გაცილება ურჩიეს, ბავშვს მაინც ნუ დაუნგრევ ფსიქიკასო. ასეც მოიქცა და ისევ მშობლებთან დაბრუნდა. ზაზასაც ხვეწნა-მუდარა მოსწყინდა და საყვარელი გაიჩინა.

შორენას ზაზა ძალიან უყვარდა და მის ყველანაირ საქციელზე თვალს ხუჭავდა. ხშირად ღამით, როცა ეკა ბავშვს აძინებდა, ფანჯრებთან ზაზა და შორენა სიცილ-სიცილით ჩაივლიდნენ და ეკას გული ეკუმშებოდა, თუმცა არაფერს იმჩნევდა.

სამაგიეროდ, დედამთილი იყო ბედნიერი -"საოცარი გოგო მოჰყავს ზაზას ცოლადო,"ხმებს ავრცელებდა. ასეც, მოხდა - ზაზამ შორენა ცოლად შეირთო და ბიჭიც შეეძინათ. ეკა ხშირად ხედავდა, ქალბატონი სოფო საბავშვო ეტლით შვილიშვილს როგორ ასეირნებდა, დროდადრო კი ტელეფონზე ზაზას შეტყობინებები მოსდიოდა - ძველებურად სიყვარულს ეფიცებოდა და მონატრებაზე ელაპარაკებოდა.

ეკას ასე ცხოვრება აღარ შეეძლო და ერთ დღესაც ყველაფრის შეცვლა გადაწყვიტა. გვერდით ისევ მშობლები დაუდგნენ. გაჭირვების გამო ეკას დედას საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა მოუხდა, რაღაც თანხის მოგროვებაც შეძლო. ამ თანხით ეკამ საკუთარი სილამაზის სალონი გახსნა. ყოველთვის მიზანდასახული, ფარ-ხმალს არც ახლა ყრიდა. ნელ-ნელა სალონი ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ სალონად აქცია და წელშიც გაიმართა.

წლების შემდეგ მეხივით დაატყდა თავს ყოფილი მეუღლის გარდაცვალების ამბავი. წლები ინახა გულში მისი სიყვარული, როცა მისი ქალიშვილი სკოლიდან დაბრუნდა, ცრემლებიც დაუმალა. მამა-შვილს ურთიერთობა არ გაუწყვეტია, ამიტომ ეს ამბავი ბავშვმაც მძიმედ გადაიტანა...

გამოხდა ხანი და ეკას ქალიშვილი გათხოვდა, დედამ შვილს ლამაზი ქორწილი გადაუხადა და საქორწილო მოგზაურობაშიც გაუშვა, მერე კი მეგობართან, ანუ დედაჩემთან ერთად დასვენებაც გადაწყვიტა. მეც იქ აღმოვჩნდი და ეს სიყვარულის ისტორიაც მოვისმინე...