"ბედნიერების უფლება ყველას აქვს, მათ შორის - უნარშეზღუდულ ადამიანსაც "
28-08-2017
"ბედნიერების უფლება ყველას აქვს, მათ შორის - უნარშეზღუდულ ადამიანსაც "
"ზურა კარგი ადამიანი იყო და ვიფიქრე, ჯანდაბას ყველაფერი, ოჯახს შევქმნით-მეთქი. დავთანხმდი, ზურა ბედნიერი იყო, მე კი უფრო მებრალებოდა. ახლახან საქორწილო მოგზაურობაშიც გახლდით, გაგიკვირდებათ და დასასვენებლად მთებში წავედით, ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომ ბედნიერება ვიპოვე, მაგრამ სიმშვიდე რომ მოვიპოვე, დანამდვილებით ვიცი"

პირველად თექვსმეტი წლისა გავთხოვდი, მაგრამ მალევე გავეყარე, არადა, მეგონა, პირველი და უკანასკნელი სიყვარული მეწვია, ჩემი ქმარი თვრამეტი წლის ბიჭი იყო, დედის კალთას გამოკერებული. მახსოვს, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა
აბაზანიდან გამოსულს დედამ თმა ფენით გაუშრო და ლამაზად დაუვარცხნა. ყველაფერს დედა უკეთებდა, თითქოს თავად უხელფეხო იყო. ფობიები ჰქონდა -სიბნელის და სიმარტოვის ეშინოდა. ჩვენი ურთიერთობა უფრო დაძმურს წააგავდა, თანაც მე უფროსი და ვიყავი, რომელსაც მასზე უნდა ეზრუნა. უსუსური და მოუხერხებელი რომ იყო, ვფიქრობ, ჩემი დედამთილის დამსახურება
გახლდათ. ძალაუფლების მოყვარულმა ქალმა შვილი უმამოდ გაზარდა და ოჯახში კაცის ფუნქციაც შეთავსებული ჰქონდა. ჰოდა, როცა ვარდისფერი სათვალე მოვიხსენი, წამოვედი კიდეც, -ასე დაიწყო თავის ისტორიის მოყოლა თამუნამ.

მას შემდეგ წლები მარტომ გავატარე -შეცდომის დაშვება აღარ მინდოდა. ჩემ გვერდით ძლიერი მამაკაცი უნდა ყოფილიყო. ოცდათხუთმეტმა წელმა ისე მომიკაკუნა, ვერც შევამჩნიე. ჩემს მეგობრებს შვილები და ზოგს უკვე -შვილიშვილიც ჰყავდა. კითხვა: "თამუნჩიკ, როდის თხოვდები?" - უკვე ძალიან მაღიზიანებდა.

მუსიკალურ სკოლაში ვმუშაობდი. ბავშვებიც და მუსიკაც ძალიან მიყვარს და მათთან ურთიერთობა ძალიან მახალისებდა. და, ალბათ, არც არაფერი შეიცვლებოდა, საფრანგეთიდან ჩემი დიდი ხნის მეგობარი ნუცა რომ არ ჩამოსულიყო. ნუცას არაჩვეულებრივი გემოვნება ჰქონდა, კარგად ჩაცმა და ფულიანი მამაკაცები უყვარდა. სამჯერ გათხოვილ-გამოთხოვილს ხანმოკლე რომანებიც ჰქონდა და ჩემსავით მარტო ყოფნა არ შეეძლო. ბოლო რამდენიმე წელი საფრანგეთში ცხოვრობდა და როცა სამშობლოში დაბრუნდა, მაშინვე შემეხმიანა - "ძალიან მაგარი ბიჭი ჩამოგიყვანე და უნდა გაგაცნოო, საღამოს რესტორანში დამპატიჟა, ის ბიჭიც იქ იქნებაო.

თავიდან ვიუარე, მაგრამ ისე აქო, დავინტერესდი."ქართველია, სპორტსმენი, ძალიან მაგარი ტიპია, შეძლებული და დროდადრო თავის საქმეებზე საფრანგეთში დადისო, მითხრა. ისიც დაამატა, ცოლ-შვილი და ეგეთები არ ჰყავს და არც ჰყოლიაო.
მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ არ მჯეროდა, თუ რამე გამოვიდოდა, საგულდაგულოდ გამოვეწყვე და სილამაზის სალონშიც შევიარე.

რესტორანში ნუცას მეგობრები დამხვდნენ. ჩემი მეგობარი დიდი სიხარულით შემხვდა, ხელი ჩამკიდა და მიშკას გასაცნობად წამიყვანა.
-ეს მიშკაა, ეს კი ჩვენი თამუნჩიკა, სხვათა შორის ვიოლინოსა და გიტარაზე არაჩვეულებრივად უკრავს!" - გაგვაცნო ერთმანეთი ნუცამ და გაგვეცალა.
აღმოჩნდა, რომ მიშკას ძალიან უნდოდა, გიტარაზე დაკვრა ესწავლა. არც ვაციე, არც ვაცხელე და -გასწავლი-მეთქი, შევპირდი. თითქოს გაუხარდა, თუმცა არც მიფიქრია, თუ ეს პირობა დაამახსოვრდებოდა. იმ საღამოს დიდხანს ვისაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ ოდესღაც ველოსპორტით იყო გატაცებული, მერე რაგბით და თავი წარმატებითაც გაართვა. თბილისში მარტო ცხოვრობდა, ვაკეში სამოთახიანი ბინა ჰქონდა, დედა საფრანგეთში ჰყავდა, ფრანგზე იყო გათხოვილი და მიშკაც იქ ხშირად ჩადიოდა. ჩემზე უმცროსი იყო, მაგრამ შესახედავად არაფერი გვეტყობოდა.

მეორედ ნუცასთან შევხვდით ერთმანეთს. ტორტი გამოაცხო და დაგვპატიჟა. საღამო სასიამოვნოდ გავატარეთ, გიტარაზე ვუკრავდი და ვმღეროდით. მესამედ კი თვითონ დამირეკა,"გიტარაზე დაკვრას როდის მასწავლიო? გამეცინა,"ოდესმე-მეთქი. აღარ ჩამაცივდა, მაგრამ მეორე დღეს მანქანით მუსიკალურ სკოლასთან დამხვდა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მოვეწონე, მეც მოხიბლული ვიყავი.

იმ საღამოს დიდხანს ვისეირნეთ. ბედნიერებისაგან ვბრწყინავდი, ორივე საოცრად რომანტიკულ განწყობაზე ვიყავით."როცა ჯვრისწერას დავაპირებ, საცოლესთან ლიმუზინის ნაცვლად ფაეტონით მივალო, მითხრა.

რაც მეტად ვაკვირდებოდი, მით მეტად მომწონდა. მერე ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს, რომ უერთმანეთოდ ერთ დღესაც ვერ ვძლებდით. სამსახურთან მაკითხავდა და თითქმის გათენებამდე ერთად ყოფნით ვტკბებოდით.

ერთ საღამოს გამომიცხადა, რომ დრო იყო, მასთან დავრჩენილიყავი. თავი არ გამიგიჟებია. მივედი და დავრჩი. საოცარი ღამე გავატარეთ. მას მერე თითქმის ყოველღამე იქ ვრჩებოდი. სახლს ვალაგებდი, მის ტანსაცმელს ვაწესრიგებდი, საჭმელს ვამზადებდი, საღამოობით კი ტელევიზორთან ვისხედით და ფილმებს ვუყურებდით.

თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ მერე და მერე ცვლილება შევატყვე. ჩემი გამუდმებული იქ ყოფნა აღარ მოსწონდა. თავდავიწყებით მიყვარდა და ურთიერთობის დაკანონებას ვჩქარობდი, ამიტომ გულწრფელად სასაუბროდ გამოწვევა ვცადე. ხეირიანად არაფერი ამიხსნა.
ნუცას დავურეკე და შევჩივლე, ასე და ასეა-მეთქი. მირჩია, ნუ აგრძნობინებ, რომ ხელბორკილის დადებას და ცოლად გაყოლას უპირებო. გავბრაზდი, რომელი გასართობი ქალი მე მნახა-მეთქი!
საღამოს, როცა სამსახურის შემდეგ მასთან მივედი, დივანზე წამოწოლილი დამხვდა. ყურადღება არ მომაქცია. გვერდით მივუჯექი და კატეგორიულად მოვთხოვე, თავისი უხასიათობისა და შეცვლის მიზეზი აეხსნა.
ეტყობა, დიდი ხნის ნაფიქრი ჰქონდა და მაშინვე მითხრა, რომ დაქორწინებას ჯერჯერობით არ აპირებდა და სახლში ცოლი არ სჭირდებოდა."შენ კი ისე იქცევი, თითქოს უკვე ჩემი ცოლი ხარო.
გული მომეწურა, ვიგრძენი, ცივმა ოფლმა როგორ დამასხა, მაგრამ თავს მოვერიე და წყენა გულში ჩავიკალი, მერე საკუთარ თავზე გავბრაზდი, რამ გამომაშტერა ამხელა ქალი, ასე დამამცირა და მაინც მის გვერდით, რომ ვარ-მეთქი!
ავდექი და ტანსაცმლის ჩასალაგებლად საძინებელში გავედი. ჩემდა გასაოცრად, გამომყვა, სანამ მე ტანსაცმელს ვალაგებდი, უკან დამდევდა და მიხსნიდა, რომ ვუყვარდი, მაგრამ დაოჯახება არ ეჩქარებოდა, რადგან ჯერ ახალგაზრდა იყო, გართობა უნდოდა.
მისი სიტყვები თავიდან მოცილებასავით ჟღერდა. მხოლოდ იმას ვგრძნობდი, რომ ისევ შემეშალა, რომ ისევ პატარა ბავშვი შემიყვარდა, რომელსაც თამაში და დროს ტარება უნდოდა. პატარა გოგო აღარ ვიყავი, გარკვევით ავუხსენი, რომ მე მხოლოდ მისი საყვარელი და გასართობი ვერ ვიქნებოდი. შევთანხმდით, რომ უნდა დავცილებოდით, თუმცა უშენობა ძალიან გამიჭირდებაო, მითხრა.
არ დავუჯერე. გულნატკენი და განადგურებული წამოვედი. ვგრძნობდი, ფეხები არ მემორჩილებოდა.

მას შემდეგ ერთმანეთს აღარ შევხმიანებივართ. ნუცასგან გავიგე, რომ საფრანგეთში დაბრუნდა. მე კი ცხოვრება ძველებურად გავაგრძელე.
ერთი წლის შემდეგ ჩემი თანამშრომლის, ელეონორას ვაჟი, ზურა გავიცანი. ორმოცდაათ წლამდე იქნებოდა. ისიც მუსიკოსი, პიანისტი. ძალიან განათლებული იყო, ახლობლები ცოცხალ ენციკლოპედიას ეძახდნენ, მაგრამ... დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა. ავტოკატასტროფის შედეგად ხერხემალი დაუზიანდა და მას შემდეგ ინვალიდის ეტლით გადაადგილდებოდა.
ზურას ოჯახის შექმნა უნდოდა. ამიტომაც გამაცნეს, შენთვისაც დროა და იმისთვისაცო. კარგი ადამიანი იყო და ვიფიქრე, ჯანდაბას ყველაფერი, ოჯახს შევქმნით-მეთქი.

დავთანხმდი, ზურა ბედნიერი იყო, მე კი უფრო მებრალებოდა. ნუცამ დამირეკა, რა სისულელეს აკეთებო, მაგრამ არ მოვუსმინე. ვუთხარი, რომ ბედნიერების უფლება ყველას აქვს, მათ შორის -უნარშეზღუდულ ადამიანსაც და ტელეფონი გავუთიშე.
გაცნობიდან სამ თვეში ზურას ცოლი გავხდი. ჯვრისწერაზე ფაეტონით წასვლა არ მეღირსა, სამაგიეროდ, გვერდით კარგი მეოჯახე და კეთილშობილი ადამიანი მყავს, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა და რომელსაც უზომოდ ვუყვარვარ... ახლახან საქორწილო მოგზაურობაშიც გახლით, გაგიკვირდებათ და დასასვენებლად მთებში წავედით, ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომ ბედნიერება ვიპოვე, მაგრამ სიმშვიდე რომ მოვიპოვე, დანამდვილებით ვიცი.

ანა ყარალაშვილი
ლიკუ
31 ოქტომბერი 2017 14:07
მიხარია. . ბედნიერებას გისურვებ. მარატალია გული გეტკინა მაგრამ არაფერია მატავარია იპოვე სიმშვიდე.

რედაქტორის რჩევით