"ის ერთადერთი იყო, ვინც გამოუსწორებელი მექალთანე პირველმა მიატოვა" - კვირის პალიტრა

"ის ერთადერთი იყო, ვინც გამოუსწორებელი მექალთანე პირველმა მიატოვა"

"სანაპიროზე ნიკამ შემთხვევით თათა დაინახა და მეტყველების უნარი დაკარგა... იმ საღამოს ნიკა სიტყვაძუნწი გახდა. მეორე და მესამე დღეს აღარ მინახავს. მეოთხე დღეს დავურეკე, მოვიკითხე. თათასთან ერთად ზღვის სანაპიროზე ნებივრობდა. ნიკას აზრზე მოყვანას შევეცადე. შევახსენე, რომ თუ ელისო ამ ამბავს შეიტყობდა, უზრუნველყოფილ ცხოვრებას უნდა დამშვიდობებოდა და კაცმა არ იცის, გაბრაზებული სიმამრი სამაგიეროს როგორ გადაუხდიდა..."

"ძვირფასო რედაქცია, ვიცი, რომ წერილებს, ძირითადად, ქალები გწერენ, მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე ჩემი მეგობრის შესახებ მომეთხრო", - გურამ გ.-ძე".

ჩემი მეგობარი ნიკუშა ცნობილი მექალთანე გახლდათ. ერთი ტანმორჩილი, მხიარული ბიჭი იყო, მაგრამ რაღაც ისეთი ჰქონდა, რითაც ქალების მონუსხვას ახერხებდა, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად დალხენილი არასდროს ყოფილა. მერე ამ ქალებს ნიკუშა უყვარდებოდათ, საკუთარ თავს აჯერებდნენ, რომ მისთვის ერთადერთი და განუმეორებელნი იყვნენ, თუმცა, ნიკა ასე არ ფიქრობდა, ამიტომ ყველა მისი რომანი ხანმოკლე იყო.

ნიკუშას ერთადერთხელ უყვარდა. თათა, შავგვრემანი, ხუჭუჭთმიანი გოგო, ერთადერთი იყო, ვინც მასთან რომანის გაჩაღების შემდეგ პირველმა მიატოვა. ერთმანეთს ჰგავდნენ - თათა მამაკაცებს თავს ისეთივე წარმატებით აყვარებდა, როგორც ნიკა ქალებს. ხანგრძლივი ურთიერთობა არც მას ხიბლავდა. სანამ ჩემს მეგობარს გაიცნობდა, ორჯერ განათხოვარი გახლდათ, მაგრამ ამ ფაქტს ნიკასთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. თათა მის გრძელ ნუსხაში ერთადერთი ქალი იყო, ვისზეც თვალდახუჭული დაქორწინდებოდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ორთვიანი ურთიერთობის შემდეგ გოგომ მიატოვა. მაშინ პირველად ვნახე სასოწარკვეთილი ნიკა. თათას შეხვედრას ემუდარებოდა, დაშორების მიზეზის გარკვევას ცდილობდა, თათა კი გაურბოდა.

იმ საღამოს ნიკუშა ჩემთან მოვიდა, თათა"უნდა მოვიტაცოო. გამეცინა,"რომელი საუკუნეა-მეთქი. რომ ვერ გადავაფიქრებინე, იძულებული გავხდი, წავყოლოდი. გეგმა ასეთი იყო - თათა სახლიდან უნდა გამოგვეყვანა და დანარჩენი წინასწარ მოფიქრებული სცენარის მიხედვით გაგვეკეთებინა. ყველაფერი აირია მაშინ, როცა თათა სახლში არ აღმოჩნდა. კარი ბებიამ გაგვიღო, თათა გათხოვდა და აქ აღარ ცხოვრობსო. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, მისი რჩეული ერთი მდიდარი, მასზე გაცილებით უფროსი მამაკაცი აღმოჩნდა.

ნიკამ იდარდა და დაივიწყა. ყოველ შემთხვევაში, მას მერე მეგობრებთან მისი სახელი აღარ უხსენებია. ცხოვრება ძველებურად გააგრძელა. ერთობოდა და დროს ატარებდა. ტელეფონზე ისევ მირეკავდნენ მისი თაყვანისმცემელი მიტოვებული ქალები და დახმარებას მთხოვდნენ...

ერთხელ ნიკამ რესტორნიდან დამირეკა, მოდიო. იქ ელისო გამაცნო, ჩემი საცოლეაო. არ გამკვირვებია, რადგან მსგავსი საცოლეები ბევრჯერ გაუცნია. ერთი წუთით არ დამიშვია, რომ ამ მასავით ტანმორჩილ, შეუხედავ გოგოზე სერიოზულად ფიქრობდა. მიყვარსო, არ უთქვამს, მაგრამ ცოლად მომყავსო, ამბობდა და მოიყვანა კიდეც.

სამეგობრო მისმა გადაწყვეტილებამ გააოცა, ამდენ ლამაზმანში მაინცდამაინც ელისო რატომ აირჩიაო. როგორც აღმოჩნდა, ელისო შეძლებული მამის შვილი იყო. დედ-მამას ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა და ყველაფერი მისთვის უნდოდა...

სიმამრმა ქალაქის ცენტრში ორსართულიანი სახლი უყიდა, გაურემონტა, მერე მანქანაც უსაჩუქრა, მაგრამ მკაცრად გააფრთხილა, ქალიშვილი არ გამინაწყენო, თორემ მწარედ განანებო.

მალე ნიკას და ელისოს ტყუპი ვაჟი ეყოლათ. ნიკა კარგი მამა გამოდგა, შვილებზე გიჟდებოდა და ზრუნვას არ აკლებდა. გამოუსწორებელი მექალთანე იძულებული გახდა, მეუღლის ერთგული ყოფილიყო. ვატყობდი, ქალებისკენ თვალი ხშირად გაურბოდა, მაგრამ მხოლოდ ამოიოხრებდა და გვერდს უვლიდა... არ ვიცი, ელისოსთან ერთად ბედნიერი იყო თუ არა, მეუბნებოდა, რომ ღალატის სურვილი მუდმივად ჰქონდა, მაგრამ ვერ რისკავდა, ოჯახის დანგრევა არ უნდოდა.

იმ ზაფხულს მე და ჩემი მეუღლე ზღვაზე ვისვენებდით. ერთ დღეს სანაპიროზე ვსეირნობდით და მზის ჩასვლით ვტკბებოდით, როცა ნიკა და ელისო ტყუპთან ერთად შევნიშნეთ. ელისო უფრო მეტად შეუხედავი მეჩვენა. სახეზე ნაოჭები ეტყობოდა და შინაბერა მასწავლებლის შთაბეჭდილებას ტოვებდა. თავზე თავშალი ჰქონდა მოხვეული და მკაცრი ხმით განკარგულებებს გასცემდა.

მე და ნიკას ერთმანეთის ნახვა გაგვიხარდა, მეუღლეები ერთად დავტოვეთ და სალაპარაკოდ გავისეირნეთ. როგორ ისვენებ-მეთქი, ვკითხე, გაეცინა, საერთოდ, ცოლ-შვილთან ერთად დასასვენებლად არ უნდა წამოხვიდეო, მითხრა. რატომ, მე მომწონს ოჯახური დასვენება-მეთქი. ისევ გაეცინა, გაიხედ-გამოიხედე, რამდენი ლამაზი გოგოა გარშემო, სიამოვნებით გავიცნობდი, მაგრამ ამან რომ გამიგოსო... თვალით ელისოსკენ მანიშნა.

გვიანობამდე ვისეირნეთ, ბარშიც თითო კათხა ლუდი მივირთვით. მერე ის და ელისო ძვირად ღირებულ სასტუმროში წავიდნენ, მე და ნია იქვე, ახლოს, იაფფასიან საოჯახო სასტუმროში დავრჩით.

მეორე დღეს ჩემმა მეუღლემ და ელისომ ბავშვები სასეირნოდ წაიყვანეს. მე და ნიკა სანაპიროზე ჩავედით. სწორედ მაშინ აირია მონასტერი, როცა ნიკამ შემთხვევით თათა დაინახა და მეტყველების უნარი დაკარგა. ჩვენი ყურადღება ქალის გრძელმა=, ხუჭუჭა თმამ და ლამაზმა, გარუჯულმა ფეხებმა მიიქცია. ზღვიდან ამოვიდა და პირდაპირ ჩვენკენ გამოემართა. დაქალებთან ერთად ზღვაზე რამდენიმე დღით ჩამოვირბინეო, გვითხრა. ქმარზე არაფერი უთქვამს.

იმ საღამოს ნიკა სიტყვაძუნწი გახდა. მეორე და მესამე დღეს აღარ მინახავს. მეოთხე დღეს დავურეკე, მოვიკითხე. თათასთან ერთად ზღვის სანაპიროზე ნებივრობდა. მომდევნო დღეებში ნიკას აზრზე მოყვანას შევეცადე. შევახსენე, რომ თუ ელისო ამ ამბავს შეიტყობდა, უზრუნველყოფილ ცხოვრებას უნდა დამშვიდობებოდა და კაცმა არ იცის, გაბრაზებული სიმამრი სამაგიეროს როგორ გადაუხდიდა. მხოლოდ ის მითხრა, რომ თათას დანახვაზე გონება ებინდება, რომ სხეულში ჟრუანტელი უვლის და მასზე უარის თქმა არ შეუძლია.

ვატყობდი, რომ თათასთან ურთიერთობის შემდეგ ნიკა ბედნიერებისგან ბრწყინავდა. ერთმანეთს ფარულად ხვდებოდნენ.

მე და ნია უკვე თბილისში ვბრუნდებოდით, როცა ელისომ დაგვირეკა და მასთან მისვლა გვთხოვა. გზად თავში რა ფიქრი არ დამიტრიალდა, უბედური შემთხვევაც ვიფიქრე, ოჯახური კონფლიქტიც, ბოლოს მაინც ერთ აზრამდე მივედი, რომლის გაფიქრებაზე შიშმა ამიტანა, ვაითუ, ელისომ ყველაფერი გაიგო და ნიკა სახლიდან გააგდო-მეთქი. მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. ნომერში ძლივს ავლასლასდი, კარი ელისომ გამიღო, დაწითლებული და ამოღამებული თვალები კიდევ უფრო აბერებდა. გავუღიმე, ხომ მშვიდობაა-მეთქი? ელისო, ჩემდა გასაკვირად, მშვიდი მომეჩვენა, სავარძელში ჩაეშვა, კოტიტა თითები შუბლზე შემოიწყო და ამოღერღა, ნიკა სახლიდან წავიდაო.

გავიოცე, რა სისულელეს ამბობ, ნიკა ამას როგორ იზამდა-მეთქი, აშკარად სიყალბე გამოსჭვიოდა ჩემს ხმაში. წუხელ მითხრა, მივდივარო, კარი გაიხურა და წავიდაო - ახლა კი ცრემლი ვეღარ შეიკავა ელისომ.

არ ვიცოდი, ქალი რითი მენუგეშებინა, ნიაც გახევებული იდგა და ელისოსთვის რა ეთქვა, არ იცოდა. ბოლოს წამოვდექი, ნიას ვუთხარი, შენ დარჩი, ბავშვებს მიხედე, მე კი ნიკას მოვძებნი და გავიგებ, რა ხდება-მეთქი.

სასტუმროდან გამოსულს ბრაზი მახრჩობდა, იმწუთას ნიკა ჩემ გვერდით რომ ყოფილიყო, ალბათ, დავახრჩობდი, მერე დავფიქრდი, სად უნდა ყოფილიყო. დარწმუნებული ვიყავი, თათა მხოლოდ ძვირად ღირებულ სასტუმროში თუ გაჩერდებოდა. ნიკას ტელეფონი გამორთული ჰქონდა, ისღა დამრჩენოდა, ქალაქის ყველა დიდი სასტუმრო დამევლო. გამიმართლა, ნახევარი საათის ხეტიალის შემდეგ შეყვარებულებს მივაგენი.

ნიკას სულაც არ გაჰკვირვებია ჩემი დანახვა, პირიქით, გახარებული მომეხვია და ნომერში შემიპატიჟა, მერე თათას გასძახა, გურამი გვესტუმრა, გამოდიო, მაგრამ, როგორც ჩანს, თათამ ჩემთან შეხვედრა არ ისურვა, საძინებლიდან არც გამოსულა.

ნიკამ კი დაიწყო, ისე, რომ კითხვის დასმის საშუალებაც არ მომცა, აღარ შემიძლია დაბმული ცხოვრება, არ მინდა ბავშვების დატოვება და მათი ფსიქიკის დაზიანება, მაგრამ არც ზედამხედველთან ცხოვრება შემიძლიაო. რაც შეეხება ბიჭებს, მე ელისო მივატოვე, ბიჭები კი არაო.

გულის სიღრმეში მისი მესმოდა, ალბათ, ამიტომაც რჩევა-დარიგებები არ დამიწყია, ერთი ეს ვუთხარი, ელისო შენი შვილების დედაა და ახსნა-განმარტებას იმსახურებს, მიდი და ყველაფერი უთხარი-მეთქი. კარგიო, თავი დამიქნია და მეც სასტუმროდან წამოვედი.

ნიკა მართლაც მივიდა ელისოსთან, უთხრა, რომ ყოველთვის თათა უყვარდა, რომ სიმამრის არც ფული უნდა და არც მისი მუქარა დააბრუნებს. სიმამრის მუქარა მუქარად დარჩა. ნიკა, რაღა თქმა უნდა, მეუღლის სახლიდან დაითხოვეს და შემოსავლის წყაროც შეუწყვიტეს. ახლახან გავიგე, რომ თათამ და ნიკამ ჯვარი დაიწერეს. ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ყოველთვის მაგნიტივით იზიდავდა და ვინ იცის, იქნებ მომავალში ბედნიერებიც იყვნენ.

ანა ყარალაშვილი