"იქნებ, ცოლი შემყვარებოდა კიდეც, გაუთავებელი ჩხუბი რომ არა..." - კვირის პალიტრა

"იქნებ, ცოლი შემყვარებოდა კიდეც, გაუთავებელი ჩხუბი რომ არა..."

გოგონას ორომტრიალში გაღვიძებოდა და დანამომარჯვებული დედის დანახვაზე შიშისგან კანკალებდა

"სულ გაღიზიანებული იყო და გაუთავებლად ჩხუბობდა"...

როდის ივსება მოთმინების ფიალა? - როცა პრობლემები პიკს აღწევს, როცა ურთიერთობა ჩიხში შედის, თუ როცა სიახლეს მოწყურებული საბაბს ნებისმიერ წვრილმანში ეძებ? ზოგიერთი ყველა მიზეზს ერთად დაასახელებს... ჩემი სტუმარი, ბატონი სანდრო კი მიიჩნევს, რომ მეუღლესთან ურთიერთობა შეუძლებელი შეიქნა ხასიათების შეუთავსებლობის გამო. არადა, მეოჯახე და საოცრად მოწესრიგებული ადამიანისგან წლების შემდეგ ოჯახის დანგრევას ვერავინ წარმოიდგენდა. შორიდან ყველას ეგონა, რომ სანდროს ოჯახში ყველაფერი კარგად იყო.

სანდრომ გვიან შექმნა ოჯახი. 32 წლამდე უზრუნველად იცხოვრა. მშობლებიც ხელს უწყობდნენ და ისიც ყოველთვის სანაქებო ბიჭი იყო სკოლაშიც, უმაღლეს სასწავლებელშიც, მერე სამსახურიც კარგი იშოვა და... ერთი სიტყვით, არაფერი აკლდა, გარდა სიყვარულისა. იმედი ჰქონდა, მეც მესტუმრებაო, მაგრამ არა და არა, ამ გრძნობამ არ მიუკაკუნა მისი გულის კარს. ამიტომაც, 32 წლისას, როცა მეგობრის ოჯახში ერთი სანდომიანი ახალგაზრდა ქალი გააცნეს, გადაწყვეტილება მალევე მიიღო და ერთ თვეში დაქორწინდა. სანდროს ოთხოთახიანი ბინა ჰქონდა ვაკეში.

მერიკოს ახლობლები კმაყოფილი იყვნენ მისი ბედით. თავიდან მართლაც ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა. სანდრო მუშაობდა, ოჯახს არაფერს აკლებდა, გოგონები შეეძინათ. ბავშვებზეც გამუდმებით ზრუნავდა, რეპეტიტორების ფულს დაუნანებლად იხდიდა... ერთი სიტყვით, ნამდვილი მეოჯახე გახლდათ. გამოხდა ხანი, მაგრამ ოჯახისადმი მოვალეობა ცოლთან თბილ ურთიერთობასა და სიყვარულში ვერ გადაიზარდა. ახლა სანდრო წარსულს იხსენებს და ამბობს, - იქნებ, შემყვარებოდა კიდეც, მერის გაუთავებელი ჩხუბი რომ არაო.

- როგორც ამბობთ, ყველაფერი წესრიგში გქონდათ, ოჯახს  არაფერს აკლებდით და საჩხუბარი რა იყო?

- სულ გაღიზიანებული იყო, პატარა წვრილმანზეც კი შეეძლო აფეთქება. თავიდან ვფიქრობდი, ალბათ ერთმანეთზე მიყოლებული მშობიარობის ბრალია-მეთქი, მაგრამ მერე და მერე გაღიზიანების მიზეზი აღარც დამალა... ჩვენ პრესტიჟულ უბანში ვცხოვრობდით. თითქმის ყველა მდიდარი იყო და ჩემი ცოლი, როგორც კი სხვას დაუნახავდა ახალ ჩასაცმელს, სამკაულს ან რაიმე ნივთს, ნერვები ეშლებოდა.

4-5 წლის მერე უკვე ვეღარ ერეოდა შურს: იმის ცოლს რომ ბრილიანტის სამეული ეკეთა, მასზე ნაკლები რითი ვარ, რატომ არ უნდა მქონდეს, ან იმ ქალბატონს რომ ქურქი აცვია, დავიჯერო, ჩემზე მეტს აკეთებს ოჯახში, რომ ქმარი ასე სცემს პატივსო?.. მაშინ იმდენი ხელფასი არ მქონდა, რომ მისთვის ბრილიანტები და ქურქები მეყიდა.

მთავარი იყო, მშიერ-ტიტველი არ მყოლოდა ოჯახი, ბავშვებისთვის განათლება არ მომეკლო, მისი მეშჩანური შეხედულებები კი ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელი იყო. შემეძლო მაქინაციებით მეტი ფული გამეკეთებინა, მაგრამ რისთვის? ჩემი ცოლის შურით და ბოღმით სავსე ნერვული შემოტევების ჩასაცხრობად? ადამიანურად რომ ეთხოვა რაიმე, აუცილებლად შევუსრულებდი, თუნდაც რისკის ფასად, მაგრამ ჩხუბით? ამიტომაც თანდათან იძაბებოდა ჩვენი ურთიერთობა...

სანდრო დარწმუნდა, რომ მერი მისი ნანატრი და საოცნებო ქალი არ იყო. ვერც მესამე გოგონას გაჩენამ შეანელა უსიამოვნებები. უფროსი გოგონები გათხოვდნენ, შვილიშვილებიც გაჩნდნენ, თუმცა...

ერთხელ, სანდროს კვლავინდებურად უგუნებოდ დახვდა მერი. 14 წლის მაიკოს უკვე ეძინა. არაფერი უკითხავს ცოლისთვის, იცოდა, ასეთ დროს რაც უფრო შორს დაიჭერდა მისგან თავს, მით მშვიდად გადაივლიდა "ქარბორბალა", მაგრამ ეტყობა, იმ დღეს ქალს ჩხუბი სწყუროდა და... კამათი ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

გაავებულმა მერიმ დანას დასტაცა ხელი და ქმარს გამოენთო. სანდრომ საძინებელში შეასწრო და კარი მიხურა. როცა ხმაური მიწყდა, ოთახიდან გამოვიდა. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, იმ ღამესვე გადაბარგებულიყო მშობლებთან. მაგრამ კუთხეში მიყუჟული აკანკალებული, შიშით კრიჭაშეკრული მაიკო რომ დაინახა, გაშეშდა. გოგონას ორომტრიალში გაღვიძებოდა და დანამომარჯვებული დედის დანახვაზე ჩაკეცილიყო. სანდრომ შვილის დამშვიდება სცადა, მაგრამ მაიკოს ისეთი ტირილი აუვარდა, ცუდად გახდა. სანდრომ სასწრაფო გამოიძახა... დილამდე შინ გაჩერდა. ასეთ მდგომარეობაში ვერ მიატოვებდა შვილს.

მერი კაბინეტში იყო შეკეტილი, მას არც ექიმის მოსვლა გაუგია, არც წასვლა. გათენდა თუ არა, სანდრომ ჩაალაგა თავისი ნივთები, ცოლს ესღა უთხრა, - ბავშვს უნდა გავუფრთხილდეთ, მას სიმშვიდე სჭირდება, ამიტომ ამისათვის ზომები უნდა მივიღოთო და შინიდან იმ განზრახვით გამოვიდა, რომ განქორწინებაზე განცხადება შეეტანა სასამართლოში.

სანდრომ ბინა გაყიდა. მერის და მაიკოს სამოთახიანი უყიდა, თავისი წილი კი ბინათმშენებლობაში ჩადო და ორი წლის განმავლობაში მშობლებთან ყოფნა გადაწყვიტა. სანდროს ახლობლები გაკვირვებულნი დარჩნენ - 56 წლის კაცისგან არავინ ელოდა ოჯახის დანგრევას. ამ ასაკში ხომ კაცი სიმყუდროვეზე,  ჯანმრთელობასა და შვილების, შვილიშვილების მომავალზე ფიქრობს.

ყოველდღიურ ჩხუბს გარიდებულ და დამშვიდებულ სანდროს კი სიყვარულის სურვილიც გაუჩნდა და მეორე ოჯახის შექმნაზე დაიწყო ფიქრი. ბოლო წლებში ეკლესიის მრევლის წევრიც გახდა და ეს სურვილები რომ ვერ დასძლია, მოძღვარს გამოუტყდა - ამ ასაკში ძალიან მინდა სიყვარული, ოჯახი, ბავშვიო... მოძღვარმა სანდროს სურვილში მიუღებელი ვერაფერი იპოვა, პირიქით, გაამხნევა, დააიმედა - სრული უფლება გაქვს, ბედნიერებისთვის იბრძოლოო. ბატონ სანდროს მომავლის იმედი აქვს.

სჯერა, რომ ცხოვრების თავიდან დაწყება 60 წლის ასაკშიც შეიძლება... ჩემთანაც გულის გადასაშლელად მოვიდა.

ბატონი სანდრო ელოდება იმ ადამიანს, რომელიც შეძლებს მეგობრობას, თანადგომას და, რაც მთავარია, სიყვარულს.

www.kvirispalitra.ge

მოგვწერეთ თქვენი თავგადასავლები - მხიარული, მწუხარე, ტრაგიკული თუ ბედნიერი. გაგვიზიარეთ თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება.