ფიცის ერთგული - კვირის პალიტრა

ფიცის ერთგული

მუდმივად ვკითხულობ თქვენს რუბრიკაში დაბეჭდილ წერილებს და მსიამოვნებს, როცა სიყვარულზე ქვეყნდება სხვადასხვა საინტერესო, ზოგჯერ დაუჯერებელი ამბებიც კი. დაუჯერებელი იმიტომ, რომ ბევრს დიდი სიყვარული მხოლოდ რომანის ან ფილმის თემა ჰგონია.

არადა, ცხოვრებაში რამდენი რამ ხდება ისეთი, რაც შემდგომ მწერალს წიგნში გადააქვს, რეჟისორს კი - კინოში...

მინდა იმ სიყვარულზე მოგითხროთ, რომელთანაც დრო უძლურია... და ეს ამბავი წინა საუკუნეებში კი არა, ჩვენს დროში, სულ რაღაც 15 წლის წინ მოხდა.

მაშინ ნინო 18 წლის ძალიან ლამაზი გოგო იყო (ახლაც მშვენიერი ქალია). შეუყვარდა თბილისელ ბიჭს, დათოს, რომელიც ხშირად ჩადიოდა ბათუმში დასასვენებლად.

ისეთი კარგი წყვილი იყო, ქუჩაში რომ სეირნობდნენ, ყველა მათ აყოლებდა თვალს. იმ ზაფხულს დათო მეოთხე კურსზე გადავიდა (უნივერსიტეტში, იურიდიულზე სწავლობდა) და მაშინვე ბათუმისკენ გასწია. გადაწყვიტეს, სექტემბრის ბოლოს ექორწინათ, მაგრამ უბედურება მოხდა... დათო, ნინო და მათი ორი მეგობარი ბულვარში ისვენებდნენ.

დათოს უმიზეზოდ აუშარდნენ ბათუმელი ბიჭები. თურმე ერთ-ერთს ნინო მოსწონდა. ნასვამები იყვნენ და შეკამათება აყალმაყალში გადაიზარდა. ჩხუბში დათო დანით დაჭრეს. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ნინოს თავზარი დაეცა, აღარავის დანახვა აღარ უნდოდა. ოთახში ჩაკეტილი დათოს ფოტოებს დასჩერებოდა. ერთი წელი დასჭირდათ ახლობლებს მის საამქვეყნოდ მოსაბრუნებლად. ნინომ სწავლა გააგრძელა და დათოს პროფესია აირჩია.

25 წლისამ სასამართლოში დაიწყო მუშაობა. ბევრი მთხოვნელი ჰყავდა, მაგრამ ოჯახში გამოაცხადა - მე დათოს მივეცი პირობა და სხვაზე აღარ გავთხოვდებიო. მეც ვეჩიჩინებოდი, ცხოვრება გრძელდება, საყვარელი ადამიანის სიკვდილის მერეც უნდა იცხოვრო და შენი მოვალეობა უნდა შეასრულო-მეთქი. არაფრის გაგონება არ უნდოდა და ხელი ჩავიქნიეთ.

დროს მივანდეთ მისი მომავალი. რამდენიმე წლის შემდეგ მან ისეთი რამ გააკეთა, ყველა სახტად დავრჩით, მაგრამ წინააღმდეგობაც ვერ გავუწიეთ. ნინომ ორი თვის ბიჭი იშვილა და დათო დაარქვა. ორი წლის მერე კი - დათუნა მარტო ხომ არ იქნებაო და მეორე ბავშვიც იშვილა. ახლა დათო და საბა 10 და 7 წლისანი არიან. ნინოს კარგი სამსახური აქვს, შვილებს ზრდის და ამით კმაყოფილია. იგი ფიცის ერთგული დარჩა, დრომ ვერ გაანელა მისი სიყვარული.

ასე რომ, რეალურ ცხოვრებაში ნამდვილად ხდება ასეთი ამბები. დიდი გრძნობა და ერთგულება კი სულაც არ გახლავთ მეოცნებეთა ფანტაზია.

სოფო თავაძე,

ბათუმი