რატომ იწუნებს სადედამთილო? - კვირის პალიტრა

რატომ იწუნებს სადედამთილო?

სამწუხაროდ, ხშირად უფროსები უხეშად ერევიან ახალგაზრდების საქმეში. ამას კი იმით ხსნიან, რომ შვილისთვის კარგი უნდათ.

მე და თათია სკოლიდან ვმეგობრობთ. მერე ორივემ თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარეთ. უკვე 5 წელია შეყვარებულები გვყავს. ჩემს შეყვარებულს მოსწონს ჩემი პროფესიული არჩევანი, თათიას ბესოც თითქოს შეგუებული იყო იმას, რომ ცოლი მსახიობი ეყოლებოდა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, სადედამთილომ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. იმდენი ქნა, შვილი დააშორა თათიას. სიტყვით ძნელია, გადმოგცეთ, როგორ განიცადა ჩემმა მეგობარმა ეს ამბავი.

გავიდა 2 წელი და ბესომ დედამისის მოწონებული გოგო შეირთო ცოლად, მაგრამ ეტყობა, თათიასავით ვერ შეძლო მისი შეყვარება, ხასიათითაც ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს და მალე დაშორდნენ.

ბესო კვლავ მოუბრუნდა თათიას, პატიებას სთხოვს, მაგრამ ის თავს იკავებს, რადგან იცის, ბესოს დედა არ მოისვენებს და კვლავინდებურად ჩაერევა მათ ცხოვრებაში. ვერ გეტყვით, როდემდე გასტანს თათიას და ბესოს ასე ცალ-ცალკე ყოფნა. ჩემთვის (და ბევრი ჩვენი მეგობრისთვის) გაუგებარია ბესოს პოზიცია. იგი თათიას კი სთხოვს, ცოლად გამომყევიო, მაგრამ აშკარაა, რომ დედასთან ჯერ არ გაურკვევია სიტუაცია.

იმ ქალს კი თათია რძლად არ უნდა. როგორ უნდა შევიდეს თათია იმ ოჯახში, სადაც პირს არ უჩვენებენ? როგორ ფიქრობთ, მკითხველო?

თეა გოცირიძე, თბილისი