"ყველას ვუსურვებ, შეძლონ სამშობლოში დაბრუნება" - კვირის პალიტრა

"ყველას ვუსურვებ, შეძლონ სამშობლოში დაბრუნება"

სოფო ფოცხვერაშვილი: "თუ უცხო ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ბავშვების ერთი პროცენტი მაინც ისწავლის ქართულად კითხვასა და საუბარს, თუ ჩემი წვლილიც აღმოჩნდება მშობლიური ენის არდავიწყებაში, ბედნიერი ვიქნები"

საბავშვო ლექსების წერა მაშინ დაიწყო, როცა მიხვდა, რომ შვილებს ქართული ავიწყდებოდათ - წუხს უცხო მიწაზე დაბადებულ ყოველ ქართველზე, რომელმაც მშობლიურ ენაზე საუბარი და წერა-კითხვა არ იცის. წლების წინ, შვილებისა და ნათესავი ბავშვებისთვის მიძღვნილ ლექსებს ერთად მოუყარა თავი, ფერადი ილუსტრაციებით გააფორმა და წიგნად აქცია. მერე უცხოეთში ქართულ სათვისტომოებს ქართველი ბავშვებისთვის უსასყიდლოდ გადასცა წიგნები.

ის ახლაც ციურიხში ცხოვრობს. უცხოეთში გადახვეწის მიზეზი გაჭირვება და უპერსპექტივო მომავალი იყო. სოფო ფოცხვერაშვილმა საქართველო მეუღლესა და მცირეწლოვან შვილებთან ერთად 1997 წელს დატოვა. მაშინ ფიქრობდა, რომ დროებით...

სოფო ფოცხვერაშვილი: - წელიწად-ნახევარი ბელგიაში ვიყავით, შემდეგ შვეიცარიაში გადავედით. საზღვრის გადაკვეთისთანავე, სამედიცინო შემოწმების შედეგად მეუღლეს სიმსივნე დაუდგინდა. 10 წელიწადში გარდაიცვალა. ჩემ გარდა პატრონი არავინ ჰყავდა. ვინ მიხედავდა, მე რომ სამსახური დამეწყო?! იმ დროს არც კი მეცალა სამშობლოსა და ნათესავების მონატრებისთვის, ოჯახურ პრობლემებში ვიყავი ჩაფლული. ქმრის დაკარგვის შემდეგ სამსახურში გავედი. მხოლოდ 12 წლის შემდეგ ჩამოვედი ჩემს ქვეყანაში.

ჩემი მეუღლე როგორ ავადაც არ უნდა ყოფილიყო, შვეიცარიაში გამართული ქართველი მხატვრების გამოფენებზე აუცილებლად წავიდოდა. საქართველოს სიყვარულმა სიმღერაც დააწერინა. მეგობარს დაურეკა - ჩოხა-ახალუხი გამომიგზავნეო. ჩამოუტანა, მაგრამ ჩაცმა ვეღარ მოასწრო... მეუღლის დაკარგვა ქართველმა მეგობრებმა გადამატანინეს...

ჯერ ძიძად დავიწყე მუშაობა, მერე ოთხი წელი ერთ-ერთი სასტუმროს სამზარეულოში დამხმარედ. ამასობაში საპენსიო ასაკმა მომიწია. მერე მოხუც ცოლ-ქმარს ვუვლიდი. როცა ქმარი დაიღუპა, მოხუცი ქალბატონი ხანდაზმულთა პანსიონატში გადაიყვანეს. მეც იქ ამ ქალბატონთან ვარ. ჩემი მოვალეობაა მისი გართობა და გასეირნება.

- როგორ გაიკვლიეს გზა შვეიცარიაში თქვენმა შვილებმა?

- ვაჟი ტაქსის მძღოლად მუშაობს. 31 წლისაა, დაოჯახებულია, ჰყავს შვილი. ქალიშვილი, რუსუდანი, 29 წლისაა, უნივერსიტეტის საფინანსო ფაკულტეტი დაამთავრა და სვაროვსკის საიუველირო კომპანიის მთავარ ოფისში მუშაობს.

- როგორ დაიწყეთ ლექსების წერა?

- როცა მეუღლე მძიმედ დაავადდა და მივხვდი, ვეღარ გადარჩებოდა, ჩემს დარდს ვერ ვაჩვენებდი და მისი ფურცლებზე გადატანა დავიწყე. 2009 წელს, თბილისში რომ ჩამოვედი, გამოვეცი კრებული `ნოსტალგია~. წიგნი საჩუქრად დავარიგე. ეს ბაღათერ არაბულმა გადამაწყვეტინა. შემდეგ ჩემი შვილიშვილი დაიბადა და ეს სიხარული გახდა მიზეზი საბავშვო ლექსების დაწერისა.

გადაცემა ვნახე - ზვიად ტომარაძის თაოსნობით ჩამოჰყავთ ფერეიდნელი ქართველი ბავშვები და ასწავლიან ქართულ მუსიკას, ლექსებს, კულტურას. სოციალურ ქსელში დავუკავშირდი ბატონ ზვიადს და შევთავაზე, უსასყიდლოდ გადამეცა ჩემი წიგნები. ძალიან გაუხარდა. ასე მოხვდა ჩემი წიგნი ფერეიდანში ქართველებთან. 100 ცალი საქართველოში დავტოვე სოციალურად დაუცველი პატარებისთვის. საბერძნეთში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელს დავუკავშირდი და წიგნები გადავეცი. მათ კი გადაცემის ცერემონიალზე მიმიწვიეს.

- რას ნიშნავს თქვენთვის, ქართველი ბავშვები რომ კითხულობენ თქვენს ლექსებს?

- ეს უდიდესი ჯილდოა. თუ უცხო ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ბავშვების ერთი პროცენტი მაინც ისწავლის ქართულად კითხვასა და საუბარს, თუ ჩემი წვლილიც აღმოჩნდება მშობლიური ენის არდავიწყებაში, ბედნიერი ვიქნები.

- რომელ ქვეყნებში ცოცხლობენ თქვენი ლექსები?

- საქართველოში, შვეიცარიაში, საბერძნეთში, ბელგიაში, თურქეთში. ახლა ვაპირებ, გავგზავნო საფრანგეთსა და იტალიაში. აშშ-ში გაგზავნა ძალიან ძვირი ჯდება და არ ვიცი, როგორ შევძლებ.

- რას აკეთებენ საქართველოში ყოფნისას თქვენი შვილები?

- ჩემმა შვილმა სატელევიზიო გადაცემა ნახა გაჭირვებულ ოჯახებზე, ტელევიზიას დაუკავშირდა, ინფორმაცია მიიღო და სურამი-ქვიშხეთის სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს პროდუქტები წაუღო.

- როგორია თქვენი გეგმები?

- გამოსაცემად მზად მაქვს გალექსილი გამოცანები.

- როგორ წარმოგიდგენიათ წლების შემდეგ თქვენი ცხოვრება?

- ბევრჯერ მიფიქრია, სად მირჩევნია გავატარო უკანასკნელი წლები, საქართველოში თუ შვეიცარიაში-მეთქი. ალბათ, იქ, სადაც ჩემი შვილები იქნებიან, სადაც ჩემი შვილიშვილები გაიზრდებიან. რძალიც ქართველი ემიგრანტია, ჩემი გოგონა ვის დაუკავშირებს ბედს, არ ვიცი... ვნახოთ, რას გვიმზადებს მომავალი...

- შეგიძლიათ მიმართოთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ პატარებს...

- უპირველესად, ვუსურვებ, არ დაავიწყდეთ ჩვენი ენა, წერა-კითხვა და შეძლონ სამშობლოში დაბრუნება.

თორნიკე ყაჯრიშვილი