როგორ გაგვითხოვდა შეფი
11-09-2017
როგორ გაგვითხოვდა შეფი
"გაბრწყინებული თვალებით მომიყვა, ტაქსისტმა საქმრომ რა რომანტიკულად აუხსნა სიყვარული და ნიშნობის ბეჭდებიც გადასცა"

ძვირფასო რედაქცია, ხშირად ვკითხულობ ქალების რუბრიკას და ჩემდა გასაკვირად, მეც გამიჩნდა სურვილი, თქვენთვის მომეწერა. ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს მკითხველისთვის. მე ყოველ შემთხვევაში ასე მგონია. მოკლედ, ჩემი უფროსის ცხოვრების შესახებ მინდა მოგითხროთ. სახელები, რა თქმა უნდა, შევცვალე.

"მაკო იმდენად შეუხედავი იყო, მეგონა, გულისსწორს ვერასდროს ნახავდა. დაბალი, ძალიან გამხდარი, მხრებში ოდნავ მოხრილი, ცხვირზე სათვალე და წვრილი ტუჩები, რომლის ვიზუალურად
გადიდებასაც წითელი ტუჩსაცხით ამაოდ ცდილობდა - ასეთი იყო ჩვენი დეპარტამენტის უფროსი. ყოველთვის გაქათქათებული თეთრი პერანგი და შავი კლასიკური შარვალი ეცვა. მკაცრი საუბრის მანერა ჰქონდა და ხშირად ყვირილზეც გადადიოდა. ჩემი ვარაუდით, ორმოც წელს მიღწეული უნდა ყოფილიყო.

ყველა თანამშრომელმა იცოდა, რომ მაკო გასათხოვარი იყო და ამაზე ძალიან
წუხდა. როგორც ამბობდა, ახალგაზრდობაში ხილბოსტნეულის პატარა მაღაზიის პატრონ ბიჭს ჰყვარებია და მთელი ზაფხული ნესვითა და საზამთროთი ანებივრებდა. ბიჭს"კეთილი თაფლისფერი" თვალები ჰქონია, მის დანახვაზე სიხარულით რომ აენთებოდა ხოლმე. მოკლედ, ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინება გადაწყვიტეს.
ყველაფერი სამამამთილომ გააფუჭა.მათთან გასაცნობად მისულ მაკოს მასპინძელმა ცხვირი აუბზუა, სარძლო არ მოსწონებია. აღფრთოვანებული არც სადედამთილო ჩანდა, მაგრამ სტუმარს ბოლომდე უმასპინძლა და გააცილა კიდეც.

იმ საღამოს მაკომ ბევრი ინერვიულა, მაგრამ მათ რძლობაზე უარი მაინც არ თქვა. საცოლე-საქმროს მოლაპარაკება ჰქონდათ, უნდა გაპარულიყვნენ და მცხეთაში ჯვარი დაეწერათ. დათქმულ დღეს მაკო საგულდაგულოდ გამოეწყო, მაგრამ... მთელი საღამო ფანჯარასთან საქმროს ლოდინში გაატარა, მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. იმავე ღამეს ურცხვ საქმროს სახლში მიაკითხა. კარი ოჯახის უფროსმა გააღო,"სახლში არაა, დღეს დილით საზღვარგარეთ წავიდაო, - უხეშად უპასუხა და კარი ცხვირწინ მიუხურა. მაკო ამაყი იყო და მას შემდეგ კეთილთვალებიანი ბიჭი აღარ მოუკითხავს. ყველაფერს დღემდე მის მშობლებს აბრალებს, ამბობს, რომ ქორწინება მათი წყალობით ჩაიშალა.

როგორც ჩანს, მას შემდეგ მაკოს ხელი აღარავის უთხოვია და, ალბათ, არც თაყვანისმცემელი გამოუჩნდა, რადგან ეს ქალი სიყვარულს მოწყურებული იყო და თავს მარტოობისYთვის ნამდვილად არ გაიმეტებდა.
მაკომ საკუთარი თავის რეალიზება სამსახურში მოახერხა, სწრაფად დაწინაურდა. თანამშრომლებს მაინცდამაინც არ უყვარდათ, მაგრამ მასთან კონფლიქტს ყველა ერიდებოდა, რადგან ნებისმიერი უსიამოვნება შესაძლოა სამსახურიდან გაშვებით დასრულებულიყო. ზურგს უკან ზოგიერთი მის გასათხოვრობაზე იცინოდა, ზოგს მისი გარეგნობა ახალისებდა, მოკლედ, შეიძლება ითქვას, თანამშრომლების მუდმივი გაკილვის საგანი იყო.

მაკომ ბინის შეძენაც მოახერხა, მერე თბილისის ახლოს აგარაკიც იყიდა და სამსახურში საკუთარი მანქანითაც დადიოდა. ასე რომ, საყვარელი ადამიანის გარდა, არაფერი აკლდა.
არავინ ვიცით, დათო სად და რა ვითარებაში გაიცნო, ოცდახუთ წლამდე თუ იქნებოდა. არაფერი განსაკუთრებული, ერთი უსაქმური ბიჭი იყო. ძირითადად "ბირჟას ამაგრებდა". მიუხედავად იმისა, რომ მაკო შტერი ქალი არ გახლდათ, თავბრუ მაინც დაახვია. ქალი ანკესს უცბად წამოეგო და მალე დათო ბინაში ჩაუსახლდა. თავდაპირველად, სამსახურში სახეგაბრწყინებული და თვალებანთებული მოდიოდა, თანამშრომლებთანაც გაცილებით კორექტული და ლოიალური გახდა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ შეყვარებული იყო. სამსახურში ყველას თავისი ვერსია ჰქონდა - ზოგი ამბობდა, როგორც იქნა, მაკომ სიყვარული იპოვაო, ზოგს ამის არ სჯეროდა, ამბობდნენ, იმ ბიჭმა უფროს და უზრუნველყოფილ ქალთან საქმე მხოლოდ ფულის გამო დაიჭირა და სიყვარულზე ლაპარაკიც ზედმეტიაო. მეორე ვერსია გამართლდა, როცა ერთ დღეს სამსახურში ტირილისგან თვალებდასივებული მაკო მოვიდა. როგორც ჩანს, გულისტკივილი ერთ-ერთ თანამშრომელს გაუზიარა, რადგან მალე ყველამ ყველაფერი გაიგო.

მას შემდეგ, რაც დათო მაკოსთან გადაბარგდა, ქალმა ახალი ტანსაცმელი უყიდა, სამსახურიდან წასვლას ჩქარობდა, რათა საღამოობით მისთვის გემრიელი ვახშამი დაეხვედრებინა, მაღაზიებში ლუდისა და სიგარეტის ფულს მუდმივად უხდიდა, დაბადების დღეზე ავტომანქანაც უსაჩუქრა. თურმე ქალს ძალიან აწუხებდა, რომ დათო გულგრილად ექცეოდა, გვიანობამდე კომპიუტერთან იჯდა და ხშირად სავარძელში ჩაეძინებოდა ხოლმე. ერთხელ ასე ჩაძინებულს მობილურმა ტელეფონმა დაურეკა, მაკომ იფიქრა, არ გაეღვიძოსო და თავად უპასუხა. გოგოს ხმამ დათო იკითხა და როდესაც გაიგო, ეძინა და ვერ გააღვიძებდნენ, ჩხუბსა და შეურაცხყოფაზე გადავიდა. მაშინ გაიგო მაკომ, რომ დათოსთვის ერთადერთი ქალი არ ყოფილა, რომ მას თავისი ტოლი გოგო უყვარდა. ეს""ბებერი კახპა"" კი - ასე უწოდა იმ გოგომ, - მათ შორის უთანხმოების მიზეზი იყო. დათოს ჭირისდღესავით სძულხარ, შენთან ერთად ქუჩაში გასვლაც კი ესირცხვილება, შენი ტოლი და სწორი იცოდეო, ჭკუაც დაარიგა გოგომ და კატეგორიულად გააფრთხილა, დათოსგან თავი შორს დაიჭირეო. განადგურებული ქალი მთელი ღამე გულამოსკვნილი მოთქვამდა.

დილით ახალგაღვიძებულ დათოს მაგიდაზე ტრადიციისამებრ ფინჯანი ყავა არ დახვედრია და მაკოც სამსახურში წასულიყო. მაშინვე დაურეკა,"სიგარეტის და ბენზინის ფული რატომ არ დამიტოვეო. საპასუხოდ, მაკომ ბინის დაცლა და გასაღების მეზობელთან დატოვება მოსთხოვა. დაბნეული დათო ასეც მოიქცა, თუმცა, საღამოს ქალს სახლში მაინც მიაკითხა. მაკომ ყველაფერი მშვიდად უამბო, დათომ კი ყველაფერი უარყო. მაკოს ეფიცებოდა, ერთადერთი ქალი ხარ, სიგიჟემდე მიყვარხარ, უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია. რა ჩემი ბრალია, რომ გოგოებს მოვწონვარ და ჩვენს დაშორებას ცდილობენო.

დათოს სიტყვები მაკოს გულზე მალამოსავით ეფინებოდა, უნდოდა, დაეჯერებინა, მაგრამ ეჭვი მოსვენებას არ აძლევდა.
ამ ამბიდან ერთ კვირაში შერიგდნენ. თავდაპირველად დათო თავს ევლებოდა, სამსახურში დღეში რამდენჯერმე ურეკავდა და ეტყობა, რაღაც სასიამოვნოს ეუბნებოდა, რადგან ქალი ისევ გაბადრული იყო.მერე ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, ერთმანეთს ისევ საღამოობით სახლში ხვდებოდნენ, ვახშმობდნენ და დათო ღამეებს ისევ კომპიუტერის ეკრანთან ათენებდა.

ერთ მშვენიერ დღეს მაკომ ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა - დათოს ფულს იშვიათად აძლევდა, მაღაზიებში ვალს აღარ უხდიდა და კატეგორიულად სთხოვდა, სამსახური მოეძებნა. ერთხელაც მაკომ შენიშნა, რომ ბინიდან ბებიის ნაქონი "ზინგერის"" საკერავი მანქანა გაქრა. დათომ - დამჭირდა და გავყიდეო. გავიდა ხანი და შინ დაბრუნებულს ახალშეძენილი ტელევიზორი აღარ დახვდა. მაშინვე დათოს დაურეკა, იმან ლამის ტირილი დაიწყო, ვალი მქონდა, მაგრად გავიჭედე, მოსაკლავად დამდევდნენ და დავალომბარდეო. იმ დღეს და არც მეორე დღეს დათო არ გამოჩენილა. მაკო ხშირ-ხშირად ურეკავდა, მაგრამ ის არ პასუხობდა. მესამე დღეს, როგორც იქნა, დაუკავშირდა და უთხრა, ყველაფერი დამთავრდა, არამზადა და უქნარა ხარ, ვნანობ, რომ შინ შემოგიშვიო. ბიჭს მისი ნათქვამი სასაცილოდ არ ეყო, პირდაპირ აჯახა, არც არასდროს მყვარებიხარო. მაშინ მაკომ მანქანის დაბრუნება მოსთხოვა. დათომ იმავე საღამოს მიუყვანა და ეზოში დააყენა. მეორე დღეს, როცა მაკო თავის მანქანაში ჩაჯდა, ორი სანთელი ნახა, სავარაუდოდ, ჯვრისწერის უნდა ყოფილიყო. მერე გაიგო, რომ დათოს ცოლი შეურთავს... მაკომ ის მანქანა სასწრაფოდ გაყიდა.

მაკოს ბედნიერების პოვნაზე უკვე ხელი ჰქონდა ჩაქნეული, რომ არა ის საბედისწერო შემთხვევა. იმ დილით გადაუღებლად წვიმდა, ისე მოხდა, რომ მანქანა ვერაფრით დაქოქა და სამსახურში ტაქსით წასვლა გადაწყვიტა. ტაქსისტი დაახლოებით მისი ასაკის, თმაშევერცხლილი მამაკაცი იყო. გზად მძღოლმა ბოდიშის მოხდით ჰკითხა, სიგარეტის კვამლი ხომ არ შეგაწუხებთო. მაკომ გაუღიმა,"მოწიეთო, თუმცა, მერე მთელი გზა სიგარეტის მავნებლობაზე ელაპარაკა. მძღოლი მარტოხელა კაცი აღმოჩნდა, რომელსაც წინა ქორწინებიდან ზრდასრული ვაჟი ჰყავდა, მეუღლე დიდი ხნის წინათ გარდაცვლილიყო. როგორც ჩანს, მაკომ მოხიბლა, რადგან მას შემდეგ ხშირად ვხედავდით, ტაქსით რომ მოდიოდა, მერე ერთმა თქვა, არ შეამჩნიეთ, სულ ერთი და იმავე ტაქსით რომ მოდისო.
მაკო თითქოს გალამაზდა, თანამშრომლები ჩურჩულებდნენ, მგონი, გამაღლდა კიდეცო. რაც მთავარია, სახეზე სულ ღიმილი ეფინა და ჩვენც საოცარი მოწიწებით გვექცეოდა.
ერთ დღესაც ყველანი თავის კაბინეტში Dდაგვიბარა, სხვა დროს შიშისაგან დაზაფრულები ვიქნებოდით, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვიყავით, რომ საშიშროება არ გვემუქრებოდა და მის ოთახში გაღიმებულები შევლაგდით, ეგ იყო, ვერაფრით ამოგვეცნო, რატომ გვიბარებდა შეფი.

მაკო წამოდგა, ჩვენკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და რაც შეიძლება ხმამაღლა დაიყვირა: არ დაიჯერებთ, მაგრამ ვთხოვდები! რამდენიმე წამი ისეთი სამარისებური სიჩუმე ჩამოდგა, რომ მივხვდი, რაღაც უნდა მომემოქმედა, თორემ მაკოს ცოტა უკლდა და გულყრა დაემართებოდა.

- ასეც ვიცოდი, ხომ გეუბნებოდით, ჩვენი შეფი შეყვარებულია-მეთქი, - ვთქვი და მაკოს გადავეხვიე. მერე თანამშრომლებიც ამყვნენ და ყველანი მაკოს დაესივნენ. საღამოს, სამუშაოს დამთავრების შემდეგ, ყველანი გაიკრიფნენ, ერთადერთი მე შემოვრჩი. ის იყო, კომპიუტერი გამოვრთე, რომ მაკომ ოთახში ცხვირი შემოყო, იქნებ ცოტა ხნით ჩემთან შემოხვიდეო. მერე ყავა მომიდუღა, გვერდით მომიჯდა და გაბრწყინებული თვალებით მომიყვა, მისმა ტაქსისტმა საქმრომ რა რომანტიკულად აუხსნა სიყვარული და ნიშნობის ბეჭდებიც გადასცა. ასე გათხოვდა ჩვენი უფროსი. წარმოიდგინეთ, მოსაწვევი თითოეულს დაგვიგზავნა და ქორწილში დაგვპატიჟა.
ჩვენი შეყვარებულები ახლა საქორწინო მოგზაურობაში არიან, ჩვენ კი მოუთმენლად ველოდებით, სამსახურში როდის დაბრუნდება, ვიცით, როგორ უნდა დავხვდეთ შეფს."

ანა ყარალაშვილი
მანანიკო
04 ოქტომბერი 2017 13:32
ძალიან მომეწონა, სასიამოვნო ისტორიაა
მაშო ბებო
20 სექტემბერი 2017 19:34
რა თქმა უნდა, სასაცილოდ გეჩვენებათ შეუხედავი შეფის გათხოვება! რას იზამთ, აბა სულ ერთი და იგივე ხალხი ხომ არ გათხოვდება! ბედნიერება ვუსურვოთ.

რედაქტორის რჩევით