"მუხლებში ჩავუვარდები და პატიებას ვთხოვ... "
18-09-2017
"მუხლებში ჩავუვარდები და პატიებას ვთხოვ... "
"მე და თორნიკე ნელ-ნელა დავახლოვდით, მალე ერთად ცხოვრება დავიწყეთ. მეგონა, ის ადამიანი ვიპოვე, ვინც მთელი ცხოვრება ჩემ გვერდით იქნებოდა"

უკვე რამდენი ხანია, ოჯახისგან შორს ვცხოვრობ. ოჯახის არც ერთი წევრი ჩემს ამბავს აღარ კითხულობს,­ ძალიან ვატკინე მათ გული და არც არის გასაკვირი მათი ასეთი დამოკიდებულება...

პატარა ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. დედა გამუდმებით მუშაობდა და ჩემთვის არ ეცალა, ამიტომ, ძირითა
დად, ბებია მზრდიდა. ძალიან ვუყვარდი, შეიძლება ითქვას, დედაზე მეტადაც. დედა ლამაზი ქალი იყო და თაყვანისმცემლები არ აკლდა. გარდატეხის ასაკში რომ ვიყავი, მეორედ გათხოვდა და ჩემი და, ნინიკო გაჩნდა.­ მალე ისიც ბებიას გასაზრდელი გახდა, რადგან დედა მეორე მეუღლეს გაშორდა - უქნარა და ზარმაცი კაცი იყო. ძალიან გვიჭირდა და დედამ საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა...

ნინიკო ოთხი წლის გახდა, დედაჩემი კი ისევ
იტალიაში იყო. ინტერნეტით ყოველდღე გვიკავშირდებოდა, მაგრამ, ძირითადად, ბებიას ელაპარაკებოდა. მე და დედას ერთმანეთის არასდროს გვესმოდა. მას ჩემი არაფერი მოსწონდა - არც აზროვნება, არც გემოვნება, ყველაფერზე მსაყვედურობდა, ყოველთვის ფიქრობდა, რომ ყველაფერს არასწორად ვაკეთებდი.
სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე. გული მტკიოდა, რომ არასდროს მქონდა ის, რაც მინდოდა, არასდროს მეცვა ის ტანსაცმელი, რომელიც მომწონდა. დედას გამოგზავნილი უგემოვნო იაფი ტანსაცმელი მეცვა, ფულს კი არასდროს მიგზავნიდა, რომ ის მეყიდა, რაც მომწონდა.

ერთ დღესაც ყველაფრის შეცვლა გადავწყვიტე. ვიცოდი, ბებია დედას გამოგზავნილ ფულს აგროვებდა, მგონი, რაღაც საქმის წამოწყებას აპირებდნენ. ისიც ვიც­ოდი, სად ინახავდა და ერთხელ მოგროვილი­ თანხის დიდი ნაწილი ავიღე. ვიცოდი, ერთ კვირაში დედა ჩამოსვლას აპირებდა, ამიტომ სახლში ორი დღე გავჩერდი, მერე ტანსაცმელი ჩანთაში ჩავალაგე და შინიდან წავედი. დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყება მინდოდა, ჩემს ჭკუაზე ცხოვრება. წერილი დავტოვე, ნუ მომძებნით-მეთქი. იმ საღამოს ბებიამ ბევრი მეძება, ნათესავებთან დაურეკავს, ტიროდა, მაპოვნინეთ, შინ დაბრუნდეს, განა რა დავაკელიო. მე კი უკვე ბათუმში ვიყავი ჩემს მეგობართან. ივლისი იყო და ვიფიქრე, ზაფხულს ყველაზე უკეთ იქ გავატარებდი. ყველაზე მეტად იმ დღის მეშინოდა, როცა ჩემები გაიგებდნენ, რომ სახლიდან ფული დაიკარგა.

ეს დღეც დადგა... ბებია ცუდად გამხდარა, დედას ებოდიშებოდა, ვერ გავუფრთხილდი ფულსო. როგორც მერე მეზობელმა გოგომ მიამბო, ბებიასთვის "სასწრაფოც" კი გამოუძახიათ. ამ მეზობლის პირით დედამ რამდენჯერმე შემომითვალა, შინ დაბრუნდიო. ვიცოდი, ერთი სული ჰქონდა, ხელში ჩავვარდნოდი, რომ ჯავრი ეყარა. ამიტომ არ მივედი. რომ არ გამოვჩნდი, შემომითვალა,"ჩემს ლოდინსაც აქვს საზღვარი, აღარ გაბედო და შინ არ დაბრუნდე,­ შენ აქ აღარავინ გელოდებაო. თუ არ ჩავთვლით დედის მუქარას, თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. ოცნება ავისრულე და მანქანა ვიყიდე, რომელიც მოგვიანებით, ისევ უსახსრობის გამო, კაპიკებად გავყიდე. ვერთობოდი, დროს ვატარებდი. სწავლის გაგრძელებას აღარ ვაპირებდი,­ ვფიქრობდი, თბილისში დავბრუნდები და სამსახურს მოვძებნი-მეთქი. არც მაშინ მინერვიულია, სახლიდან წამოღებული თანხა რომ გამომელია. ამასობაში თორნიკე გავიცანი. თბილისიდან იყო, ზღვისპირეთში კაფე-ბარს ამუშავებდა და მიმტანად გამუშავებო, შემომთავაზა. დიდხანს არ მიფიქრია, რადგან ფული ძალიან მჭირდებოდა.

მე და თორნიკე ნელ-ნელა დავახლოვდით.­ ვგრძნობდი, მოვწონდი. გულგრილი არც მე ვიყავი და მალე ცხოვრება ერთად დავიწყეთ. მეგონა, ის ადამიანი ვიპოვე, ვინც მთელი ცხოვრება ჩემ გვერდით იქნებოდა.

თორნიკესთვის სახლიდან წამოსვლის მიზეზი არ გამიმხელია, მასაც არაფერი უკითხავს. მხოლოდ ის ვუთხარი, რომ ცალკე, დამოუკიდებლად ცხოვრება მინდოდა. ყველაფერი მაშინ აირია, როცა მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. დავიბენი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ყველაზე მეტად თორნიკეს რეაქციის მეში­ნოდა. თუ ეს ერთადერთი იმედიც ხელიდან­ გამომეცლებოდა, ბავშვს ვერ გავაჩენდი. ჩვილით ხელში ქუჩაში ხომ ვერ ვიხეტიალებდი და ფულიც არსაიდან მექნებოდა.
ჩემი შიში გამართლდა... თორნიკემ ბავშვის გაჩენაზე უარი მითხრა, ოჯახის შექმნას ჯერ არ ვაპირებო. საღამოს ზღვის ნაპირზე ჩავედი და ბევრი ვიტირე. მეორე დღეს აბორტის გასაკეთებლად წავედი. თორნიკეც გამომყვა. ჩემზე მეტად ის ნერვიულობდა და ეს თითქოს მახარებდა. კლინიკიდან წამოსულებმა საღამო ისევ ერთად გავატარეთ. თავს მევლებოდა, თვალებში შემომციცინებდა, ხომ არაფერი გტკივაო.

მაშინვე არ დავშორებივართ, ცხოვრება ძველებურად ერთად გავაგრძელეთ. სექტემბერში, თბილისში რომ დავბრუნდით, დამემშვიდობა და დამარიგა, შინ დავბრუნებულიყავი. სადგურიდან ჩემი მძიმე ჩანთით ქუჩაში მივდიოდი და იმაზე ვფიქრობდი, ვისთვის მეთხოვა შველა. სკვერში ჩამოვჯექი. ღრიალი მინდოდა - მე ხომ ბოლო წუთამდე მჯეროდა, რომ თორნიკე­ ქუჩაში არ მიმატოვებდა. რა უნდა მექნა­, სად წავსულიყავი, ვის მივდგომოდი? სასოწარკვეთილი და განადგურებული ვიყავი. მხოლოდ 100 ლარი მქონდა და ისღა დამრჩენოდა, ღამის გასათევი მეძებნა.

ის იყო, წამოვდექი, რომ სასტუმრო მომეძებნა და ჩემი სახელი მომესმა - ვიღაც მეძახდა. მოვტრიალდი და ჩემი კლასელი მაიკო შემრჩა ხელში, ბავშვს ასეირნებდა. ეტყობა, სახეზე ისეთი სასოწარკვეთა­ მეტყობოდა, ჯერ მაგრად მომეხვია და მერეღა მკითხა, ხომ კარგად ხარო. ყველაფერი მოვუყევი. დამამშვიდა, მეუღლე ერთი თვით მივლინებაშია, სახლში მხოლოდ მე და პატარა ვართ, სანამ ჩემი ქმარი ჩამოვა,­ შეგიძლია, ჩემთან იცხოვროო. სიხარულით დავთანხმდი და კრავივით ავედევნე.
მასთან ორი კვირა ვიცხოვრე, მერე მამაჩემის ერთ-ერთ ნათესავთან მივედი და იმან შემიფარა. ცოლი და პატარა შვილები ჰყავდა, მაგრამ მაინც მიმიღო. თონეში მუშაობდა და ოჯახს ასე არჩენდა. დედაჩემი მაინცდამაინც არ უყვარდა, ამიტომ სახლში დაბრუნება არ დაუძალებია.

ერთ დღესაც ნინიკო მომენატრა და გადავწყვიტე, საბავშვო ბაღში მივსულიყავი... ჩემს დანახვაზე ბავშვი დამუნჯდა. ბევრი ვეფერე, ვკოცნე, ველაპარაკე. ხმა არ ამოუღია. მისი ნაღვლიანი და გაოცებული თვალები ახლაც თვალწინ მიდგას....
ერთი კვირის შემდეგ ისევ მივედი. აღმზრდელმა განზე გამიყვანა და მითხრა, ბავშვი ძალიან ნერვიულობს და ნუღარ მოხვალთ, ბებიამაც ასე შემოგითვალათო. თვალზე ცრემლი მომადგა და ის იყო, გამობრუნება დავაპირე, რომ შემაჩერა, ცოტა ხანს დამელოდეთო. ოთახში შევიდა და მალევე გამოვიდა, კონვერტი მომაწოდა, ბებიამ გადმოგცაო. ქუჩაში რომ გამოვედი, მაშინ გავხსენი - შიგ ცოტა ფული იდო...
მიუხედავად იმისა, რომ მამას ნათესავი­ კარგად მექცეოდა, სხვის ოჯახში ცხოვრება­ მაინც გამიჭირდა. გამუდმებით ფულის სხვისთვის თხოვნა არ შემეძლო, ამიტომ სამუშაოს ძებნა დავიწყე. რამდენიმე სამსახური გამოვიცვალე. ძირითადად, მიმტანად ან პრომოგოგონად ვმუშაობდი, მაგრამ არაფერი გამომივიდა და ბევრი ფიქრისა და განცდების შემდეგ ისევ სახლში დაბრუნება გადავწყვიტე. თორნიკეს ნათქვამმაც მიბიძგა. ვფიქრობდი, თუ ასე მოვიქცეოდი, შეიძლებოდა მისი პატივისცემა დამემსახურებინა. ბებიას შემორიგება უფრო ადვილი მეჩვენებოდა. თანაც შევიტყვე, რომ დედა ისევ საზღვარგარეთ იყო.

ერთხანს კორპუსთან ვიდექი და მეოთხე სართულის აივანს ავყურებდი. მერე ნელ-ნელა საფეხურებს ავუყევი. ბოლომდე ასული არ ვიყავი, მეზობლის გოგო შემხვდა. მისგან გავიგე, რომ ბებიას ინფარქტი გადაეტანა და საავადმყოფოში იწვა, ნინიკო კი დროებით მამამისს წაეყვანა.
კიბეზე ჩამოვჯექი. ყველაზე მეტად ბებიას გულისტკენა ვინანე... საავადმყოფოში არ მივსულვარ. გამოვტრიალდი და ნათესავის სახლში დავბრუნდი... ღვთის წყალობით, ბებია გამოკეთდა. მეზობლის გოგოს უთქვამს, რომ ვიყავი. შემომითვალა, დაბრუნდი და ნინიკოს გაზრდაში მომეხმარე, დედაშენს კი მე დაველაპარაკებიო.

მჯერა, რომ ბებო მაინც არ გამწირავს. მივალ, მუხლებში ჩავუვარდები და პატიებას ვთხოვ... ვეტყვი, რომ ყველაფერს ვნანობ და ყველა შეცდომას ვაღიარებ. ვიცი, ახალ ცხოვრებას დავიწყებ და ბებოს იმედს აღარასოდეს გავუცრუებ...

ანა ყარალაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით