"ღიმილით მითხრა, ამ ცოდვილ დედამიწაზე ჩემი დრო ამოვწურე, ახლა მშვიდად სიკვდილიც შემიძლიაო " - კვირის პალიტრა

"ღიმილით მითხრა, ამ ცოდვილ დედამიწაზე ჩემი დრო ამოვწურე, ახლა მშვიდად სიკვდილიც შემიძლიაო "

"ერთი თვე რომ გავიდა და ლამარა ბებო სკვერში არ გამოჩნდა, შევფიქრიანდი, არადა, არათუ ტელეფონის ნომერი, მისი მისამართიც არ ვიცოდი. ერთ დღესაც, ის იყო, მე და ჩემი შვილი სკვერში შევედით, რომ ბავშვმა შესძახა, შეხედე, ლამარა ბებო სკამზე ზისო"

საღამოობით ჩემს ხუთი წლის შვილს სახლთან ახლოს, სკვერში ვასეირნებ. ლამარა ბებოც იქ გავიცანი. ლამაზი თვალები ჰქონდა და საგულდაგულოდ გადავარცხნილი თეთრი თმა ძალიან უხდებოდა, ხელჯოხით დადიოდა. დროდადრო ჩანთიდან პურს იღებდა და მტრედებს აპურებდა. როგორც ჩანს, ფრინველებიც მიჩვეულნი იყვნენ და არ უფრთხოდნენ.

შეამჩნია, რომ ვუყურებდი და გამიღიმა, მერე მოკრძალებით მთხოვა, ჩემს სკამზე ჩამოჯექიო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ერთხანს ბავშვებს უყურა, სახეზე ღიმილი ეფინა, რა კარგები არიანო, გადმომილაპარაკა. მერე საუბარი გამიბა.

ლამარა ბებო თურმე მალე 85 წლის გახდებოდა. ოთხი შვილი ჰყოლია, 50 წლის უმცროსი ვაჟის გარდა, ყველა დაოჯახებული, მაგრამ მარტო ცხოვრობს. განსაკუთრებული სიყვარულით უმცროს ვაჟზე ლაპარაკობდა, შაბათ-კვირას მაკითხავს და სანოვაგე მოაქვსო. წუხდა, რა ეშველება, უშვილძიროდ მრჩებაო. ლამარა ბებო ოდესღაც სკოლაში ალგებრა-გეომეტრიას ასწავლიდა. მისი საყვარელი ვაჟიც მის კვალს გაჰყოლია, უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობსო.

სკვერში რამდენჯერმე კიდევ შევხვდით, ჯერ თავის საყვარელ მტრედებს დააპურებდა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოჯდებოდა სკამზე. ის ლაპარაკს მოწყურებული იყო, მე კი კარგი მსმენელი აღმოვჩნდი და ერთხელაც თავისი სიყვარულის ისტორია მიამბო:

"სოფელში დავიბადე. ახლა ის სოფელი მიტაცებულია. უზრუნველი ახალგაზრდობა მქონდა. თანასოფლელ გოგონებთან ერთად მდინარეზე ხშირად დავდიოდით და ყინულივით ცივ წყალში ვბანაობდით. იმ წყლის დამსახურებაა, დღემდე ჯანი რომ მომყვება..."

ლამარა თანასოფლელ ბიჭს, ბიძინას ჰყვარებია. გასაქანს არ აძლევდა, ყველგან კუდში დასდევდა. სკოლა რომ დაამთავრა, ბიძინა 19 წლის იყო, ლამარა კი 16 წლის ხდებოდა. ბიჭს იმავე ზაფხულს განუზრახავს მისი ცოლად მოყვანა, უფიქრია, ვაითუ, სასწავლებლად ქალაქში წავიდეს და იქ ვინმემ დამასწროსო. როცა თავისი გადაწყვეტილება ლამარას ამცნო, მან სასტიკი უარით გაისტუმრა, უთქვამს,"რა დროს ჩემი გათხოვებაა, ჯერ უნდა ვისწავლოო.

შემოდგომაზე ლამარა სასწავლებლად ქალაქში ჩავიდა და დეიდასთან დასახლდა. უნივერსიტეტში მისვლის პირველივე დღეს არჩილი გაიცნო. ბიჭი გარეგნობით ყველასგან გამოირჩეოდა და თაყვანისმცემელი გოგონებიც ჰყავდა, მაგრამ არჩილმა ლამარას დაადგა თვალი, რამაც სხვა გოგონები გააღიზიანა.

ლამარა არ იმჩნევდა, მაგრამ ბიჭის ყურადღება ძალიან სიამოვნებდა. მერე შეხვედრები დაიწყეს და დროთა განმავლობაში ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ. ლამარა ლამაზი გოგო იყო, გრძელი წაბლისფერი თმა მუდამ დაწნული ჰქონდა და არჩილს მის თმაში მინდვრის ყვავილების ჩაბნევა უყვარდა.

ერთმანეთს დიდხანს ხვდებოდნენ. მხოლოდ მაშინ დაქორწინდნენ, როდესაც ლამარამ უნივერსიტეტი დაამთავრა და მუშაობა სკოლაში დაიწყო, მაგრამ რომ დაფეხმძიმდა, დროებით სამსახურის მიტოვებამ მოუწია. მერე მეორე და მესამე შვილები გაუჩნდა და ოჯახურმა საქმეებმა და ბავშვებზე ზრუნვამ შეიყოლია.

არჩილი მთელ დღეებს სამსახურში ატარებდა, ლამარა კი სახლში იყო, ბავშვებთან. ბავშვები რომ წამოიჩიტნენ, ისევ სკოლაში დაიწყო მუშაობა.

ყველაფერი მაშინ აირია, როდესაც მეოთხე ვაჟზე დაფეხმძიმდა. მეუღლე სახლში დაბრუნებას აგვიანებდა, ხშირად ნასვამიც მოდიოდა. ლამარა ატყობდა, რომ ქმარს ძველებურად აღარ უყვარდა, თუმცა, ისიც იცოდა, რომ ოჯახის დანგრევას არ აპირებდა.

ერთ საღამოს, როდესაც ბავშვები მიაძინა და მეუღლის მოლოდინში წიგნის კითხვა დაიწყო, კარზე კაკუნი გაისმა. იფიქრა, არჩილი დაბრუნდაო, მაგრამ როცა კარი გააღო, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა - მის წინ დაახლოებით მისი ხნის ქალი იდგა. ერთხანს ერთმანეთს მდუმარედ უყურეს, უცნობმა თვალი ლამარას მუცელს შეავლო და ამოიოხრა.

- ცუდად ხომ არა ხართ, სახეზე ფერი არ გადევთო, დაბნეულად ჰკითხა ლამარამ და მოულოდნელი სტუმარი შინ შეიპატიჟა. უცნობი რამდენიმე წუთს დუმდა, მერე, როგორც ჩანს, ძალა მოიკრიბა და - თქვენი მეუღლე, არჩილი, ჩემს სახლშიაო, გამოცრა, ნასვამი მოვიდა და დივანზე ჩაეძინაო. ლამარას სთხოვა, გაჰყოლოდა, რომ არჩილი წამოეყვანა.

"ასე მეგონა, მიწა გაიპო და თან ჩამიტანა. გულისრევა ვიგრძენი. რა უნდა მეთქვა ამ უცხო ქალისთვის... ისიც არ ვიცოდი, შეურაცხყოფილს უნდა გამეგდო თუ თან გავყოლოდი. როგორც იქნა, ძალა მოვიკრიბე და ვუთხარი, თუ თქვენთან არის, ესე იგი, თქვენთან ყოფნა ურჩევნია და რატომ უნდა ვაიძულო, ოჯახში დაბრუნდეს-მეთქი. ეს ძლივს ამოვთქვი და ქალს კარი მივუხურე".

უცნობი ქალი თურმე დიდხანს იდგა კართან და დაჟინებით უმეორებდა, რომ სახლში სხვისი ქმარი არ სჭირდება, რომ არჩილი მოსვენებას არ აძლევს, რომ საყვარლის როლში ყოფნით დაიღალა და ლამარამ თავის ბედოვლათ ქმარს უნდა მიხედოს...

არჩილი მეორე საღამომდე არ მოსულა. შინ როცა დაბრუნდა, დამნაშავესავით აბუზული დადიოდა. ლამარა თავმოყვარეობაშელახული იყო, მაგრამ ოთხი შვილით სად წასულიყო? იძულებული გახდა, წყენა გადაეყლაპა. არჩილი დაჰპირდა, მსგავსი რამ აღარ განმეორდებაო, რომ იმ ქალთან ყველაფერი დამთავრდა, თუმცა, მეოთხე შვილის დაბადების შემდეგ გაირკვა, რომ საყვარელთან შეხვედრები არ შეუწყვეტია. მეტიც, ცოლს ყველაფერი თვითონ უამბო, ისიც კი უთხრა, რომ ის ქალი უყვარდა და საცხოვრებლად მასთან უნდა წასულიყო, ლამარა კი ბავშვებთან ერთად მის ბინაში დარჩებოდა.

ასეც მოხდა. ლამარამ შვილების გაზრდა მარტომ გააგრძელა, უჭირდა, მაგრამ მუშაობდა და ბავშვებსაც უვლიდა.

განქორწინებიდან ორ წელიწადში, როდესაც ბავშვები ზაფხულში სოფელში ჩაიყვანა, ბიძინას შეხვდა. ის ისევ უცოლო იყო, კაცმა ცოლობა მეორედ სთხოვა, შენ და შენს შვილებს არაფერს მოგაკლებთო.

მეორედაც უარი მიიღო. "არ მიყვარდა და როგორ გავყოლოდი, - თითქოს თავი იმართლა მოხუცმა,"- თანაც ოთხი შვილით არ ავეკიდებოდი".

ქალაქში რომ დაბრუნდნენ, შინ მისულმა ქალმა თვალებს არ დაუჯერა - იქ არჩილი დახვდათ. გახარებული ბავშვები მამას ჩაეხუტნენ. ლამარამ მოსვლის მიზეზი ჰკითხა. კაცმა, მუხლზე დაჩოქილმა, პატიება და ყველაფრის გამოსასწორებლად კიდევ ერთი შანსი სთხოვა, მაგრამ ქალმა უარით გაისტუმრა - პირველივე შემხვედრს გავყვები, მაგრამ შენთან აღარასდროს ვიქნებიო.

წლების შემდეგ არჩილმა სხვა ოჯახი შექმნა, იმედგადაწურული ბიძინაც დაოჯახდა, ლამარამ კი შვილები დაზარდა, დააოჯახა და ახლა მხოლოდ უმცროსი ვაჟის დარდი ჰქონდა.

ლამარას ერთი სკოლის მეგობარი, ნინო შემორჩა. ისიც მარტო ცხოვრობს და საღამოობით ერთმანეთს ტელეფონით მოიკითხავენ ხოლმე, რადგან სიარული და ერთმანეთთან სტუმრად მისვლა ამ ასაკში უკვე უჭირთ. საკმარისია, ერთმა შემთხვევით ტელეფონს არ უპაუხოს, მეორე ნერვიულობს. საუბრობენ გაზეთში წაკითხულ სიახლეებზე, წარსულს იხსენებენ და ტელევიზორში მოსმენილ ამბებს განიხილავენ.

ამას წინათ ნინოს გაუგია, არჩილი გარდაიცვალაო და ეს ამბავი მეგობარს აცნობა. მთელი საღამო ტიროდა ლამარა, არჩილის სურათს დასჩერებოდა და იმ დღეებს იხსენებდა, მასთან ბედნიერი რომ იყო.

ერთი თვე რომ გავიდა და ლამარა ბებო სკვერში არ გამოჩნდა, შევფიქრიანდი, არადა, არათუ ტელეფონის ნომერი, მისი მისამართიც არ ვიცოდი.

ერთ დღესაც, ის იყო, მე და ჩემი შვილი სკვერში შევედით, რომ ბავშვმა შესძახა, შეხედე, ლამარა ბებო სკამზე ზისო. ქალი გახარებული ჩანდა - ბიჭი დავაქორწინე, კარგი ქალი მოიყვანა, ისიც პედაგოგია და ერთმანეთს კარგად გაუგებენო, ამ ცოდვილ დედამიწაზე ჩემი დრო ამოვწურე, მთავარია, რომ შვილები კარგად არიან და ახლა მშვიდად სიკვდილიც შემიძლიაო, ღიმილით მითხრა.

ანა ყარალაშვილი