"შეგიძლია მომილოცო, გავთხოვდი!"
16-10-2017
"შეგიძლია მომილოცო, გავთხოვდი!"
"ჯვრისწერის ამბავი ტელეფონით შემატყობინა, მესიჯი მომწერა, გავთხოვდიო! მოულოდნელობისგან ტელეფონი კინაღამ ხელიდან გამივარდა"

ძვირფასო რედაქცია, მე ნინო მქვია, ხშირად ვკითხულობ ქალების რუბრიკას და აი, მეც გადავწყვიტე ჩემი მეგობრის, თამროს შესახებ გიამბოთ. თამროს დალხენილი ცხოვრება არასდროს ჰქონია. მის ოჯახს ძალიან უჭირდა და ხშირად ისეც ხდებოდა, რომ მშიერი უწევდათ ყოფნა. მამა ლოთი ჰყავდა და მათი ბინიდან გამუდმებით ყვირილისა და ჩხუბის ხმა გამოდიოდა. როცა მამა დათვრებოდა, ყველაზე მეტად დედას ხვდებოდა, თუმცა, ისეც ყოფილა, რომ
სიცივეში ბავშვებიც გაუგდია გარეთ, მაგრამ თამროს ამ დროის გახსენება არ უყვარს. ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც საკუთარ თავს შეჰპირდა, როდესაც გაიზრდებოდა, აუცილებლად ძალიან მდიდარი გახდებოდა. დედა მორჩილი, სიტყვაუთქმელი ქალი იყო. ცისფერი, ჩამქრალი თვალები ჰქონდა. წასასვლელი არსად ჰქონდა და, ალბათ, ასეთ ყოფას იმიტომაც ეგუებოდა. თამრო ცდილობდა,
კარგად ესწავლა, მაგრამ როდესაც უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების დრომ მოაწია, ფასიან სექტორზე მოხვდა.

მაშინ გოგომ თავმოყვარეობას გადააბიჯა და დახმარების სათხოვნელად საზღვარგარეთ მცხოვრებ შეძლებულ ნათლიას მიმართა. ნათლიამ პირველი სასწავლო წლის თანხა დაუფარა და გააფრთხილა, რომ დახმარებას მეტად ვეღარ შეძლებდა. თამროს უმაღლესში სწავლის დროს რიგიანი ტანსაცმელიც კი არ ჰქონდა, ოთხი სეზონი ერთი და იმავე ძირგახვრეტილი ფეხსაცმლით იარა, რომელშიც დროდადრო მუყაოს ნაჭრებს აფენდა, რათა ზამთარში ფეხი ნაკლებად დასველებოდა, თითქმის სულ ერთი და იგივე შარვალი და ძმის ნაქონი პულოვერი ეცვა.

თამრო უნივერსიტეტში გავიცანი, ერთ კურსზე და ერთ ჯგუფში ვსწავლობდით. სიტყვაძუნწი და მკაცრი გამომეტყველების გოგო იყო. ერთადერთი, რაც მის გარეგნობაში თვალში მოგხვდებოდა, მისი მწვანე თვალები, ჩალისფერი თმა და გაუგებარი ვარცხნილობა გახლდათ. არ იყო ლამაზი, თვითონაც იცოდა. ჭკვიანიც არ ეთქმოდა, მაგრამ ვერ იტანდა, როდესაც ვინმე დავალებას მასზე უკეთესად გააკეთებდა. მაშინ მისთვის სახეზე შეხედვა არ მინდოდა, ისე გაავდებოდა.

ყველაფერში პირველობა უნდოდა და არც არის გასაკვირი, იმისათვის, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეეცვალა, საუკეთესო უნდა ყოფილიყო. ისე მოხდა, რომ მე ერთადერთი აღმოვჩნდი, ვინც მასთან ვმეგობრობდი. თამროს ჩემთან დარჩენა უყვარდა, მაშინ საშუალება ეძლეოდა, გემრიელად ევახშმა და ძილსაც მშვიდად მისცემოდა. ბავშვივით უხაროდა, როდესაც ჩასაცმელს ვჩუქნიდი. სახლში მარტო მე და დედა ვცხოვრობდით, დედას თამროზე გული ძალიან შესტკიოდა და ყოველთვის თბილად ხვდებოდა. ერთხელ ფეხსაცმელიც უყიდა და საჩუქრის დანახვისას თამროს ცრემლნარევი თვალები არასდროს დამავიწყდება.

თამროს უნივერსიტეტში ერთი ბიჭი მოსწონდა. გარეგნულად ბევრი არაფერი, თამროსთვის ზედგამოჭრილი იქნებოდა, მაგრამ თემო ინტერესს არ იჩენდა. მათი ურთიერთობა მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა და იშვიათად თუ გაეხუმრებოდა, ეს იყო და ეს.
თემო ჩვენი ლექტორის მეგობრის შვილი, ცნობილი ბიზნესმენის ვაჟი გახლდათ. ეს მისთვის მეორე უმაღლესი სასწავლებელი იყო, შესაბამისად, თამროზე უფროსი გახლდათ. ბიჭის გულგრილობას თამრო შეჩვეული იყო და მხოლოდ შორიდან ეტრფოდა.

ყველაზე რთული პერიოდი თამროს მაშინ დაუდგა, როდესაც მეორე კურსზე სწავლის საფასური ვეღარ გადაიხადა და გარიცხეს. ეს მისთვის ტრაგედიის ტოლფასი იყო, ყველაფრის იმედი გადაეწურა. ნათელ მომავალზე უკვე აღარ ფიქრობდა, სასოწარკვეთას მიეცა. ერთხელ კიდევ სცადა ბედი და ნათლიას დახმარება სთხოვა, მაგრამ ამჯერად უარი მიიღო. მასთან ერთად მეც განვიცდიდი, ვხედავდი, როგორი მიზანდასახული მეგობარი მყავდა და გული ძალიან მტკიოდა, იმედგაცრუებულსა და ფარ-ხმალდაყრილს რომ ვხედავდი.
იმ დღეს, როცა ნათლიისგან უარი მიიღო, ჩემთან დარჩენა ვთხოვე. ვიფიქრე, დარდს ცოტათი მაინც შევუმსუბუქებდი. არ დარჩა, სახლში წავიდა. დილით ადრე დამირეკა და მთხოვა, შენთან მოვალო.

კვირა დღე იყო და, რა თქმა უნდა, მაშინვე დავთანხმდი. როდესაც მოვიდა, თვალები ტირილისგან დასივებული და ჩაწითლებული ჰქონდა. ყავა მოვადუღე და მოსასმენად გავემზადე. თურმე წინა საღამოს თამროს მამა შინ მთვრალი მისულა და როგორც ყოველთვის, აყალმაყალი გაუმართავს. რა თქმა უნდა, ისევ მეუღლეს ეჩხუბებოდა და როცა დასარტყმელად გაიწია, უფროსმა ძმამ ვერ მოითმინა და მამას გვარიანად მოსდო. შეშინებული უმცროსი ძმა მაგიდის ქვეშ დამალულა, თამრო კი დედ-მამის გაშველებას ცდილობდა. მთვრალი ოჯახის უფროსი გვიან ღამით ჩაწყნარდა და ოჯახის წევრებმა ისე დაიძინეს, ვითომ არაფერი მომხდარა. თამრო გამომიტყდა, რომ იქ ცხოვრება აღარ უნდოდა და მთხოვა, ცოტა ხანს შენთან გამაჩერე, ვიდრე გამოსავალს მოვძებნიო. უარი არ მითქვამს, ვიცოდი, დედა თამროს დროებით ჩვენთან ცხოვრებას დასთანხმდებოდა. ამგვარად, საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა. "
- მუშაობა უნდა დავიწყო, - მითხრა ერთხელ,"- სულერთია, სად, თუნდაც შავ სამუშაოზე, შრომა არ მეზარება, ფული უნდა ვიშოვოო. ასეც მოიქცა, მალე ჩვენი სახლის ახლოს პატარა კაფეში დამლაგებლად დაიწყო მუშაობა. ფულს საგულდაგულოდ აგროვებდა და თან უკეთეს სამსახურს ეძებდა, რათა სწავლის საფასური შეეგროვებინა და სასწავლებელში დაბრუნებულიყო.

ერთხელ გამომიცხადა, ახალი მიზანი და გეგმა მაქვსო. გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, თემოს გაჰყოლოდა ცოლად. რა თქმა უნდა, ეს მაშინ აბსურდად მომეჩვენა, მაგრამ მაინც დავინტერესდი, ამის მიღწევას როგორ აპირებდა, როცა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს თემოს მისთვის იოტისოდენა ყურადღებაც კი არ მიუქცევია. "ვიცი, ლამაზი არა ვარ, - დამიდასტურა,"- სწორედ ამიტომ მეტი ძალისხმევა დამჭირდება, ვიდრე რომელიმე კარგი შესახედაობის გოგოს. მოდუნების უფლება არა მაქვს. თემო მომწონს და თანაც მისი ცოლობა ჩემს კეთილდღეობას ნიშნავს. სხვა გამოსავალი არა მაქვს, რამდენიც უნდა ვიმუშაო, იმდენს მაინც ვერ დავაგროვებ, რომ სწავლის საფასური გადავიხადო, როცა ცხოვრება შანსს არ გაძლევს, თავად უნდა ეძებო გამოსავალი, ეს კი თემოს ცოლობააო."

თამრო მეორე დღეს მოგროვილი თანხით მაღაზიაში წავიდა და ტანსაცმელი იყიდა. მერე სილამაზის სალონში თავისი მოურჯულებელი ჩალისფერი თმით არაჩვეულებრივი ვარცხნილობა გაიკეთა. მეგონა, დროს და ენერგიას ფუჭად კარგავდა, მაგრამ ისე იყო აღტყინებული, არ მინდოდა, ხასიათი წახდენოდა.
საღამოს თემოს ტელეფონის ნომერი მოიძია და დაურეკა,"ჯერ თავი შეახსენა. ბიჭს არანაირი რეაქცია არ გამოუხატავს, ის იყო, ტელეფონი უნდა გაეთიშა, რომ თამრომ - კარგი იდეა მაქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის და იქნებ გენახაო. თემო კინოსარეჟისოროზე სწავლობდა, როგორც ჩანს, ინტერესმა სძლია და შეხვედრაზე დათანხმდა.

ერთმანეთს ბარში შეხვდნენ, როგორც მოგვიანებით თემომ მითხრა, თამრო სრულიად არ აინტერესებდა, უფრო გამორჩენის მიზნით შევხვდი, იქნებ მართლაც საინტერესო იდეა ჰქონდაო. არ ვიცი, თამრო იმ საღამოს რაზე ელაპარაკა, მაგრამ ფაქტი იყო, შეხვედრით თემო კმაყოფილი დარჩა.
იმ დღის შემდეგ ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ. თამრო ნაგროვებ ფულს მხოლოდ იმაში ხარჯავდა, რომ ახალი ტანსაცმელი ეყიდა და სალონში წასულიყო. მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი დედაჩემი იყო, ბევრჯერ წავასწარი, სამზარეულოში რომ უზიარებდა თემოსთან შეხვედრის დეტალებს. როგორც გავიგე, თემო რჩევისთვის ახლა მხოლოდ თამროს მიმართავდა.

გამოხდა ხანი და მეგობრობა რაღაც უფრო მეტში გადაიზარდა და ერთ დღესაც თამრო დედაჩემს გაენდო, მგონი, დროა, ქორწინებაზე ჩამოვუგდო სიტყვაო. დედამ, კიდევ ცოტა ხანი მოცდა აჯობებსო, მაგრამ ჩემმა მიზანდასახულმა მეგობარმა კატეგორიულად განაცხადა, ან ახლა ვეტყვი, ან მასთან ურთიერთობას შევეშვებიო. ასეც მოიქცა და ერთ- ერთი შეხვედრის დროს დაქორწინების თემა შეაპარა.
თემო, ცოტა არ იყოს, დაიბნა და გამოუტყდა, რომ ამაზე არც კი უფიქრია, რომ თამრო ძალიან მოსწონს, მასთან ყოფნა სიამოვნებს, მაგრამ ოჯახის შექმნა აზრადაც არ მოსვლია.

და თამრომ ახალი სტრატეგია დასახა, ასე მითხრა დედაჩემმა, ბიჭის დასჯა გადაწყვიტა და თემოს გამოუცხადა, მე მიყვარხარ, ვიცი, რომ შენც ძალიან მოგწონვარ, სულ ჩემთან გინდა ყოფნა, მაგრამ ცოლად შერთვაზე უარს მეუბნები, ამიტომ იმასთან იარე, ვისი ცოლად მოყვანაც გინდაო. თამროს ქალური ინტუიცია კარნახობდა, რომ თემოს მის გარეშე გაძლება უკვე გაუჭირდებოდა. ამიტომ ცოტა ხანი კიდევ უნდა დაეცადა, სანამ ბიჭი თავისი ფეხით არ ეახლებოდა.

მისი წინათგრძნობა გამართლდა. ორკვირიანი პაუზის შემდეგ თემომ დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.
როგორც მოგვიანებით თამრომ მითხრა, თემოს ბოდიში მოუხდია, მარტო რომ დავრჩი, მაშინ მივხვდი, ჩემთვის ვინც ყოფილხარო. მოკლედ, თამრომ გაიმარჯვა, რაც დაისახა, შეასრულა კიდეც.
ჯვარი ყველასგან მოულოდნელად, იმავე საღამოს დაიწერეს. ეს ამბავი ტელეფონით შემატყობინა,"შეგიძლია მომილოცო, გავთხოვდიო! მოულოდნელობისგან ტელეფონი კინაღამ ხელიდან გამივარდა. "დედააა!"- ავყვირდი,"- თამრო გაგვითხოვდა!" დედამ გახარებულმა კითხვები მომაყარა, "როგორ?! როდის?! რანაირად?!.."

მერე ყველაფერი ისე აეწყო, როგორც თამრო ოცნებობდა. მეუღლემ სწავლა დაუფინანსა და სასწავლებელში დაბრუნდა, გვერდით ჰყავდა საყვარელი ადამიანი, რომელიც მასზე ზრუნავდა და რომელსაც ასევე ძალიან უყვარდა. უკვე თავისუფლად შეეძლო ეყიდა და ჩაეცვა ის, რაც მოსწონდა და ამ ყველაფრის დამსახურებით მზერაც თბილი და ალერსიანი გაუხდა.
რაც შეეხება მის ოჯახს, მამა სმას გადაჰყვა, უფროსი ძმა დაქორწინდა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. თამრო დედასა და უმცროს ძმას ხშირად აკითხავს და ძალიან ეხმარება.

ახლა თამროს ორი შვილი - ბიჭი და გოგო და არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს. ამას წინათ ვნახე და ერთობ გალამაზებულიც კი მომეჩვენა.

ანა ყარალაშვილი
ნია
04 ნოემბერი 2017 14:09
ეს არის ზღაპარი ხალხო,რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება.დამიჯერეთ მოგონილი ზღაპარია ეს ყველაფერი...
ანა
23 ოქტომბერი 2017 00:24
წერეთ მოკლედ,ეს არის ნიჭიერება,რას ბოდავთ??

რედაქტორის რჩევით