"გული მოვიფხანე, როცა ჩემი დედამთილის საიდუმლო გავიგე..." - კვირის პალიტრა

"გული მოვიფხანე, როცა ჩემი დედამთილის საიდუმლო გავიგე..."

"ჩემს დედამთილს ძალიან ვაღიზიანებ, ალბათ, იმიტომ, რომ თვლის, ცხოვრების აზრი, საყვარელი შვილი წავართვი"

"რუსთავიდან გწერთ. სახელსა და გვარს მხოლოდ ერთი მიზეზით ვერ მოგწერთ, ჩემმა დედამთილმა წერილში თავისი თავი რომ ამოიცნოს, დიდ სკანდალს მოაწყობს, სიმართლე გითხრათ მისი გაბრაზების დიდად არ მეშინია, მაგრამ მაინც ასე სჯობს. მოკლედ, გამიმართლა - მყავს ძალიან კარგი მეუღლე, რომელსაც ვუყვარვარ და რომელიც ჩემზე ზრუნავს. არაჩვეულებრივი ადამიანია ჩემი მამამთილიც, რასაც დედამთილზე ვერ ვიტყვი.

საერთოდ, რძლები დედამთილებს ხშირად უჩივიან, მაგრამ ჩემი განსაკუთრებული ფენომენია. მშვიდად საუბარი არ შეუძლია, გამუდმებით ხმამაღლა და გაღიზიანებული ლაპარაკობს, ვერ იტანს, როდესაც რაღაც მასზე უკეთ გამოგდის, ამას არაფრით არ აღიარებს, თუნდაც ეს საოჯახო საქმეს ან უმნიშვნელო რაღაცას ეხებოდეს. აგრესიული ქალია, ერთხელ ყავა რომ მოვუდუღე, ჭიქას ხელი ჰკრა და გვერდით მოისროლა, ყავის მოდუღება შენ რა იციო. ძალიან ვაღიზიანებ, ალბათ, იმიტომ, რომ თვლის, ცხოვრების აზრი, საყვარელი შვილი წავართვი. ყოველ შემთხვევაში, მას ასე ეჩვენება. მოკლედ, ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ გული მოვიფხანე, როცა დედამთილის, ასე ვთქვათ, ცოდვების ამბავი გავიგე.

ერთხელ, გვიან საღამოს, როდესაც ჩემი მეუღლე შინ არ იყო, კარზე ზარი დაირეკა. საძინებელში ვიყავი, კარი ოდნავ შეღებული მქონდა და გავიგონე, დედამთილმა კარი როგორ გააღო და შეჰკივლა. რა მოხდა-მეთქი, მარტო ეს გავძახე."არაფერიო, - სწრაფად მიპასუხა. მერე გავიგონე ახალგაზრდა კაცის ხმა,"ქალბატონო ნათელა, ლევანი ვარო. აქა-იქ მესმოდა, რომ ახალგაზრდა დაჟინებით ითხოვდა ჩემი მეუღლის ნახვას, ნათელა კი უმტკიცებდა, ევროპაშია წასული და ვერ ნახავო. როცა, როგორც იქნა, სტუმარი წავიდა, დედამთილს მისი ვინაობა ვკითხე და უხეშად მიპასუხა,"შენი საქმე არ არის, შენ ვინ გეკითხებაო. მამამთილი, რომელიც ტელევიზორის წინ სავარძელში მოკალათებულიყო, საცოდავი კრავის თვალებით მიყურებდა. არაფერი თქვა, ეტყობა, ცეცხლზე ნავთის დასხმა არ უნდოდა. მეგონა, ჩემი ოჯახის შესახებ ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, რაღაც საიდუმლო მაინც იმალებოდა. მეუღლე სახლში გვიან ნასვამი მოვიდა. იშვიათად სვამდა და ამ დროს ბევრი ლაპარაკი უყვარდა. დავსვი და უცნაური სტუმრის შესახებ მოვუყევი. ჩემდა გასაკვირად, თვალები აუცრემლიანდა და მაშინ ყველაფერი მითხრა.

როგორც აღმოჩნდა, ჩემი მამამთილი სინამდვილეში, ვატოს, ანუ ჩემი მეუღლის მამინაცვალი ყოფილა. არც კი მახსოვს, რა ასაკიდან გამზარდა, მაგრამ ძალიან დიდხანს მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ ღვიძლი მამა იყოო. ეს კაცი მართლაც ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა, თურმე ვატოს საკუთარი შვილივით ზრდიდა, აბანავებდა, აჭმევდა, ასეირნებდა, ასწავლიდა... ერთ დღეს, მაშინ ვატო უკვე თექვსმეტი წლის იყო, მეტროში უცნობი მამაკაცი გაეცნო. როგორც მომიყვა, ულვაშიანი, შავგვრემანი კაცი იყო და ძალიან კარგად ეცვაო. ვატოსთან მისულა და უკითხავს,"შენ ნათელას ბიჭი ხომ არა ხარო. გაკვირვებულმა ვატომ თავი დაუქნია, იმან თავზე ხელი გადაუსვა და "დედა მომიკითხეო,"დააბარა. ბიჭმა იეჭვა, შინ მისული, დედას დაჟინებით სთხოვდა, მითხარი, ასეთი და ასეთი კაცი ვინ არისო.

ნათელა დაბნეულა, მაგრამ მერე სიმართლე უღიარებია. ჩემს დედამთილს ახალგაზრდობაში ერთი კაცი ჰყვარებია, სწორედ ის კაცი, რომელიც ვატოს მეტროს ვაგონში შეხვდა. ცოდვას ვერ ვიტყვი და, ნათელას ახალგაზრდობის დროინდელი სილამაზე დღემდე მოჰყვება.

მოკლედ, ნათელა და ეს კაცი ერთმანეთს ხვდებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ის დაოჯახებული იყო და შვილიც ჰყავდა. რაიონიდან ყოფილა, თბილისში საქმეზე ჩამოდიოდა ხოლმე და ნათელაც ასე გაიცნო. გარკვეული დროის შემდეგ ჩემი დედამთილი დაფეხმძიმებულა და არ ვიცი, მერე რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, შვილი მის გარეშე გაზარდა. ეტყობა, ის კაცი თავის ცოლ-შვილს დაუბრუნდა და მას მერე ერთმანეთი აღარც უნახავთ.

გამოხდა ხანი, ნათელა მეორედ გათხოვდა და ვატო, როგორც უკვე ვთქვი, მამინაცვალმა გაზარდა.

ერთ დღესაც მამამისის გაცნობა განიზრახა, სახლიდან გაპარულა, იმ რაიონში ჩასულა, სადაც, წესით, მამამისი ცხოვრობდა, მაგრამ როდესაც ეზოს ჭიშკარი შეაღო, ქალი შემოეგება... იფიქრა, ალბათ, ცოლიაო და მოუბოდიშა, შემეშალაო და წამოვიდა. მას მერე იქ აღარ ჩასულა. ახლა კი, ლევანი, ანუ მისი ძმა, მოვიდა მის გასაცნობად, დედამისმა კი ურცხვად დაუმალა.

ამ ყველაფერს ვატო თვალცრემლიანი მიყვებოდა. შემეცოდა და უეცრად აზრი გამიჩნდა,"მოდი მოვძებნოთ-მეთქი. გაიკვირვა, როგორო.

მეორე დღეს ლევანის ძებნა სოციალურ ქსელში დავიწყეთ, მაგრამ ამაოდ. არც ერთ გავრცელებულ საიტზე ასეთი პიროვნება რეგისტრირებული არ იყო. მერე გვარის მიხედვით მოვძებნეთ ადამიანები იმავე რაიონიდან და ისევ სოციალური ქსელის მეშვეობით მივწერეთ, ასეთ და ასეთ ადამიანს ხომ არ იცნობთ-მეთქი. პასუხი მარტო ერთმა მოგვწერა, ლევანი ჩვენს სოფელში აღარ ცხოვრობს, რაც მამა გარდაეცვალა, სახლი გაყიდა და წავიდაო. ვატოს შევხედე, მივხვდი, როგორ დაეწვა გული, მამამისის გაცნობა რომ ვერ მოასწრო.

დედამთილი ხვდებოდა, რომ მე და ჩემი მეუღლე ლევანზე რაღაცებს ვიკვლევდით. ერთ დღესაც დაუძახა ვატოს და უთხრა,"ვის ეძებ და რატომ, ეს კაცი, რომელმაც გაგზარდა, არ გეცოდებაო?"ამ კაცს ყოველთვის მამას დავუძახებ, მის ამაგს არასოდეს დავივიწყებ და ძმის გაცნობა ჩვენს ურთიერთობას ვერაფრით გააფუჭებსო.

როდესაც ლევანის პოვნის იმედი გადაგვეწურა, ვიფიქრეთ, იქნებ თვითონ გამოჩნდეს-მეთქი, მაგრამ ამაოდ.

დრო გადიოდა, ჩვენთან კი აღარავინ მოსულა. მაშინ ვატოს გონება გაუნათდა."მითხრა, - რაღა შორს ვეძებთ, "ყველაფერი ნათელას ეცოდინებაო. დედამთილმა, რა თქმა უნდა, იუარა,"მე რა ვიცი, სადააო, მაგრამ ჩემი მეუღლე არ მოეშვა. ხანგრძლივი კამათის შემდეგ საქმეში ჩემი მამამთილი ჩაერია და ცოლს მკაცრად მოსთხოვა, შვილისთვის ძმის ადგილსამყოფელი გაემხილა. ნათელა გაცოფდა, ყველაზე მეტად იმაზე ბრაზობდა, მისი ამბავი მეც რომ გავიგე, ის ხომ სხვების თვალში უშეცდომო ქალი უნდა ყოფილიყო. მოკლედ, არაფერმა გაჭრა.

უკვე დავივიწყეთ ეს ამბავი, როცა იმ უცხო, მაგრამ მოგვარე ადამიანისგან, რომელსაც სოციალურ ქსელში ვწერდით და რომელმაც ვატოს მამის გარდაცვალების ამბავი გაგვაგებინა, წერილი მივიღეთ: "გამარჯობა! ამას წინათ სოფელში ლევანი ჩამოვიდა და გადავეცი, რომ ეძებდით, მისამართი და ტელეფონის ნომერი დამიტოვა და დაუკავშირდითო~. არ დაგვირეკავს, პირველივე შაბათს მანქანაში ჩავსხედით და დასავლეთ საქართველოსკენ გავეშურეთ, სადაც ლევანი უნდა გვენახა.

როგორც აღმოჩნდა, ლევანი ზღვასთან ახლოს, ორსართულიან სახლში ცხოვრობდა. პირველად კარში ქალი და პატარა ბავშვი შემოგვეგებნენ. ლევანი ვიკითხეთ, ქალი შეკრთა, მერე ჩემს მეუღლეს მიაჩერდა."

- ვატო ბრძანდებით? - იკითხა დაბნეულმა.

ვატომ დაუდასტურა. ქალი სიხარულისგან გადაირია,"ნეტავი იცოდეთ, ლევანი რამდენს გეძებდათო!

ქალმა შინ შეგვიპატიჟა. ლევანი სამსახურშია და მალე მოვაო. როცა ლევანი ეზოში შემოვიდა, გავშრი, ძმები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ. გულის ამაჩუყებელი შეხვედრა იყო. ძმები ერთმანეთს დიდხანს ეხვეოდნენ, ლაპარაკით და ერთმანეთის ამბების გამოკითხვით ვერ ძღებოდნენ.

სტუმრად რამდენიმე დღე დავრჩით, თბილისში წამოსვლისას ლევანმა თავისი როხროხა ხმით გვითხრა,"ძმაო და რძალო, რომ იცოდეთ, როგორი ბედნიერი ვარ, რომ გიპოვეთო! ახლა ლევანს და მის ოჯახს ხშირად ვეხმიანებით, დღესასწაულებზე ვხვდებით, ეგ არის, რომ ჩემი დედამთილი კატეგორიულად გვიკრძალავს ლევანის სახელის ხსენებასაც კი. რას ვიზამთ, ასეთია ჩემი დედამთილი, ჯიუტი და ცივი ქალი~.

ანა ყარალაშვილი