"ჩემს მეგობარს ვერაფრით გაუგია, რატომ უნდა გათხოვდეს, შვილები გააჩინოს, როცა შეიძლება საუკეთესო წლები მხიარულად გაატაროს"
30-10-2017
"ჩემს მეგობარს ვერაფრით გაუგია, რატომ უნდა გათხოვდეს, შვილები გააჩინოს, როცა შეიძლება საუკეთესო წლები მხიარულად გაატაროს"
ძვირფასო რედაქცია, ჩემი თავზე ხელაღებული მეგობრის შესახებ მინდა გიამბოთ. ინსტიტუტიდან ვმეგობრობთ მე, ლიკა, თათული და კიდევ ოთხი გოგო. ამჯერად თათულიზე მოვყვები, იმიტომ, რომ ის ჩვენს ექვსეულში ყველაზე არაორდინარული ადამიანია.

თათული ჩვენ შორის ყველაზე ლამაზია და ამას მეგობრებიც ვაღიარებთ. მოდელია, წითური ტალღოვანი თმა აქვს, ოდნავ ჭორფლიანი პატარა ცხვირი ძალიან უხდება. ბუნებრივია, თაყვანისმცემლები არ აკლია. სწავლა არასდროს უყვარდა, სტუდენტობისას ლექციებსაც ხშირად აცდენდა, სამაგიეროდ, კარგად ჩაცმა, მოგზაურობა და შეძლებული მამაკაცები მოსწონდა. დღემდე ასეა.
უყვარს, როდესაც მდიდარი მამაკაცები საჩუქრებით ანებივრებენ, სამოგზაუროდ ეპატიჟებიან და ძვირად ღირებულ სასტუმროებში ისვენებს.

ერთ მშვენიერ დღეს, მე რომ მეგონა, ჩემი მეგობარი რომელიღაც კურორტზე ბედნიერად ისვენებდა, დამირეკა.
შეშფოთებული ხმა ჰქონდა, მომეჩვენა, თითქოს ტიროდა. რამდენიმე წუთი დუმდა, მერე კი -"ბათუმში ვარ, სასტუმროშიო, ძლივს ამოღერღა. რა მოხდა-მეთქი, ვკითხე.
ახლა ვერაფერს გეტყვი, ფული მჭირდება, სასტუმროს რომ გადავუხადო და ბილეთი ვიყიდო შინ დასაბრუნებლადო.
წუთით თავში მხოლოდ ერთმა აზრმა გამიელვა, ალბათ, ვიღაც ნაძირალამ გაქურდა-მეთქი. "დამშვიდდი, დღესვე გამოგიგზავნი, რაც გჭირდება, ოღონდ, ორი სიტყვით მაინც მითხარი, რა შეგემთხვა", - ვთხოვე მეგობარს.

მოკლედ, როგორც აღმოჩნდა, ბათუმში ახალგაცნობილ მამაკაცთან ერთად ჩასულა, რომელთან ერთადაც მოგზაურობის გაგრძელებას საფრანგეთში აპირებდა, მაგრამ ერთ დღესაც აღმოაჩინა, რომ თაყვანისმცემელი თავის ბარგი-ბარხანიანად გაპარულა.
ცოტა არ იყოს, გავბრაზდი -" კაცს არც კი იცნობდი, შენ კი დაადე თავი და მასთან ერთად ბათუმში გავარდი, კიდევ კარგი, უცხოეთში არ წახვედით. იქ რომ მიეტოვებინე, ხომ სულ გადაირეოდი-მეთქი. აქ კი შემომიტია თათულიმ, გართობა და დროს ტარება მიყვარს, მე კი იმის შესაძლებლობა არა მაქვს, როგორც მინდა, ისე დავისვენო, თანაც მამაკაცი თუ სასიამოვნო ადამიანია, მომწონს და კარგ დასვენებასაც მთავაზობს, რატომ უნდა ვუთხრა უარიო.
როგორც მოგვიანებით გვიამბო, ეს კაცი საერთო მეგობრის მეშვეობით გაუცნია. კოტე საფრანგეთში მცხოვრები მორაგბე ყოფილა, სიმპათიური, სპორტული აღნაგობის. თათული მაშინვე მოსწონებია და პაემანზეც დაუპატიჟებია, თათული კი რის თათული იქნებოდა, მდიდარი თაყვანისმცემელი ხელიდან გაეშვა...
მოკლედ, შეხვედრები დაუწყიათ. როგორც ჩანს, კოტე უფრო და უფრო იხიბლებოდა ქალით და ერთ დღესაც საზეიმოდ გამოუცხადებია, დიდი ხანი არ არის, რაც ერთმანეთს ვხვდებით, მაგრამ ძალიან მინდა, სულ ჩემ გვერდით იყო, მიყვარხარ და ბედნიერი ვიქნები, თუ ცოლად გამომყვებიო.
კოტემ რა იცოდა, რომ თუ გინდა, თათულიმ თავი დაგანებოს, გათხოვება უნდა უხსენო. ჩემს მეგობარს ვერაფრით გაუგია, რატომ უნდა გათხოვდეს, შვილები გააჩინოს და ოჯახს მიხედოს, როცა შეიძლება საუკეთესო წლები მხიარულად გაატაროს. ეს მისი სიტყვებია.

იმ საღამოს კოტე დაბნეული და იმედგაცრუებული წასულა. მერე არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ თათულისთვის დაურეკავს და უთხოვია, საქმეების გამო ბათუმში უნდა წავიდე, მერე კი ერთი კვირით საფრანგეთში მომიწევს გამგზავრება, შენც წამოდი და უკანაც ერთად დავბრუნდეთო.
თათული ბედნიერებისგან კიოდა. როგორც ჩანს, არ ელოდა, თუ კოტე არათუ შეეხმიანებოდა, საზღვარგარეთ წაყვანასაც შესთავაზებდა. მოკლედ, თათულიმ შევხვდეთო, აჯობებს, პირისპირ დავილაპარაკოთო.

კოტემაც საღამოს რესტორანში დაპატიჟა, იქ უნდა გაერკვიათ, როდის და როგორ გაემგზავრებოდნენ. რამე გაუგებრობა რომ არ მომხდარიყო, თათულიმ კოტე წინასწარ გააფრთხილა, თუ სურდა, საფრანგეთში გაჰყოლოდა, სასტუმროს ცალკე ნომერზე, კვებასა და გართობაზე კოტეს უნდა ეზრუნა, და რომ ახლო ურთიერთობა არ ექნებოდათ. თუ ეს პირობები მისაღები იქნებოდა კაცისთვის, თათულისაც მეტი არაფერი უნდოდა.

ასე რომ, ბათუმში გაემგზავრნენ. პირველმა დღემ არა­ჩვეულებრივად ჩაიარა. ჯერ ზღვაში ინებივრეს, მერე გვიანობამდე ბულვარში ისეირნეს, საღამოს ძვირად ღირებულ რესტორანში ივახშმეს და ბევრი ილაპარაკეს. ღამით სასტუმროში დაბრუნებულმა და ნასიამოვნებმა თათულიმ შხაპი მიიღო, საღამური პერანგი ჩაიცვა, ფანჯრის რაფაზე შემოსკუპდა და სწორედ ამ დროს კარზე კაკუნიც გაისმა.

ხალათი მოისხა და კარი გააღო. კოტე აღმოჩნდა. ისევ ბევრი ილაპარაკეს, იცინეს, შამპანური მოწრუპეს... მერე კი უეცრად კოტემ თმაში ხელი შეუცურა. თურმე თათული გიჟივით წამოვარდა და, ჩვენ ხომ შევთანხმდითო, შეჰყვირა. კოტე ბავშვივით მოიკუნტა, მერე რაღაც ჩაილაპარაკა და ოთახიდან ისე გავიდა, სიტყვაც არ უთქვამს. თათულის ამაზე მაინცდამაინც არ უნერვიულია. დილით, საუზმის დრომ რომ მოაწია, დაურეკა, მაგრამ კოტემ არ უპასუხა. მერე რამდენიმე შეტყობინება გაუგზავნა და ისევ ამაოდ. სხვა რა გზა ჰქონდა - მარტომ ისაუზმა.
მერე სანაპიროზე გაისეირნა და სასტუმროში რომ დაბრუნდა, კოტეს ისევ შეეხმიანა. ტელეფონს ისევ არავინ უპასუხა.
თათულის დიდად არც ახლა უნერვიულია - ალბათ, საქმე აქვს და დასალაპარაკებლად ვერ მოიცალა. ეტყობა, ცოტა ნაწყენია, მაგრამ არაფერია, გადაუვლისო, ჩაილაპარაკა, საწოლზე მიწვა და მიეძინა.

უკვე ბნელოდა, რომ გაეღვიძა. მობილურს დახედა და რომ ნახა, კოტეს არ დაერეკა, ცოტა არ იყოს, შეფიქრიანდა. ერთ-ორ საათს კიდევ დავიცდიო, გადაწყვიტა. ალბათ, საქმეში გაერთო და დაავიწყდა, შემხმიანებოდაო. თავს არ უტყდებოდა, რომ შეიძლება კოტე ისეთი გაბრაზებული იყო, რომ თათულის დიდი ძალისხმევა დასჭირვებოდა, რომ შემოერიგებინა. კვლავ დაურეკა, მაგრამ ისევ უშე­დეგოდ. ახლა კი გაბრაზდა. ვინ ჰგონია თავი, რომ გამებუტაო. მერე ქვემოთ ჩავიდა და რაც იქ უთხრეს, თავი ძლივს შეიკავა, რომ არ აღრიალებულიყო.

მოკლედ, გაარკვია, რომ კოტე გვიან ღამით სასტუმროდან ისე წასულა, რომ თათულის ნომრის საფასურის გადახდაზე არც კი უფიქრია.
სასოწარკვეთილმა ჩემმა მეგობარმა ამჯერად სიამაყე დაივიწყა და ფულის სათხოვნელად დამირეკა. მასთან საუბრის შემდეგ გიჟივით გავვარდი გოგოებთან და დაწვრილებით მოვუყევი თათულის ამბავს. ჯერ აღშფოთდნენ, მერე კი ყველანი დავმშვიდდით და დავფიქრდით, სასწრაფოდ როგორ შეგვეგროვებინა კარგა გვარიანი თანხა, რომ გაგვეგზავნა თათულისთვის. მთელი დღე ნაცნობ-მეგობრებში ვრეკავდით, მოკლედ, მივედ-მოვედეთ და დღის ბოლოს ფული ვიშოვეთ.
შინ დაბრუნებულმა თათულიმ ყველა ჩაგვიხუტა, თქვენ რომ არა, რა მეშველებოდაო, ბათუმური ისტორია დაწვრილებით გვიამბო, მერე კი - აბა, ახლა წავედი, რაღაც საქმეები გამომიჩნდაო, მოგვაძახა და პირდაღებულები დაგვტოვა.

კარგა ხანს არც ერთი ჩვენგანისთვის არ დაურეკავს. ერთი-ორჯერ შევეხმიანეთ, მაგრამ ტელეფონს არ უპასუხა.
ვიფიქრეთ, ეტყობა, ძალიან დათრგუნვილია, ის ხომ არასოდეს არც ერთ კაცს არ მიუტოვებია, ამიტომ რა გასაკვირია, დეპრესიას შეეპყროო, მოვეშვით - როდესაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, შეგვეხმიანებაო.
ერთ დღესაც თათულიმ ყველანი გაგვაოცა...

ამ ამბიდან ერთი თვეც არ იქნებოდა გასული, რომ თათულიმ სოციალურ ქსელში უცხო მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: "ბაქო ულამაზესია!"

რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი მეგობარი, თავნება და ჯიუტი. არავინ იცის, კიდევ როდის გაეხვევა გაუგებრობაში, ამიტომ გოგოებმა მტკიცედ გადავწყვიტეთ, თუკი ისევ გვთხოვს დახმარებას, უარი ვუთხრათ, ერთი უბრალო მიზეზის გამო მეგობრობა, ისევე როგორც სიყვარული, ცალმხრივი არ შეიძლება იყოს.

ანა ყარალაშვილი
Nino
12 ნოემბერი 2017 23:06
Ra. Ararealurad. Fantaziorobs. Es. Vigaca
ლიკა
12 ნოემბერი 2017 13:23
რა სასაცილო და დაუჯერებელია
kai raa...
06 ნოემბერი 2017 12:20
ორჯერ წავიკითხე ეს ისტორია რომელიღაც რუსულ საიტზე ვიღაც რუს გოგოზე, ოღონდ იქ ბათუმის მაგივრად სოჩა იყო...)) დანარჩენი ზუსტად ემთხვევა...)))

რედაქტორის რჩევით