"ყველას აქვს უფლება, იბრძოლოს ბედნიერებისთვის" - კვირის პალიტრა

"ყველას აქვს უფლება, იბრძოლოს ბედნიერებისთვის"

ვეხმაურები წინა ნომერში დაბეჭდილ წერილს "სიყვარულმა ასაკი არ იცის". ბატონ სანდროს და თქვენს მკითხველს მინდა ჩემი უფროსი ძმის ამბავი ვუამბო.

ჩემი ძმა 35 წლის იყო, როცა მეუღლე მესამე ბავშვის მშობიარობას გადაჰყვა. ბავშვიც გაჩენისთანავე გარდაიცვალა. ობლად დარჩნენ 8 და 5 წლის გოგონები. მათ გაზრდაში მეც ვეხმარებოდი და დედაჩემიც, მაგრამ თედო ახალგაზრდა კაცი იყო, გვერდით ისეთი ქალი სჭირდებოდა, რომელიც ცოლობასაც გაუწევდა, მის შვილებსაც შეიყვარებდა და ოჯახსაც გაუძღვებოდა. 3 წლის შემდეგ 30 წლის ნანი შეირთო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ შეცდა.

სანამ თავისი შვილი ეყოლებოდა, ნანი ყურადღებას არ აკლებდა თედოს გოგონებს, ბიჭი რომ შეეძინა, ბავშვებზე გული აიცრუა. კარგა ხანს ითმინა თედომ, მოთმინების ფიალა რომ აევსო, ცოლს გაშორდა. კუკიაზე დიდი, ორსართულიანი სახლი გვქონდა. გაყიდა და ნანის და ბიჭს ცალკე უყიდა ბინა, თვითონ კი გოგონებთან ერთად სამოთახიანში გადავიდა.

მესამე ცოლზე კარგა ხანს აღარ უფიქრია. გოგონებმა უმაღლესი დაამთავრეს - უფროსი გერმანიაში წავიდა და ერთ წელიწადში გათხოვდა, გერმანელს გაჰყვა ცოლად. ჩვენი სიძე ძალიან თბილი, მოსიყვარულე და ყურადღებიანია. მალე მათ უმცროსიც თავისთან წაიყვანეს.

მალე ისიც გათხოვდა, იქაურ ქართველს გაჰყვა. მისი ქმარი სოლიდური ფირმის ხელმძღვანელია. თედომ ვაჟი სასწავლებლად ამერიკაში გაუშვა. იგი ახლაც იქაა და ჯერ არ ჩქარობს ჩამოსვლას. თედომ კი 58 წლის ასაკში მესამედ დაოჯახება გადაწყვიტა.

ჩემი რძალი 46 წლის გახლავთ. მესამე წელია, ერთად არიან. მათზეა ნათქვამი - "ფერი ფერსაო"... შვებით ამოვისუნთქე, რადგან ჩემს ძმას ღირსეული ადამიანი უდგას გვერდში. ასე რომ, თქვენი რესპონდენტი სანდრო გულს ნუ გაიტეხს, ნურც იმის შერცხვება, რომ ამ ასაკში დაოჯახება სურს. ადამიანს უფლება აქვს, შექმნას თბილი, მყუდრო ოჯახი და იბრძოლოს ბედნიერებისათვის.

თქვენი მუდმივი მკითხველი სოფიო გაგნიძე