"როგორ იქცა საუკეთესო მეგობარი ჩემი ოცნების მამაკაცად"
06-11-2017
"როგორ იქცა საუკეთესო მეგობარი ჩემი ოცნების მამაკაცად"
"ჩემს ოთახში ფეხაკრეფით შევედი და საწოლზე წამოვწექი. ისეთი სასიამოვნო განცდა მქონდა, საკუთარი თავის მიკვირდა. ბევრი ფიქრის შემდეგ ძილი მომერია, მაგრამ მესიჯის ხმამ გამომაფხიზლა. ზურა სულ ერთ წინადადებას მწერდა: "ქეთა, ცოლად გამომყევი, რა..."

ჩემი უცნაური, მაგრამ საინტერესო ისტორიის შესახებ გწერთ. მინდა მოგითხროთ, როგორ იქცა ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩემი ოცნების მამაკაცად. მოკლედ, ყველაფერი ასე დაიწყო.

მე და ზურა კარგი მეგობრები ვიყავით. ხომ იცით, გოგოსა და ბიჭის მეგობრობა, მუდამ განხილვის საგანია და გამონაკლისი
არც ჩვენ ვიყავით. ბევრი ზურგს უკან ხმებს ავრცელებდა, მაკა და ზურა საყვარლები არიანო, ჩვენ კი ეს სასაცილოდ არ გვყოფნიდა.
ზურა ჩემი პარალელურკლასელი გახლდათ. ერთ კორპუსში ვცხოვრობდით. საბავშვო ბაღში მშობლებს ერთად მივყავდით, მერე სკოლაშიც ერთად დავდიოდით, ვერც კი წარმოგვედგინა უერთმანეთოდ როგორ უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ სიყვარულზე არასდროს
გვიფიქრია, უბრალოდ, ერთად თავს კარგად ვგრძნობდით, ერთმანეთს დარდსა და სიხარულს ვუზიარებდით, საათობით შეგვეძლო ბევრ საინტერესო თემაზე საუბარი. თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, რჩევის საკითხავად ჩემთან მორბოდა, მე კი მასთან, საოცრად ხალისიანი ბიჭი იყო, როცა ხასიათის გამოკეთება მჭირდებოდა.
იმ წელიწადს, ორივე სტუდენტები რომ გავხდით, ჩემი მშობლები საზღვარგარეთ წავიდნენ სამუშაოდ. მე კი ბებოსთან დავრჩი.

ერთ დღესაც ყველაფერი თავდაყირა დატრიალდა, ზურას მშობლები ავარიაში მოყვნენ და დაიღუპნენ. თავზე ცა ჩამოემხო ზურას, თითქოს ცხოვრება გაჩერდა, აღარავის დანახვა არ უნდოდა, მეც კი აღარ მიკარებდა. ერთ საღამოს მე და ბებია ჩაის ვსვამდით და რომელიღაც ფილმს ვუყურებდით, კარზე რომ ვიღაცამ ზარი დარეკა. კარი გავაღე და მოულოდნელობისგან შევკივლე, ზურა იდგა ჩანთით ხელში. არაფერი უთქვამს, ისე შემოვიდა. ბებიამ, მოხვედი, შვილოო, ისე უთხრა, თითქოს ელოდებოდა მის მოსვლას.

როგორც მოგვიანებით ზურამ მითხრა, ბებიაჩემი მისულა მასთან - არ ვიცი, რაზე ილაპარაკეს, ერთი რამ კი ცხადი იყო, ზურა ჩვენთან გადმოვიდა, როგორც ბებომ მითხრა, მანამდე, სანამ აზრებს თავს მოუყრისო.
აზრების თავმოყრა რამდენიმე თვეს გაგრძელდა, ერთ დღესაც მე და ბებო დაგვსხა და გამოგვიცხადა, ცხოვრებას თავიდან ვიწყებ, უნივერსიტეტში ვიYყავი, გაცდენილ დროს ავანაზღაურებ და თანაც, უნდა ვიმუშაოო.

ასეც მოხდა. ზურა თავის სახლში გადავიდა, მერე ვიღაცამ სტამბაში გამოუძებნა სამსახური და ყოველ მეორე ღამეს იქ მიდიოდა. თითქოს ჩვენი გზები უნდა გაყრილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა - ზურა ყოველ დილით ჩვენთან შემოივლიდა, ერთად ვსაუზმობდით და მერე ჩვენ-ჩვენს გზას ვადგებოდით. დღე ისე არ ჩაივლიდა, ტელეფონით არ შემხმიანებოდა. მოკლედ, ჩვენი მეგობრობა ისევე გრძელდებოდა, ეგ იყო, აღარავინ ჭორაობდა, საყვარლები არიანო. არ ვიცი, დაიღალნენ და მოჰბეზრდათ, თუ დარწმუნდნენ, რომ გოგოსა და ბიჭის მეგობრობაც შესაძლებელია.

ერთ დღეს ზურამ დამირეკა, საღამოს შემოვივლი და იმედია, ელიკო ბებო და შენ შინ დამხვდებითო. მივხვდი, რაღაც სერიოზული ამბავი უნდა გაეზიარებინა. არც შევმცდარვარ, იმ საღამოს გამოგვიცხადა, ერთ გოგონას ვხვდები, მართალია, დიდი ხნის ნაცნობები არა ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სწორედ ის უნდა იყოს ჩემი ცხოვრების თანამგზავრიო. ბებომ, შენ თუ მოგწონს და გიყვარს, ჩვენ რა უნდა გითხრათო. შენ რას ფიქრობო, ახლა მე გამომხედა ზურამ. სიმართლე გითხრათ, პასუხი არ მქონდა, ერთი კი ამოვთქვი, რომ გამაცნო, კარგი იქნება-მეთქი. აბა, რას ვიზამო და, მეორე დღეს კაფეში დამპატიჟა.
თამთა ერთი შეხედვით ძალიან მომეწონა, საოცრად ლამაზი ტან-ფეხი და ბავშვივით გულუბრყვილო სახე ჰქონდა. ეგ იყო, საუბრისას სულ მეჩვენებოდა, რომ გულწრფელი არ იყო. მის მზერაშიც რაღაც არასასიამოვნო გამოსჭვიოდა.

კარგა შებინდებული იყო, ზურა ქარიშხალივით რომ შემოგვეჭრა სახლში, აბა, არ მომატყუო, ხომ მოგეწონაო. შენ ვინც მოგწონს, მეც ის მომწონს-მეთქი, გავუღიმე. არაფერი უთქვამს, თამთა მელოდებაო, მომაძახა და გაიქცა.
თამთა საოცრად ჯიუტი გამოდგა. რამეს თუ დაიჩემებდა, ვეღარავინ გადაათქმევინებდა. იმდენი ქნა, ზურას სახლი გააყიდვინა და თავის სახლში გადაიყვანა, იმ ფულით კი, ზურამ როგორც მითხრა, სახლი გაარემონტეს.

თამთა ძალიან ეჭვიანიც იყო და ამის გამო ცოლ-ქმარს კონფლიქტი არ ელეოდათ. მაინცდამაინც არც მე მწყალობდა, ჩემი და ზურას ურთიერთობაც ვერაფრით აეხსნა, თუმცა, ხვდებოდა, რომ ჩემი ჩამოშორება არცთუ იოლი იქნებოდა და ამიტომ დუმილს ამჯობინებდა.
თამთა რომ ზედმეტად არ გამეღიზიანებინა, ზურას იშვიათად ვსტუმრობდი. ის კი დილის ვიზიტებს არ ივიწყებდა. სანამ სამსახურში წავიდოდა, ჯერ ჩემთან შემოივლიდა, ყავა დამალევინეო, ერთი-ორ ანეკდოტს მომიყვებოდა და მიდიოდა.

ერთხელ ჩვეულებისამებრ დილით შემომიარა. კარი ბებიაჩემმა გაუღო. სანამ გამოვფხიზლდი და საძინებლიდან გამოვედი, ზურა სამზარეულოში ელიკოსთან ერთად იჯდა და ლუდს მიირთმევდა. დილას ლუდით როდიდან იწყებ-მეთქი, ვკითხე და მომიყვა, რომ წინა საღამოს თანამშრომლებთან ერთად დალია, სახლში გვიან დაბრუნდა და თამთასთან იჩხუბა. მაინცდამაინც დამწუხრებული ამ ამბით არ ჩანდა. მთხოვა, რაღაცა მომაფიქრებინე, რომ შემოვირიგოო.
წავედით და თამთას საჩუქარი ვიყიდეთ - სუნამო საგულდაგულოდ ავურჩიეთ. ტყუილად გავისარჯეთ, თამთამ არც საჩუქარი მიიღო და ქმარიც უკან გამოაბრუნა. ზურა ისევ მომადგა და უკვე შეწუხებულმა შემომჩივლა, მისი უსაფუძვლო ეჭვიანობა უკვე მაგიჟებსო.
ისე, ყოველთვის მიკვირდა და ვერაფრით ვხვდებოდი, რა საერთო შეიძლება ჰქონოდა ამ ორ ადამიანს, თუმცაღა, ამის თქმას, რა თქმა უნდა, ვერ ვბედავდი. ერთხელ ვკითხე, თავს ამდენი ლამაზი და კარგი გოგო გევლებოდა და მაინცდამაინც თამთა რატომ ამოარჩიე-მეთქი. არაფერი მიპასუხა.
მოკლედ, ცოლთან ნაჩხუბარი ზურა რამდენიმე დღე ჩემთან დარჩა. ელიკომ ცალკე საძინებელი მიუჩინა, შვილივით უვლიდა და თავს დასტრიალებდა. ის კი, საღამოობით სამსახურიდან მოსული ბებოს სანოვაგით ამარაგებდა. გულის სიღრმეში ელიკოს ზურა სასიძოდ ყოველთვის მოსწონდა, მაგრამ ამაზე კრინტს ვერ სძრავდა, რადგან იცოდა, რომ ჩვენ მხოლოდ საუკეთესო მეგობრები ვიყავით.

ერთი კვირის შემდეგ თამთამ დამირეკა და ძალიან უხეშად მელაპარაკა. აქამდე ჩემთან ასე საუბრის უფლებას თავს არ აძლევდა, მაგრამ ახლა ძალიან გაღიზიანებული ჩანდა. მომახალა, ვიცი, ზურას საყვარელი რომ ხარ და ამის დამალვას აზრი აღარ აქვს, ყოველთვის გინდოდა ჩვენი ოჯახის დანგრევა, მაგრამ არ გამოგდიოდა, შურიანი და დაბოღმილი ქალი ხარ, ჩემი ცალი ფეხის ფასადაც არ ღირხარო... ენაჩავარდნილი ვუსმენდი, ის კი არ ჩერდებოდა.
ზურასთვის თამთას ზარის შესახებ არ მომიყოლია, დამატებით კონფლიქტს მოვერიდე. ვიცოდი, ეს ამბავი ძალიან გააღიზიანებდა და თამთას ჩემს უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას არ აპატიებდა.

ამ ამბიდან ერთი კვირაც არ იქნებოდა გასული, როცა თამთამ ზურას დაურეკა. საღამო იყო, ზურა აივანზე გავიდა, მე ოთახში ტელევიზორს ვუყურებდი, ამიტომ მათი საუბარი არ გამიგონია. როცა ოთახში დაბრუნდა, ცოტა დაბნეული მომეჩვენა. დივანზე ჩემ გვერდით მოკალათდა და თამთა ფეხმძიმედაა და შინ უნდა დავბრუნდეო, მითხრა. გადავეხვიე და მივულოცე. გამიღიმა და მივხვდი, ბედნიერი იყო. ელიკომაც ბევრი კოცნა და ეფერა. ვიცოდი, ზურას შვილის ყოლა ოცნებად ჰქონდა და როცა ეს ამბავი გაიგო, მაშინვე სახლში გაქანდა.

ფეხმძიმობის გამო თამთას ხასიათი უფრო გაურთულდა, ზურას მთელი ყურადღება მისკენ ჰქონდა მიპყრობილი. თავს ევლებოდა, ზრუნვას არ აკლებდა და უფრთხილდებოდა. ჩემთვის სულ უფრო ნაკლებად ეცალა, თუმცა, ამაზე არ ვჯავრობდი. დროგამოშვებით ერთმანეთს ტელეფონით მოვიკითხავდით ხოლმე. ვხვდებოდი, რომ ზურა ჩემთან კონტაქტს ცოლის გამო ერიდებოდა, მისი გაღიზიანება ზედმეტად არ უნდოდა.
როცა პატარა შეეძინათ, დავურეკე და მივულოცე, ეს იყო და ეს. ბავშვის სანახავად არ მივსულვარ, ისევ თამთას გამო. მერე ერთი თვე რომ აღარ გამოჩნდა, შევშფოთდი. დავურეკე და მობილური გამორთული ჰქონდა, მერე ვიღაც-ვიღაცებს დავურეკე და იმან, რაც გავიგე, გული დამითუთქა - ზურა ცოლ-შვილთან ერთად საზღვარგარეთ ისე წასულა, ჩემთვის სიტყვაც არ უთქვამს. ამაში, რა თქმა უნდა, თამთას ხელი ერია - ეს მისი ახირება იქნებოდა, ზურამ კი, ჩემთვის ამის თქმას, როგორც ჩანს, არჩია, დაუმშვიდობებლად წასულიყო. ასე დავკარგე საუკეთესო მეგობარი.

მერე ჩემს ცხოვრებაში ახალგაზრდა კაცი გამოჩნდა. ისეთი მზერა ჰქონდა, არასდროს მსგავსი არავისზე შემინიშნავს. ეს ადამიანი საოცრად მიზიდავდა. გამუდმებით მის გვერდზე მინდოდა ყოფნა. თითქოს თავი დავკარგე. ვგრძნობდი, სრულად მმართავდა და სწორედ ამიტომ, როცა ჩვენი ურთიერთობა დამთავრდა, ძალიან განვიცადე... ისე, უნდა გამოვტყდე, რომ მომავალზე არასდროს გვისაუბრია, მხოლოდ მომენტით ვტკბებოდით და გაგრძელებაზე არ გვიფიქრია...

გამიჭირდა, მაგრამ ცხოვრება გავაგრძელე, ოღონდ უფრო ფრთხილად. ისე მინდოდა, მაშინ ზურას მოძებნა და რჩევის კითხვა, მასთან ერთად ქუჩებში ბოდიალი და ათას რამეზე საუბარი, როგორც ადრე...
როდესაც მივხვდი, რომ ძალიან მენატრებოდა და მჭირდებოდა, მისი მოძებნა გადავწყვიტე. სოციალური ქსელის მეშვეობით მხოლოდ თამთას პოვნა შევძელი, თუმცა, მისთვის არაფერი მიმიწერია.

უშედეგო ძებნის შემდეგ, მოულოდნელად, ტელეფონზე ქართული ნომრით ზურამ დამირეკა. საუბარი, რა თქმა უნდა, ხუმრობითა და ღლაბუცით დაიწყო.
როგორ მომენატრე-მეთქი, შევყვირე. იმავე საღამოს ჩემს სახლთან ახლოს, პატარა კაფეში შევხვდით და ერთმანეთს ყველაფერი დაწვრილებით ვუამბეთ.
მომიყვა, რომ თამთას გაშორდა, ის ბავშვთან ერთად უცხოეთში დარჩა, ზურამ კი დაბრუნება არჩია.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ უცბად აღმოვაჩინე, რომ ჩემ წინ ერთობ წარმოსადეგი გარეგნობის მამაკაცი იჯდა. უეცრად თავში ათასი აზრი დამიტრიალდა. "
- ზურა,"- ვუთხარი უცებ,"- ჩემს ცოლად მოყვანაზე რატომ არასდროს გიფიქრია?
ჯერ გაოცდა, მერე სახე გაუბრწყინდა, მაგრამ არ ვიციო, მხოლოდ ეს მითხრა.
შინ გვიან მივედი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, ძალიან მინდოდა ამის ვინმესთვის გაზიარება, მაგრამ ელიკოს ეძინა, არადა, ვიცოდი ზურას ჩამოსვლა ძალიან გაუხარდებოდა. ჩემს ოთახში ფეხაკრეფით შევედი და საწოლზე წამოვწექი. ისეთი სასიამოვნო განცდა მქონდა, საკუთარი თავის მიკვირდა. ბევრი ფიქრის შემდეგ ძილი მომერია, მაგრამ მესიჯის ხმამ გამომაფხიზლა.ზურა სულ ერთ წინადადებას მწერდა: `ქეთა, ცოლად გამომყევი, რა...~

ანა ყარალაშვილი
დავით
13 ნოემბერი 2017 16:41
და მეგობარს რას აეკიდე მერე?
მეგობროობა არ გცოდნია !!!!!!
Lela
13 ნოემბერი 2017 05:05
Tavidan maka erqva
13 ნოემბერი 2017 00:14
გოგონას ქეთა ერქვა თუ მაკა, ბოლო-ბოლო? ;)

რედაქტორის რჩევით