"ორი თვე ჯიუტად ვკრეფ მის ნომერს და მერამდენედ ვისმენ, რომ ტელეფონი გამორთულია..."
13-11-2017
"ორი თვე ჯიუტად ვკრეფ მის ნომერს და მერამდენედ ვისმენ, რომ ტელეფონი გამორთულია..."
"ყველაზე მეტად შვილისკენ გახედვის მეშინოდა, ყოველ წამს ველოდი, რომ დათუნა რაღაც საშინელებას მეტყოდა და გაიქცეოდა. თვალები დავხუჭე და უბედურების მოლოდინში გავისუსე. არ ვიცი, რა დრო გავიდა, ერთი, ორი თუ ათი წუთი. თვალები ნელა გავხილე და დათუნას საოცრად მშვიდ თვალებს შევეჯახე. "არ ინერვიულო, დე, ჩვენ ხომ მალე პატარა გვეყოლება"

რუბრიკას "თქვენთვის, ქალბატონებო" ხშირად ვკითხულობ. ალბათ ჩემსავით ბევრია, ქალების ისტორიები რომ აინტერესებს, მათი ცხოვრების შესახებ რომ წამიკითხავს, თქვენს რესპონდენტზე ბევრჯერ გავბრაზებულვარ, ასე
და ასე რომ არ მოქცეულიყო, ხომ უფრო სხვანაირად განვითარდებოდა მისი სიყვარულის ისტორია-მეთქი. ახლა კი ჩემს ცხოვრებაზე გწერთ, ვინ გამკიცხავს, ვინ პირიქით თანაგრძნობას გამოხატავს. უკვე ორი თვეა, რაც გიგა აღარ მოდის, ერთად აღარ ვვახშმობთ,
ტელეფონიც დუმს... მე მაინც ჯიუტად მის ნომერს ვკრეფ და მერამდენედ ვისმენ, რომ ტელეფონი გამორთულია... ორმოცდახუთი წელი ისე შემისრულდა, ასეთი ტკივილი არ განმიცდია... გიგა ჩემს ცხოვრებაში ისე მოულოდნელად გამოჩნდა, როგორ მოულოდნელადაც გაუჩინარდა.

სულ თავის წონას უჩიოდა, გავსუქდიო, მე კი ისეთი მომწონდა, როგორიც იყო. გამუდმებით დიეტურ საჭმელებს ვუმზადებდი. ჩემი გაკეთებული კერძები ძალიან მოსწონდა. დღეში რამდენჯერმე დამირეკავდა, მომიკითხავდა, რამე ხომ არ გჭირდებაო. საღამოს აუცილებლად მოვიდოდა და ერთად ვვახშმობდით. ვუყვარდი, თუმცა ამაზე არასდროს საუბრობდა.

ბებია კარგად კერავდა და ამ საქმეში მეც დამაოსტატა. პატარა სამკერვალო ჰქონდა და მეც სულ თან დავყავდი. ბებია მზრდიდა, დედა ადრე გარდამეცვალა და მამამ სხვა ოჯახი შექმნა. მოხუცი რომ გარდაიცვალა, თავისი ბინა დამიტოვა. მეც გამომადგა ბებიას ხელობა, კერვა ძალიან მიყვარდა, თანაც მეზობლებისა და ნაცნობების შეკვეთების წყალობით ფულსაც ვშოულობდი.

პირველი ქორწინებიდან ბიჭი მყავს. მალე სტუდენტი გახდება. დათუნა პატარა იყო, როცა მეუღლემ მიმატოვა. ვიცოდი, ჩვენს დაშორებაში დედამისის ხელი რომ ერია. ვერ გეტყვით, რა დამიწუნა, მაგრამ შვილს გამუდმებით ჩემს წინააღმდეგ აქეზებდა და დაშორებისკენ უბიძგებდა. საბოლოოდ, დედამთილმა თავისი გაიტანა. ჩემმა მეუღლემ ჯერ საყვარელი გაიჩინა, მერე ცოლად შეირთო და ოჯახიდან წავიდა. არაფერი დაუმალავს, პირდაპირ მითხრა, სხვა შემიყვარდაო. ერთხანს ბავშვზე ზრუნავდა, მეხმარებოდა, მერე, როდესაც მეორე და მესამე შვილი შეეძინა, ყურადღებას უკლო და საბოლოოდ აღარც გვკითხულობდა. დათუნას ის მაინც ძალიან უყვარდა და ყოველთვის შენიშვნას მაძლევდა, თუკი გაბრაზებულ გულზე ცუდად მოვიხსენიებდი.

გიგას გაცნობის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ჩემივე უბნელი იყო, მაგრამ მისთვის ყურადღება არასდროს მიმიქცევია. თურმე ქუჩაში მხედავდა, მაკვირდებოდა, მერე გაუკითხავს, ესა და ეს ქალი ვინ არისო და გაუგია, რომ ქმარგანაშორები ვიყავი და ვაჟს მარტო ვზრდიდი. პირველად შარვალი მომიტანა, გადაკეთება მინდაო. რა თქმა უნდა, არაფერი მიეჭვია. მეორედ შარვლის წასაღებად რომ მოვიდა, ისე მოხდა, რომ ონკანი გამიფუჭდა და თავიდან ფეხებამდე სველი დავხვდი. ქურთუკი გაიხადა, ხელები აიკაპიწა და ონკანის შეკეთება დიდი ენთუზიაზმით დაიწყო, თან აქეთურ-იქითურზე მელაპარაკებოდა. როცა სამუშაოს მორჩა, მადლობის ნიშნად ყავაზე დავპატიჟე და სამზარეულოში გადავინაცვლეთ. მაშინ ვიგრძენი, რომ მოვწონდი.

მეუღლესთან დაშორების შემდეგ სულ მარტო ვიყავი, ყურადღება მთლიანად დათუნას აღზრდა-გაზრდაზე მქონდა მიმართული. პრინციპში, არც არავინ იყო ისეთი, სერიოზულ ურთიერთობაზე რომ დავფიქრებულიყავი. თუმცაღა მეგობრები სულ მიჩიჩინებდნენ, ნახე ვინმე, გათხოვდიო. ამიტომ გიგას გამოჩენის ამბავი ძალიან გაუხარდათ.
გიგა ჩემზე ორი წლით უმცროსი იყო. მოხუც დედასთან ერთად ცხოვრობდა. მეუღლესთან ისიც გაშორებული იყო, მაგრამ ერთადერთ შვილთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია.

მოკლედ, მე და გიგამ რომანი გავაბით. ისეთი ბედნიერი ვიყავი, როგორიც არასდროს ვყოფილვარ, თითქოს ფრთები შემესხა. ჩემი ერთადერთი სადარდებელი დათუნა იყო. ჩემს ცხოვრებაში უცხო მამაკაცის გამოჩენა არ მოეწონა. გიგას დანახვაზე ცივად ესალმებოდა და თავის ოთახში იკეტებოდა. მეც დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი, რა და როგორ ამეხსნა, რომ ჩემი და გიგას ურთიერთობა მისთვის გასაგები და მისაღები ყოფილიყო. გიგა მაწყნარებდა, ცოტაც მოიცადე და დათუნა ჩვენს ამბავს შეეგუებაო, ცდილობდა, როცა დათუნა შინ იყო, არ მოსულიყო. ერთად ყოფნით მაშინ ვტკბებოდით, როცა დათუნა შემთხვევით ღამე მეგობართან დარჩენას გადაწყვეტდა. ასეთი ღამეები თითზე ჩამოსათვლელად გვქონდა, მაგრამ ზღაპრული საათები იყო. ვამზადებდი კოქტეილებს, ლანგრით საძინებელში შემქონდა და მერე ერთმანეთის ალერსში გვათენდებოდა.

ერთ-ერთ ასეთ დღეს მოულოდნელად შინ დათუნა დაბრუნდა. დაბნეული შევხვდი. მაშინვე იყნოსა, რაც ხდებოდა და როცა გიგა წავიდა, საქმის გარჩევა დამიწყო. ნაწილობრივ მისი მესმოდა, მაგრამ, მეორე მხრივ, საკუთარ ბედნიერებაზე უარის თქმაც არ შემეძლო. იმ დღეს მივხვდი, რომ დათუნა გიგას არასდროს მიიღებდა და მასთან ერთად ცხოვრებასაც არ დასთანხმდებოდა. ჩემი შვილი ნებისმიერი კაცის წინააღმდეგი იქნებოდა, რომელიც ჩვენს ოჯახში შემოსვლას ეცდებოდა. მას უნდოდა, რომ დედა მხოლოდ მისი ყოფილიყო და ჩვენი იდილია არასდროს არავის დაერღვია.

მეორე საღამოს მე და გიგამ გასეირნება გადავწყვიტეთ. სახლის ახლოს, სკვერში, დიდხანს ვილაპარაკეთ. ორივე იმ დასკვნამდე მივედით, რომ ჩვენი ურთიერთობის დაკანონებას ვერ შევძლებდით, რომ ამის საშუალებას ჩემი შვილი არ მოგვცემდა და მისთვის ზიანის მიყენებას არაოფიციალური ურთიერთობა ვამჯობინეთ. არადა, გიგას ოჯახის შექმნა სწყუროდა. ამას ხშირად მეუბნებოდა, თანაც ორივე უკვე იმ ასაკში ვიყავით, როცა ოჯახის შექმნას მთელი სერიოზულობით ეკიდები. იმ საღამოს ორივე ძალიან სევდიანი ვიყავით. ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ ზრდასრულმა ადამიანებმა გამოსავალი ვერ ვიპოვეთ და ისე დავშორდით, რომ ერთმანეთს საიმედო ვერაფერი ვუთხარით.

ერთხანს გიგა აღარ მოდიოდა, მერე გამოჩნდა და ერთგვარი რიტუალივით დააწესა, ყოველ საღამოს ჩვენთან ერთად ვახშმობდა. ერთხელ კი სახლშიც წამიყვანა და დედამისი გამაცნო. ქალბატონი ლორა 75 წლის ლამაზი მოხუცი აღმოჩნდა, ტკბი­ლეულით გამიმასპინძლდა და თავისი ახალგაზრდობის ამბები მიამბო. გვიან გათხოვილა და გიგაც გვიან შესძენია. ვაჟი მისი ერთადერთი იმედი იყო, მის გარდა ამქვეყნად არავინ მყავსო. ჩემს აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ვნახე, გიგა დედაზე როგორ ზრუნავდა. მას შემდეგ ლორას დროდადრო ვაკითხავდი. დავსხდებოდით, თან ჩაის ვსვამდით და თან ვმუსაიფობდით.

ერთ დღეს დათუნა სახლში დარდიანი დაბრუნდა. ვერაფრით ვათქმევინე, რა მოხდა. როცა ვახშმის დროს გიგა მოვიდა, დათუნას ამბავი მას შევჩივლე. დიდხანს არ უფიქრია, დათუნასთან ოთახში შევიდა და იქ, ალბათ, ერთ საათს დაყო. მერე ორივე ჩვეულებრივად გამოვიდა, დათუნა, ცოტა არ იყოს, ხასიათზე მოსული მომეჩვენა. ისიც არ გამომპარვია, რომ გიგამ რამდენჯერმე თვალიც კი ჩაუკრა. სანამ წავიდოდა, ვთხოვე, დათუნას უხასიათობის მიზეზი ეთქვა, მაგრამ იუარა, ეგ კაცების საქმეა და ჩვენ მოვაგვარებთო. სადღაც გულის სიღრმეში მესიამოვნა, ერთმანეთს რომ გაუგეს.

მერე მოგვიანებით მეზობლისგან გავიგე, რომ დათუნა სხვაუბნელ ბიჭებს აბუჩად აუგდიათ, გიგა მდგომარეობის განსამუხტავად და მოზარდების დასაშოშმინებლად გაჰყოლია, მაგრამ რომ მისულა, მოულოდნელად ჩხუბი ამტყდარა, იმ ახალგაზრდებს დათუნასთვის ხელი დაურტყამთ და ეს გადარეულა. გიგა ახალგაზრდობაში მოკრივე იყო, ამიტომ დიდხანს არ უფიქრია, ბიჭებს ერთი-ორი მოსდო და სასტიკად გააფრთხილა, დათუნას ახლოს არ გაჰკარებოდნენ.
ამ ამბის შემდეგ გიგა და დათუნა თითქოს დამეგობრდნენ, მე კი ორივეზე და განსაკუთრებით გიგაზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ეს რატომ გააკეთეთ და, ან რატომ დამიმალეთ-მეთქი. როგორ არ დამელაპარაკა, რა არ მითხრა, მაგრამ მე მაინც ხმას არ ვცემდი. მირეკავდა,"ამის გამო როგორ უნდა დამკარგოო? მე კი ვუთხარი, რომ ზრდასრული და ჩამოყალიბებული კაცი მეგონე, შენ კი სულელურად მოიქეცი, მე პატარა ბიჭებთან საერთო არაფერი მაქვს-მეთქი. ძალიან ეწყინა და რამდენიმე დღე დაიკარგა. მერე ერთი-ორჯერ გარეთ ნასვამი დავინახე და გული ჩამეწვა, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე, არ გამოველაპარაკე.
გვიანი ღამე იყო, როცა კარზე კაკუნის ხმა გავიგონე. მაშინვე მივხვდი, რომ გიგა იქნებოდა. ნასვამი იყო."ქეთუშ, ძალიან მიყვარხარო, პირველად მითხრა ეს სიტყვები."ვიცი, რომ შეიძლება დათუნა გაბრაზდეს, ასე გვიან რომ მოვედი, ამიტომ შერიგების ნიშნად მაკოცე და წავალო.

არ ვიცი, რა ეშმაკი შემიჩნდა. გავღიზიანდი, ნასვამი რომ მოვიდა. ძალიან ნაწყენი წავიდა. ახლაც მახსოვს მისი ნაღვლიანი თვალები...
დილის რვის ნახევარზე ტელეფონმა დარეკა, ლორა იყო..."ქეთი, გიგას ვერ ვაღვიძებ, სულმთლად ცივიაო, ძლივს ამოღერღა.
არ მახსოვს, როგორ ჩავიცვი და გონებადაბინდული გარეთ გავვარდი, ჩემი ხმა არ მესმოდა, მაგრამ მიშველეთ-მეთქი, თურმე ვყვიროდი.
გარდაცვალების მიზეზი თრომბი აღმოჩნდა...

უკვე ორი თვეა, რაც გიგას გარეშე ცხოვრებას ვსწავლობ. დათუნაც სულ დაღვრემილი დადის, არაფერს მეუბნება, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ისიც განიცდის გიგას დაღუპვას. ჩემი შვილი ძალიან შეიცვალა, თითქოს ერთბაშად დაკაცდა, უფრო ყურადღებიანი გახდა.
იმ დღეს დილაადრიან ავდექი, ბევრი შეკვეთა მქონდა და არ მინდოდა კლიენტებთან პირი გამეტეხა, ისედაც ორი თვე იყო, მუშაობას მოვუკელი. ის იყო, საკერავ მანქანას მივუჯექი, რომ თავბრუ დამეხვა და ვიგრძენი, ფეხებში ძალა როგორ გამომეცალა. მეტი აღარაფერი მახსოვს, თვალი რომ გავახილე, საავადმყოფოს პალატაში ვიწექი. თავს დათუნა მედგა, ისეთი განწირული თვალებით მომჩერებოდა, რომ წამით გავიფიქრე, დიდი უბედურება მჭირს-მეთქი. დათუნა ხმას რომ არ იღებდა, ეჭვი უფრო გამიმძაფრდა, რაღაც უბედურება მჭირს-მეთქი.
წამოდგომა ვცადე, მაგრამ დათუნა გამიძალიანდა, არ ადგე, ძალიან გთხოვ, ახლა ექიმი შემოვა და ყველაფერს გვეტყვისო. ექიმის მოსვლას საშველი რომ არ დაადგა, გაბრაზებული ისევ წამოვდექი, თავად მივაკითხავ-მეთქი, და სწორედ იმ დროს პალატაში ახალგაზრდა ქალი შემოვიდა, საწოლთან დამიჯდა და ტკბილი ხმით სულ სამი სიტყვა მითხრა: "თქვენ ფეხმძიმედ ხართ!"

მივხვდი, სახეზე ალმური როგორ მომედო, გულმა ისე დამიწყო ცემა, მეგონა, გამისკდებოდა. ყველაზე მეტად შვილისკენ გახედვის მეშინოდა, ყოველ წამს ველოდი, რომ დათუნა რაღაც საშინელებას მეტყოდა და გაიქცეოდა. თვალები დავხუჭე და უბედურების მოლოდინში გავისუსე. არ ვიცი, რა დრო გავიდა, ერთი, ორი თუ ათი წუთი. თვალები ნელა გავხილე და დათუნას საოცრად მშვიდ თვალებს შევეჯახე. "არ ინერვიულო, დე, ჩვენ ხომ მალე პატარა გვეყოლება".

ანა ყარალაშვილი
ნინაკა
13 იანვარი 2018 01:40
დედაააა, რა დაგიშავეთ რატომ მატირეთ
cici
07 დეკემბერი 2017 17:58
Qeti magari gogo xar ROM gaumkavdi
მაია
01 დეკემბერი 2017 19:53
გინდ დაიჯერეთ გინდ არა ცრემლები თავისით მომდიოდა

რედაქტორის რჩევით