"დედამ მეძავად მაქცია" - კვირის პალიტრა

"დედამ მეძავად მაქცია"

წერილი, რომელიც ემიგრანტმა ქალბატონმა გამოგვიგზავნა, მძიმედ წასაკითხია.

ფაქტობრივად, ეს აღსარებაა ქალის, რომელიც მძიმე ყოველდღიურობას საზღვარგარეთ გაექცა და ცხოვრების შესამსუბუქებლად, ისეთ რაღაცებზეც არ ამბობდა უარს, რისი კეთებაც მისთვის ნამდვილი სასჯელი იყო...

წერილის სტილი დაცულია:

"19 წლის ვიყავი, საზღვარგარეთ სამუშაოდ რომ გავემგზავრე. დედას ყოველთვის "ზედაპირულად" ვუყვარდი, თუ შეიძლება, ამას საერთოდ დაერქვას სიყვარული: ხელითაც მეხებოდა, მლანძღავდა და მოსამსახურესავით მექცეოდა. სამაგიეროდ, ჩემს ძმას აღმერთებდა და როცა სურვილი ჰქონდა, ძმას ჩემს წინააღმდეგაც ამხედრებდა. მოკლედ, გავეცალე აქაურობას. ვიფიქრე, - თავს ვუშველი-მეთქი და წავედი. სადაც ჩვენ არ ვართ, ყველგან კარგიაო, - ნათქვამია და მეც ასე მომივიდა. ჩავედი უცხო ქვეყანაში, უცხო ხალხთან და მათ მსახურად ვიქეცი. ვალაგებდი, ვხეხავდი - ვინ იცის, რას არ ვაკეთებდი და მოხუცსაც ვუვლიდი. ერთი დღე მქონდა დასასვენებლად და ამ დღეს სულ სიარულში ვატარებდი. იმდენად არაფრად მაგდებდა ოჯახი, რომ სხვისი მსახურება მერჩივნა მათთან დამცირებულ ცხოვრებას. დედაჩემს მუდამ საუკეთესო სამოსი ეცვა, გარდერობში ტანსაცმელს ვერ ატევდა, მე კი დახეული ფეხსაცმლით დავდიოდი. მიუხედავად ყველაფრისა, დედა არ შემძულებია, პირიქით - სამშობლოდან წასულს, ძალიან მენატრებოდა. ვცდილობდი, ძმისთვის და მისთვის ფულიც გამეგზავნა და საჩუქრებიც. მერე კი ნელ-ნელა უცხოეთშიც დაიწყო ჩემზე ძალადობა: ჯერ მოხუცი, რომელსაც ვუვლიდი, ვითომ შემთხვევით, ხან სად წამავლებდა ხელს და ხან - სად. ერთ დღეს კი მითხრა: ან გაიხადე და შიშველი დამენახვე, ან არადა, აქედან წადიო. მთელი ღამე არ მეძინა. იქიდან ჩემი წამოსვლა იმას ნიშნავდა, რომ ღამე ქუჩაში უნდა გამეთია. ეს სამსახურიც ძლივს ვიშოვე და მის დაკარგვას ვერ გადავიტანდი... მეორე დილით არც კი დააკაკუნა, ოთახში ისე შემოვიდა, მაისური ამიწია, მკერდზე ხელი მომითათუნა და გავიდა. გულის რევამდე გავწითლდი. საშინელება იყო ის,

რასაც იმ წუთებში ვგრძნობდი. მივხვდი, სასწრაფოდ, სხვაგან უნდა გადავსულიყავი.

რამდენიმე დღეში ვიპოვე სამსახური ერთ-ერთი ბარის ჭურჭლის მრეცხავად. საშინელი რეჟიმი მქონდა, მაგრამ როგორღაც ვიტანდი. იქ ერთი ბიჭი გადამეკიდა, სიყვარულს მეფიცებოდა. ერთ დღეს მასთან დავრჩი და მითხრა, ჩემთან იცხოვრეო. დავიწყეთ ერთად ცხოვრება. ჩემებს ყველაფერს ვუმალავდი. მათ ეგონათ, ოჯახში ვმუშაობდი, სინამდვილეში კი მამაკაცთან ვცხოვრობდი. მალე მივხვდი, რომ ბარის მიმტანთან ზედმეტად ბევრ დროს ვატარებდი. რამდენიმე კვირაში მან მითხრა, - უნდა გადახვიდე, სხვა მომწონსო. ტირილით წამოვედი მისგან. ვიხრჩობოდი, ისე მომაწვა ბოღმა, ნოსტალგიაც - ყველაფერი ერთად.

ერთ ქართველ გოგოს ვთხოვე, უფლება მოეცა, რომ ღამე მასთან გამეთია. მითხრა: კაცი მყავს და დიდხანს ვერ დარჩები, ის მოდის ხოლმე აქო. მივხვდი, მის ბინაში არ იყო ჩემი ადგილი. ვეღარც ბარში ვმუშაობდი. ყოველ წუთას მათი ერთად ნახვა აღარ შემეძლო.

ამასობაში, ერთი კარგი გოგო გავიცანი, რომელმაც ძიძად ამიყვანა. მათთან ძალიან კარგად ვიყავი და ბავშვიც ძალიან შემიყვარდა. ვცხოვრობდი მშვიდად, მერე კი ინტერნეტის მეშვეობით ერთი უცხოელი ბიჭი გავიცანი. ისეთი ვაჟკაცური იყო, სიმპათიური, რომ მალევე მომხიბლა. მასაც ძალიან შევუყვარდი. მითხრა, ცოლად გამომყევი და ჩემს ქვეყანაში წავიდეთ საცხოვრებლადო (იმ პერიოდში, ის სასწავლებლად იყო ჩამოსული). ჩემი ოჯახის წევრებსაც ვუთხარი, რომ ბიჭი შემიყვარდა. ჩემი რჩეული უცნაური ტრადიციების მქონე ქვეყნიდან იყო და მისი მშობლები ოჯახში მათივე ეროვნების რძლის შეყვანაზე ოცნებობდნენ. ჩემმა მშობლებმა ჯერ მომაყოლეს, გვითხარი, ვინ არის შენი რჩეული, მის მშობლებზე რა იციო? მერე კი ნელ-ნელა, ისე ოსტატურად შემაძულეს რჩეული, რომ ვერ მივხვდი, რა დამემართა. (გაგრძელება)