"რომ არ მივეტოვებინე, ისევ ისეთი უშნო და გულუბრყვილო გოგო ვიქნებოდი" - კვირის პალიტრა

"რომ არ მივეტოვებინე, ისევ ისეთი უშნო და გულუბრყვილო გოგო ვიქნებოდი"

"ერთხანს შეყვარებულები ერთმანეთს ტელეფონით თითქმის ყოველდღე ელაპარაკებოდნენ. ილია ირინას ურეკავდა, კითხულობდა, ამხნევებდა, ესიყვარულებოდა, იქაურ ამბებს უყვებოდა. მერე და მერე ზარებს უკლო და სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდა. ირინა დარდობდა, ილიას საყვედურებით ავსებდა, უბრაზდებოდა"

ჩემი და ირინას მეგობრობის, გაცრუებული იმედისა და მართლაც რომ ზღაპრის კეთილი დასასრულის შესახებ მინდა გიამბოთ.

მე და ირინა ერთმანეთის მეზობლად ვცხოვრობდით. ბავშვობა და ახალგაზრდობა გვერდიგვერდ გავლიეთ. ჯერ ერთად დავდიოდით საბავშვო ბაღში, მერე კი თანაკლასელებიც გავხდით. მამამისი მუსიკალური ტექნიკუმის ეზოს დარაჯი გახლდათ. თმაშევერცხლილი, მსუქანი კაცი იყო. სულ გვიღიმოდა. გვიან დაქორწინდა და ირინა გვიან ეყოლა. ერთადერთ ქალიშვილზე მზე და მთვარე ამოსდიოდა. ირინა ცოტა პუტკუნა იყო, ამას ისიც ემატებოდა, რომ შესახედაობითაც ვერ დაიკვეხნიდა, ამიტომ მუდმივად თანატოლების დაცინვის საგანი გახლდათ. ამ ამბავს ძალიან განიცდიდა და ხშირად ტიროდა.

ერთხელ მამამისმა ტექნიკუმის ეზოში თამაშის ნება დაგვრთო. მაშინ ირინა გამომიტყდა, რომ ჩვენი თანაკლასელი მოსწონდა და გადაწყვეტილი ჰქონდა, ცოლად სწორედ მას გაჰყოლოდა. მეც ბავშვური მიამიტობით ვკითხე,"დარწმუნებული ხარ, რომ მოეწონები-მეთქი? წინდაუხედავად წამოვროშე, თუმცა მალევე ვინანე. თვალები ცრემლებით აევსო. სხვები რომ დამცინიან, ის არ მეყოფა, ახლა შენც, ჩემმა საუკეთესო მეგობარმაც, დამცინე და გული მატკინეო."

საკუთარ თავზე გავბრაზდი, მაგრამ სიტყვებს უკან ხომ ვეღარ წავიღებდი, ეგ იყო, მოვეხვიე და გულში მაგრად ჩავიკარი, ირინკა, სამაგიეროდ, შენ ყველაზე ლამაზი თმა რომ გაქვს, ამაზე არ გიფიქრია-მეთქი? სიმართლეს ვამბობდი, ჩემს მეგობარს მართლაც ხშირი და სწორი თმა ჰქონდა, რომელიც ძალიან მომწონდა. ირინამ ისეთი სიყვარულით გამიღიმა, რომ მივხვდი, ჩემმა ნათქვამმა გული ძალიან გაუთბო.

ირინას ოჯახს ძალიან გაუჭირდა და დედამისი სამუშაოდ თურქეთში გაემგზავრა. ახლა მამა-შვილი მარტონი ცხოვრობდნენ. ყველა საშინაო თუ საგარეო საქმე მამამ შეითავსა. ირინა სკოლაში მოჰყავდა და მიჰყავდა. მათ დანახვაზე ქუჩაში სკამზე ჩამომსხდარი მეზობელი ქალები თანაგრძნობით ამოიოხრებდნენ და მზერას გააყოლებდნენ.

დრო გადიოდა, ირინას დედა კი არ ბრუნდებოდა. ერთხელ ირინა გამომიტყდა, დედა დიდი ხანია აღარ დაგვკავშირებია, მამა არაფერს მეუბნება, მაგრამ ხომ ვგრძნობ, ძალიან ნერვიულობს, ხშირად ღამე რომ გამღვიძებია, ვხედავ, საწოლზე ჩამომჯდარი თავჩაღუნული რომ ზისო. მეგობრის სიტყვებმა გული დამიმძიმა, ისღა მოვიფიქრე, ვუთხარი, ეტყობა, ისეთ ადგილას არის, ტელეფონთან ვერ მიდის და ამიტომ ვერ გეხმიანებათ-მეთქი. მას შემდეგ დედამისი აღარ გვიხსენებია. ეგ იყო, ირინას მამა ისეთი ნაღვლიანი დადიოდა, რომ გული დაგეწვებოდა.

სკოლას ვამთავრებდით, როცა უბანში ხმა გავრცელდა, ცუნცულა ჩამოვიდაო. ირინას დედა დაბრუნდა, ოღონდ ძალიან შეცვლილი. დღემდე არავინ ვიცით, ამ ქალმა რა გზა გაიარა, რა ტკივილი ნახა. ცივი მზერა ჰქონდა, სიტყვაძუნწი გახდა, მუდამ შავი სამოსი ეცვა და არავის არასდროს უღიმოდა.

მისი დაბრუნებიდან დიდი დრო არ იყო გასული, რომ გარდაიცვალა. რამდენჯერმე ვკითხე ირინას, რა მოუვიდა, თითქოს არ ავადმყოფობდა და ასე უცებ რა მოხდა-მეთქი. მეგობარი ერთსა და იმავეს მპასუხობდა, დაიძინა და ვეღარ გაიღვიძაო. მოკლედ, ქალმა საიდუმლოდ დატოვა, რა მოხდა თურქეთში, რატომ დაბრუნდა ასე განადგურებული.

ცოლის გარდაცვალებამ ირინას მამა ისე შეძრა, რომ ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. სამსახურიდანაც გაუშვეს და ისიც მთელი დღე ქუჩაში დადიოდა და რაღაცას ბუტბუტებდა. არავის ერჩოდა, იყო თავისთვის, მხოლოდ ირინას დანახვაზე გადაჰკრავდა ღიმილი. მერე შეტრიალდებოდა და ისევ ქუჩას დაადგებოდა. ერთ დღესაც დაიკარგა. მე და ირინამ სად არ ვეძებეთ, მაგრამ ამაოდ, მერე პოლიციაში განვაცხადეთ. ორი დღის შემდეგ დაგვირეკეს, სკვერში უპოვიათ გარდაცვლილი. ასე სულ მარტო დარჩა ირინა.

მე უკვე სტუდენტი ვიყავი, ირინამ რომ გადაწყვიტა უნივერსიტეტში ჩაბარება. მთელი ზამთარი თავგადაკლული მეცადინეობდა, დროდადრო მეც ვეხმარებოდი, მოკლედ, ჩემმა მეგობარმა წარმატებით ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში.

გამოხდა ხანი და ირინას თანაკურსელი შეუყვარდა. ისე ეშინოდა, არავინ გაიგოსო, რომ კარგა ხანს მეც კი მიმალავდა. მერე ვიღაცამ ილიას ამბავი მიუტანა, ირინას მოსწონხარო და ყველას გასაკვირად, ბიჭმა პაემანზე დაპატიჟა. ირინას გაოცებასა და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. იმ საღამოსვე დამირეკა, შენთან მოვალ და იქნებ მომეხმარო გამოწყობაშიო. საგულდაგულოდ გამოვაწყვე, თმა და მაკიაჟი გავუკეთე, გადავკოცნე და და ილიასთან შესახვედრად გავუშვი.

მოუთმენლად ველოდი მის დაბრუნებას. მჯეროდა, რომ ბედნიერი დღე ირინასაც გაუთენდებოდა. არ ვიცი, რა ედო ილიას გულში, მაგრამ პაემნიდან დაბრუნებული ირინა ბრწყინავდა, არ დამიჯერებ, მაგრამ ილიამ კიდევ ერთხელ დამინიშნა პაემანიო.

შეხვედრები დაიწყეს. ირინას თავდაჯერებულობა მოემატა, თითქოს ნიშნის მოგებით ყველას აგრძნობინებდა,"აი, ხომ ხედავთ, ტყუილად დამცინოდით, თურმე შეიძლება ასეთმა კარგმა ბიჭმა მომიწონოსო.

ყველაფერი მაშინ აირია, როცა მოულოდნელად ილიას მამამ შვილის საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნა გადაწყვიტა. როგორც ჩანს, ეს აზრი ილიასაც ძალიან მოეწონა, რადგან დიდხანს არ უფიქრია, ისე დათანხმდა. როცა ეს ამბავი შეიტყო, ირინამ ძალიან განიცადა. ხვდებოდა, რომ ასე სჯობდა, მაგრამ, მეორე მხრივ, მისი დაკარგვის ძალიან ეშინოდა. ილიამ დაამშვიდა, რომ მათი დაშორება მხოლოდ დროებითი იქნებოდა და ირინას მიტოვებას არ აპირებდა. ის კი არა, დაჰპირდა, როგორც კი აეწყობოდა საქმე, თან წაიყვანდა.

ერთხანს შეყვარებულები ერთმანეთს ტელეფონით თითქმის ყოველდღე ელაპარაკებოდნენ. ილია ირინას ურეკავდა, კითხულობდა, ამხნევებდა, ესიყვარულებოდა, იქაურ ამბებს უყვებოდა. მერე და მერე ზარებს უკლო და სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდა. ირინა დარდობდა, ილიას საყვედურებით ავსებდა, უბრაზდებოდა.

ერთხელ მითხრა, ილიასთან წასვლას ვაპირებო. კარგია, მაგრამ გასამგზავრებელი ფული საიდან უნდა მოვიტანოთ-მეთქი. ბინა უნდა გავყიდოო, რომ მითხრა, მაშინ კი ავფეთქდი, ხომ არ გადაირიე, ერთადერთი, რაც გაქვს, ბინაა, რა იცი, რა ხდება, ქუჩაში რომ დარჩე, მერე რაღას იზამ-მეთქი. ვერაფერი შევასმინე. "იქ ვიმუშავებ, ფულს მოვაგროვებ და ბინას აუცილებლად ვიყიდიო. ირინა ბედნიერ მომავალზე ოცნებობდა, ილიასთან დაქორწინებას და ბევრი შვილის ყოლას გეგმავდა."ილია კარგი ქირურგი გახდება, იმუშავებს, მე კი ბავშვებს მოვუვლიო, - მითხრა.

როცა ილია დაუკავშირდა, ირინამ თავისი გეგმა გაუმხილა. ბიჭი თავდაპირველად შეცბა, მერე მისი გადარწმუნება სცადა, უთხრა, რომ საზღვარგარეთ ცხოვრება გაუჭირდებოდათ, რადგან თავად ჯერ ისევ სტუდენტი იყო და იმდენი შემოსავალი არ ჰქონდა, რომ დაოჯახებაზე ეფიქრა. მოვიცადოთ, სანამ სწავლას დავამთავრებო. ირინამ დაამშვიდა, კისერზე არ ჩამოგეკიდები, სამსახურს ვიშოვი და ჩემი ფული მექნებაო. მოკლედ, ბიჭს გამოსავალი არ დაუტოვა და ისიც დათანხმდა.

ბინის გაყიდვას დრო დასჭირდა, ირინა კი დღეებს ითვლიდა. როცა, როგორც იქნა, ყველაფერი მოაგვარა, ბედნიერმა დამირეკა, ხვალ მივფრინავ, ბილეთიც აღებული მაქვსო. ირინამ ჩასვლის შესახებ ილიაც გააფრთხილა და მოილაპარაკეს, რომ საქმრო აეროპორტში დახვდებოდა.

სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც ირინას სურდა და წარმოედგინა. იქ ჩაფრენილს ილია აეროპორტში არ დახვედრია. ჯერ ეგონა, აგვიანებსო. როცა დარწმუნდა, რომ ილიამ ბედის ანაბარა დატოვა, მწარედ ატირდა. წასასვლელი არსად ჰქონდა, უცხო ქალაქში ხომ სულ მარტო იყო... მერე ვიღაც ღვთისნიერმა ჰოსტელამდე მიაცილა.

ის ღამე იქ გაათენა. ილია არც მეორე და არც მომდევნო დღეებში არ გამოჩნდა. ირინა გამოსავალს ვერ პოულობდა, თანხა, რომელიც ჰქონდა, დიდხანს არ ეყოფოდა. უკან წამოსვლას აზრი არ ჰქონდა, სად იცხოვრებდა, ისღა დარჩენოდა, როგორმე სამუშაო ეპოვა და ყველაფერი ნულიდან დაეწყო.

ერთხელ მოახერხა და დამირეკა, არ უთქვამს, რომ ფაქტობრივად მშიერი იყო, სამსახურის ძებნაში უკანასკნელ კაპიკებს იზოგავდა. შევევედრე, უარი არ მითხრა, ფულს გამოგიგზავნი, ცოტა ხანს თავი რომ გაიტანო-მეთქი. დამთანხმდა. მოკლედ, საშინელი პერიოდი გაიარა, მერე იქ ჩასული ქართველები გაიცნო, რომლებიც სამსახურის მოძებნაში დაეხმარა და ასე დაიწყო ირინამ ყველაფერი თავიდან.

ილიაზე ფიქრი დროთა განმავლობაში თავიდან ამოიგდო, ეგ იყო, მის გახსენებაზე ბრაზი ერეოდა.

საზღვარგარეთ ექვსი წელიწადი გაატარა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მუშაობდა - ხან მოხუცის მომვლელად, მშენებლობაზეც კი, ოღონდ როგორმე ბინის ფული დაეგროვებინა და სამშობლოში დაბრუნებულიყო. როცა, როგორც იქნა, დანაზოგს თავი მოუყარა, მოულოდნელად თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. ირინას გასაქანი არ მისცა, ცოლობას სთხოვდა. ბენი მაღალი, წითური, წვერიანი ბიჭი იყო, მუსიკოსი. კარგი შემოსავალი ჰქონდა და ოჯახის შექმნა გულით უნდოდა.

ერთ დღესაც დამირეკა და ბენის შესახებ ყველაფერს დაწვრილებით მომიყვა. გათხოვება ვერ გადაეწყვიტა და რჩევას მთხოვდა. თანაც დაამატა, რომ გითხრა, შეყვარებული ვარ და ბენი ჩემი ცხოვრების მამაკაცად მეჩვენება, მოგატყუებო.

გამოხდა ხანი და ისევ დამირეკა, აღმოჩნდა, რომ ბენი იმდენად გულწრფელი და თბილი ადამიანი გამოდგა, ქალის გული მოიგო და ირინაც ცოლად გაჰყვა.

ბენი კარგი ქმარი, ირინა კი სამაგალითო მეუღლე გამოდგა. რაც მთავარია, სიყვარულში იმედგაცრუებამ იმხელა მოტივაცია გაუჩინა, რომ წონაშიც დაიკლო და ერთობ ლამაზი ქალიც დადგა.

გასულ ზაფხულს ირინა და ბენი საქართველოშიც ჩამოვიდნენ. ორივეს სახეზე ბედნიერება ეწერა."ილიასი მადლობელიც ვარო,"- მითხრა ირინამ,"- მას რომ არ მივეტოვებინე, ისევ ისეთი უშნოდა გულუბრყვილო გოგო ვიქნებოდი და ბენსაც ვერ გავიცნობდიო.

ანა ყარალაშვილი