"ზოგჯერ ცხოვრება იმ ზღაპარივით არის, ყველაფერი კარგად რომ მთავრდება" - კვირის პალიტრა

"ზოგჯერ ცხოვრება იმ ზღაპარივით არის, ყველაფერი კარგად რომ მთავრდება"

"ჩემს შვილს დედაშენთან განშორება ძალიან გაუჭირდა და სასმელს მიეძალაო, აუხსნა ბებიამ. მერე მოხუცი და შვილიშვილი სამზარეულოში გავიდნენ, ჩაის მოვამზადებ და ყველაფერს მოგიყვებიო, უთხრა ნინიკოს და სასწრაფოდ სუფრის გაწყობა დაიწყო. ქალი გაუჩერებლად ლაპარაკობდა, სიხარულს ვერ ფარავდა, რომ ამდენი წლის შემდეგ შვილიშვილი გაიცნო"

ჩემს საუკეთესო მეგობარზე მინდა, გიამბოთ. ის ახლა უკრაინაში ცხოვრობს, ბავშვობა კი ერთად გავატარეთ. ახლა, ამდენი წლის შემდეგ, კვირა არ გავა, ტელეფონში მისი წკრიალა ხმა რომ არ გავიგონო.

ორივე პროვინციაში გავიზარდეთ და ორივეს ბებიები გვზრდიდნენ. ჩვენი ბავშვობა ერთმანეთისას ჰგავდა და, ალბათ, ამიტომაც გვქონდა ამდენი საერთო.

ნინიკო ძალიან გამხდარი ბავშვი იყო. ძალიან მომწონდა მისი ლარივით სწორი ფეხები და წკრიალა ხმა. კარგად მღეროდა და სიმღერებს მეც მასწავლიდა, თუმცა მასავით, რა თქმა უნდა, არ გამომდიოდა. მას ბუნებისგან ნაბოძები ნიჭი ჰქონდა. ბიბლიოთეკაში სიარული გვიყვარდა, ბევრს ვკითხულობდით და მომავლის გეგმებს ვაწყობდით.

ნინიკოს დედა ოდესღაც ცოლად ტურისტად ჩამოსულ უკრაინელს გაჰყოლია. მის მშობლებს ერთადერთი შვილის უცხოეთში გაშვება არ ნდომებიათ, მაგრამ მეუღლემ თავისი გაიტანა და ცოლი სამშობლოში წაიყვანა. იქ ერთხანს იცხოვრეს, მაგრამ ქალმა უცხო ქვეყანაში დიდხანს ვერ გაძლო. მეუღლეების დაშორების მიზეზიც სწორედ ეს გახდა - ცხოვრება ორივეს თავ-თავის სამშობლოში სურდა.

ნინიკო ძალიან პატარა იყო, როცა დედამ საქართველოში ჩამოიყვანა. ალბათ, მეხუთე კლასში ვიქნებოდით, როცა ჩემმა საუკეთესო მეგობარმა საიდუმლო გამიმხილა,"დედაჩემი თხოვდებაო. ამ ამბავს ძალიან განიცდიდა. ნინიკოს მამინაცვალი თბილისში ცხოვრობდა, ახალდაქორწინებულებმაც ბინა დედაქალაქში დაიდეს. არ ვიცი, რა იყო იმის მიზეზი, რომ ნინიკო გასაზრდელად ბებიასთან დატოვეს. მთელი ბავშვობა, ზუსტად ისევე, როგორც მე, დედის მონატრებაში გაატარა.

დედამისი წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიოდა და საჩუქრები ჩამოჰქონდა. ამ დროს გოგოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა დღესასწაული დიდხანს არ გრძელდებოდა, ვინაიდან დედას უკან დაბრუნება უწევდა.

უფროსკლასელები ვიყავით, როცა გადაწყვიტა, საცხოვრებლად დედასთან გადასულიყო. ბებიას არაფერი უთქვამს, ეგ იყო, ტანსაცმელი და ყველა საჭირო ნივთი ჩაულაგა და ავტობუსამდე მიაცილა. ნინიკო ფანჯრიდან უყურებდა, როგორ შებრუნდა ბებო და მძიმე ნაბიჯით გაუყვა ქუჩას. მხრები უცახცახებდა მოხუცს, ძნელი ამოსაცნობი არ იყო, რომ ტიროდა.

დედა შვილს სიხარულით შეხვდა, რასაც მამინაცვალზე ვერ ვიტყვი. გერი ცივად მოიკითხა, მერე კი ჰკითხა, რამდენი ხნით გვესტუმრეო. ნინიკომ, თქვენთან გადმოსვლა გადავწყვიტე, ხომ მიმიღებთო, გულუბრყვილოდ შესცინა მამინაცვალს, მაგრამ როდესაც კაცს გამომეტყველება შეეცვალა, ნათქვამი მაშინვე ინანა.

დედამ მეუღლეს საყვედურით სავსე თვალებით გადახედა და სთხოვა, იქნებ საძინებელში გავიდეთ და დავილაპარაკოთო.

ნინიკოს კარს იქიდან ცოლ-ქმრის ხმამაღალი საუბარი ესმოდა. დედა მამინაცვალს სთხოვდა, რომ შვილისთვის დარჩენის ნებართვა მიეცა, მაგრამ კაცი სასტიკი წინააღმდეგი იყო,"ეგ გოგო შენი შვილია და არა ჩემი, სადაც აქამდე ცხოვრობდა, ისევ იქ დაბრუნდეს. მე მხოლოდ შენთან მინდა ყოფნა და ნაკლებად მაინტერესებს, შენი შვილი სად იცხოვრებსო.

ნინიკო კარგა ხანს უგდებდა ყურს ცოლ-ქმრის ჩხუბს, მერე, როდესაც დედის ტირილის ხმა გაიგონა, მიხვდა, რომ დედა ვერასოდეს დაიცავდა, ჩანთა მხარზე გადაიკიდა და სახლიდან ქურდივით გაიპარა.

სხვა რა გზა ჰქონდა, ქუჩა-ქუჩა ხომ ვერ იყიალებდა, ისევ სოფელში დაბრუნდა. ბებიამ შინ დაბრუნებული შვილიშვილი რომ დაინახა, ნინიკოს მოეჩვენა, რომ არ გაჰკვირვებია. მერე დიდხანს საუბრობდნენ ბებია და შვილიშვილი, ნინიკო დედასთან შეხვედრის ამბავს მოუყვა.

ბებიას არაფერი უთქვამს არც დედასა და არც მის ქმარზე, ერთადერთი, ნინიკოს სთხოვა, ახლა დაიძინე და ხვალ ვილაპარაკოთო.

ნინიკოს როდის-როდის ჩასთვლიმა, მეორე ოთახიდან გარკვევით ესმოდა ბებოს ტირილი და გული კიდევ უფრო ეწვოდა, რატომ წავედი დედასთან, ბებო ასე როგორ გავიმეტე მისატოვებლადო.

გამოხდა ხანი და ნინიკომ ახლა ის აიკვიატა, მამა უნდა მოვძებნოო. აკვიატებულ სურვილად ექცა კიევში ჩასვლა და მიზნის მისაღწევად გზების ძებნა დაიწყო, თუმცა, არც ამის ფული ჰქონდა და არც შესაძლებლობა.

ნინიკო სევდიანი გახდა. ყოველდღე დარდიანი სახით მელაპარაკებოდა თავის ოცნებაზე. გარდატეხის მომენტი მის ცხოვრებაში მაშინ დადგა, როცა მოულოდნელად ბებიას შორეული ნათესავი ჩამოვიდა, თმაშევერცხლილი ბიძია ნიკოლოზი.

არ ვიცი, ამას რა დავარქვა, ნინიკოს სურვილი ღმერთმა ისმინა თუ გაუმართლა, მაგრამ ბებიამისის შორეული ნათესავი უკრაინაში ცხოვრობდა. როცა სტუმარმა გოგონა გაიცნო, მოიხიბლა. მენანება ასეთი გოგო სოფლისთვისო, უთქვამს. მოკლედ, ნიკოლოზმა ნინიკოს დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა და როდესაც მისი ოცნების შესახებ შეიტყო, დახმარების ხელიც გაუწოდა.

ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ჩემი მეგობარი ნატრობდა - სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაცნობილი ნათესავის დახმარებით ნინიკო კიევში გაემგზავრა. მახსოვს, რამდენი ვიტირეთ, როცა ერთმანეთს ვემშვიდობებოდით. თავდაპირველად, ბებია მისი წასვლის დიდი წინააღმდეგი იყო, მაგრამ კაცი იმდენს ელაპარაკა, დააჯერა, რომ მისი შვილიშვილისთვის ასე უკეთესი იქნებოდა.

კიევში ჩასული, ბიძია ნიკოლოზმა თავის სახლში დააბინავა და ნინიკომ უმაღლესში ჩასაბარებლად მზადება დაიწყო.

ხომ გითხარით, ნიჭიერი და ჭკვიანი გოგოა ჩემი მეგობარი, ჰოდა, იმ წელსვე ჩააბარა. ერთმანეთს ტელეფონის მეშვეობით ისევ ხშირად ვეხმიანებოდით. იმ გავლენიანი ნათესავის დახმარებით, ნინიკომ მამამისის სახლის მისამართი მოიძია და ბევრი არ უფიქრია, მშობლის სანახავად წავიდა.

წინადღეს დამირეკა - ახლა შენი ხმის გაგონება ყველაზე მეტად მინდა, ვიცი, დამამშვიდებ, თორემ ძალიან ვღელავო. გამეცინა, სანერვიულო რა არის, მამაშენი თუ არ მიგიღებს, ამით შენს ცხოვრებაში განა რამე შეიცვლება, მოსინჯვით კი, მოსინჯე, ვინ იცის, იქნებ პირიქითაც მოხდეს, კარგი ადამიანი გამოდგეს და შენმა დანახვამ გაახაროს-მეთქი. კარგიო, მითხრა ნინიკომ და დამპირდა, შეხვედრის შემდეგ დამირეკავდა.

მეორე დღეს მამის სახლისკენ გაემართა. კარი მოხუცმა, როგორც მერე მითხრა, ლამაზმა ქალმა გაუღო. მოულოდნელ სტუმარს ერთხანს მიაჩერდა და როცა ნინიკომ მოკრძალებით მამის შესახებ ჰკითხა, მოხუცს თვალები ცრემლით აევსო და თქვენი ვინ ბრძანდებითო, ჰკითხა. შვილი ვარო, ძლივს რომ ამოთქვა გოგომ, ქალი აქვითინდა და ნინიკოს გადაეხვია.

მოხუცი ნინიკოს ბებია აღმოჩნდა, ვალერი კი, ანუ ნინიკოს მამა, რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილა. დედაშენთან განშორება ძალიან გაუჭირდა და სასმელს მიეძალაო, აუხსნა ბებიამ. სამზარეულოში გავიდეთ, ჩაის მოვამზადებ და ყველაფერს მოგიყვებიო, უთხრა ნინიკოს და სასწრაფოდ სუფრის გაწყობა დაიწყო. მოხუცმა ნინიკოს ამბები სულ დაწვრილებით გამოჰკითხა და მამას ამბავსაც მოუყვა - თურმე დაქორწინებაზე აღარც უფიქრია.

ქალი გაუჩერებლად ლაპარაკობდა, მერე საოჯახო ალბომი გადმოიღო და შვილიშვილს მამის ფოტოები დაათვალიერებინა." რატომ არასდროს არ მკითხულობდაო, ჰკითხა ბებიას, რომელმაც პასუხად მხოლოდ ხელი ჩაიქნია. მოხუცი სიხარულს ვერ ფარავდა, რომ ამდენი წლის შემდეგ შვილიშვილი გაიცნო.

კარგა გვიან იყო, ნინიკო შინ რომ დაბრუნდა, დიდხანს ეხვეწა ბებია, ამაღამ მაინც დარჩიო, მაგრამ ნინიკომ იუარა, მელოდებიან და ინერვიულებენ, რომ არ მივალო.

ბებიისგან ნინიკო უფრო სევდიანი დაბრუნდა და საქართველოში დაბრუნებაზე დაიწყო ფიქრი. რა არ ვUუთხარი, ხან ვეჩხუბე, ხანაც მოვეფერე, მანდ ყველაფერი უნდა მიატოვო და აქ ჩამოსულმა ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო-მეთქი, როგორც იქნა, დამიჯერა და კიევში ცხოვრება და სწავლა განაგრძო, კიეველ ბებიას კვირაში ერთხელ აკითხავდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, სოფელში დარჩენილი ბებიის ჯავრი არ ასვენებდა, ასე მარტო როდემდე უნდა მყავდესო.

ერთხელ ინსტიტუტში რაღაც ღონისძიება იმართებოდა. ნინიკო რომ კარგად მღეროდა, თანაკურსელებმა და ლექტორებმაც იცოდნენ და სთხოვეს, ღონისძიებაზე ემღერა. ნინიკოს მომავალი სწორედ იმ საღამომ გადაწყვიტა - ერთი სტუდენტი მოხიბლა.

ბიჭმა შეხვედრა სთხოვა. დროთა განმავლობაში ქალ-ვაჟმა შეხვედრებს მოუხშირა. ნინიკო თითქმის ყოველდღე მირეკავდა და დაწვრილებით მიყვებოდა თავის ლამაზ საღამოებზე. ერთ დღესაც გამომიცხადა, გათხოვებას ვაპირებო. იქნებ ბებიასთან მიხვიდე და ყველაფერს მოუყვე, მაგ უცხო ქვეყანაში ხომ ეგ ერთადერთი ნათესავი გყავს-მეთქი. დამეთანხმა. ბებიას ნაცნობ-მეგობრებში ნინიკოსაგან ფარულად გაკითხვა დაუწყია და აღმოუჩენია, რომ სასიძო დედას წლების წინ სწორედ იმ სკოლაში უმუშავია, სადაც თავად ასწავლიდა. მოკლედ, ბებია ერთობ კმაყოფილი დარჩენილა და რაც მთავარია, ის ახარებდა, რომ ნინიკო კიევიდან აღარ წავიდოდა.

საუკეთესო ოჯახი შექმნეს. ქმარი, როგორც ოჯახის უფროსს შეეფერება, მუშაობს და ოჯახს ინახავს, ნინიკო ჯერჯერობით შინ არის და შვილებს ზრდის. ამას წინათ, დედამთილმა ნინიკოს შესთავაზა, უფროს შვილიშვილს ჩემთან წავიყვან და გაზრდაში მოგეხმარებიო, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო -"შვილები დედასთან უნდა იზრდებოდნენო, ასეთი პასუხი გასცა.

იმ დღეს ნინიკოს ბებო აეროპორტში გავაცილე. ნინიკომ დიდი თხოვნის შემდეგ ძლივს დაითანხმა, რომ მასთან წასულიყო. გაგიკვირდებათ და, ახლა ორივე ბებო ერთად ცხოვრობს, როგორც ნინიკომ მითხრა, თავდაპირველად ძალიან გაუჭირდათ ენის უცოდინარობის გამო, მაგრამ ახლა ისე უგებენ ერთმანეთს, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად გაეტარებინოთ. ნინიკო ისევ პატარას ელოდება და კიდევ, მე როდის ვესტუმრები, რომ მისი უფროსი გოგონას ნათლია გავხდე.

ბოლოს რომ ველაპარაკე, დედაზე ჩამოვუგდე სიტყვა, არ გინდა, შეეხმიანო-მეთქი, გაიცინა, არაო, დედა, რომელიც შვილს ვერ დაიცავს, ასეთ ადამიანთან არ მინდა საერთო მქონდესო. თუ ნებას დამრთავ, შენზე დავწერ-მეთქი."გულიანად გაიცინა, დაწერე, ხომ ხედავ, ცხოვრება ზოგჯერ იმ ზღაპარივით არის, ყველაფერი კარგად რომ მთავრდებაო.

ანა ყარალაშვილი