"ამერიკა მხოლოდ ჩვენი ბავშვობის ოცნება იყო, სადაც ერთმანეთს ხელმეორედ შევხვდით" - კვირის პალიტრა

"ამერიკა მხოლოდ ჩვენი ბავშვობის ოცნება იყო, სადაც ერთმანეთს ხელმეორედ შევხვდით"

"ვუყურებდი და მიკვირდა, ნუთუ ეს ქალი მიყვარს? ახლა მასთან ყოფნა აღარ მახარებდა, ახლა მას ოცნების სუნი აღარ ასდიოდა. თითქოს გულზე დიდი ლოდი მედო და მინდოდა იქაურობას რაც შეიძლება სწრაფად გავცლოდი"

დარწმუნებული ვარ, თქვენს რუბრიკაში მხოლოდ ქალები გწერენ, მამაკაცებს ნაკლებად უყვართ თავისი ამბის გამხელა. ამიტომ იქნებ მე პირველი ვარ, ვინც გწერთ.

"მეხუთეკლასელი ვიყავი, როცა ანა გავიცანი. კლასში ჩემს მერხთან დასვეს. პირველი დანახვისთანავე მომეჩვენა, რომ ცოტა უცნაური გოგო იყო. მხრებზე ჩამოშლილი ქერა თმა და უცნაურად სევდიანი თვალები ჰქონდა. ყველა თანაკლასელისგან განსხვავებული ფერადი ტანსაცმელი ეცვა და კანფეტების სუნი ასდიოდა. ანა პირველი ნახვისთანავე მომეწონა, მაგრამ ამას როგორ ვიტყოდი.

ჩემდა გასაკვირად, სწრაფად დამიმეგობრდა. თანაკლასელი ბიჭები, ცოტა არ იყოს, შურით მიყურებდნენ, გოგონები ანას ჰბაძავდნენ. სასკოლო ჩანთა მუდამ სავსე ჰქონდა ფერადი ლამაზი ფანქრებით, სურნელოვანი საშლელებით, კანფეტებით...

ერთხელ სახლში დამპატიჟა. დედასთან ერთად ცხოვრობდა. ერთი ბეწო ოთახში შემიყვანა და თითქოს სულ სხვა სამყაროში მოვხვდი. ოთახიც ისეთივე ლამაზი ჰქონდა, როგორიც თავად იყო. კედლები ცნობილი მომღერლების ფერადი პოსტერებით აჭრელებული ჰქონდა, ყველგან ბრჭყვიალა სუვენირები ელაგა."

- შენი ოთახი მომწონს, - ვუთხარი მაშინ.

-"ნახე, ეს ნიუ-იორკია, მანჰეტენი"- ერთ-ერთ პლაკატზე მანიშნა,"- მაგარია, არა?

- რომ გავიზრდებით, ამერიკაში წავიდეთ! - ვუთხარი უცებ.

მძიმე ბავშვობა გვქონდა, 90-იანების შვილები ვიყავით. ანას დედა ასაკოვანი იყო, მაგრამ ახალგაზრდობის დროინდელი სილამაზე მაინც შემორჩენოდა. შვილივით ქერა თმა ჰქონდა, ოღონდ მას ყავის სუნი ასდიოდა. არ იყო ძნელი მისახვედრი, რომ ქალბატონი ნატალია ნაკითხი და ჭკვიანი ქალი იყო, მისი სახლი ბიბლიოთეკას უფრო წააგავდა, ვიდრე საცხოვრებელ ბინას. უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა.

ანამ ჩემი თავი რომ გააცნო, თავზე ხელი გადამისვა და ისე ლამაზად გამიღიმა, რომ გამაჟრჟოლა, ასეთი ღიმილი არასოდეს მინახავს, არაფერი უთქვამს, შეტრიალდა და სამზარეულოში გავიდა. ცოტა ხანში დაგვიძახა, ყავის დალევას ვაპირებ და მესიამოვნება, თუ შემომიერთდებითო. გემრიელი ნამცხვრებით გამიმასპინძლდა, ეგ იყო, ხმა არ ამოუღია, მეჩვენებოდა, ფიქრით სულ სხვაგან იყო. მე წავალ-მეთქი, რომ ვთქვი, ისიც წამოდგა, ისევ არაფერი უთქვამს, ისევ იმ ლამაზი ღიმილით შემომანათა, ეგ იყო და ეგ.

ანას სახლის ახლოს ვცხოვრობდი, მაგრამ ღამე სიარული არ მიყვარდა და ამიტომაც დროულად დავემშვიდობე, თუმცა იქ ყოფნა ძალიან მინდოდა.

მეათე კლასში ისე გადავედით, ანას ჩემი გულისნადები ვერ გავუმხილე. მიყვარდა და სულ მასთან ყოფნა მინდოდა, ალბათ, რაღაცას გრძნობდა, მაგრამ ისიც დუმდა.

გაკვეთილების შემდეგ სახლამდე ვაცილებდი, ათას რამეზე ვსაუბრობდით, მაგრამ ამერიკაში წასვლაზე ყველაზე ხშირად.

ერთხელ გამომიტყდა, შეყვარებული მყავსო. იმ დღეს თავზე ცა ჩამომექცა, გავქვავდი, რა მეპასუხა, არ ვიცოდი. რას გაჩუმებულხარ, არ გაინტერესებს, ვინ არისო, გამინაწყენდა ანა. მე კი სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე, ერთი კი ჩავიბურტყუნე, სახლამდე ვერ მიგაცილებ, ნათესავი მელოდება, დროზე უნდა მივიდე შინ-მეთქი და პასუხსაც არ დაველოდე, ისე გავიქეცი.

ჩემს თავზე ვბრაზობდი, აქამდე რატომ ვერაფერს მივხვდი, ან ანამ რატომ დამიმალა თავისი სიყვარულის ამბავი-მეთქი.

მისი შეყვარებული სხვა სკოლელი ყოფილა. ისე მოხდა, რომ რამდენიმე დღით სოფელში მომიწია წასვლამ, სკოლაში არ დავდიოდი, და სიმართლე გითხრათ, მიხაროდა კიდეც - არ ვიცოდი, ანასთვის რამე უნდა მეთქვა თუ არა. რომ ჩამოვედი, ანამ მახარა, იცი, გეგა დედაჩემს გავაცანი და, მგონი, ძალიან მოეწონაო. ისევ არაფერი მითქვამს, ანა კი ისეთი ბედნიერი იყო, ვერც კი ამჩნევდა ჩემს ცვლილებას.

როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ქალბატონ ნატალიასა და ანას ხშირი სტუმარი უკვე გეგა გამხდარა. ანა მაინც ცდილობდა, არ დამშორებოდა, სულ მიკირკიტებდა, ჩვენთან რატომ აღარ მოდიხარ, დედა ხშირად გკითხულობსო, სულ რაღაცას ვიმიზეზებდი და ანაც თავს მანებებდა.

ერთ დღესაც უბანში ხმა გავარდა, გეგა სასიკვდილოდ დაჭრესო, მერე გაირკვა, სხვაში შეშლოდათ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა. გული მეწვებოდა, ანას გამტკნარებულ სახეს რომ ვუყურებდი, ძველებურად დადიოდა სკოლაში, მაგრამ ისეთი სევდიანი იყო, რამდენჯერმე ვცადე გამოლაპარაკება, მაგრამ თავი ამარიდა.

იმ წელიწადს, როცა სკოლა დავამთავრეთ, ანა ავტოკატასტროფაში მოყვა. 17 დღე კომაში იყო, 17 დღის განმავლობაში ქალბატონი ნატალია შვილის საწოლს არ მოსცილებია. 17 დღე ანას პალატასთან მეძინა. იმედს არ ვკარგავდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს გონზე მოვიდოდა. ასეც მოხდა, მაგრამ როდესაც პალატის კარი შევაღე, ანას არაფრისმთქმელ თვალებს წავაწყდი. ვერ მიცნო...

რეაბილიტაციისთვის დიდი დრო დასჭირდა. მერე მომიყვა, რომ ჩემი იქ მისვლა არ ახსოვდა და საერთოდ მეხსიერებიდან ბევრი რამ წაშლოდა.

მესამე დარტყმა ანასთვის ქალბატონი ნატალიას გარდაცვალება გახდა. ანამ, ჩემგან განსხვავებით, უმაღლეს სასწავლებელში არ ჩააბარა, დიდად არ აინტერესებდა სწავლაც და ადამიანებთან ურთიერთობაც. თავის ციცქნა ბინაში მარტო ცხოვრობდა. მე ხშირად ავდიოდი, ვისხედით და ათას რამეზე ვსაუბრობდით, ყველაფერზე, გარდა ამერიკისა - იქ წასვლაზე ფიქრიც კი ანამ სამუდამოდ დაასამარა.

ერთ დღესაც ანას ცხოვრებაში ახალგაზრდა კაცი გამოჩნდა, მეზობლის გოგონამ გააცნო. ლევანი მუსიკით იყო გატაცებული. ცოტა ხანში ანასთან საცხოვრებლად გადაბარგდა. რამდენჯერმე ვესტუმრე. ანა მაინცდამაინც შეყვარებული არ ჩანდა. ახლა ის ბევრს ეწეოდა და მისი ოთახი თამბაქოს სუნით იყო გაჟღენთილი. ერთხელ, რომ ვესტუმრე, სახლში მარტო დამხვდა. ბავშვობა გავიხსენეთ, თვალები გაუნათდა,"რა კარგი დრო იყოო, მითხრა. მერე ლევანზე მომიყვა, მითხრა, არ მიყვარს, მაგრამ მეცოდება და სახლიდან ამიტომ ვერ ვუშვებო. საერთოდ, ასეთი იყო, ყველა ეცოდებოდა, მაშინაც კი, როცა შესაცოდებელი არაფერი ჰქონდათ. მომიყვა, რომ ორსულად დარჩენილა, მაგრამ ნაყოფი მოუცილებია და არც ნანობდა, ვინაიდან შვილის ყოლას არ აპირებდა,"არ მინდა ჩემსავით უბედური იყოსო. ვეცადე ამეხსნა, რომ არასწორად ფიქრობდა, მაგრამ არ დამაცადა."ძალიან მომწონს შენი თვალებიო, მითხრა. გამიკვირდა. ეს არასდროს უთქვამს.""ყოველთვის მომწონდა მწვანე თვალები", - მითხრა ისევ. მერე მომიახლოვდა და ჩემდა გასაოცრად მაკოცა. სუნთქვა შემეკრა."

- თემო,"- მითხრა, -"ნუ გეშინია, ლევანი არ მოვა.

ანას თამბაქოსა და სასმლის სუნი ასდიოდა. იმ ღამეს მასთან დავრჩი. მაშინ ვერ მივხვდი, ასე რატომ მოიქცა."

- რატომ?"- ვკითხე დილით, - ასე რატომ მოიქეცი?"

მხრები აიჩეჩა,"არ ვიციო.

მეორე დღეს დამირეკა, სასწრაფოდ მოდიო. მაშინვე გავვარდი. მარტო იყო, ტიროდა. ოთახში არეულობა იყო, ნივთები ეყარა აქეთ-იქით..."რა მოხდა-მეთქი, ვკითხე და ნივთების დალაგება დავიწყე."ლევანს ვუთხარი, რომ არ მიყვარს და გადაირიაო. უჩხუბიათ და კაცს იქაურობა მიულეწ-მოულეწავს, თურმე ანას გულგრილობაში ადანაშაულებდა."დალევასა და მოწევას მიკრძალავდაო, ესეც მითხრა. ალბათ, ლევანს უყვარდა ანა.

ანას ისევ სასმლის სუნი ასდიოდა. ვუყურებდი და მიკვირდა, ნუთუ ეს ანა მიყვარს? გაქცევა მომინდა. ახლა მასთან ყოფნა აღარ მახარებდა, ახლა მას ოცნების სუნი აღარ ასდიოდა. თითქოს გულზე დიდი ლოდი მედო და მინდოდა, იქაურობას რაც შეიძლება სწრაფად გავცლოდი.

მას შემდეგ აღარ მინახავს. რამდენჯერმე დამირეკა და არ ვუპასუხე. მასთან სიახლოვე ძალიან მამძიმებდა.

ცხოვრება ჩემი გზით განვაგრძე. ეკონომიკის ფაკულტეტი მქონდა დამთავრებული და ბანკში ვმუშაობდი. მაწინაურებდნენ და მაწინაურებდნენ. მერე დაოჯახება გადავწყვიტე. ამ გადაწყვეტილებას სიყვარულთან კავშირი არ ჰქონდა. თაკო ჩემი თანამშრომელი გახლდათ. მომეჩვენა, რომ ძალიან გულწრფელი იყო და მისი ცოლად შერთვაც ამიტომ გადავწყვიტე. ერთხელ სამსახურის გარეთ შევხვდით, ვილაპარაკეთ. აღმოჩნდა, რომ ორივეს ოჯახის შექმნა გვინდოდა და შევქმენით კიდეც.

ერთად ხუთი წელიწადი ვიცხოვრეთ, შვილი არ გვეყოლა. მერე აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი ძალიან მომბეზრდა - არც სახლში და არც სამსახურში ყოფნა აღარ მინდოდა. თითქოს ერთფეროვნებამ შთანმთქა. ბავშვობის ოცნება გამახსენდა და"ამერიკაში უნდა წავიდე-მეთქი, გავიფიქრე. მოკლედ, მიზნად დავისახე. თაკოს საზღვარგარეთ ჩემი გაშვება არ უნდოდა, მე კი მასთან ცხოვრება აღარ მიხაროდა, ამიტომ ერთმანეთს დავშორდით.

ბევრი ვიწვალე, მაგრამ ნიუ-იორკში მაინც ჩავედი. იქ ჩემი კლასელი და კარგი მეგობარი, დიმიტრი დამხვდა. შემპირდა, ყველაფერში დაგეხმარებიო. მითხრა,"ყველას ძალიან გაგვიკვირდა შენ და ანა რომ არ დაქორწინდითო. მაშინ ყველაფერი მოვუყევი, გაოცებული მისმენდა."ასე მგონია, სხვა ადამიანზე მიყვებიო, გაიკვირვა,"ანა კარგა ხანია აქ არის, მსგავსი რამ არასოდეს შემინიშნავსო. ახლა მე გავოცდი. როგორ არის-მეთქი,"ვკითხე."კარგად, უკვე სამი წელია აქეთაა, ენასაც კარგად დაეუფლა და მუშაობს კიდეცო. ამას წინათ ბოულინგის სათამაშოდ ვიყავით და ისევ ისეთი ლამაზი და ფერადიაო.

მისი ნახვა ძალიან მომინდა. უეცრად მისი ბავშვობის დროინდელი სურნელი ვიგრძენი. თვალწინ მისი ღიმილი და მხრებზე ჩამოშლილი ქერა თმა წარმომიდგა."შემახვედრე-მეთქი, ვთხოვე დიმიტრის.

ახლა მე და ანას ოჯახი გვაქვს და 2 წლის საბა გვყავს. საბას ჩემსავით მწვანე თვალები და ანასავით ქერა თმა აქვს.

"დიდები რომ გავიზრდებით, ამერიკაში წავიდეთ"... ეს ხომ ჩვენი ბავშვობის ოცნება იყო.

დიდები ვართ, ამერიკაში ვართ... მაგრამ სამშობლოში დაბრუნებას ვაპირებთ. ამერიკა მხოლოდ ჩვენი ბავშვობის ოცნება იყო, სადაც ერთმანეთს ხელმეორედ შევხვდით" .

ანა ყარალაშვილი