"მეგონა, უცხოეთში ვიპოვიდი ბედნიერებას, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი" - კვირის პალიტრა

"მეგონა, უცხოეთში ვიპოვიდი ბედნიერებას, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი"

ქალბატონი ნატო ქართველი ემიგრანტია და იტალიაში ცხოვრობს. ამბავი, რომელზეც ნატო მოგითხრობთ, მის მეგობარს გადახდა თავს.

ქეთი 25 წლის იყო, უმაღლესი სასწავლებელი რომ დაამთავრა. კვირა არ გაივლიდა, მის გამო უბანში ჩხუბი არ ამტყდარიყო... მერე, როცა არა და არ დასრულდა ეს უთავბოლო ორომტრიალი, ქეთიმ განაცხადა, - ჯაბა მიყვარსო. ჯაბა ქეთის ძმასთან, გურამთან მეგობრობდა, როგორც კი ხმა გავარდა, გოგოს გულის სწორი ჰყავსო, ერთმა ყველაზე თავზე ხელაღებულმა თაყვანისმცემელმა, კახამ მოიტაცა... კახას ცოლი კი უყვარდა, მაგრამ შინ გული არ უდგებოდა.

გართობას და მოლხენას ძველებურად ეძალებოდა. მერე ერთ-ერთმა საყვარელმა შვილი გაუჩინა და ქეთი, თავისი ორი ბავშვით, მშობლებთან დაბრუნდა. იმ დროს ჯაბა ახალი გამოსული იყო ციხიდან - ნარკოტიკების მოხმარებისთვის ჩასვეს. როგორც კი ქეთის ქმრის ოჯახიდან წამოსვლის ამბავი გაიგო, გურამს სთხოვა, უფლება მომეცი, ქეთის დაველაპარაკოო... შეყვარებულებს შორის კვლავ აღდგა ურთიერთობა და მალე დაქორწინდნენ.

კახასთვის ცოლის გათხოვება საშინელი შეურაცხყოფა აღმოჩნდა... გალეშილი მიადგებოდა ქეთისა და ჯაბას სახლს და ღრიალებდა, - ჩემი შვილების დამალვის უფლება ვინ მოგცათო. ერთ დღესაც მაღაზიაში ჩასულ ჯაბას დახვდა და  ცემა დაუწყო. შეურაცხყოფილმა ჯაბამ კი დანით დაჭრა... ბიჭი ისევ დაიჭირეს. 5 წლის მერე გათავისუფლდა ციხიდან. მერე ისევ ნარკოტიკს მიეძალა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სიძე-ცოლისძმა ერთად იკეთებდა წამალს. ქეთი ჯაბას  ემუდარებოდა, რომ ნარკოტიკისთვის თავი დაენებებინა, სახლიდან წასვლითაც კი დაემუქრა, მაგრამ ამაოდ... მას მერე კი, რაც ახარა, ბავშვი გვეყოლებაო, ჯაბამ საბოლოოდ გადაწყვიტა, გამოსწორებულიყო, მაგრამ... ერთ დღესაც ბიჭები მეგობრის აგარაკზე გარდაცვლილები იპოვეს. ქეთის კი ნერვიულობისგან მუცელი მოეშალა.

ამ ამბის შემდეგ კახა ისევ გააქტიურდა. ცოლყოფილის სახლში მივარდნებს მოუხშირა. დატანჯულმა და ცხოვრებისგან გამწარებულმა ქეთიმ, - აქაურობას უნდა გავეცალოო - და მეგობრების დახმარებით იტალიაში გაემგზავრა.

KvirisPalitra.Geიტალიაში ქეთის შეპირებული სამსახური დაახვედრეს. მოხუცი კმაყოფილი იყო ლამაზი და გულისხმიერი მომვლელით, კარგი გასამრჯელოც დაუნიშნეს, საღამოობით თავისუფალი დროც მისცეს და კვირაში ერთი დღე დასვენებაც გამოუყვეს. სულ არ ელოდა სიყვარულს იტალიაში, მაგრამ... გაბედულმა, რომანტიკულმა მარჩელომ იმდენი ქნა, ქალი შეიჩვია და დაიახლოვა. ყოველ საღამოს ერთად სეირნობდნენ. კაცი საჩუქრებს არ იშურებდა, ის კი არა, ქეთის შვილებსაც კი უგზავნიდა საქართველოში... მარჩელო ხანდახან იმ ოჯახსაც სტუმრობდა, სადაც ქეთი მუშაობდა.

ერთ დასვენების დღეს მარჩელომ დაურეკა, - სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და ორი დღით ქალაქიდან უნდა წავიდეო. ქეთის ქართველი მეგობრები საყვედურობდნენ, - რაც მარჩელო გამოჩნდა, სულ დაგავიწყდითო. იფიქრა, რახან ასე მოხდა, მათთან ერთად მთელ დღეს გავატარებო. კარგად მოილხინეს, მონატრებული ხინკალიც გააკეთეს... ქეთის ეხუმრებოდნენ, - რა ბედი გაქვს, კარგ ოჯახშიც მოხვდი, ხელფასიც კარგი გაქვს და სანატრელი საქმროც გამოგიჩნდაო.

ქეთი შინ 10 საათზე დაბრუნდა, ძალიან კმაყოფილი და ნასიამოვნები. ტელევიზორი ჩვეულებრივად ხმამაღლა ჩართული დაუხვდა. მოხუცს ყურთ აკლდა და ხმას უწევდა ხოლმე, მაგრამ ქალი ტელევიზორთან რომ ვერ ნახა, გული უსიამოვნოდ შეეკუმშა. მაშინვე მის ოთახში შეიხედა. გაკოჭილი და პირაკრული ცოცხალ-მკვდარი მოხუცი იატაკზე ეგდო. თურმე მძარცველები შუადღისას შევარდნილან. ქეთის ოთახში კომოდის უკან პატარა სკივრი ჰქონდა გადანახული, სადაც ფულს ინახავდა. 8.000 ევრო გამქრალიყო. მოსულიერებულმა მოხუცმა ძლივს ამოღერღა - მიუხედავად იმისა, რომ ნიღაბი ეკეთა, ხმითა და თვალებით ვიცანი, მარჩელო იყოო. მარჩელო სამი დღის მერე დააკავეს. იგი ცნობილი მილანელი თაღლითი აღმოჩნდა.

ქეთის იტალიაშიც გაუცრუვდა იმედი, მაგრამ ღმერთს მადლობას სწირავს, რომ ეს კეთილი მოხუცი ცოცხალი გადარჩა. ახლა იგი უკან დაბრუნებას აპირებს. - როგორც ჩანს, ბედი არა მაქვს. ვფიქრობდი, უცხოეთში მაინც ვიპოვიდი ბედნიერებას, მაგრამ მწარედ მოვტყუვდიო...

www.kvirispalitra.ge

მოგვწერეთ თქვენი თავგადასავლები - მხიარული, მწუხარე, ტრაგიკული თუ ბედნიერი. გაგვიზიარეთ თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება.