ჯერ საავადმყოფოში, მერე საკურთხეველთან, ანუ როგორ გაბედნიერდა წუნია - კვირის პალიტრა

ჯერ საავადმყოფოში, მერე საკურთხეველთან, ანუ როგორ გაბედნიერდა წუნია

ნუციკო არავის დარიგებასა და წუწუნს არ უგდებდა ყურს. მერე რა, რომ სადაცაა 33-ის გახდებოდა? გგონიათ, თაყვანისმცემლები არ ჰყავდა? მაგრამ წუნიაობის გამო ნელ-ნელა შემოეფანტა.

ერთხელაც, სამსახურიდან გვიან გამოვიდა და უხალისოდ გასწია შინისკენ. იცოდა, დედა და მამიდა წარბშეკრულები დახვდებოდნენ და დაიწყებოდა მომაბეზრებელი დამოძღვრა: - შინაბერობის კანდიდატი ხარ და თუ დროზე არ დაღუნე ეგ აწეული თავი, სულ მარტო დარჩებიო.

მსგავსი ლაპარაკი დღეგამოშვებით მაინც მეორდებოდა... და რადგან გუშინდელმა დღემ ჩუმად ჩაიარა და იმ დილასაც ავისმომასწავლებლად დუმდნენ ოჯახის წევრები, უკვე იცოდა, რომ ამ საღამოს ლექციას ვერაფრით ასცდებოდა.

იდგა გაჩერებაზე  და ტრანსპორტის მოლოდინში იმაზე ფიქრობდა, შინ მისულს როგორ აერიდებინა თავი მშობლებისთვის. უცებ, სად იყო და სად არა, ქვედა ქუჩიდან ღმუილით გამოვარდა მანქანა, მკვეთრად მოუხვია, დამუხრუჭება ვეღარ მოახერხა და ტროტუარზე ავარდა. ნუციკომ ჯერ ხმა გაიგო, მერე გვერდში საშინელი დარტყმა იგრძნო.

გონს რომ მოვიდა, თეთრი კედლები და ფარდები დაინახა. ნამდვილად უკვე სამოთხეში ვარო, - გაიფიქრა. მერე თეთრხალათიანმა სანდომიანმა ქალმა მოაკითხა: - აბა, როგორ ხარ, საიქიოდან დაბრუნებულო? ბედი მაქვსო, - შენ უნდა თქვა. მხოლოდ მარჯვენა ფეხი გაქვს მოტეხილი, ცოტაც დაჟეჟილი ხარ... მაგრამ ეგ არაფერია, მალე გამოკეთდები. ის პატიოსანი ადამიანი კი, შენ რომ აქ მოგიყვანა, თავს იკლავდა, ამას რომ რამე მოუვიდეს, მერე როგორ ვიცოცხლოო... ჯერ საქმრო გვეგონა, მერე გავიგეთ, ის ყოფილა მთავარი დამნაშავე. თურმე მისი და მშობიარობდა. დაურეკეს, სასწრაფოდ მოდიო... საჭე ვეღარ დაიმორჩილა და მოხდა კიდეც ავარია... ისე, ორივე ღმერთს ჰყვარებიხართ, შენც გადარჩი და ალბათ ისიც, იმედია, არ გაწირავ ციხისთვისო, - ერთბაშად მიაყარა ექთანმა.

აშკარაა, რომ ექთანი დარიგებულია და უკვე მოისყიდა ჩემმა დამზარალებელმაო, - გაიფიქრა ნუციკომ და ქალს სთხოვა, შინ დამარეკვინეთო. მშობლები და მამიდა ნახევარ საათში იმ კაცმა თავისი მანქანით მოუყვანა ნუციკოს. მერე და-ძმაც მასთან გაჩნდა... როცა პოლიციიდან მიაკითხეს, ნუციკომ ჩივილს არ ვაპირებო და იმანაც მხოლოდ ჯარიმა გადაიხადა და... არა, თავისი გზით აღარ წასულა, ნუციკოს ოჯახს ძალიან დაუახლოვდა (რა თქმა უნდა, ნუციკოს ხათრით) და კვირა არ გავიდოდა, მათთან სტუმრად არ მისულიყო. უფროსები ხვდებოდნენ, რომ ირაკლისა და ნუციკოს შორის გრძნობის სიმები გაბმულიყო და გულის ფანცქალით ადევნებდნენ თვალს. წესიერი და ერთგული ადამიანი ჩანდა. ასეთი კაცი სასიძოდ ნამდვილად არ დაიწუნებოდა, მაგრამ ნუციკო მაინც ჯიუტად დუმდა.

ერთხელაც, ირაკლიმ გასეირნება შესთავაზა ნუციკოს. ახლობლებმა პირჯვარი გადაიწერეს და ღმერთს შესთხოვეს, ორივესთვის თვალი აეხილა და გადაეწყვიტათ ოჯახის შექმნა. შინ გვიან დაბრუნდა ნუციკო ლამაზი თაიგულით ხელში, გახარებული ჩანდა. ყველა თვალებში მისჩერებოდა. მან საზეიმოდ აუწყა ოჯახის წევრებს, - ირაკლიმ ცოლობა მთხოვა და დავთანხმდიო.

ერთ თვეში დიდებული ქორწილი გადაიხადეს. ახლა უკვე დღე-დღეზე პატარას ელოდებიან და ხუმრობენ, - ჩვენს შვილს “ავარია” უნდა დავარქვათო.

ასე გაბედნიერდა წუნია და დაზარალებული ნუციკო.