ჯერ საავადმყოფოში, მერე საკურთხეველთან, ანუ როგორ გაბედნიერდა წუნია
ჯერ საავადმყოფოში, მერე საკურთხეველთან, ანუ როგორ  გაბედნიერდა წუნია
ნუციკო არავის დარიგებასა და წუწუნს არ უგდებდა ყურს. მერე რა, რომ სადაცაა 33-ის გახდებოდა? გგონიათ, თაყვანისმცემლები არ ჰყავდა? მაგრამ წუნიაობის გამო ნელ-ნელა შემოეფანტა.

ერთხელაც, სამსახურიდან გვიან გამოვიდა და უხალისოდ გასწია შინისკენ. იცოდა, დედა და მამიდა წარბშეკრულები დახვდებოდნენ და დაიწყებოდა მომაბეზრებელი დამოძღვრა: - შინაბერობის კანდიდატი ხარ და თუ დროზე არ დაღუნე ეგ აწეული თავი, სულ მარტო დარჩებიო.

მსგავსი ლაპარაკი დღეგამოშვებით მაინც მეორდებოდა... და რადგან გუშინდელმა დღემ ჩუმად ჩაიარა და იმ დილასაც
ავისმომასწავლებლად დუმდნენ ოჯახის წევრები, უკვე იცოდა, რომ ამ საღამოს ლექციას ვერაფრით ასცდებოდა.

იდგა გაჩერებაზე  და ტრანსპორტის მოლოდინში იმაზე ფიქრობდა, შინ მისულს როგორ აერიდებინა თავი მშობლებისთვის. უცებ, სად იყო და სად არა, ქვედა ქუჩიდან ღმუილით გამოვარდა მანქანა, მკვეთრად მოუხვია, დამუხრუჭება ვეღარ მოახერხა და ტროტუარზე ავარდა. ნუციკომ
ჯერ ხმა გაიგო, მერე გვერდში საშინელი დარტყმა იგრძნო.

გონს რომ მოვიდა, თეთრი კედლები და ფარდები დაინახა. ნამდვილად უკვე სამოთხეში ვარო, - გაიფიქრა. მერე თეთრხალათიანმა სანდომიანმა ქალმა მოაკითხა: - აბა, როგორ ხარ, საიქიოდან დაბრუნებულო? ბედი მაქვსო, - შენ უნდა თქვა. მხოლოდ მარჯვენა ფეხი გაქვს მოტეხილი, ცოტაც დაჟეჟილი ხარ... მაგრამ ეგ არაფერია, მალე გამოკეთდები. ის პატიოსანი ადამიანი კი, შენ რომ აქ მოგიყვანა, თავს იკლავდა, ამას რომ რამე მოუვიდეს, მერე როგორ ვიცოცხლოო... ჯერ საქმრო გვეგონა, მერე გავიგეთ, ის ყოფილა მთავარი დამნაშავე. თურმე მისი და მშობიარობდა. დაურეკეს, სასწრაფოდ მოდიო... საჭე ვეღარ დაიმორჩილა და მოხდა კიდეც ავარია... ისე, ორივე ღმერთს ჰყვარებიხართ, შენც გადარჩი და ალბათ ისიც, იმედია, არ გაწირავ ციხისთვისო, - ერთბაშად მიაყარა ექთანმა.

აშკარაა, რომ ექთანი დარიგებულია და უკვე მოისყიდა ჩემმა დამზარალებელმაო, - გაიფიქრა ნუციკომ და ქალს სთხოვა, შინ დამარეკვინეთო. მშობლები და მამიდა ნახევარ საათში იმ კაცმა თავისი მანქანით მოუყვანა ნუციკოს. მერე და-ძმაც მასთან გაჩნდა... როცა პოლიციიდან მიაკითხეს, ნუციკომ ჩივილს არ ვაპირებო და იმანაც მხოლოდ ჯარიმა გადაიხადა და... არა, თავისი გზით აღარ წასულა, ნუციკოს ოჯახს ძალიან დაუახლოვდა (რა თქმა უნდა, ნუციკოს ხათრით) და კვირა არ გავიდოდა, მათთან სტუმრად არ მისულიყო. უფროსები ხვდებოდნენ, რომ ირაკლისა და ნუციკოს შორის გრძნობის სიმები გაბმულიყო და გულის ფანცქალით ადევნებდნენ თვალს. წესიერი და ერთგული ადამიანი ჩანდა. ასეთი კაცი სასიძოდ ნამდვილად არ დაიწუნებოდა, მაგრამ ნუციკო მაინც ჯიუტად დუმდა.

ერთხელაც, ირაკლიმ გასეირნება შესთავაზა ნუციკოს. ახლობლებმა პირჯვარი გადაიწერეს და ღმერთს შესთხოვეს, ორივესთვის თვალი აეხილა და გადაეწყვიტათ ოჯახის შექმნა. შინ გვიან დაბრუნდა ნუციკო ლამაზი თაიგულით ხელში, გახარებული ჩანდა. ყველა თვალებში მისჩერებოდა. მან საზეიმოდ აუწყა ოჯახის წევრებს, - ირაკლიმ ცოლობა მთხოვა და დავთანხმდიო.

ერთ თვეში დიდებული ქორწილი გადაიხადეს. ახლა უკვე დღე-დღეზე პატარას ელოდებიან და ხუმრობენ, - ჩვენს შვილს “ავარია” უნდა დავარქვათო.
ასე გაბედნიერდა წუნია და დაზარალებული ნუციკო.     

მკითხველის კომენტარი (7)
ნინო
12 იანვარი 2019 16:57
რატომ არ გჯერათ ხალხო...უარესებიც მომხდარა...გინდაც მართალი არ იყოს რა საყვარელი ისტორიააა გული გამითბა....
ნინო
03 სექტემბერი 2017 17:04
ბებოს ზღაპარი სჯობია!!!
ნინო
22 თებერვალი 2017 18:40
მე ნიას ბებიის მოყოლილი ამბავი უფრო მომეწონა
22 თებერვალი 2017 14:21
Au magari istotlriaa am gulshewuxebul qalze magram egre ROM vqnat yvelas gaumartlebs neta
niania
08 იანვარი 2017 19:04
ბებიაჩემი ყვებოდა,თურმე,
ერთ წესიერ ქალს ძალიან მობეზრდა შინაბერობა და შიანურების ბუზღუნი ,დედის ,მამის, ძმისა და რძლის რეპლიკებს ხომ ვეღარ უძლებდა ,ვერც თხოვდებოდა ,ძალიან მორიდებული იყო,შეხედულებითაც რა უჭირდაო ; ეს ქალი ისე გააგიჟეს თურმე ,რომ აიღო შვებულება და დაიკარგაო!დიკარგა და დაიკარგა ,მხოლოდ ოჯახმა იცოდა რომ მოსკოვში წავიდა (ფილტვების სამკურნალოდო:D) შემდგომში მაინც გასკდა ეს ამბავი ,რომ გაწბილებული ქალი წავიდა იმ იმედით რომ ვინმესგან დაფეხმძიმდბოდა და გაჩენილ ბავშვსაც ვინმეს ძალადობას დააბრალებდა! :)მხოლოდ საქართველოში ვერ გაბედა ეს ამბავი:D
ჩავიდა და დადგა თურმე "ინტურისტის"წინ და პირველივე "გასისინებულ ვოლგას "ჩოუჯდა "თვალდახუჭული" :DDD
მოკლედ მოსახდენი მოხდა და ამ კაცს უკითხავს ქართულად ,კი მაგრამ,ეს "ქალიშვილი "ქალი აქ რამ დაგაყენაო და ცხოვრებამ მაიძულა ბატონოო :DD და ამ ბატონს თურმე შენაყვარება ეს ქალი ბებო და ჩამევიდნენ და ისეთი ქორწილიც გადეიხადეს , რომე პიდაფჩენილები ვისხედითო,ამ კაცის კოხტა პირისახეც ყველას მოგვეწონაო:))
აი ასე იპოვა თურმე ერთმა ,ოჯახისგან გულშეწუხებულმა ქალმა -ბედი! :DDDD
ბებიაჩემს ცხონება და თქვენ კაი ბედი! :)
dalixuco
21 აგვისტო 2010 17:51
იხარეთ და იბედნიერეთ
buwo
14 ივნისი 2010 15:38
კარგი იყო...ბედია რა
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები